kids.ge logo

ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში

ფავორიტებში დამატება

ვიარეთ, ვიარეთ და ერთ პატარა მოედანზე გავჩერდით. იქ სხვა ბავშვებიც შემოგვიერთდნენ, მოვიდნენ სხვა კაცებიც. იმათაც ძალიან გაუხარდათ ჩემი დანახვა. იცინოდნენ და ხან ერთი მხრიდან შემომივლიდნენ, ხან - მეორე მხრიდან. ასე მგონია, ან პირველად ხედავდნენ ნამდვილ მელას, ან არადა, მე ვეჩვენებოდი რაღაც არაჩვეულებრივად.

- უყურე შენ, კაცო, რა ლამაზია, რა ყურებდაცქვეტილიო.

ბოლოს ბავშვები გამოარღვია ერთმა თეთრწინსაფრიანმა შავმა კაცმა. მუცელთან, თეთრ წინსაფარზე სისხლი ჰქონდა მოცხებული, სისხლისა და ხორცის სუნი ასდიოდა ხელებზედაც. არც არაფერი გაჰკვირვებია, არც თითი მოუტანია პირთან. იმ სისხლისა და ხორცის სუნიანი ხელებით დამწვდა, ამიყვანა, მაღლა ამწია, - მამალიაო, - ერთი ესა თქვა, მერე ჩემს დამჭერს მიუბრუნდა, - მე გამომყევი, ფშაველოო, - შებრუნდა და წავიდა.

მე გავშეშდი. ვიფიქრე, ეს გასისხლიანებული კაცი ახლა ჩემი სისხლით მოისვრის-მეთქი ხელებს. მოგვდევდნენ გოგო-ბიჭებიც, მაგრამ იმ კაცმა მიიხედა:

- ხომ არ გინდათ დავიღრიალო.

გოგო-ბიჭებმა შეფიქრიანებულებმა დაიხიეს უკან. მე კი სახლში შემიყვანა. იქ, იმ სახლში, რამდენიმე მაგიდა იდგა, ირგვლივ კაცები უსხდნენ, პურსა და ხორცს ჭამდნენ, ღვინოს აყოლებდნენ. მე რომ დამინახეს, ყველანი წამოიშალნენ. ერთმა მაღალმა კაცმა, რომელიც მანამდეც ფეხზე იდგა, ღვინით სავსე ჭიქა ასწია და დაიძახა:

- ვინც მოვიდა, გაუმარჯოსო!

- გაუმარჯოსო, გაუმარჯოსო! - დაიძახეს სხვებმაც.

მერე ყველანი ირგვლივ შემომეხვივნენ. მაღალმა კაცმა ჭიქა პირთან მომიტანა და ცხვირი შიგ ჩამაყოფინა. მე ავფრუტუნდი. დამრგვალებულმა კაცმა, მე რომ ვეჭირე, ხელი წაჰკრა, ე, გამოსულელებულოო! მაღალმა კაცმა ახლა იმას მიუტანა ჭიქა ცხვირთან, უნდოდა იმისთვისაც ჩაეყოფინებინა ცხვირი შიგ, მაგრამ დამრგვალებულმა კაცმა ზურგი შეუბრუნა, სხვებს სთხოვა, - უთხარით რამე, თორემ დავიღრიალებო, - მეორე ოთახში გამიყვანა, იქ ერთი დიდი ყუთი იდგა, შიგ ჩამსვა და სახურავი დამაფარა.

დავრჩი იმ ყუთში მარტოდმარტო. ყრუ ხმაურიღა მესმოდა გარედან.

როცა მარტო ხარ, ან გძინავს, ან ფიქრობ. არ მეძინებოდა, მაშასადამე, უნდა მეფიქრა. ვიჯექი და ვფიქრობდი:

„ჩხიკვს შერჩეს ჩემი მოტყუება. მე ძირს დავდივარ, ის მაღლა დაფრინავს, ვერაფერს ვუზამ. ბატკანსაც შერჩეს, საძაგელი სუნი გაქვსო, რომ მითხრა... მაგრამ არა, ფიცი მაქვს მიცემული, მოგნახავ და შეგახრამუნებ-მეთქი, ესე იგი, უნდა მოვნახო და შევახრამუნო კიდეც, თუ ცოცხალი დავრჩი, რა თქმა უნდა... კაცი კი - რომ დამიჭირა და აქ მომიყვანა... იმავე კაცმა ხომ ჩხიკვის ბრჭყალებიდანაც დამიხსნა?!“

ვერ იქნა და ვერ გავერკვიე, მადლიერი უნდა ვყოფილიყავი მისი თუ, პირიქით, მტრად უნდა მოვკიდებოდი. ბოლოს ამაზე ფიქრი სხვა დროისათვის გადავდე და უფრო გადაუდებელ რამეზე დავფიქრდი:

„მე ახლა საკუთარი თავის ანაბარა ვარ. მთავარია, არ შევშინდე, მთავარია, თავის დახსნის იმედი არ დავკარგო...“

ამას მასწავლიდა დედა, ამას ამბობდნენ ხოლმე მამაჩემის ამხანაგები ბებერი მელიები.

ავდექი და გავიარ-გამოვიარე - ჩვენებურად, მელურად: რბილად, წელის მიმოზნექით. არაფერი მტკიოდა. კიდევ გავიარე და გამოვიარე. სულ ცოტათი მეწვოდა ჩხიკვის ჩანისკარტებულები. ყუთის კედლებზედაც ავტოტდი, სახურავსაც მივაწექი ცხვირით, მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი. სამაგიეროდ, თვითონ აიხადა ცოტა ხნის მერე, დამრგვალებულმა კაცმა გაბრწყინებული თვალებით ჩამოიხედა, ხელიც ჩამოყო, ხორცის ნაჭრები ჩამომიყარა. ხორცს ჯამშიც ჩასხმული რძეც მოაყოლა - ფრთხილად ჩამოდგა ყუთის შუაგულში. ჯერ კუთხეში მივიკუნჭე, ვფიქრობდი, პირი არ დამეკარებინა არაფრისთვის, მაგრამ მერე გამახსენდა - მთავარია, არ შევშინდე, მთავარია, თავის დახსნის იმედი არ დავკარგო, - და ხორცის ჭამა დავიწყე. ხორცი ძალიან მაგარი იყო. მაშინ ჯერ რძე ამოვსვლიპე და ხორცს მერე მივუბრუნდი. ვღრღნიდი ერთ ძვალს, ვღრღნიდი და ისევე ჩამძინებოდა, ძვალზე პირმიდებულს.

თვალი რომ გავახილე, ჩემს წინა პატარა თაგუნა იჯდა. ხან წინ წამოიწევდა, ხან უკან დაიწევდა. მიეყრდნო ყუთის კუთხეს და წრიპინა ხმით მეკითხება:

- ვინა ხარ?

მე თავი ვალდებულად არ ჩავთვალე, პასუხი მიმეცა.

- ძაღლი ხარ? - ისევ მეკითხება ის და თან ცოტა წინ მოდის.

არც ამაზე ვუპასუხე არაფერი.

- კურდღელი ხარ? არა? მაშ, მგელი ყოფილხარ! - თქვა და გადაიკისკისა.

აქ კი აღარ მეყო მოთმინება და ვუთხარი:

- მელა ვარ.

- მელა? - ერთი კი შეფიქრიანდა, მაგრამ მერე ისევ გაიცინა. - მელა - მაკარონის ყუთში?

ძალიან კარგად ვიყავი დანაყრებული, მაგრამ ჩემი მელობა რომ დამემტკიცებინა, ვისკუპე და ის წრუწუნა თვალის დახამხამებაში გავაქრე. თანაც მუქარით გავიარ-გამოვიარე, ბრჭყალებიც გავუსვი ყუთის ძირზე - მისიანები თუ იყვნენ სადმე ახლოს, ასეთი თავხედური ლაპარაკი აღარ გაებედათ ჩემთან.

თაგვთა სამეფოდან აღარავინ გამომცხადებია. რამდენჯერმე აიხადა ყუთის სახურავი, ხან მარტომ ჩამოახედა გაპრიალებული ცხვირი და გაბრწყინებული თვალები დამრგვალებულმა კაცმა, ხან სხვებიც ჰყავდა გვერდით. მიყურებდნენ, იცინოდნენ, უკვირდათ, რომ ნამდვილად მელას ლეკვი ვიყავი, თავებს იქნევდნენ კმაყოფილებით, მიყრიდნენ ხან რას, ხან რას. ცოტა ხანში იმდენი და იმდენნაირი საჭმელი დამიგროვდა, აღარ ვიცოდი, თავი საით მიმებრუნებინა. ყველაფერი მეზიზღებოდა.

„ალბათ გამზრდიან, გამასუქებენ და მერე მომიღებენ ბოლოს“, - ფვიქრობდი როგორღაც გულს გარეთ. ჰო, არ მინდოდა, გულში შემეშვა ეს ფიქრი.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–15
ოპტიმალური ასაკი: 10–13

სხვა მოთხრობები

ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში

ამ წიგნს მელა წერს. როგორ წერს, რით წერს, საიდუმლოა. ხომ შეიძლება ერთი საიდუმლო მაინც დავიტოვო, როცა ქალაქის სიგრძე ამბავი უნდა გიამბოთ?! დავიწყებ იმით, როგორ ...

ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები

კრწანისის ომში დამარცხებულმა ერეკლე მეფემ, რამდენიმე თანმხლებთან ერთად, არაგვის ხეობას შეაფარა თავი. დღესაც არავინ იცის, სად იმყოფებოდა სამ დღეს, მეოთხე დღეს კი...

ჩემი წარმომავლობა

ჩვენი ძველი სახლი ივრის ხეობას გადაჰყურებს. წინ პატარა ბაღი გვაქვს, ხეხილნარი, მერე ფერდობია, ფერდობის ძირში წისქვილის არხი გადის, არხის იქით ჭალის ვენახებია, ...

სად ცხოვრობს მეზღაპრე?

ის ადგილი აქედან შორს არის. ირგვლივ სულ მაღალი ლურჯი მთებია, შუაში კი სწორი ცისფერი ტბა კამკამებს. ლურჯ მთებზე ღრუბლები იბადებიან, პატარა ცელქი ბიჭუნებივით კოტ...

მუხა

ეს მუხა ტყის პირას დგას, - ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, - ადამიანი, ცხოველი ...

კრეჭანა

ლადოს კრეჭანას ეძახიან. ეს იმიტომ, რომ გან-განზე ამოსული დიდი კბილები აქვს და სულ იცინის, იცინის...ერთხელ კრეჭანას მეველემ დაუძახა:- მოდი აქ!კრეჭანა გაიკრიჭა და...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: თამლიანი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ემოციების ამოცნობა

დაეხმარეთ ბავშვს, ამოიცნოს და დაასახელოს თავისი და სხვების ემოციები.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026