kids.ge logo

ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში

ფავორიტებში დამატება

ავტობუსში რამდენიმე კაცი და ქალი დაგვხვდა. რომ გაიგეს, ყუთში მე ვიჯექი, ერთი ამბავი ატეხეს. შემოეხვივნენ ექიმს და დაუწყეს ხვეწნა: სახურავი ცოტათი გადასწიე და გვაჩვენეო. ექიმი უარობდა. მაშინ კიდევ ერთმა ქალმა სთხოვა წყნარი, სასიამოვნო ხმით. ექიმმა ამ ქალს კი ვეღარ უთხრა უარი. ყუთიდან ამომიყვანა და ხან ერთის ცხირწინ გამაჩერა ფეხებგაფარჩხული, ხან - მეორის ცხვირწინ.

ქალებიც და კაცებიც ძალიან გახარებულები იყვნენ.

მერე ამას ის მოჰყვა, რომ ვიღაცამ ერთმანეთზე გადაბმული ქათმები ამოიყვანა და ზედ ცხვირთან დამიწყო. მხოლოდ თხელი, ძალიან თხელი ფიცარიღა გვყოფდა მე და იმ ქათმებს. მიხვდნენ ადამიანებიც ამ ამბავს და ატეხეს ხარხარი:

- ვანო! ვანო! მიდი, ყუთში ჩაუსვი ერთი ქათამი! - იძახდა ვიღაცა უკანიდან.

- ჩავუსვამ, რატომაც არ ჩავუსვამ, - თანახმა იყო ვანო. მაგრამ ექიმმა არ დაანება. ეს კი არადა, ყუთიც მოარიდა ყველას, ფეხებქვეშ ამოიდგა.

აღმუვლდა მანქანა და დაიძრა. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს კეთილმა ცხენმა დამარიგა, ავტომობილები არავის ერჩიანო, მაინც შიშმა ამიტანა. თავგზააბნეული მივაწყდი ყუთის კედლებს. მერე და მერე კი, ისეთი რომ არაფერი მოხდა, დავმშვიდდი. მივდიოდით, მივქანაობდით. კაცები ისევ ჩემზე ლაპარაკობდნენ. ჩემზე და სხვა მელიებზე. აი, რა იამბო ერთმა არხეინად, სიტყვების დაგემოვნებით:

- შარშანწინ, შემოდგომაზე, კუკუნის ღელეში მივდიოდი და რასა ვხედავ: მორბის დაფეთებული კურდღელი და უკან ერთი ხვადი მელა მოსდევს. მორბის, მოხუხუნებს, კუდი მთელ სიგრძეზე აქვს გაჭიმული. მოდის პირდაპირ ჩემკენ, მელამ კი იმწამსვე დამინახა და, ხომ იცით მელას ხასიათი, მაშინვე მიწას გაეკრა. ეგონა, ვერ დავინახე. ჩამიარა კურდღელმა გვერდზე. არ ვესროლე. მინდა, მელას გავუწბილო ეშმაკობა, გავუშვირე და - ბაც! - იქვე, მიწაზე დავკარი დალურსმილივით. ტყავი ჰქონდა, აი, ბალანი, ოთხი თითის დადება. დედაკაცს ქათიბი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ერთ ღამეს მოაჯირზე დარჩენოდა, გადაეთრიათ ძაღლებს და დაეგლიჯათ.

მოდი და გულმაგრად იყავი ამგავრი ლაპარაკის შემდეგ. გულისრევასავით რაღაცა ვიგრძენი. მოვიკუნტე, კუდი ცხვირზე დავიფარე, ყურებიც ჩამოვლურსე, რაც შეიძლება ნაკლები ხმები რომ გამეგონა, და ასე ვიყავი ქალაქამდე.

ქალაქი დიდი სახლებისა და სინათლეების ტყეა. ისეთი ხმა აქვს, თითქოს მდინარე ადიდებულიყოს. მოთქრიალებს, მომურმურებს, მოდგანდგარებს.

აღარ მშველოდა ცხვირის კუდქვეშ დამალვა და ყურების ჩამოლურსვა. მთელი სხეული დამიბუჟდა მღელვარებისაგან. თანაც ავტობუსმა მალ-მალე დაიწყო გაჩერება, მე - ფიცრის კედლებზე მიხლა-მოხლა. რამდენჯერაც გაჩერდა, იმდენი ვიღაც ჩავიდა. ბოლოს ექიმმა ამიყვანა და ჩვენც ჩამოვედით მიწაზე. ცოტა ხანს ასე მატარა, მერე სხვა მანქანაში ჩამსვა. ქი მარტომ ერთი კაცი იჯდა. შევედით თუ არა, იმ კაცმა მაშინვე ეს წამოიძახა:

- ნადირი რამე ხომ არ მოგყავთ მაგ ყუთით?

- არ გადამრიოთ! - გაოცდა ექიმი. - როგორ მიხვდით?

- ნადირია?

- მელას ლეკვი. როგორ მიხვდი, კაცო!

- სუნით! სუნით! უჰ, რა სასიამოვნო სუნი დააყენა.

- ვაჰ! - კიდევ უფრო გაუკვირდა ექიმს.

მანქანა ჯერ წავიდა, მერე ისევ გაჩერდა და იმ კაცმა ხვეწნა დაიწყო:

- ერთი შემახედეთ, რა! შემახედეთ, თვენ გენაცვალეთ. მაგათ რომ ვხედავ, ხუთი წლის სიცოცხლე მემატება.

- შენ ოღონდ ერთი წლის სიცოცხლე მაინც მოგემატოს და... - გაეცინა ექიმს. ყუთს სახურავი გადახადა. კაცმა ჯერ გაბრწყინებული თვალებით ჩამოიხედა, მერე ხელები ჩამოყო. კანკალით, დიდი სიფრთხილით მომკიდა ფერდებზე, მაღლა ამწია და ზედ ცხვირზე მაკოცა.

- შენ გენაცვალე რა! ვახ, ხვადო, გულგოროზო!

ამ კაცის საქციელმა ხომ სულ გამაბრუა. აღარ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ. ჩვენ, ნადირთ, ყველას ასე გვჯერა, დიდსაც და პატარასაც, ადამიანზე დიდი მტერი არავინა გვყავს ქვეყანაზე. მაშ რაღას ნიშნავდა ამდენი ალერსი და აღტაცება?!

იქნებ ეს იმის აღტაცებაა... ჰო, მალ-მალ წამოტივტივდებოდა ხოლმე ეს აზრიც, - იქნებ ეს იმის აღტაცებაა, რომ ხელში ჩავუვარდი და წინასწარ ზეიმობდნენ ჩემი მოსპობის დღეს?

ამ აზრმა გული შემიჩქროლა და ამოვიწკნავლე, გავიბრძოლე.

- არა, არა, გენაცვალე, არ გაბრაზდე!

კაცმა ისევ ფრთხილად ჩამსვა ყუთში.

- ზოოპარკში მიგყავთ? - ჰკითხა ექიმს.

- არა, ამხანაგს უნდა მივუყვანო.

- ხომ... ხომ არ გაყიდით?

- როგორ გეკადრებათ!

- ვაჰ, შენ გენაცვალე.

მანქანა დაიძრა და წავედით. ვიარეთ, ვიარეთ და ისევ გავჩერდით. ექიმმა ძირს ჩამომიყვანა. მანქანაში მჯდარი კაცი მაინც მე მეძახდა:

- ცქვიტო! ეშმაკო! შენ გენაცვალე, შენ!

ექიმმა სახლში შემიყვანა. რაღაცეებმა გაიჩხაკუნეს და გავფრინდით მაღლა. იმ ოთახიდან გამოვედით და დიდ კარს მივადექით. იქ გაგრძელებული წკრიალი გაისმა. გავიდა ცოტა ხანი და კარი ხმაურით გაიღო.

- ოო! - ამოიძახა კარიდან გამოსულმა.

- მოვედი და დამხვდი! - შეაგება ექიმმა.

ერთმანეთთან ახლოს მივიდნენ და გადაეხვივნენ.

მერე შიგნით შევიდნენ. მეც შემიყვანეს.

- რა არის ეგ, კაცო? - იკითხა მასპინძელმა.

- აბა, რა იქნება, თუ მიხვდები.

- ინდაური?

- აჰ!

- ბატი?

- კაი, კაცო! რაზე მელაპარაკებოდი ამას წინათ?

- როდის, კაცო?

- ჩემთან რომ იყავი, სოფელში.

- არ გადამრიო! ლეკვია რამე?

- მელასი.

- გადამრევ შენ ნამდვილად.

- ა, ბატონო!

ექიმმა ყუთს სახურავი ახადა და მასპინძელმა კიდევ ერთხელ გადაკოცნა.

- რომ იცოდე, რა ბიჭი ხარ! წავიდეთ ახლავე.

- სად, კაცო.

- ჩემს დასთან.

მასპინძელი დაფაცურდა. რაღაც გაიხადა, რაღაც ჩაიცვა, ყუთი იმან ამოიდო იღლიაში და ისევ გარეთ გამომიყვანეს. აქაც მანქანაში ჩამსვეს. მატარეს ცოტა ხანს. ჩამომსვეს. ისევ გავფრინდით მაღლა-მაღლა, კარს მივადექით. აწკრიალდა ზარი. გაგვიღეს, გამოვიდა კაცი, გაიხარა:

- ოო, მობრძანდით, მობრძანდითო.

- ნუკრი სად არის? - იკითხა ექიმის ამხანაგმა.

- ნუკრი! ნუკრი! - იძახდა ხან ერთი, ხან მეორე.

მოირბინა პატარა ბიჭმა.

- ხომ ჭამ ვაჟკაცურად, - ჰკითხა ექიმის ამხანაგმა.

- ვჭამ, - მიუგო ბიჭმა.

- ხომ აღარ აბრაზებ დედას?

- აღარ ვაბრაზებ.

- ვაჟკაცის სიტყვას ამბობ?

- ვაჟკაცის სიტყვას.

მაშ, აი, ამ ყუთს სახურავი ახადე.

ყუთი ძირს დადეს. ნელ-ნელა აიხადა სახურავი. ბიჭმა ამოიკივლა:

- ვაი!

კაცებმა ხარხარი ატეხეს. ბიჭმა კი გაუბედავად წამოიღო ხელები ჩემკენ. უცებ დამწვდა, ამიყვანა, პატარა მანძილზე გაიქცა, კედელთან შედგა, მკერდიდან მომიცილა და მკითხა:

- გეშინია?

კაცები იდგნენ და იცინოდნენ.

მე აქეთ-იქით ვიხედებოდი.

არ ვიცოდი, მეშინოდა თუ არა.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–15
ოპტიმალური ასაკი: 10–13

სხვა მოთხრობები

სად ცხოვრობს მეზღაპრე?

ის ადგილი აქედან შორს არის. ირგვლივ სულ მაღალი ლურჯი მთებია, შუაში კი სწორი ცისფერი ტბა კამკამებს. ლურჯ მთებზე ღრუბლები იბადებიან, პატარა ცელქი ბიჭუნებივით კოტ...

მუხა

ეს მუხა ტყის პირას დგას, - ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, - ადამიანი, ცხოველი ...

ჩემი წარმომავლობა

ჩვენი ძველი სახლი ივრის ხეობას გადაჰყურებს. წინ პატარა ბაღი გვაქვს, ხეხილნარი, მერე ფერდობია, ფერდობის ძირში წისქვილის არხი გადის, არხის იქით ჭალის ვენახებია, ...

კრეჭანა

ლადოს კრეჭანას ეძახიან. ეს იმიტომ, რომ გან-განზე ამოსული დიდი კბილები აქვს და სულ იცინის, იცინის...ერთხელ კრეჭანას მეველემ დაუძახა:- მოდი აქ!კრეჭანა გაიკრიჭა და...

ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები

კრწანისის ომში დამარცხებულმა ერეკლე მეფემ, რამდენიმე თანმხლებთან ერთად, არაგვის ხეობას შეაფარა თავი. დღესაც არავინ იცის, სად იმყოფებოდა სამ დღეს, მეოთხე დღეს კი...

ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში

ამ წიგნს მელა წერს. როგორ წერს, რით წერს, საიდუმლოა. ხომ შეიძლება ერთი საიდუმლო მაინც დავიტოვო, როცა ქალაქის სიგრძე ამბავი უნდა გიამბოთ?! დავიწყებ იმით, როგორ ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დოლბანძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ სამეცნიერო კვლევა

მიეცით ბავშვს საშუალება, ჩაერთოს სამეცნიერო პროექტებში და ისწავლოს ექსპერიმენტების ჩატარება.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026