კედელზე გალია ეკიდა და შიგ ჭივჭავი იჯდა. პირველად ასე მომეჩვენა, რომ ეძინა, მაგრამ უცებ თვალები დააჭყიტა და ერთი ამბავი ატეხა:
- თქვენ მაგას არ იცნობთ, ეგ მელაა, მე ბებერი ჭივჭავი ვარ და არაფერი მესწავლება. ეგ მელაა. ეგ ყველას შეგვჭამს!
ფრთხებს აფართხუნებდა, ერთი ქანდარიდან მეორეზე ხტოდა, იმდენი ივიშვიშა და იქოთქოთა, ყველას ყურადღება მიიქცია.
ექიმმა თქვა:
- უყურეთ ერთი, ჩიტს როგორ გაუხარდა.
მეორე კაცმა, ბიჭის მამამ, თავი დაუქნია და იმანაც ღიმილით დაუდასტურა:
- რა თქმა უნდა. ეგეც ტყის შვილია და, რა თქმა უნდა, გაუხარდება. ტყუილად კი არ არის ნათქვამი: თხას თხა ურჩევნია ას სულ ცხვარსაო.
პატარა ბიჭმა კი ჯერ კაცებს შეხედა, მერე ჭივჭავს მიუბრუნდა:
- ნუ გეშინია, ფანცქალ, ეს არავის შეჭამს.
- ახლა არა, მაგრამ გაიზრდება და მერე შეგვჭამს.
- დაწყნარდი, დაწყნარდი. არც მაშინ შეჭამს არავის.
- მე ბებერი ჭივჭავი ვარ. მე არაფერი მესწავლება.
- ვიცი, ვიცი. მაგრამ მაინც დაწყნარდი.
ჭივჭავი ქოთქოთს განაგრძობდა და ერთი ქანდარიდან მეორეზე ხტოდა. მაშინ ბიჭმა გალიას ფარდა გადააფარა. ჭივჭავმა ცოტა ხანსაც იჯუჯღუნა და გაჩუმდა.
მე, ვგონებ, უკვე გითხარით, მომბეზრდა ხელიდან ხელში გადასვლა, გულგრილად ვხვდებოდი ყველაფერს, მაგრამ ჭივჭავისა და ბიჭის ლაპარაკი რომ მოვისმინე, ძალიან გამიკვირდა და ბიჭს ვკითხე:
- ჩვენი ენა გესმის?
ბიჭს გაეღიმა, თითქოს შერცხვა კიდეც.
- ცოტა.
- სხვა ადამიანებს რომ სულ არ ესმით?
- ზოგს ესმის. ვინც ისწავლის, გაიგებს კიდევაც.
- შენ როგორ ისწავლე?
- ეგ გრძელი ამბავია. თანაც, იცი... - ბიჭს სახე დაუნაღვლიანდა და უფროსებს შეხედა.
უფროსები იდგნენ და სულ ჩვენ გვიყურებდნენ.
აი, ასეა, - თქვა ბიჭის მამამ, - ასე ელაპარაკებოდა ხოლმე ლეკვსაც. თითქოს მაგათი ენა და ნაფიქრალი ესმოდეს.
- ბავშვია, ბატონო, - თქვა ექიმმა, - ბავშვებს კი, მოგეხსენებათ, უზარმაზარი ფანტაზიის უნარი აქვთ.
ამ ლაპარაკის დროს ოთახში ქალი შემოვიდა. ის ჯერ კაცებს მიესალმა. ექიმის ამხანაგს აკოცა კიდეც. მერე ბიჭისკენ მობრუნდა და სახტად დარჩა.
ბიჭი იატაკზე იყო ჩამჯდარი და მე მეფერებოდა.
- ეს რა არის! - წამოიძახა ქალმა. - შენი ამბავია ეს, არა, სანდრო? რა გინდა, უნდა დაგვიღუპო ბავშვი? ამას კი ვეღარ აიტანს ზეინაბი.
ექიმის ამხანაგმა გადაიხარხარა.
- პასუხისმგებლები ვართ ორივენი. მეცა და ნუკრიც. ჩვენ ვიცით ჩვენი საქმისა.
ქალმა მაინც თავისი განაგრძო: ცოფიანი რომ იყოსო? თურმე ნუ იტყვით, ოდესღაც, სადღაც, მინდვრიდან შინმიმავალ ქალებს სწორედ ჩემოდენა მელას ლეკვი უნახავთ. ერთს დაჭერა მოუნდომებია, ლეკვს ოდნავ გაუკაწრავს, ქალი გაცოფებულა და მომკვდარა.
ამაზე ექიმმა მიუგო, რომ ცოფს წყლის შიშსაც ეძახიან. თუ ცხოველი წყალს სვამს და საჭმელსაც აუღლევებლად მიირთმევს, არავითარი ცოფი არ არის საეჭვოო.
მაშინ ქალმა დაიჩემა, რწყილები მაინც ეყოლებაო.
ექიმმა ამაზედაც გამოიდო თავი, რასა ბრძანებთ, ქალბატონო, ძალიან სუფთა ლეკვიაო. მაგრამ აქ კი ამაო გადმოდგა მისი თავგამოდება. წამიყვანეს და თბილი წყლით მაბანავეს. კიდევ კარგი, რომ ბიჭი თავზე მადგა და მამხნევებდა:
- ცოტა მოითმინე, სულ ცოტა მოითმინე და მორჩა! მე ყოველდღე ვბანაობ ასე! შენც ცოტა მოითმინე. ეგ კარგია.
მასხეს და მასხეს წყალი. მფხანეს და მფხანეს სავარცხლით. ყურს არ უგდებდნენ ჩემს წკმუტუნსა და ცხიკინს. როდის-როდის ამომიყვანეს წყლიდან, ძონძებით გამამშრალეს, მერე სხვა ძონძში გამახვიეს და ბიჭთან დამტოვეს. ბიჭს მკერდზე ვყავდი მიხუტებული, ძონძიდან მარტო ცხვირი მიჩანდა, დამატარებდა აქეთ-იქით და მელაპარაკებოდა:
- აბა, ხომ არაფერი დაგიშავდა. რა იყო, რა ამბავში იყავი! ნახავ, როგორ მსუბუქად იგრძნობ თავს. ჩვენ ახლა... ჩვენ ახლა შენთვის სახელი უნდა მოვიგონოთ.
მე ვუთხარი, რომ სახელი უკვე მერქვა.
- აი, ჩემი სახელი: ბჰაჰ-ბჰაიჰ-ბიჰ!
- მაგას ჩვენს მეტი ვერავინ გამოთქვამს. მე დაგარქმევ... დაწყნარდი, თორემ კანკალას დაგარქმევ. აბა, რატომ კანკალებ? ხომ ხედავ, ცუდს არავინ გიპირებს. პირიქით, დიდებული ცხოვრება მოგელის.
- არავითარი დიდებული ცხოვრება არ მინდა, მე დედასთან და ჩემს და-ძმებთან მირჩევნია.
- დედას და და-ძმებსაც ნახავ.
- როდის?
- ჯერ იყავი ჩემთან და, თუ არ მოგეწონება, მერე დედაშენთან და შენს და-ძმებთან დაგაბრუნებ.
ისე სანდოდ მელაპარაკებოდა, ვეღარაფერი ვთქვი. ძონძიანად დამსვა ძირს და თბილი რძე დამიდგა. ის რძე დავლიე, მერე ყველის მოზრდილი ნაჭერიც შევჭამე და ფეხის გასაშლელად ცოტა გავიარ-გამოვიარე.
- ცხოვრებაში მთავარია მშიშარა არ იყო, - მეუბნებოდა ბიჭი. - თუ მშიშარა იქნები, ყველაფერი დამახინჯებულად მოგეჩვენება, ვერასოდეს ვერ იგრძნობ, როგორი ლამაზია ტყე, როგორი ლამაზია მდინარე, როგორი ლამაზია ვარსკვლავებიანი ზეცა. შენ უშუშარი უნდა გაიზარდო. ამიტომ უშიშას დაგარქმევ. უშიშ! უშიშავ! უშიშ!
მომეწონა ეს სახელი, მაგრამ მაინც არ მიგრძნობინებია, რომ კმაყოფილი დავრჩი. ვითომდა მხოლოდ კედლის ძირების სუნვითა და თვალიერებით ვიყავი გართული.
- მაშ, ასე, დღეიდან შენ უშიშა გერქმევა. მე, ხომ გაიგე, რასაც მეძახიან - ნუკრი. ფიჰ! არ მომწონს ჩემი სახელი, მაგრამ დედას და დეიდას მოსწონთ... დედას და დეიდას კი ყველაფერში უნდა დავემორჩილოთ.
ხსენებაზე ბიჭის დეიდა შემოვიდა და მკაცრად უთხრა:
- დაგავიწყდა, მუსიკა რომ გაქვს სამეცადინო?
- ახლავე, დეიდა, - დაიძახა ბიჭმა, - ყუთში ძონძი ჩამიგო, შიგ ჩამსვა, - დაიძინეო, - მითხრა მოფერებით, ყუთს სახურავი ადაფარა და ოთახიდან გავიდა.
ცოტა ხანს ვიდექი, მერე დავწექი, მოვიკუნტე, კუდი ცხვირთან მივიტანე და საძილედ მოვემზადე. ის იყო ჩამთვლიმა კიდეც, რომ სასიამოვნო ხმები მომესმა - თითქოს გახარებული ჩიტები ჭიკჭიკებდნენ მზიან წვიმაში; თითქოს დავრბოდი ჩემს და-ძმებთან ერთად მაღალ ბალახებში. გამახსენდა საყუნჭია გორა, თელები, წყარო, ჩხიკვი. ყრუ ტკივილმა დამიარა მთელ სხეულში. გამგუდა, გამაშეშა ამ ტკივილმა. ჩამეძინა.
არ ვიცი, დიდხანს მეძინა თუ ცოტა ხანს. როცა გამეღვიძა, ვხედავ, ბიჭს ყუთში ხელები ჩამოუყვია და გვერდებზე მკიდებს. მომკიდა რბილად, მოხერხებულად, ამიყვანა, მიმიხუტა თეთრ, თხელ ხალათზე და მიმარბენინა თავის ლოგინთან.
მისი ლოგინი ფანჯარასთან იდგა. ფანჯარაში მთვარე იყურებოდა, ჩვენი მთვარე, საყუნჭია გორის მთვარე. მომინდა დედა, ჩვენი მყუდრო სორო, ამიჩვილდა გული, ამოვიწკმუტუნე რამდენჯერმე.
- შენ ნურაფრისა გეშინია. თუ გეძინება, მშვიდად დაიძინე. მე ცოტა ხანს ვიქნები ასე და მერე მეც დავიძინებ. ამ დროს ყოველთვის მეღვიძება ხოლმე. მერე ვწევარ და ვწვალობ. იცი, უშიშავ, მე ერთი კარგი ძაღლი მყავდა.
გავოცდი და ვკითხე:
- განა შეიძლება ძაღლი კარგი იყოს?
- როგორ არ შეიძლება, სულელო! ყოველ სულდგმულთა შორის არიან კარგებიც და ცუდებიც. მეტსაც გეტყვი: კარგები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ცუდები. მითუმეტეს - ძაღლები.
- არა, მაგას ვერ დავიჯერებ, - დავიჟინე მე.
- კეთილი, ნუ დაიჯერებ. ვთქვათ, მარტომ ჩემთვის იყოს ის ძაღლი კარგი. ხომ შეიძლება ასე?
მე აღარაფერი ვთქვი.
- სულ ერთად ვიყავით მე და ის ძაღლი, - განაგრძობდა ბიჭი, - სულ ერთად დავდიოდით. იმან მასწავლა ცხოველებთან ლაპარაკი. მერე ერთ დღეს, ერთ საზიზღარ დღეს... მანქანა დაეჯახა. ჩემკენ რომ მორბოდა, მაშინ დაეჯახა. ო, რომ იცოდე, როგორ საშინლად დაიკივლა - მიშველეო. მივვარდი, მაგრამ ვეღარაფერი ვუშველე. რამდენიმე ნაბიჯი წვალებით, ფეხების თრევით გამოიარა. მოდიოდა და გატანჯული, ცრემლიანი თვალებით მიყურებდა. მერე, რომ ნახა, ღონე აღარ შესწევდა, მიბრუნდა და ისევ ქუჩა-ქუჩა წავიდა. და იქ... ვეღარ მივასწარი, ახლა სხვა მანქანა დაეჯახა. სულ ვხედავდი, როგორ წავიდა წითელი სისხლი კლაკნით, როგორ დააღო პირი ხმის ამოსაღებად და ასევე დარჩა, ვეღარ დაკუმა.
არ ვიცი, ძაღლი შემეცოდა თუ ბიჭი - მეც ძალიან შევწუხდი. ბიჭს ხელები ავულოკე.
მაშინ მან სიმღერასავით რაღაც წამოიწყო:
ტირიან ირმები,
ტირიან შვლები,
ტირიან მელები,
ტირიან მგლები,
ტირიან ტყეები,
ტირიან მთები,
მზევ, მოდი, მოგვხედე...
კარი სწრაფად გაიღო და ოთახში ქალი შემოვიდა. ეს უკვე ბიჭის დედა იყო. კართანვე გაჩერდა და შეწუხებულმა დაიძახა:
- ისიდორ! ისიდორ!
ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა ბიჭის საწოლისკენ, საწოლამდე ვეღარ მოაღწია, ხელები თავზე შემოიწყო და თითქმის ტირილით თქვა:
- მკლავთ მე თქვენ. მკლავთ და არავის ვეცოდები.
ბიჭმა მიმიხუტა, ლოგინიდან წამოხტა, ყუთთან მიირბინა და შიგ ჩამსვა.
შემოვიდა კაციც.
- აიღეთ, დამარტყით რამე და ისე მომკალით, ან მამამ, ან შვილმა. რატომ მაწვალებთ?
- რა იყო, რა მოხდა? - იკითხა კაცმა.
- ჭირი ჩემი თავისთვის. ლოგინში ეწვა ეს ბინძური ცხოველი. მომაშორეთ, მოაშორეთ აქაურობას, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ!
- მართლა ლოგინში გეწვა, ბიჭო? - ისევ იკითხა კაცმა.
- ხომ გაბანებულია, გასუფთავებული, - გაუბედავად თქვა ბიჭმა.
- გასუფთავებული ჭირი დაგეძგეროს შენ! მაგის ბეწვებიღა აკლია შენს ღვიძლს? მომაშორეთ. მოაშორეთ აქაურობას, თორემ აღარ მინდა სიცოცხლე უკვე!
კაცმა ყუთიანად ამიყვანა.
ბიჭი ლოგინიდან წამოხტა.
- მამა! მამა! ხომ იცი, როგორ მჭირდება...
- გამაგიჟებენ! გამაგიჟებენ! - იძახდა ქალი.
კაცმა კარი გამოიხურა და სადღაც ბნელ კუთხეში მიმიყვანა. ცოტა ხანს კიდევ მესმოდა გაუგებარი ხმები, ბიჭისა თუ ქალის ტირილი, ხანაც ორივე ერთად. მერე სიჩუმე ჩამოვარდა.
გარეთაც ჩაყუჩებული იყო ყველაფერი.
„რა ხდება, რა ამბავია ჩემს თავს?“ - ვფიქრობდი, ვფიქრობდი და ამ ფიქრში ჩამეძინა.
როცა გამეღვიძა, ყუთი ძალიან ქანაობდა. მეგონა, აიხდებოდა სახურავი და ბიჭს დავინახავდი. მაგრამ უკვე ქუჩაში ვიყავით. მაშინ მივხვდი, რომ ბიჭს მართლა მაშორებდნენ. ავტეხე ხტუნვა, ფხაჭუნი, წკმუტუნი, ტირილი. მე ხომ უამრავი რამე დამრჩა საკითხავი, მე ხომ მხოლოდ მისგან შემეძლო გაგება, რატომაა, რომ ადამიანები გვხოცავენ, მე კი... რა ამბავია ჩემს თავს. რა მომელის. რა უნდა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე...
მაგრამ ჩემი წკმუტუნ-ტირილისათვის ყურადღება არავის მიუქცევია.
სადღაც მიმიყვანეს. ვიღაცები ალაპარაკდნენ. ვიღაცამ ყუთზეც მოაკაკუნა. ბოლოს სახურავიც გადამხადეს და დავინახე მთლად უცხო, ცხვირწითელა, სათვალიანი კაცი. ეს კაცი არც იღიმებოდა, არც იღრუბლებოდა. დაშტერებული დამყურებდა სათვალით და მარტო ეს თქვა:
- გასაგებია.
- რა არის გასაგები? მითხარით, მეც გამაგებინეთ! - წამოვიძახე შეშინებულმა.
სათვალიანმა კაცმა ყუთს სახურავი დააფარა და სხვაგან წავიდა.
გარედან ქალაქის გმინვა და დგანდგარი შემოდიოდა.
უცებ საოცრად აშკარად დავინახე საკუთარი თავი - ძალიან პატარა დიდ, ადონდგოლებულ ქვეყანაში, თანაც მთლად მარტო.
და ისევ ავტეხე წკმუტუნი და ტირილი.
. . . . . . . . . . . . . . . .
აქ წყდება ბოლომოხეული ხელნაწერი, რომელიც ქალაქის განაპირას, ხევში ჩაყრილ ნაგავში ვიპოვე ზამთრის სუსხიან დილას, როცა მე და ჩემი მეგობარი, ჩვენს ორ მეძებარ ძაღლთან ერთად, გამგელებულები მივდევდით ვიღაცის მიერ ფეხში დაჭრილ ბალანძამოძენძილ კურდღელს.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
იცოდეთ როდის უნდა მიაჩვიოთ ბავშვი ქოთანში მოსაქმებას
ბავშვი მზადაა ქოთნის გამოსაყენებლად თუკი: ის გრძნობს იმას, რომ დროა მოისაქმოს და ითხოვს პამპერსის გამოცვლას.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო