კიდევ კარგი, ყუთში დიდხანს არ ვმჯდარვარ. რომ დაღამდა, იმ დამრგვალებულმა კაცმა ფრთხილად ამომიყვანა, კალათაში გადამსვა და ზემოდან რაღაც ძონძი გადამაჭიმა. კალათიდან უკვე ყველაფერს ვხედავდი, რაც გარეთ ხდებოდა. დამრგვალებულ კაცს თეთრი წინსაფარი აღარ ეკეთა, ხელებიც სუფთა ჰქონდა, მაგრამ ქონის სუნი მაინც ასდიოდა. მაგიდებთან აღარავინ იჯდა, მათი გაშეშებული ფეხების ქვეშ ერთი ბალანმოთელილი ჭრელი კატა დადიოდა. ჩემი იქ ყოფნა არც კი გაუგია, ძვალი იპოვა და იმას მიუცუცქდა.
დამრგვალებულმა კაცმა სინათლე ჩააქრო, კალათიანად ამიყვანა, კარი გამოიხურა, დერეფანში მდგარ სხვა კაცს რაღაც ჩაუჩურჩულა და გზის აყოლიება წავიდა.
ჩვენ ხომ ღამითაც მშვენივრად ვხედავთ, მით უფრო, მთვარიან ღამეს. გზაზე აღარავინ იყო, მარტომ ნიავი მოდიოდა ჩვენს შესახვედრად. შევყურებდი გორაზე გადმომდგარ დიდ, გაბრდღვიალებულ მთვარეს და გული მეწურებოდა; ამ მთვარეს ხომ დედაჩემის უყურებს-მეთქი. მომენატრა დედის თბილ ფერდზე თავის მიდება, ჩემს და-ძმებთან ღლაბუცი, მწვანიან ველში სირბილი. ამიჩვილდა გული და ამოვიწკმუტუნე შეწუხებულმა, ამოვიწკმუტუნე ჩემთვის, ჩუმად, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა, ძაღლები აღავღავებულიყვნენ. ვიღაც კაცმა სახლის კარი გააღო და გადმოიძახა:
- ქსი! ქსი! მიდით, არ გაუშვათ!
ამან ხომ უფრო გააგულისა ის ძაღლები. ჩვენკენ გადმოეშვნენ, მაგრამ დამრგვალებული კაცი არც იმ ძაღლების ღავღავს აქცევდა ყურადღებას და არც აივანზე გადმომდგარ კაცს. მიდიოდა აღმართ-აღმართ და მიღიღინებდა. ისეთი დაბალი ხმა ჰქონდა, ვერაფრით ავხსენი, რა იყო, რომ ყველას ამ ხმით აშინებდა.
ვიარეთ ასე, სულ აღმართ-აღმართ, და ერთ ხეებით შემობურულ სახლს მივადექით. დამრგვალებულმა კაცმა რაღაც პატარა კარი გააღო და მერე შიგჩამდგარმა დაიძახა:
- ექიმო!
ამ დაძახებაზე ახლა აქ აღავღავდა ძაღლი (ეეჰ, ქვეყნად ჩვენ სულ ვცოტავდებით, ძაღლები კი მრავლდებიან და მრავლდებიან), დაიკრიახეს ხეზე მსხდარმა ქათმებმაც, სახლიდან კი კაცი გამოვიდა და იკითხა:
- რომელი ხარ?
- მელქო ვარ, ექიმო!
- რა გაგჭირვებია, მელქო.
- არაფერი, შენი ჭირიმე, ერთი რამე მოგგვარეთ.
- რა მომგვარე, კაცო?!
- პატარა მელა.
- რას მელაპარაკები!
- მააშ, ფშავლისგან ვიყიდე დღეს.
ძაღლს ხმა ჩააწყვეტინეს, კიბე ამატარეს და ელექტრონით გაჩახჩახებულ ოთახში შემიყვანეს.
დამრგვალებული კაცი ჩამომიცუცქდა, თან სულ ლაპარაკობდა:
- ერთხელ ბრძანებდით, ეგეთი რამე მინდაო. დამამახსოვრდა და, აი, მოგიყვანეთ.
კალათას თავსაფარი გადახსნა, ორივე ხელი მომდო ფერდებში და ამიყვანა. ექიმმა უკან დაიხია და ღიმილით გაებადრა სახე. მე ცოტა კი გავაქან-გამოვაქანე ფეხები, ავაკაპუნე კბილებიც, მაგრამ ისევ მალე გავჩუმდი. რა აზრი ჰქონდა ფაფხურსა და წკმუტუნს! სჯობდა, ბედს მივნდობოდი, - რაც მოსახდენი იყო, მაინც ის მოხდებოდა ბოლოს.
- ნამდვილი მელაა, კაცო? - უკვირდა ექიმს.
- აბა, როგორ, ექიმო.
- დახედე შენ ამას!
დამრგვალებული კაცი ხან ასე შემატრიალებდა, ხან ისე, ჩემს მუცელს უჩვენებდა ექიმს.
- მერე ხვადია, უყურეთ!
- მართლა, ხომ იცი.
- ძალიან ყოჩაღია, სულ იღრინება.
მუცელზე მიმიხუტა და ცხვირზე ხელი დამკრა. მე მართლა შევუღრინე.
- ხომ ხედავთ?
- რწყილები არ ეყოლება?
- როგორ გეკადრებათ, ბატონო. ძალიან სუფთა მელაა. აი, ნახეთ! - მუცელზე დამიწყო ბერვა.
- ჩასვი, ჩასვი, ისევ კალათაში ჩასვი. კარგი ამხანაგისთვის მინდა მე ეგ.
კალათაშივე ჩამსვეს და ძონძის ისევ გადამაფარეს ზემოდან. ვიჯექი და ყურს ვუგდებდი კაცების ლაპარაკს.
- რამდენი უნდა მოგცე, მელქო, ახლა მე შენ.
- რასა ბრძანებთ, ექიმო. მე მაგაში ფულს როგორ გამოგართმევთ. რაც თქვენ ჩემზე სიკეთე გაქვთ გაწეული, რასა ბრძანებთ.
- ისე არ მივიღებ, მელქო!
- რა ბრძანებაა, ექიმო-ჯან, ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა, არც შენ გაკლია, არც მეო.
- ჰო, ეგეც მართალია. მაინც ჩემზე იყოს.
- არაფერი. რა ბრძანებაა!
დამრგვალებულმა კაცმა ხელები შარვლის უკანა უბეზე შეიწმინდა და კარისკენ წავიდა.
- ღამე მშვიდობისა და კეთილად მოგახმაროთ ეგ მელა.
„მოგახმაროთო?!“ - მე ყურები ვცქვიტე, - რას უნდა ნიშნავდეს ეს „მოგახმაროთ?“
მაგრამ ამის შემდეგ ისეთი აღარაფერი უთხვამთ, ამ სიტყვის მნიშვნელობა რომ გამეგო.
- დიდი მადლობელი, მელქო. ჰო, მართლა, რა უნდა ვაჭამოთ, კაცო.
- ყველაფერს გეახლებათ, ექიმო, ხორცს, რძეს, კარაქს, ყველს. ყველაფერს გეახლებათ.
- ჩემზე იყოს, მელქო, ჩემზე.
- რასა ბრძანებთ, ღამე მშვიდობისა, კარგად ბრძანდებოდეთ.
დამრგვალებული კაცი ოთახიდან გავიდა, მაგრამ ისევ შემობრუნდა.
- როგორ დამავიწყდა. მოდით, იცით, რა? კალათიდან ამოვიყვანოთ და ყუთში ჩავსვათ. ეს გადასაფარებელი არ დახიოს და არ გაიპაროს. გექნებათ რამე ყუთი, სახურავიანი?
- მაქვს, როგორ არა მაქვს.
ექიმი სადღაც წავიდა და ყუთი მოიტანა. კალათიდან ამომიყვანეს და იმ ყუთში ჩამსვეს. ისეთი პატარა იყო, ძლივს ვახერხებდი მიბრუნ-მობრუნებას. თანაც დამპალ ძირხვენასავით ცუდი სუნი ჰქონდა. მთელი ღამე მოუსვენრად მეძინა. მაგრამ მეორე დღესაც იქ ვიჯექი, თანაც მშიერი. გათენებისას ვიღაცეები მოვიდნენ და ექიმი სადღაც წაიყვანეს. მე კი ვიდექი და ხან ერთ კუთხეს მივაჭერდი ცხვირს, ხან მეორეს. კუთხეებიდან სინათლის ვიწრო ზოლები შემოდიოდა, გარეთ რაღაც-რაღაცეებსაც ვამჩნევდი: მაგიდის ფეხებს, ცარიელ ქილებს, ვედროს, ცოცხს, ექიმის ჩექმებს. სულდგმული კი მთელ დღეს არ გაჭაჭანებულა ოთახში, ბუზებს თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, რომელთა ბზუილი ხან საიდან ისმოდა, ხან საიდან.
ექიმი საღამოს ძლივს დაბრუნდა. შემოაღო თუ არა კარი, მაშინვე ავიშვიშდა:
- რა დამემართა ეს, ცუგრუმელავ, რა დამემართა. როგორ დაგტოვე აქამდე უსმელ-უჭმელი!
ხან იქით გარბოდა, ხან იქიდან აქეთ გამორბოდა. რაღაცეებს აჩხარუნებდა. ბოლოს ყუთის სახურავი ცოტათი გადასწია და ჯამით რძე ჩამომიდგა. ერთხელ კიდევ ამეკვიატა ფიქრი, მოდი, სულ აღარაფერს ვახლებ პირს, შიმშილით მოვიკლავ თავს და მოვისვენებ-მეთქი. მაგრამ იმ საძაგელი სუნით გაჟღენთილ ყუთში რძის სუნმა რომ დამკრა, ვეღარ მოვითმინე და ენა ამოვუქნიე. ექიმმა მოფერებით გადამისვა ხელი ზურგზე, მე კბილები გავუწკაპუნე. ამაზე იმას გაეცინა და ისევ სადღაც გაიქცა. ახლა ხორცი მომირბენინა, დიდი ქათმის მთელი ფრთა, მოხარშული. უკეთესი იქნებოდა, ის ფრთა უმი რომ ყოფილიყო, მაგრამ სულ არარაობას მაინც ეს სჯობდა.
ჩავცუცქდი და ნელ-ნელა დავიწყე ღრღნა, ძვლების ტკვერა.
ექიმი კი სულ დარბოდა, ღიღინებდა. ტანსაცმელს იხდიდა, სხვებს იცვამდა. ცოტა ხანში ისევ ჩემთან მოვიდა, ყუთის სახურავი გადასწია, ჩამომხედა და მკითხა:
- დალიე რძე?
მე არ ვუპასუხე. მაშინ ისევ იმან მკითხა:
- ხორცი ხომ მოგეწონა?
ჩემი პასუხისათვის აღარ დაუცდია, ჩამოყო ხელი, რძიანი ჯამი ამაცალა და მითხრა:
- ახლა ჩვენ ავტობუსში ჩავსხდებით და ქალაქში წავალთ. ხომ არ გეშინია ავტობუსისა? ნურაფრისა შეგეშინდება. ჩვენ იმ ავტობუსს... ავიღებთ ბილეთს და ხმას ვერავინ გაგვცემს. როცა ბილეთი გაქვს, სმენაზე უნდა დაგიდგეს ყველა.
ყუთს სახურავი დაახურა, ზემოდან რაღაც გადააკრა, იღლიაში ამოგვიდო, კარგი გამოიკეტა და შორეულ გზას გაგვიყენა ის ყუთიცა და მეც.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
აჩვენეთ თქვენს შვილებს, რამდენად ადვილია გარემოზე ზრუნვა. დახარჯეთ ნაკლები, გადაამუშავეთ, ხელახლა გამოიყენეთ და შეინახეთ ნივთები თუ საკვები. ნაშუადღევს დაასუფთავეთ სამეზობლო.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო