ბანაკში ისეთი ჯადოსნური დღე გათენებულიყო, რომ ენერგიით ავსებდა გადამწვანებულ არმარეს. მზე ახლად ამოსული, ფანჯრებზე მორიდებით ალაგებდა სხივებს და მძინარა პატარებს ფრთხილად უკაკუნებდა, ისინიც ფხიზლდებოდნენ, თვალს ახელდნენ და ახალი დღეც იწყებოდა მათთვის, სიახლეებით სავსე და ცოდნის მიღების დღე.
--ღმერთო ჩემო, ნუთუ ისე ღრმად მეძინა, რომ ყველაფერი ეს დამესიზმრა!--საწოლში ზანტად წამოჯდა ლილე და თვალები მოისრისა.
--გგონია გეძინა? არა ჩემო საყვარელო... ყველაფერი ნამდვილად მოხდა, აბა ლიზის გახედე!
და ორივე გოგონამ ფანჯარასთან მდგარ მაგიდისკენ გაიხედეს, რომელსაც უკვე შემოსჯდომოდა მათი მეგობარი და გულიანად მიირთმევდა წუხელ, იმ ზღაპრული სამყაროდან კალათით წამოღებულ დონატებს.
--ოო.. ეს ძალიან ცუდი იდეა იყო აშკარად!--თავი გააქნია ლილემ, რა მეგობრის შოკოლადით დასვრილ ტუჩებს შეხედა.
--სულაც არა, ნახე როგორი ბედნიერია...--- გულიანად გადაიკისკისა ანიმ და ისევ დაუმატა:--როგორც ჩანს, შოკოლადი მართლაც შეიცავს ბედნიერების ჰორმონებს.
ლიზიმ ახლაღა ინება მათკენ მოხედვა. ის ისეთი სასაცილო იყო, წითელი, ყავისფერი და მწვანე კრემით გადაფერადებული ლოყებით.
--ერთი უყურე, ღორმუცელობამ ეტიკეტიც დაავიწყა!--კიდევ გადაიკისკისა ანიმ და უეცრად გაშეშდა. როგორც ჩანს მივიწყებული რაღაც ამოტივტივდა მის გონებაში, რამაც დააფიქრა:--ნუთუ არ მომეჩვენა და მე?...
--გაგახსენდა?--ტუჩები მოპრუწა ლილემ, რადგან მას უკვე გამოეცნო მეგობრის ჩაფიქრების მიზეზი.
--გამახსენდა რომელია, ნუთუ მართლა შევძლებ დღეს პატარ-პატარა სასწაულებსი ჩადენას?
--ნამდვილად შეძლებ, ოღონდ მხოლოდ კეთილი სურვილები აგისრულდება, ცუდი გულშიც კი არ გაივლო.
--ცხრილი ნახეთ?-- მხოლოდ ახლა მოვიდა საუბრის ხასიათზე ლიზი და გოგონებს გახედა, ამასობაში კი ის უკანასკნელი მარწყვის დონატიც გადაესანსლა და თავს ძალიან კმაყოფილადაც გრძნობდა.
--რა მოხდა, ჩვენი სიკეთის მასწავლებელი, საყვარელი ნანა, თავს შეუძლოდ გრძნობს და დღეს სიყვარულის ბანაკის კურატორი ჩაგვიტარებს გაერთიანებულ გაკვეთილს.
--ღმერთო ჩემო, რა გაუძლებს მათ ნარ-ნარს?...--შუბლი მოიფშვნიტა ღიმილით ანიმ, საწოლიდან წამოდგა და როცა თვალი ლილეს ვარდისფერ სპორტულებს მოჰკრა, მაშინვე გაახსენდე, მეგობრის გუშინდელი გარდაქმნა, ის ბრჭყვიალა და ვარდისფერი კაბა და მოგონებებს შეჰღიმა კეთილად.
ცოტა ხანში კი მეგობრების სამეული უკვე მორთულ-მოკაზმულნი და მოწესრიგებულნი მიეშურებოდნენ დიდი აუდიტორიისაკენ.
სამზარეულოდან მადისამღძვრელი სუნი გამოდიოდა ხარბად-- ხორციანი ნაზუქების, მისი კარი კი ფართოდ იყო გაღებული და კარგად ჩანდა მზარეულები და დამხმარეები, როგორი საქმიანი იერით დარბოდნენ წინ და უკან და ერთი შეხედვითაც მიხვდებოდით, რომ საქმე მართლაც თავზე ეყარათ, ამას ხომ მათი დაბნეული თვალები და გაოფლილი შუბლიც ადასტურებდა.
ანი წამით შედგა კართან და თავში მშვენიერმა აზრმა გაუელვა.
ლილემ მალევე შენიშნა მისი ეშმაკური გამოხედვა და მხარზე ხელი წავლო:--სისულელე არაფერი მოიმოქმედო!
--რას ამბობ?--წამიერად თვალები დახუჭა ანიმ და როცა უკვე გაახილა, სამზარეულოში რაც კი ხილი და ბოსტნეული მოეტანათ და ჩამოეცალათ სატვირთო მანქანიდან, დაწკრიალებული დალაგდა მაგიდაზე, დასარეცხი ჭურჭელის არეულობაც მალე მოწესრიგდა, აპრიალდა დასველებული იატაკი და სრული წესრიგი გამეფდა სამზარეულოში. გზად მომავალთ კი სანამ ეზოში გავიდოდნენ, დიდხანს ესმოდათ სამზარეულოდან გამოსული წამოძახილები:--ღმერთო ჩემო, რა სასწაულია!
--ეს როგორ მოხდა?!
--ამათ შეხედე, თვალებს ვერ ვუჯერებ, ყველა პრიალებს!--ალბათ ჭურჭელს ამოწმებდა მთავარი მზარეული და თან ხმამაღლა როხროხებდა.
ან რა გასაკვირი იყო მათი აღშფოთება, ნუთუ სასწაულები ასე ადვილი სანახავია ჩვენთან? ისინი ან არ ხდება ან თუ ხდება ისეთი მცირედი, რომ დამახსოვრებაც გვიჭირს. ალბათ ამ ამბავზე სამზარეულოს თანამშრომლები კიდევ დიდხანს ისაუბრებდნენ და შესაძლოა, მთელი ბანაკისთვისაც კი მოედოთ ეს სასიამოვნო უცნაურობა.
ეზოში გასულ გოგონებს მალევე ჩაუარეს ცხვირ წინ სიყვარულის ბანაკის წარმომადგენლებმა, ყველანი მათთვის დამახასიათებელი სინარნარით მიიწევდნენ აუდიტორიისაკენ.
--ცოტა ვიჩქაროთ, თორემ საუკეთესო ადგილებს დაიკავებენ!--ხელი გაჰკრა მეგობარს ანიმ და ნაბიჯს აუჩქარა.
--და ჩათვლიან, რომ ეს დაიმსახურეს!--ღიმილით დაუკრა კვერი ლილემაც და გოგონებმა გულიანად გადაიკისკისეს.
--დასჯილები!--მათი მისამართით ნათქვამი სიტყვები მალევე შემოესმა ანის და ბევრი ფიქრიც არ დაჭირდა თუ ვინ უნდა ყოფილიყო ავტორი, რადგან ეს ისედაც ცხადი იყო. გამომწვევი და დამცინავი მზერით მათკენ ის სიყვარულის პრინცესა იყურებოდა, რომლმაც აქამდეც არაერთხელ დაამახსოვრა თავი, ბანაკში ყოფნის პირველივე დღიდანვე. ეს ნიტა იყო, ის ნიტა დედა თურმე უცხოებთან საუბარს რომ უკრძლავდა და თანაც, არაფრის დიდებით არ აპირებდა მაინც მათ გაცნობას.
ანი ვერასოდეს იფიქრებდა, რომ დედამიწაზე არსებობდა ისეთი ბავშვი, რომელსაც საოცრად კეთილი თვალები და სახე ექნებოდა, მაგრამ მისი ქცევები იქნებოდა ისეთი ამპარტავანი, რომ მასთან მიახლოვების სურვალსაც კი დაგიკარგავდა. ზოგჯერ თურმე თვალებიც გვატყუებს და ლამაზი სახის უკან, უცნაური ზრახვებიც იმალება. აი მაგალითი კი ეს სიყვარულის ფერია იყო, რომელიც გარშემო ისე დაფარფატებდა , როგორც პეპელა, თანაც მუდმივად უკმაყოფილო იყო და გამუდმებით წუწუნებდა იმაზე, რომ გმირთა ბანაკის ბავშვები, ძალიან უდიერად ექცეოდნენ მინდორში ყვავილებს. ვითომ ძალიან ანაღვლებდა მათი ბედი, განა გუშინ საკუთარი თვალებით არ დაინახა როგორ მოგლიჯა ძირიანად თეთრი კალები, რომლებიც შემოსასვლელში საოცრად ჰყვაოდა და შემდეგ მეეზოვე შაქროს დაუგდო ფეხებთან შეწუხებული სახით:--ვიღაც უგულო ბავშვმა გააფუჭაო! მანაც დაუჯერა და სულ ბურტყუნ-ბურტყუნით წაიღო მოცელილი ყვავილები უნრისკენ და რაღა თქმა უნდა, ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ ეს ამ გოგონას ჩადენილი იყო, ან როგორ შეიძლებოდა, მას ხომ ანგელოზს მიუგავდა სახე და სიყვარულის ბანაკის ლიდერიც იყო.
და რადგანაც ანის გულში ბოროტების მარცვალიც არ იყო, იგი გაჩუმდა მაშინ, თუმცა მკაცრად გადაწყვიტა გულში, რომ თუ მსგავსს ბოროტ ქმედებას კიდევ შენიშნავდა ამ პრინცესას მხრიდან, აუცილებლად მოსთხოვდა ამაზე პასუხს.
ამ ფიქრებში გართული, უკვე აუდიტორიის შესასვლელსაც მიუახლოვდნენ და როგორც ივარაუდეს, წინა ადგილები სულ სიყვარულის ბანაკის წარმომადგენლებს დაეკავებინათ, თანაც სულ წინ და შუაში ეს ტრაბახა ნიტა წამოსკუპებულიყო, ვარდებით მოხატული თეთრი კაბით.
--ღმერთო ჩემო საიდან ასეთი მეგოვნება? ლამის მთელი ბოტანიკური ბაღი დაიტანოს კაბაზე!--ჩაიქირქილა ანიმ, როცა გვერდი ჩაუარეს მას.
--არ გინდა ანი, მას ნუ დაემგვანები ირონიაში და ნურც გაეჯიბრები!--დიდი ადამიანივით დამოძღვრა ლილემ მეგობარი და მესამე რიგის შუა ნაწილში მოკალათდნენ.
კურატორი თათულიც მალე მოვიდა. ეს ქალი ნამდვილად ამართლებდა საკუთარ საქმეს, ყველას ღიმილითა და სიყვარულით შესცქეროდა თვალებში. ყველა ბავშვი, მასთან თავს საუკეთესოდ გრძნობდა, რადგან თითოეულ ბავშვს, ერთმანეთისაგან განურჩევლად, ისე ექცეოდა როგორც დიდ სასაწაულს რამეს.
--დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა გახლავთ ,,საიდან მოვდივართ?“ --დაიწყო მან მშვიდი ხმით და აუდიტორიას მოავლო მზერა:--ვინ არის მსურველი?
დარბაზი დუმდა, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე წამს... ცოტა ხანში, ერთიანად აიმართა აუდიტორიაში მყოფი ბავშვების უმრავლესობის ხელი მაღლა, მათ შორის იყო რა თქმა უნდა ლილე და ანიც.
მასწავლებელმა მზერა მოავლო მათ და და თვალები ნიტაზე შეაჩერა, რომელიც ყველაზე გაცხოველებით იქნევდა ხელს, --მასწავლებელო, მასწავლებელოს ძაახილით.
--კარგი ჩემო საყვარელო, ამჯერად შენ მოგისმენთ!
ჩვეული სინარნარით გაემართა დაფის მხარეს ნიტა და მისი ნაბიჯები იყო ამაყი და თავდაჯერებული. თითქოს ამ ყველაფრით იგი იქ მყოფებს უმტკიცებდა საკუთარ უპირატესობას, რაშიც თავად ნამდვილად დარწმუნებული იყო.
--მე მშვენიერ ქალაქ ბათუმში დავიბადე, ზღვის ნაპირას ულამაზეს სახლში ვხცოვრობ.. რომ იცოდეთ იქ რა სილამაზეა, ბებიაჩემს ყოველთვის ეგონა რომ მე ბალერინა ვიქნებოდი, ჩემი ლამაზი და თხელი აღნაგობის გამო, მაგრამ მე ბალერინობა არასდროს არ მინდოდა, უფრო მეტად მოდელის კარიერა მხიბლავს, მე სახლში მაღმერთებენ...
--ოო დაიწყო...-- ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ ანიმ და თავში დიდებულმა აზრმა გაუელვა:--დღეს ხომ სასწაულების დღეა და რატომ არ მოვახდინოთ სასაწაული?
--არ გაბედო?--მუჯლუგუნი გაჰკრა ლილემ და თვალებში შიში ჩაუდგა.
--ცუდი არაფერია!--თვალები დახუჭა ანიმ და ხმამღლა წარმოსთქვა:--მე ძალიან მინდა, დღეს მაინც იყოს ეს ამპარტავანი და ამაყი ბავშვი გულწრფელი და კეთილი.
და აი საოცრება დაიწყო მათ თვალწინ. თურმე ზოგჯერ სასწაულებსაც ახდენენ პატარა გოგონები, თუ კი მათ ამ სასწაულების კეთილი ზრახვით ჩადენის უფლებას მისცემენ.
ნიტას სახე მოულოდნელად სევდამ დაფარა და თვალები ცრემელბითაც კი აევსო:--იცით? მე ძალიან მენატრება ჩემი მშობლები და სულაც არ არის მართალი, რომ ისინი მე მაღმერთებენ, პირიქითაც კი, ისინი ერთმანეთსაც კი უბრაზდებიან, მერე ჩხუბობენ. ბებიაჩემიც დაიღალა ჩემი მოვლით და დიდი სიხარულით გამომისტუმრა აქ, მე კი მათთან მინდოდა, ძალიან მინდოდა... რადგანაც ამ თვის ბოლოს ჩემი დაბადების დღეა და მე ის მარტო უნდა აღვნიშნო.--ამ სიტყვების დასრულებისთანავე მას ცრემლები წასკდა და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა თვალების წმენდით.
აუდიტორია დიდხანს დუმდა, მოსმენილს და ნანახს ვერ იჯერებდნენ, რადგან ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ნიტას მხრიდან ასეთი გულწრფელი და ცრემლიანი აღიარება და როდესაც თათული მასწავლებელმა დაინახა -- გოგონა ტირილს არ ანებებდა თავს, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მას და თავზე გადაუსვა ხელი:--შენ გგონია, რომ აქ მარტო ხარ? ეს ასე არ არის! აი აქ, ამ აუდიტორიაში ორმოცი ბავშვი ხართ დაახლოებით და ამ ბავშვებიდან თითქმის ყველას სურს შენთან მეგობრობა და შენი დახმარება.
ნიტამ ისევ სევდიანი თვალებით ამოხედა მასწავლებელს და სლუკუნით დაუმატა:--სულაც არა მასწავებელო, მე აქ ბევრ ბავშვს ცუდად ვექცევი და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩემთან მეგობრობა სულაც არ უნდათ, პირიქითაც კი, როცა მხედავენ განზე გადიან, არ მიახლოვდებიან.
--ოო, ეს ალბათ სწორად ვერ გაიგე.
--არა მას.. ის სულაც არ ცდება!--მესამე რიგიდან წამოიძახა ერთ-ერთმა წითელთმიანმა გოგონამ:-- ის როცა კი პირს გააღებს, სულ დამცინავი სიტყვები ამოსდის! აბა ვის უნდა უნდოდეს მასთან მეგობრობა?
--ეს რა საუბარია პატარავ? ის ხომ თქვენი ჯგუფელია?--გაუწყრასავით გოგონას მასწავლებელი და ისევ ნიტას მიუბრუნდა:--როცა სურვილი გექნება, ყოველთვის შეგიძლია მოხვიდე ჩემთან და მესაუბრო რაზეც გსურს და რამდენ ხანსაც გსურს, მე გელოდები და ყოველთვის მოგისმენ!
--მადლობა მასწავლებელო, თქვენ ძალიან კეთილი ხართ!--ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა ნიტან და მადლობის ნიშნად თავი დაუკრა ქალს.
--ხვალ ამ დროს აღარ დასჭირდება გულახდილობა, რადგან ისევ დაიბრუნებს თავის საყვარელ ამპარტავნებას!--ღიმილით დაასკვნა ანიმ და სახეზე კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა.
ნეტავ ყოველთვის შეიძლებოდეს ასეთი სასწაულების მოხდენა, ასე ხომ უკმეხი და ამპარტავანი პატარები ჭკუასაც ისწავლიან და მათთან თამაშიც უფრო სასიამოვნო გახდება.
ამ ცრემლიანი აღსარების შემდეგ, ყველას განწყობა გაუფუჭდა და აღარც გაკვეთილს ჩაუვლია ჩვეული ხალისით. მხოლოდ ორი მოსწავლე გამოვიდა საკუთარ წარსულსა და ოჯახზე სასაუბროდ და რატომღაც ძალიან ჰგავდა მათი ისტორიები ერთმანეთს, მეტიც კი, დედ-მამის სახელებიც ემთხვეოდა, ბოლოს კი გაირკვა რომ ისინი ტყუპები იყვნენ და რა თქმა უნდა წარსულიც და ოჯახიც საერთო ჰქონდათ, თუმცა საერთოდაც არ გავდნენ ერთურთს, ეს კი ძალიან ახარებდა მათ და კიდევ ის ფაქტი მოსწონდათ ძალიან, რომ ბანაკში არავინ აძალებდათ ერთნაირი ტანსაცმლის ჩაცმას. იქ, ქალაქში კი სულ ერთნაირად შემოსილნი დაიოდნენ, ქუდიც და ცხვირსახოციც კი ერთაირი ჰქონდათ. ამის გამო კი ხშირად ბრაზობდნენ, თუმცა როგორც დედა ეუბნებოდათ,--ეს ძალიან სასიამოვნო სამზერი იყო.
--შენ რაღატომ მიყურებ ასეთი სევდიანი თვალებით?--მათ მხარეს მობრუნებულ, სიყვარულის ბანაკის ბიჭუნას გააჯავრა ნაზი სიტყვების გაწელვით ანიმ.
ბიჭი დაიბნა და მალევე აქცია ზურგი.
--კარგი, კარგი! ნუ გაიბუტები!--მხარზე ხელი დაუკაკუნა გოგონამ მას და მისკენ გადაიწია:--გინდა გამოვიცნო შენი კერპი ვინ არის?
--კერპი რაღაა?
--ის ადამიანია ვისაც ჰბაძავ და როგორიც გინდა იყო?
--ააა... კარგი!—მალევე დაინტერესდა იგი:--მიდი აბა თუ გამოიცნობ?
--მოიცა.. მოიცააა...--ჩურჩულით წარმოსთქვა ანიმ და იდუმალებით სავსე ხმით დაუმატა:--ასე მარტივად არ არის საქმე, შენც ფურცელზე დაწერე ვისზე ფიქრობ და მეც ფურცელზე დავწერ მის ვინაობას.
ყმაწვილმა მალევე მოიმარჯვა ფურცლის ნაგლეჯი ხელში და გაკრული ხელით დაწერა.
--აბა გავცვალოთ?--იკითხა ისევ ჩურჩულით ანიმ და ბავშვებმა ფურცლის ნაგლეჯები გაცვალეს.
--არ მჯერააა...--გაოცებისგან ამოხდა ბიჭს წამის მერე და შეშენებულ-დამრგვალებულ თვალებით გახედა ამაყად მჯდარ გოგონას:--ეს როგორ მოახერხე? გულთმისანი ხარ თუ რაიმე ჯადოსნურ უნარს ფლობ?
--აბა წამიკითხე რა წერია?--ამაყად გაიბღინძა ანი.
--შენც იგივე რაც მე, შენ მიხვდი რომ მე დენისზე და მის უნარებზე ვვოცნებობ, ის ხო ძალიან მაგარია?
--კი, ის ძალიან მაგარია, მაგრამ მე ვერ წარმოვიდგენდი თუ შენ ტრანსილვანიის სამეფოში გსურდა ცხოვრება ვამპირის შვილიშვილის სტატუსით!--ისევ გაეღიმა ანის.
მალე ეს ფურცლის ნაგლეჯები მთელს აუდიტორიას მოედო და სანამ კურატორი თათული გრძელ ფორმულას წერდა იმის შესახებ თუ როგორ უნდა მიგვეღწია წარმატებისათვის, ყველას ხელში გაიარა, შედეგად კი ანის მიმართ ყველა მოკრძალებითა და სიმპატიით განეწყო, ამ ბიჭუნას მისამართით კი ქირქილი ატეხეს:
--როგორ შეიძლება მოგწონდეს ის წითელთმიანი ხუჭუჭა?
--მოუნდა ბიჭს ჭერზე სიარული...
ბოლო აღარ უჩანდა მსგავს ირონიულ შენიშვნებს, რის გამოც ბიჭმა მალევე ინანა რომ თავის სურვილი ყველას გაანდო, გაოცებისაგან აღტკინებულმა.
--ბოლო რიგებიდან ხმაური მესმის!--მაგიდაზე კვერთხივით ჯოხი დააკაკუნა თათულიმ გაბრაზებით და გაკვეთილის დასრულებმადე ცოტა ხნით ადრე, ლიზისაც უხმო საკუთარი ისტორიის მოსათხრობად, თუმცა გოგონა ამ შეთავაზებამ ნამდვილად დააბნია და ის ის იყო საცოდავად უნდა აბლუყუნებულიყო, რომ ჩიტების ჭიკ-ჭიკის ზარი გაწკარუნდა. ახლა კი ნამდვილად ბედმა გაუღიმა ლიზის და გულში დირექტორი ზაქარას ხელებიც დალოცა ამ ზარის დარეკვისათვის.
აუდიტორიიდან გამოსულს მალევე დაეწივნენ მეგობრები მას, ანიმ მხარი გაჰკრა გამომწვევად, ლილემ კი ინტერესით ჰკითხა:--მაინც რა უხასიათოდ გამოხვედი დაფასთანო?
--არ ვიცი, აქ ჩემი ადგილი არის თუ არა.... --მხრები აიჩეჩა დაეჭვებით ლიზიმ და თავი ჩახარა:--მე კი მენდნენ მშობლები, მაგრამ მე გავამართლებ მათ ნდობას?იქნებ ჯობდა მართლაც ჩემს ბებიასთან წავსულიყავი სამცხე-ჯავახეთში და მასთან ერთად ერთად გამეტარებია ეს ზაფხული?
--ან უკეთეს შემთხვევაში რაიმე თბილი მოგექსოვა ზამთრისათვის!--უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ანიმ და დიდი მუხის ქვეშ მდგარ მწვანე, გრძელ სკამზე ჩამოჯდა, მეგობრებმაც მას მიბაძეს, მან კი უფრო ინტერესით დააჭყიტა თვალები და ისევ ლიზის მიუბრუნდა:--მართლა, იცი ქსოვა?
--არა, ხელსაქმე არ მეხერხება, მხოლოდ ბლინებს ვაცხობ, ისიც დედის დახმარებით.
--ხო, შენ რაღაც მაინც იცი, მე კი დედა სულ იმას მეუბნება, რომ ხეებზე სიარულის მეტი არაფერი გეხერხებაო!--ჩაიკისკისა ანიმ.
--მერე არ გწყინს?--გაიოცა ლილემ.
--რატომ უნდა მეწყინოს, სიყვარულით მეუბნება.
გოგონებმა ისევ გულიანად გადაიკისკისეს.
საღამოს გრილმა ნიავმა დაუბერა გომბორის მთიდან და გომბორელას მინდორ-ველს ანცად გადაუფრინა. ეზოში ისევ ჩვეული ჟრიამული იდგა. გმირთა ბანაკის ერთი ანცი წარმომადგენელი თავგამოდებით არწმუნებდა მეგობრებს, რომ საუკეთესო მოფარიკავე ვარო, ჯილდოებიც კი მაქვს აღებული უამრავიო, მეორე ბიჭუნას თავის უფროსი ძმებით მოჰქონდა თავი და ათას საგმირო საქმეს ჰყვებოდა მათ მიერ ჩადენილს.
უფრო მოშორებით სიკეთის ბანაკის გოგონები, მშვენიერი წკრიალა ხმებით, ციცინათელების სიმღერას მღეროდნენ. მხოლოდ ნიტა იჯდა ამ საერთო ჟრიამულში მოწყენილი, საოცარი ჯადოსნობის წყალობით ცრემლებად რომ იღვრებოდა ახლაც, ანი კი გულში ფიქრობდა:--დაე ინანოს თავის საქციელი, იქნებ უკეთეს ადამიანად იქცესო.
აი მეეზოვე შაქროც გამოჩნდა, ყოველთვის წელში მოხრილი რომ დაიარება უზარმაზარ ეზოში და ამ გაპარჭყული სასაცილო ცოცხლით ასუფთავებს ბალახებს. მისი ყურებისას გოგონებს სულ იმის შეგრძნება აქვთ, რომ დაღლილობისაგან სადაცაა წაიქცევა, მაგრამ დამხმარეც არავინ ყავს, რადგან დირექტორმა ზაქარამ გადაწყვიტა, რომ მას მარტოც შეუძლია თავი გაართვას ამ მძიმე საქმეს და რა საჭიროა ახალი თანამშრომელი, ახალი ხარჯებით?
ახლაც ასეთი დაღლილი სახით მოუახლოვდა შაქრო გოგონებს, მათ წინ ჩამოდგა და გამომცდელად გამოხედა შუბლზე ხელმიდებულმა, რადგან მზე თამამად ყურების საშუალებას არ აძლევდა:--აბა ჩემო პატარა მეგობრებო, გაიგეთ რამე?
გოგონები დაიბნენ, ერთი პირობა ლილემ ლამის პირი გააღო და ყველაფერი წამოაყრანტალა, მაგრამ ანიმ მალევე გაჰკრა მუჯლუგუნი და მალევე გააჩუმა იგი, გულში კი გაიფიქრა: --რა სულელია, ნუთუ დაავიწყდა მავრას გაფრთხილება, ასე ხომ ყველაფერს გააფუჭებს?
--ჩვენ შეგვეშინდა იქ შესვლა და ტყეში წავედით!--იცრუა ანიმ.
--ტყეში არ შეგეშინდათ?--აშკარად არ დაუჯერა შაქრომ მის ნათქვამს და ხელის ჩაქნევით დაამატა:--ეჰ გოგონებო, თქვენ რომ მოდიოდით მე მივდიოდი.
--ეგ რას ნიშნავს?--თვალები დააჭყიტა ანიმ.
--იმას, რომ თქვენი მოსატყუებელი კბილები უკვე მოვიცვალე.
--ვერც ეგ გავიგეთ შაქრო პაპა.
--კარგი დაივიწყეთ!-- ცოცხი მინდორზე წააქცია მან და თავადაც იქვე ჩამოჯდა დაღვრემილი სახით და რადგანაც მისი მზერა იყო საოცრად სევდიანი, ანიმ კიდევ ერთი სიკეთის გაკეთება გადაწყვიტა, თანაც უკვე ღამდებოდა და ეს მშვენიერი უნარი კიდევ რამეში ხომ უნდა გამოეყენებინა, თორემ ხვალ ძვლებურად ჩვეულებრივი გოგონა იქნებოდა და მოულოდნელობებით ვერავის გაკვირვებას ვეღარ მოახერხებდა.
--შაქრო პაპა, არაფერზე ოცნებობ?
ბერიკაცმა გაკვირვებით გამოხედა გოგონას.
--ჰო, ჰო.. აი რამე სანუკვარი სურვილი არ გაქვს?--არ მოეშვა ანი.
მოხუცმა თვალები ცას გაუშტერა და შემდე ჩაილაპარაკა:--როგორ არა პატარა ბარტყებო, უკვე დიდი ხანია ჩემი ვაჟი აღარ მინახავს, მე კი მასთან ერთი ჩახუტება, ერთი თვალის შევლება გამომაცოცხლებდა, თავიდან დავიბადებოდი.
--მართლა ასე ძალიან გაგეხარდებოდა?
--აბა რა..
--და სად არის შენი ვაჟი?--იკიკთხა ანიმ და თვალები დახუჭა გარინდებით.
ლილემ ჩუმად გააპარა მზერა მეგობრისკენ, ეჭვი არ იყო რომ ის კიდევ ერთი კეთილი სასწაულის ჩადენას აპირებდა.
--უკვე რამოდენიმე წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს...-დანანებით ჩაიქნია ხელი კაცმა ისევ და სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ მათ ბანაკის ახალგაზრდა დარაჯი მოუახლოვდათ.
--შაქრო პაპა შენ გკითხულობენ.
--ეჰ ალბათ რომელიმე მეტყევეა, ხშირად მოდიან ხოლმე და წყალს ითხოვენ, წავალ გავხედავ!--მძიმედ წამოდგა კაცი და გაეშურა კარისკენ.
რამოდენიმე წუთში კი ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ მეეზოვე შაქროს შორი ქვეყნიდან ჩამოსვლოდა ერთადერთი შვილი და ისიც სიხარულისაგან მეცხრე ცაზე ასული ტიროდა.
--რა კეთილი ხარ ანი, უფრო მეტად შემიყვარდი და მიხარია ჩემი მეგობარ რომ ხარ!--მკლავში ხელი გამოსდო ლილემ მეგობარს და მისი საქციელით გაამაყებული, უფრო მედიდური ნაბიჯებით გაუყვა გზას საკუთარი ოთახისკენ, სადაც დასვენება ნამდვილად სჭირდებოდათ ამ გრძელი და მომქანცველი დღის შემდეგ.
მოთხრობა 8 ~ 14 წლის ბავშვებისათვის
სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 8-დან ~ 14 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუკი თქვენი შვილი თანამშრომლობაზე უარს ამბობს. შეეცადოთ დაიჭიროთ მისი კარგი ქცევები. ბავშვები იმეორებენ იმას, რასაც ექცევა ყურადღება
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო