უკვე ერთი თვე სრულდებოდა რაც გომბორელას სტუმრები გამხდარიყვნენ ჩვენი გოგონები და დირექტორი ზაქარა,მხოლოდ იმ პირველ გასაცნობად გამართულ სადილზე ნახეს, კიდევ მაშინ დასასჯელად რომ დაიბარა თავის პირქუშ ოთახში ურჩი მეგობრები და მას შემდეგ, თვალიც არ მოუკრავთ მისთვის, არც დერეფნებში გადაჰყრიათ სადმე და არც ეზოში მოსეირნე დაუნახავთ.
კაცი იფიქრებდა, --ალბათ უჩინმაჩინის ქუდი ახურავს და ისე დაიარება გარშემოვო, რადგან ყველასა და ყველაფერზე მაინც სრულ ინფორმაციას ფლობდა, სწორედ ამიტომაც იყო რომ დღე არ გავიდოდა ისე, რომ ვინმე არ გამოეძახა საყვედურის გამოსაცხადებლად თავის ბნელ სამფლობელოში, საყვედური კი აუცილებელი რამ იყო მისი აზრით, რადგან თურმე ის თვლიდა , რომ --ბავშვს გარდა შექებისა, აუცილებლად სჭირდებოდა დატუქსვაც, რადგან კარგის და ცუდის გარჩევა ესწავლა და სამართლიან ადამიანად ჩამოყალიბებულიყო.
ესეც კურატორი ნანასგან შეიტყვეს ბავშვებმა და რა თქმა უნდა, მასწავლებელიც მთელი გულით ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას, მაგრამ როგორც კი სიტყვა ,,სამართლიანი“ ახსენა მან, ყველა ილუზია და რწმენა ერთად გაუქრათ ლილესა და მის მეგობრებს და ერთმანეთს განცვიფრებულებმაც კი გადახედეს.
ნუთუ მართლა იმ დირექტორ ზაქარაზე საუბრობდა ეს სათნო და კეთილი მასწავლებელი, რომელსაც ყველა მათგანი იცნობდა? განა შეიძლება სამართლიანი იყოს ის ადამიანი, რომელიც საკუთარ შვილიშვილს სადღაც გამოკეტავს განდეგილივით და შემდეგ სამართლიანობაზე დაიწყებს საუბარს? ეს ალბათ არც იცის, მათმა კურატორმა, თორემ მისი კეთილი გული მარიამის დახმარების გარეშე ვერ გაძლებდა და არც ზაქარას მოიხსენიებდა სამართლიან მმართველად.
იმ საღამოს კი როცა მეეზოვე შაქროს, სრულიად მოულოდნელად ბედმა დიდი საჩუქარი გაუკეთა შვილის ნახვით, მაშინაც კი არ გამოუჩენია გულმოწყალება დირექტორს მის მიმართ, მხოლოდ ნახევარ საათს თუ ადროვაო ოთახში განმარტოვება მონატრებულ მამა-შვილს და მალე გაუგზავნია ტყის განაპირას, მათი ბანაკის დასასრულს, ღობე რომ მთავრდებოდა იმ ადგილას, იმ მიზეზით რომ მზისგან გადამხმარი ბალახი იყო გასათიბი. ბავშვებს გული ეწვოდათ მისი საცოდავობით და ყველაზე ყოჩაღებს ბევრი არც უფიქრიათ ისე გაჰყოლიან დასახმარებლად, მათ შორის იყო რა თქმა უნდა ლილეც თავის სამი არაჩვეულებრივი მეგობრით, რომლებიც გვერდიდან არ შორდებოდნენ მოხუც კაცს და საქმეს უმსუბუქებდნენ და რადგანაც ,,ძალა ერთობაშია“ --საქმისთვისაც მალე მოუღიათ ბოლო. ბანაკში დაბრუნებისას კი შაქროს თვალები სიხარულისგან უბრწყინავდა, იმის გამო რომ კეთილი და დაუზარელი ბავშვების წყალობით, უფრო მეტი დროის გატარებას შესძლებდა საკუთარ ვაჟთან.
უკვე ოთხი სამშაბათი, ოთხი ოთხშაბათი და პარასკევი მიილია ამასობაში და როგორც მათ მოვალეობებში ეწერა, ბავშვებიც მონაცვლეობით ხან სამრეცხაოს სტუმრები იყვნენ და გულითადად ეხმარებოდნენ მრეცხავებს საკუთარი სამოსის მოწესრიგებაში, ხანა ეზოს უვლიდნენ შაქროსთან ერთდა და პარასკევობით კი სამზარეულოში ფუსფუსებდნენ გულიანად.
სულაც არ ყოფილა რთული ამ ყველაფრის გაკეთება, მთავარია სურვილი უფროსების დახმარების და შრომა მართლაც აკეთილშობილებს ადამიანს, მითუმეტეს მას თუ ადრეული ასაკიდანვე მიეჩვევი. ახლა ისინი ჩვეული უდიერობით აღარ ექცეოდნენ ქათქათა მაისურებს, არც ნამცხვრებსა და კოტლეტებს ტოვებდნენ თეფშზე ნახევრად გაკბეჩილებს, რადგან მათ გამოცხობაზე ნამდვილად ბევრს შრომობდნენ გაზქურასთან ფუმფულა მზარეულები და აღარც ეზოს ანაგვიანებდნენ უდარდელად, ამიტომაც იყო რომ სრული წერსიგი სუფევდა გომბორელაში და იდეა, პირველ დღეს ასე ძალიან რომ არ მოეწონათ, ახლა უკვე მათ ყოველდღიურ საქმიანობად ქცეულიყო და სულაც აღარ აბრაზებდათ მოვალეობები.
გაკვეთილები კი მხიარულებასა და აზრთა გაცვლა-გამოცვლაში გადიოდა. თურმე სიკეთის რამდენი სახე არსებობს ქვეყნად, ადამიანი რას არ მოიფიქრებს სხვის გასაბედნიერებლად თუ ამის სურვილი აქვს.
საყვარელ ნანას კი ყველაფერი პუქტებად შეუდგენია და მერე ისეთი სიხარულით განმარტავს ყველაფერს, რომ სურვილი გაქვს, არც ერთი სიტყვაც არ გამოგრჩეს მისი ნაამბობიდან. ამ პუნქტების ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს, მაგრამ თუ კი გულით გინდა რამე კარგის გაკეთება, ეს ყველაფერი თავისთავადაც იბადება გონებაში და აღარაფრის დაზეპირება არ გჭირდება, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება რომ ნანახი ნათქვამს არ ემთხვევა და იძულებული ხარ უბრალოდ დაიჯერო ის რასაც გეუბნებიან. აი მაგალითად, ლიზი ძალიან გულდაწყვეტილი წამოსულა ბანაკში თავისი მეზობლის გამო, რადგან ამ ქალს ვერავინ ვერაფრით ასიამოვნა, მისი მუდმივად უკმაყოფილო სახის ნახვა კი აღარ იყოკარგი.
--ალბათ კეთილია, მაგრამ ნამდვილად არ იცის კეთილად როგორ მოიქცეს.--განმარტა მან მხრების აჩეჩვით, როცა საუბარი მასზე მიდგა.
--არ იცის?-თვალები ეჭვით მოჭუტა ნანა მასწავლებელმა.
--არა.
--როგორ?
--ყვირის, თანაც სულ ყვირის.
--ეს არაფერს არ ამტკიცებს, ზოგჯერ კეთილი ადამიანებიც ხომ შეიძლება გაბრაზდნენ და იყვირონ?--ისევ ჩაეკითხა მას კურატორი და ცხვირზე წამოსკუპებული სათვალე, საჩვენებელი თითით გაისწორა.
--არა, მე როცა ვყვირი მაშინ ძალიან ვარ გაბორორტებული, ის კი სულ ყვირის.
--აბა რა იცი რომ კეთილია?
--დედამ მითხრა!--თავი დახარა ლიზიმ და გაჩუმდა.
მასწავლებელსაც აღარ ჰქონდა სხვა არგუმენტი მეზობლის გასამართლებლად და გაჩუმება ამჯობინა.
ისტორიები ისტორიებს ცვლიდა, ზოგის გულუბრყვილო სიკეთეზე გულიანად იცინოდნენ ბავშვები, ზოგის ქცევა კი უბრალოდ აღფრთოვანებას და ტაშს იმსახურებდა.
ივლისის ბოლო საღამო იყო. ზაფხულის გრილი ნიავი უბერავდა გომბორის მთიდან. ლამპიონებით განათებულ ,,გომბორელას“ ეზოში, უზარმაზარი ხეების ფართო ფოთლები შრიალით ზუზუნებდნენ და აყუებდნენ გარემოს, მათ ჭრიჭინების ზმუილიც ემატებოდა და ვერავინ იტყოდა, რომ ჩუმი ღამე იყო, თუმცა კი მშვიდს ნამდვილად დაარქმევდა ადამიანი.
დღის სწავლებისგან მოქანცულ ბაშვშვებს, თავი უზარმაზარ კოცონთან მოეყარათ და მხიარულად საუბრობდნენ.
მათ შორის იყო სიყვარულის ბანაკის ის ერთადერთი ბიჭუნაც, რომლის ოცნებაც ტრანსილვანიელი დენისობა იყო, ამიტომ მას მეგობრებმა მეტსახელად დენისი შეარქვეს და მისი ნამდვილი სახელი აღარც კი ახსოვდა არავის. დენისმა გიტარაზე შესანიშნავი დაკვრა იცოდა და ახლა, საკრავისგან გამოცემული ბგერები იღვრებოდა ბანაკთა სამფლობელოში, მელოდია კი მართლაც საამო იყო, სიყვარულის ბანაკის წევრები საკუთარ ჰიმნს მღეროდნენ:
ასეთი ლამაზი ზაფხული,
ასეთი ლამაზი ცა,
არ იცის, არ იცის ქალაქში,
მინდვრები უხდება მას.
ამდენი კეთილი ღიმილი,
გვაცოცხლებს, გვახარებს და
ზაფხულის ბანაკში ცხოვრება,
ზღაპარში ცხოვრებას ჰგავს...
სიმღერის დასასრულს მეგობრებმა ბავშვები გულმხურვალე ტაშით დააჯილდოვეს, ახლა კი გმირთა ბანაკის ჰიმნის შესრულებას აპირებდნენ გულადი ადამიანები და მალევე ამღერდნენ კიდეც მათი ბაგეები ხმაშეწყობილად:
დედას პირობა მივეცი,
ვიქნები გმირი შვილიო,
გაჭირვებულებს, ჩაგრულებს
დავუდეთ ამის ფიციო.
თუ ვენმეს გულს მოუკლავენ,
უსამართლობას დავსჯითო,
უმწეო ვეღარ იტირებს,
გულს დაწოლილი დარდითო.
ამ გულადობით სავსე სიტყვებსაც მალე მოჰყვა გამაყრუებელი ტაში, თითქოს ჭრიჭინებიც ბანს აძლევენო, უფრო მეტად ახმაურდნენ და აჟრიალდნენ. ცეცხლის ენები კი უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა და კაცი იფიქრებდა, სადაცაა ცას მისწვდებაო მათი ლივლივი. ლამპიონების შუქი მათ სიკაშკაშესთან შედარებით აღარაფერი იყო.
ჯერი სიკეთის ბანაკის ბავშვებზეც მიდგა და არც მათ დააყოვნეს, ლილემ ხმამაღლა შემოსძახა პირველი სიტყვები:
სიკეთე ყველას ვალია,
გულს გვითბობს მისი სხივები,
კეთილ საქმეთა მკეთებელს,
დალოცვილი ჰყავს შვილები.
მეტი გაიღეთ სიმდიდრე,
გაუწილადეთ მშივრებსო,
ღარიბი თბილად შემოსეთ,
ობოლს კი სახლი მივცეთო.
რა თქმა უნდა მათი ჰიმნიც ძალიან მუსიკალური და ლამაზი, იყო ამიტომაც ტაში არც მისი დასრულებისას დაუკლიათ ბავშვებს.
იმ ღამით ყველა ბედნიერებისგან ბრწყინავდა, გმირთა ბანაკის გულადი გიორგი ისეთ ეშხში შესულიყო, რომ ბევრი უცნაურობასაც კი აკეთებდა. აგერ მაგალითად ექვსიოდე ხელისგულისოდენა ბურთები ისე ლამაზად ააცეკვა ხელში ერთმანეთის მიყოლებით, რომ ძირს არც ერთი არ დავარდნილა.
ბავშვებმა გაოცებული წამოძახილებით მოუწონეს ნამოქმედარი, ერთმა ისიც კი თქვა:--ეგ გმირობა კი არა, აკრობატული ილეთებიო!
მერე მსურველებიც გამოუჩნდნენ მოხერხებულ ბიჭს და ისიც შეუდგა ამ უნარის გაზიარებას მათთვის, ზოგს ერთი ბურთიც ვერ აეგდო ხელში, ზოგი სამს თუ მიაყოლებდა ერთმანეთს და ესეც დიდი ამბავი იყო, ჰოდა ბავშვებიც ტაშს დასცხებდნენ ხოლმე მის გასამხნევებლად.
მხოლოდ ლილე და ანი ისხდნენ მოწყენით, მათ წინ კი ნიცა მოკალათებულიოყო თბილ მიდორზე და არც მას ეტყობოდა დიდი სიხარული სახეზე.
ერთი თვე ცოტა დრო არ იყო იმისთვის, რომ მეგობრებს მავრა და მარიამი მონატრებოდათ.
ღმერთო ჩემო! აღარც კი ახსოვთ რამდენჯერ მივიდნენ იმ სახლის მძიმე კართან და რამდენჯერ სცადეს შიგნით შესვლა, მაგრამ არც კარი იღებოდა და არც მავრა ჩნდებოდა მისთვის ჩვეული ბუტბუტით, არადა მეგობრებს ძალიან მონატრებოდათ ამ ორი საყვარელი არსების ხილვა, მარიამის დახმარების სურვილი კი დღითიდღე იზრდებოდა.
--ნუთუ მავრამ სულ დაგვივიწყა, ნუთუ მიგვატოვა?-- მოწყენილი ხმით ჩაილაპარაკა ლილემ და თავი ჩახარა.
--მეც სულ ამაზე ვფიქრობ... ერთხელ მაინც გამოჩნდეს სინათლე ამ პატარა სახლში.--სევდიანი თვალებით გახედა ნიცამ ბანაკის განაპირასა მდგარ აკრძალულ სახლს.
--მე კი ასე მგონია, რომ ყველაფერი იმ შენი ერთ დღიანი ჯადოსნობის ბრალია, იქნებ გავანაწყენეთ მავრა?--ვარაუდი გამოთქვა ლილემ.
--რომ სწყენოდა, ამის უფლებას ხომ არც მომცემდა?--მხრები აიჩეჩა ანიმ გაურკვევლობის ნიშნად.
--ჰო, ეგეც მართალია.
--ლიზი არ გენატრებათ?--მოულოდნელად საუბრის თემა შეცვალა ანიმ და მეგობარი გაიხსენა სინანულით.
--ძალიან, არ მეგონა თუ წავიდოდა!
--მას პირველ დღესაც არ უნდოდა აქ ყოფნა! ვერ გავიგე რატომ? აქ მოხვედრა ხომ ყველა ბავშვის ოცნებაა..--მხრები აიჩეჩა გაურკვევლობის ნიშნად ლილემ.
აგერ უკვე ორი კვირა სრულდებოდა იმ დღის მერე, როცა ლიზიმ ტირილით გაიღვიძა და სახლში დაბრუნებას ითხოვდა. იმ საღამოსვე ჩამოაკითხეს მშობლებმა და განცხადება დაწერს მის წაყვანაზე. კითხვაზე:--რამით უკმაყოფილო ხომ არი იყო? გოგონამ უპასუხა, რომ აქ ყველა და ყველაფერი შეუყვარდა, მაგრამ მშობლების გარეშე ყოფნა არ შეეძლო. რას იზავდნენ მეგობრები? მხურვალედ ჩაეხუტნენ გაცილებისას და ერთმანეთს იმასაც შეპირდნენ, რომ ქალაქში დაბრუნებისას აუცილებლად შეხვდებოდნენ. ესეც კარგი იყო, ლიზის დავიწყება არ მოუწევდათ.
ალბათ მათი საუბარი ხან მავრასა და მარიამზე, ხანაც კი ლიზიზე კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა მოულოდნელად ატეხილი ყიჟინა.
ცეცხლის გარშემო შეკრებილი ბავშვები, ტაშის კვრით ეგებებოდნენ თათული კურატორს, რომელსაც ხელში დიდი ტორტი ეჭირა და მათკენ მოდიოდა, უკან კი ხილის წვენის ბოთლებით ხელებდახუნძლული ნანა მასწავლებელი მოჰყვედოდა.
--რამე გამოგვჩა?--ბავშვებს კითხვის თვალებით გადახედა ლილემ და ფეხზდე წამოდგა, მისი მეგობრებიც აიშალნენ და საერთო მხიარულებას შეუერთდნენ.
მალე კი გარშემო კიდევ ერთი სიმღერა გაისმა, ოღონდ ამჯერად მისალოცი. მეგობრები თვალებანთებულნი ბედნიერი სახეებით ულოცავდნენ ნიტას დაბადების დღეს. იუბილარის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა და სიხარულისგან გაბრწყინებული შესცქეროდა ხან ტორტს და ხანაც მის წინ ამღერებულ მეგობრებს.
ეს ხომ მისთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო. შორეულ აჭარაში დარჩენილმა ოჯახმა მხოლოდ ტელეფონით მიულოცა მას დაბადების დღე და ამის შემდეგ, მის სახეს ღიმილიც აღარ მიჰკარებია... იმ გულახდილი საუბრის შემდეგ კი რომელიც ანის ჯადოსნობის დამსახურება იყო, სულ შეცვლილიყო პატარა ქალბატონი, მისი ამპარტავნება და მედიდურობა სადრაც გაქრა და იგი იქცა ყველასათვის საყვარელ ნიტად, რომელთანაც მეგობრობა უკვე სულაც აღარ იყო ცუდი იდეა, რადგან მის პირიდან ვეღარ გაიგონებდით დამცინავ შენიშვნებსა და საუბარს, რაც ასე აფრთხობდა ბანაკის ბავშვებს.
ახლაც ასე გაღიმებული ადგა და სურვილის ჩაფიქრების მომენტში, თვალები ცრემლითაც კი აევსო, შემდეგ მეგობრებიც დაეხმარნენ იმ თერთემტი სანთლის ჩაქრობაში, ასე თვალისმომჭრელად რომ ლიცლიცებდნენ უზარმაზარ ტორტზე.
ტორტი გემრიელიც აღმოჩნდა.
ამ საერთო მხიარულებას მხოლოდ დირექტორი ზაქარა აკლდა, ის როგორც ყოველთვის ახლაც თავის პირქუშ ოთახში გამოკეტილიყო და შორიდან მოჩანდა, მისი შუქით განათებული სარკმელი, რაზეც შავი ფარდები ოდნავ გადაეწია.
კოცონის შორიახლოს მდგარ გიორგის, ზურგზე წვრილი კენჭი მოხვდა და სიბნელიდან გაისმა უცნაური ბგრები: --დრააამპ... დრაამ.
ამ ხმას მხოლოდ ეს ოთხი მეგობარი თუ მიაქცევდა ყურადღებას და იცნობდა. რა თქმა უნდა ასეც მოხდა და სიბნელისკენ გაემართა გულადი ბიჭი, გოგონებს კი თვალით ანიშნა -- გამომყევითო და მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ბალახებში მოგორავე მაქცია დაინახეს, ის ისევ ისეთი საყვარელი და ჭყიპინა იყო. როგორ მოჰნატრებიათ მავრა.
--მოიიიცა... მოიი.. ცა !--ხელით იგერიებდა ოთხ წვყვილად შემოხვეულ ხელს კისერზე იგი და ლაპარაკს ცდილობდა:--ასე დამახრჩობთ ბავშვებო, ვაახ, მომშორდით!!
--ძალიან მოგვენატრე მავრა, ძალიან!--არ შორდებოდნენ ბავშვები.
--მოდი აქ ნუ გამიბამთ მუსაიფს, თვალები დახუჭეთ!
ისევ გაისმა მაქციისებური ბუტბუტი და მეგობრები თვალის დახამხამებაში აღმოჩნდნენ ისევ იმ მშვენიერ წალკოტზე, სადაც დაბრუნება ასე ეწადათ, ოღონდ საოცარი ის იყო რომ ამჯერად ყველა ნივთი, იქნებოდა ეს სავარძელი, კუნძი თუ მწიფე ხილი, ყველაფერი ჰაერში გამოკიდებულიყო და ასე ნარნარებდნენ სივრცეში, ერთი მეტრის სიმაღლეზე.
--აქ რა ხდებ? რა სილამაზეა!--ცხვირ წინ ჩასრიალებულ გულაბ მსხალს ხელი წაავლო ლილემ და პირისკენ გაიქანა.
--ასე რატომ დაგვხვდი მავრა?
--გგონიათ თქვენთვის ვიშრომე? სულაც არა...--ამაყად გაიბღინძა მაქცია და ფუმფულა სავარძელზე შემოსკუპდა, მაღალი მუხის ქვეშ რომ ქანაობდა ნაზად:--უბრალოდ ამჯერად ჩემი სულიერი მდგომარეობაა ასე ჰაეროვანი და გადავწყვიტე ცოტა ხანს ასე ვიცხოვრო.
--მდა.. ძალიან საინტერესოა..--გაოცებულ თვალებს აქეთ-იით აცეცებდა ანი და გონებაში ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა თუ სად შემოსკუპებულიყო.
--და მარიამი?--იკითხა გიორგიმ.
--ჰმ..ნუთუ ვერ ხედავთ?--ხელი აიქნია უკმაყოფილოდ მავრამ ფანჩატურის მიმართულებით, სადაც გოგონა კრემიან ფუნთუშებს რთავდა ფერად-ფერადი კოპლებით.
მან სტუმრებს ხელი დაუქნია და კეთილად შეჰღიმა.
--აცადეთ და მოგართმევთ ტკბილეულიბას!
--მავრა როგორ მოგვენატრე, აქამდე რატომ არ ჩანდი? ძალიან ბევრს ვფიქრობდით შენზე, თანაც სულ ცუდი გვეფიქრებოდა.
--მაინც რა უნდა მომსვლოდა?...--ჩაიქირქილა მაქციამ და ბავშვებს თვალი მოავლო:--აქ რა საფრთხე შეიძლება დამემუქროს?
--აბა რატომ დაგვივიწყე? თანაც დრო შენთან ძალიან ნელა გადის, იქ გომბორელაში კი უკვე ერთი თვე მიილია.
--კარგით რა, ნუ მოსთქვამთ წუწუნა ბავშვებივით, მე და მარიამს უამრავი საქმე გვქონდა, ზამთრისთვის ვემზადებოდით, თბილ ღუნღულა სახლს ვაშენებდით.
--ააჰ , ჩვენ კი ვიფიქრეთ რომ მაქციეთში დაბრუნდი.
--ეჰ.. მაქციეთი.. ჩემი დიდებული სამშობლო, როგორ მენატრება ჩემი ხორკლიანი მწვანე ბაჯბაჯა მეგობრები...--ოცნებით გაუშტერდა თვალი ცას მავრას, მაგრამ მალევე გამოაფხიზლა ანის ხმამ.
--ძალიან ლამაზია შენთან?--დაინტერესდნენ ბავშვები მაქციეთით.
--ძალიან, იქ ყველაფერი ტკბილეულით არის შექმნილი, ლიმონათების მდინარეებია ყველგან, ღრუბლებს თეთრი ნაყინები გადმოსდის.
--და თუ კოლოლადის ან მარწყვის ნაყინი მინდა?--პრობლემა მაინც მოძებნა გიორგიმ და გამომცდელად ჩაეიკითხა მავრას.
--მაშინ?... არ შეჭამ! შოკოლადის ჟელატინი ჭამე თუ ასე გინდა, ესეც ბევრი გვაქვს... --მხრები აიჩეჩა მაქციამ.
--კიდევ, კიდევ გვითხარი რამე!--არ მოეშვნენ გოგონები მაქციას.
--კარით ახლა! ასე უფრო მენატრება ჩემი მაქციეთი.
--ჩვენთან ამიტომ არ გამოდიხარ?
--სად?--გაიოცა მაქციამ,
--ჩვენთან, ადამიანებთან! ჩვენი ბანაკის ბავშვები ძალიან კეთილები არიან.
--არ მინდა მადლობა!--თავი ცივად გააქნია მან და მტკიცე ხმით დაუმატა:--ვიცი ადამიანების სიკეთის შესახებ, ისინი მე ცირკის ან ზოოპარკის ბინადრად მაქცევენ. დაკვირვებას დამიწყებენ, გამზომავენ, ამწონავენ, რაც საერთოდ არ მომეწონება. იცით, ქვეყნის რომელი კუთხიდან აღარ ჩამოვლენ ჩემს სანახავად? სამეგრელო, გურია, აჭარა... აქ ჩამოვა კახეთში ჩემს სანახავად, რომ გომბორელას ბანაკში ჩემი უცნაური გარეგნობა დაათვალიერონ.. კარგით რა ბავშვებო, ეს რა მომავალია, რა პერსპექტივა?
--რატომ ფიქრობ ასე?--მოიწყინა ლილემ.
--ლილე შენ არ ფიქრობ რომ ზედმეტად მახინჯი ვარ?--ხელები გაშალა მავრამ და საკუთარი თავი აათვალიერ-ჩაათვალიერა.
--მახინჯი არა, უცნაური ხარ, განსხვავებული...
--სწორი ნათქვამია!--ამაყად გაიბღინძა ფუმფულა მაქცია:--მაგრამ ეს მხოლოდ თქვენ ფიქრობთ ასე, სხვები კი ფიქრობენ რომ მახინჯი ვარ და ძალიან საშიში.
--შენ სულაც არ ხარ საშიში.
--ეს თქვენ იცით, თუმცა საშიშადაც შემიძლია მოგაჩვენოთ თავი.. გაგახალისოთ გინდათ?--ეშმაკურად აუციმციმდა თვალები მავრას და ელოდა რომ ბაშვებიც აჰყვებოდნენ ენთუზიაზმში, თუმცა ანიმ თავი გააქნია და მალევე ჩაუქრო სიხარული.
--ცუდი ხუმრობა იქნება ეს.
--მოიცა რა, მოდი ცოტა გავერთოთ!--არ ცხრებოდა მავრა.
ამასობაში კი მარიამიც მოვიდა დიდი ლანგრით ხელდამშვენებული და ფუმფულა ფუნთუშების არომატიც მოიყოლა თან. ბავშვებმა სათითაოდ აარჩიეს ხილის არომატები, მხოლოდ ნიცამ შეიკავა თავი და აღნიშნა, რომ ბანაკში ზომაზე დიდი ტორტის ნაჭერი გადაესანსლა და ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა.
--ჩვენ ამჯერად უფრო მნიშვნელოვანი სათხოვარი გვაქვს!--ტუჩები გემრიელად გააწკლაპუნა ლილემ და მავრას გახედა.
--როგორ არ გიყვართ გართობა!--გაბრაზებით აბუზღუნდა მავრა:--მიდი, გისმენთ!
ლილე წამით ჩაფიქრდა, როგორც ჩანს იმის თქმა რასაც აპირებდა, ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა ღირდა თუ არა, მაგრამ ბოლოს მაინც გაბედა:--იცი მავრა, ჩვენო ძვირფასო...
--ჰო კარგი, პირდაპირ თქვი, ასე თაფლი და შაქარი მაშინ ხდებით ადამიანები, როცა რამე გინდათ!
--როგორ მიხვდი?
--მიდი, მიდი უთხარი!--მუჯლუგუნი გაჰკრა გიორგიმ გოგონას, რითაც უფრო შეაგულიანა ის და ლილემაც ამოღერღა.
--მავრა, ჩვენ გვინდა რომ მარიამს ბანაკში ცხოვრების უფლება მისცე!
--ააჰ... აჰჰჰ... რას ამბობთ?--ხელები და ფეხები ერთდროულად ააფართხალა ჰაერში მაქციამ და წონასწორობა შენარჩუნებულმა სავარძელმა მიწაზე მოადინა ზღართანი:-- ეს რა გააკეთეთ? ისეთი ემოციური სტრესი მიმაღებინეთ, რომ მაგიამაც ძალა დაკარგა.
გარშემო, ჰაერში მოქანავე ყველა ნივთმა თუ ხილ-ბოსტნეულმა ერთდროულად მოადინეს ბრახუნი მიწაზე.
წამიერად ყველაფერი დადუმდა.
ბავშვებს თვალებში შიში ჩაუდგათ და ერთმანეთს გადახედეს მოწყენილებმა. ისინი ხომ ასეთ რეაქციას არ მოელოდნენ.
--ეს დიდებული აზრი ვის მოუვიდა თავში?--ძლივს გასაგონი ხმით ამოიკნავლა ამჯერად მავრამ.
საჩვენებელი თითი ყველამ გიორგისკენ გაიშვირა.
--ჰო... როგორ ვევ მივხვდი? პატარა გმირის ოინები ყოფილა.--ნიკაპზე ხელი ჩამოისვა მაქციამ და მწვანე ხორკლებზე, ბეწვი სულ ერთიანად აებურძგლა.--მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ არ არის ეს კარგი აზრი? დირექტორი ზაქარა ძალიან გაბრაზდება და მაინც მალევე დააბრუნებს იმ ბნელ ოთახში.
--ის ვერც მიხვდება! ღამ-ღამობით ისევ ოთახში დავაბრუნებთ!- ეშმაკურად აუციცმციმდა მზერა ლილეს და მოუსვენრად აცმუკდა ხის კუნზე, რომელზედაც წვრილ-წვრილი და ლამაზი ყვავილები ლაზერ-შოუსავით ტრიალებდ და ერთმანეთს ცვლიდა.
--ეგ როგორ?--თვალები დაუმრგვალდა გაოცებისაგან მავრას და გულში კი გაიფიქრა, ნუთუ ეს ბავშვები ჩემზე ჭკვიანები არიანო?
--ჩვენ მას ვარცხნილობას, გარეგნობას შევუცვლით! შენ ხომ ეს ჯადოსნობითაც შეგიძლია?
მავრა ჩაფიქრდა, თითქოს ჭკუაშიც კი დაუჯდა ბავშვების ნათქვამი, შემდეგ მარიამისკენ გაიხედა ამ საუბრის განმავლობაში პირველად და ერთიანად მოლბა, როდესაც მის ცრემლიან თვალებში თხოვნა დაინახა. მარიამი მართალია ვერ ლაპარაკობდა მაგრამ სურვილს მზერით ისე კარგად ამბობდა, რომ მაქციას შერცხვა საკუტარი გაჯიუტების.
--ბავშვებო თქვენ იცით, რომ ჩემი ჯადოსნობა მხოლოდ თორმეტი საათი იმოქმედებს მასზე და მერე რას აპირებთ?
გოგონები შეფიქრიანდნენ.
მარიამმაც მოიწყინა.
--მე ვიცი!--მკვირცხლად წამოხტა აქამდე ბალახზე წამოწოლილი გიორგი და ხმამაღლა შეჰყვირა:--მას ისე შევცვლით, ჩვენი ძალებით, ადამიანურად.
გარშემო მყოფებს მოეწონათ მისი აზრი და მის განსახორციელებლად ბევრი აღარც უფრიქრიათ.
მალევე წამოასკუპეს მარიამი ფანჩტურის შუაგულში. მავრამ სახელდახელოდ გააჩინა მაკრატელი და სავარცხელი, სტილისტობაც მანვე აიღო საკუთარ თავზე და გოგონას გრძელი, წაბლისფერი კულულები, მალევე იქცა --სპორტულ, მოკლე კარედ, მხრებამდეც რომ ვეღარ სწვდებოდა, შემდეგ კი ეს შემოკლებული თმა წითლად შეუღებეს უფრო მეტი განსხვავებული იერისათვის და საქმის დასასრულს ხუთივემ ინტერესით შეათვალიერა მარიამი.
--მაინც არის მსგავსება!--თქვა ნიცამ.
--მეც ასე ვფიქრობ!--კვერი დაუკრა ლილემ.
--მოვიფიქრე!--თითი მაღლა შეჰმართა ანიმ და მავრას მიუბრუნდა:--სათვალეები!
--დიდებულია!--ტაში შემოჰკრა ლილემ და ცოტა ხანში, მარიამის პატარა ცხვირზე, სათვალეებიც წამოსკუპდა, გამჭირვალე, მრგვალი ფორმის, ჩარჩოზე ფერადი ყვავილებით დაწინწკლული სათვალეები, ლოყებზე კი წვრილ-წვრილი კოპლები მიახატეს ბუნებრივად.
--როგორმე სიკეთის ბანაკის სიაშიც უნდა გაჩნდეს მისი სახელი და გვარი...--შუბლი დაფიქრებით შეჭმუხნა ლილემ და ისევ ვედრებით სავსე თვალებით შეხედა ყოვლისშემძლე მავრას.
--ოჰ, როგორ დამღალეთ ბავშვებო!--ამაყი იერით ჩაიბურტყუნა მაქციამ და ისევ მის საყვარელ ბუტბუტს მოჰყვა თვალდახუჭული, შემდეგ კი როცა ესეც მოათვა,ბაშვების წინ გაიჯგიმა ამაყად:--ეს საქმეც მოვაგვარე, დანარჩენი კი თქვენზეა დამოკიდებული, როგორც თვალის ჩინს ისე მოუფრთხილდით და გახსოვდეთ, რომ მას ლაპარაკი შეუძლია, თუმცა საჭიროა რომ ძალიან მოვანდომოთ ის.
მოთხრობა 8 ~ 14 წლის ბავშვებისათვის
სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 8-დან ~ 14 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ამით თქვენს შვილს ასწავლით როგორ და როდის უნდა მოიხადოს ბოდიში.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო