kids.ge logo

ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში

ფავორიტებში დამატება

ასე ვიარეთ ჯერ წყაროს ნაპირ-ნაპირ (რა თქმა უნდა, წყარო ჩვეულებრივად მოდიოდა), მერე ჭალაში ჩავედით. მე ცოტა დავმშვიდდი, ჯერჯერობით მაინც არავინ მცემდა, მოკვლით არავინ მემუქრებოდა. მივუბრუნდი ბატკანს და ვეუბნები: ნუ ბღავი, შენს შეჭმას სულაც არ ვაპირებ-მეთქი. იმ სულელმა კი რა მიპასუხა, იცით?

- საძაგელი სუნი აგდისო.

როგორ გინდა ამ სიტყვების ატანა! შევხედე, კარგად დავაკვირდი და ვუთხარი:

- ახლა ვერ შეგჭამ, მაგრამ ამ სიტყვებისთვის დაგიმახსოვრებ, აი, მარცხენა ყური გაჭრილი გაქვს, და მერე, თავისუფალი რომ ვიქნები, მიწაში მოგძებნი და იქ ჩაგახრამუნებ.

ის სულელი უარესად აბღავლდა.

მაშინ ცხენმა თავი მოუბრუნა და მოგვძახა:

- გაჩუმდით მანდ ერთიც და მეორეც, თორემ გამიწყდა მოთმინების ძაფი!

არ ვიცი, რას იზამდა ცხენი, მოთმინების ძაფი რომ მართლა გასწყვეტოდა, მაგრამ რაც თქვა, ისე თქვა, ორივენი მაშინვე გავჩუმდით.

ვიარეთ ჭალა-ჭალა, ქაცხვებს, წნორებსა და შრიალა ვერხვებს შორის, გავედით ქვიან რიყეზე და იქიდან დიდ წყალს მივადექით. კაცი ჩვენთან მოვიდა, მეც შემომღიმა და ბატკანსაც, მე ცხვირზე თითიც ჩამომისვა, - სულ ცოტას შეგაწუხებთო, და ცხენს ზემოდან გადაალაჯა. მივდიოდით ოთხივენი ერთად - ცხენი, კაცი, ბატკანი და მე - თანაც წყალში; ღრმად რომ შევედით, შემეშინდა, ნამდვილად წყალი წაგვიღებს-მეთქი, და წკმუტუნი მოვრთე. აბღავლდა ბატკანიც, კაცმაც ყვირილი დაიწყო:

- ჰა, აბა, ჰა, ჯავარიანო!

ცხენმა დაგვიტია:

- გაჩუმდით ყველანი, თავგზა ნუ ამიბნიეთ!

მე და ბატკანი გავჩუმდით, კაცი კი ყვირილს განაგრძობდა:

- ტურების სათრევო! ყორნების საწიწკნო!

ცხენი ბოღმიანად ქშინავდა.

და, აი, აქ მივხვდი, რომ კაცს ცხენის ნათქვამიდან არაფერი ესმოდა; ცხენს ესმოდა კაცის ლაპარაკი, ჩვენც გვესმოდა, მე და ბატკანს, კაცს კი არაფერი გაეგებოდა ჩვენი.

დაბოღმილმა ცხენმა მაინც მშვიდობიანად გაგვიყვანა წყალში. მაგრამ კაცი ძირს აღარ ჩამოსულა. იჯდა ჩვენს მაღლა, მიქანაობდა, მიზაყუნებდა, მალ-მალე მოგვიბრუნდებოდა და დაგვძახებდა:

- ტურფებო! კოხტებო! ლამაზებო!

ცხენი ახლა ამაზე ბუზღუნებდა:

- იჯექი რა, წესიერად, - ეუბნებოდა კაცს, - ბუზანკალი ხარ თუ რა ხარ!

მაგრამ, როგორც გითხარით, კაცს არაფერი ეყურებოდა ცხენისა.

ერთხანს ისევ ჭალა-ჭალა ვიარეთ, მერე ხეებით გადმობურულ ხევს ავყევით და დიდ, დაგვილ-დასუფთავებულ გზაზე ავედით. მივდივართ ამ გზაზე, ცხენი ფლოქვებს ხმამაღლა მიაპაკუნებს და უცებ - მანქანა! მოდის, გვიახლობდება ღმუილით. აშკარად ვხედავ, ოთხი კაცი უზის მუცელში. მაგრამ არც ჩვენი კაცი იბერტყავს ყურს, არც ცხენი და, წარმოიდგინეთ, არც ბატკანი. ავტეხე წკმუტუნი და ფართხალი, - გავიქცეთ-მეთქი! - ვყვირი. მაინც არავინ მისმენს! მაშინ ესღა მოვახერხე, რომ თვალები დავხუჭე და, რაც კი შეიძლებოდა, ხურჯინში ღრმად ჩავივყუნჭე.

ჩაიფრუტუნა კეთილმა ცხენმა და მითხრა:

- ავტომობილისა გეშინია, სულელო?! ეგ არავის ერჩის, გზაზე თუ არ დაუდექი, ზედაც არ შემოგხედავს.

სრული სიმართლე ყოფილა, ჩემო კეთილებო. ტყუილად გვშინებია მანქანა-ავტომობილებისა. არც ადამიანებს ყლაპავენ, არც ცხოველებს. პირიქით, ადამიანები ატარებენ თავის ჭკუაზე. ჩვენ კიდევ, ტყიურნი, საკმარისია ერთი კუდის გაშლაზე გადავიდეთ იმისი გზიდან, მორჩა, არავითარი საფრთხე აღარ გველის.

გამოჩნდა სოფელი. ამ სოფელს საყუნჭია გორიდანაც ვხედავდით ხოლმე, მაგრამ იქინდა მარტო სახლების სახურავები ჩანდა. აქ კი, პირველსავე სახლთან, წითელი მამალი დავინახე. იდგა გზის პირას არხეინად და ამვლელ-ჩამვლელს ათვალიერებდა. მე და ბატკანი რომ დაგვინახა, შეკრთა, ყელთან ბუმბულები აეწია, გაშტერებული მოგვჩერებოდა, უცებ კოკ-კოოკო, - მიბრუნდა და ელდანაცემი გაიქცა.

ჭინჭრებში თეთრი დედლებიც ყოფილიყვნენ და ისინიც კრიახით გაჰყვნენ.

ქათმები რომ ეზოს სიღრმისკენ მირბოდნენ, იქიდან შავი ქოფაკი გამოვარდა. ჯერ ისე იყეფებოდა, სასხვათაშორისოდ, მერე მე მიცნო და გადაირია.

- არიქა, მელაო! არიქა, მელაო! - და სხვა ეზოებიდანაც გამოცვივდნენ ჭრელი, წითელი, თეთრი და მურა ძაღლები. ყველა იმას ცდილობდა, ამომხტარიყო და მცემოდა, მაგრამ ჩვენი ცხენი და კაცი არ შეუშინდნენ, კაცი მაღლიდან დაჰკიოდა და მათრახით სცემდა, ცხენმა ერთ-ორს კარგი წიხლი სდრუზა.

მე აქაც სიცოცხლის დიდი ნაწილი გავათავე.

ბოლოს ვიღაც სხვა კაციც გამოვიდა გზაზე, ძაღლები ქვების სროლით გარეკა და ჩვენს კაცს მიესალმა. ჩვენმა კაცმა უთხრა:

- მელას ლეკვი მომყავს და ეგ ძაღლები იმიტომ გადაირივნენ ეგრეო.

ის კაცი ახლოს მოვიდა. გაუკვირდა. გაეცინა. ხელი ცხვირზე დამკრა, მერე თითი პირთანაც მომიტანა (უცნაურია - ყველა ადამიანი ასე იქცევა, როგორც კი მომიახლოვდება). მე კბილები გავუკაპუნე, ის კი ვითომც ძალიან შეშინებული გახტა.

გამოჩნდა პატარა გაბურძგნული ბიჭიც. პერანგი აეწია და მუცელს იფხანდა, თვალებს ძლივს ახელდა. თავი გვერდზე გადახარა და ისე დაგვიწყო ყურება თვალებმიჭუტულმა.

- რა არის, პაპაო.

- მელიკო, შვილო, პატარა მელა.

ბიჭმა არ დაიჯერა, როგორღაც უნდოდ გაიჭყანა. მერე ადგილს მოსწყდა და გამოიქცა. იმ ბიჭს სხვა ბიჭმა დაუძახა, სად მირბიხარო. მელააო. მელააო?! - გამოვარდა ის სხვა ბიჭიც, მერე კიდევ სხვა, მერე გოგოები, მერე ქალები, და შემოგვეხვივნენ ირგვლივ. ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული: სიცილი, ძაღლების ყეფა, გაკვირვების ამოძახილები. ჩვენი კაცი ცხენიდან ჩამოვიდა (ცხენი აქ უკვე დინჯად იდგა), მე ხურჯინიდან ამომიყვანა და მაღლა ამწია. ყველა ხელს იწვდიდა, ყველა იხვეწებოდა, მომეციო, მაგრამ ჩვენმა კაცმა არავის არ მიმცა. ცალი ხელით მკერდზე ვყავდი მიხუტებული, ცალითაც თავზე მეფერებოდა. ისე ვიყავი გადაოგნებული, ვეღარ ვიგებდი, ან საით მივდიოდით, ან ვინ რას ამბობდა. ერთი კი თავიდანვე ვიგრძენი: ადამიანებიდან აშკარად მტრულად არავინ მიყურებდა. პირიქით, როცა ერთი ცხვირპაჭუა ბიჭი მოვიდა, თვალებთან ჯოხივით რაღაც მომიტანა და წყალი შემომაშხეპა, იმ ბიჭს გაუწყრნენ, კინწშიც კი წაჰკრეს და გააგდეს.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–15
ოპტიმალური ასაკი: 10–13

სხვა მოთხრობები

კრეჭანა

ლადოს კრეჭანას ეძახიან. ეს იმიტომ, რომ გან-განზე ამოსული დიდი კბილები აქვს და სულ იცინის, იცინის...ერთხელ კრეჭანას მეველემ დაუძახა:- მოდი აქ!კრეჭანა გაიკრიჭა და...

მუხა

ეს მუხა ტყის პირას დგას, - ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, - ადამიანი, ცხოველი ...

ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში

ამ წიგნს მელა წერს. როგორ წერს, რით წერს, საიდუმლოა. ხომ შეიძლება ერთი საიდუმლო მაინც დავიტოვო, როცა ქალაქის სიგრძე ამბავი უნდა გიამბოთ?! დავიწყებ იმით, როგორ ...

ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები

კრწანისის ომში დამარცხებულმა ერეკლე მეფემ, რამდენიმე თანმხლებთან ერთად, არაგვის ხეობას შეაფარა თავი. დღესაც არავინ იცის, სად იმყოფებოდა სამ დღეს, მეოთხე დღეს კი...

ჩემი წარმომავლობა

ჩვენი ძველი სახლი ივრის ხეობას გადაჰყურებს. წინ პატარა ბაღი გვაქვს, ხეხილნარი, მერე ფერდობია, ფერდობის ძირში წისქვილის არხი გადის, არხის იქით ჭალის ვენახებია, ...

სად ცხოვრობს მეზღაპრე?

ის ადგილი აქედან შორს არის. ირგვლივ სულ მაღალი ლურჯი მთებია, შუაში კი სწორი ცისფერი ტბა კამკამებს. ლურჯ მთებზე ღრუბლები იბადებიან, პატარა ცელქი ბიჭუნებივით კოტ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჭიკაძე :


Kids.ge-ს რჩევები

გაითვალისწინეთ ბავშვების აზრი

მიეცით ბავშვებს საშუალება, გამოხატონ თავიანთი აზრი ღირებულებებზე და ჩართეთ ისინი ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026