kids.ge logo

ზღაპრები თეკლა გოგოზე

ფავორიტებში დამატება

არც რა იყო არაფრისა, არც რა ჰქონდათ არაფრისი, ამბავ იყო ზღაპრად თქმული, ამ ცისა და ამ ბარისი.

გოგო იყო ერთი, თეკლა ერქვა გოგოს.

ერთ დღეს დედამ თეკლა გოგოს პატარა სარკე უსახსოვრა.

გაიხარა თეკლა გოგომ;

იჯდა, სარკეს ჩასცქეროდა, იდგა, სარკეს ჩასცქეროდა. ხან აქეთ გადაიყრიდა თმებს, ხან იქით. ხან ნახშირის მურით მოითხვრიდა ლოყას, ხანაც ყვავილების ნაირფერი მტვერ-საცხებლით ითხუპნიდა სახეს.

ვინ რასა და, უხდებოდა კია კოკობზიკობა თეკლა გოგოს!..

– მეც მინდა სარკე, მინდა თეკლასავით ლამაზი ვიყოო! – გაეცრემლა ერთ დღეს ბარტყი ჩიტ ცაცოს.

– რას ამბობ, შვილო, სარკე რა ჩიტების საქმეა, აგე, რუ, მიდი და ჩამზირე რამდენიც გენებოსო, – უთხრა დედა ჩიტმა ბარტყს.

– არა, ის სარკე მინდა, თეკლა გოგოს რომ აქვს, მეც ხომ ლამაზი ბუმბული მაქვსო! – არ იშლიდა ბარტყი.

მაშინ დედა ჩიტმა ფრთა-ფრთას შემოჰკრა და თეკლა გოგოს სარკე ცხვირწინ ააცალა.

მორთო თეკლა გოგომ ტირილი, როგორ-როგორი?!.

აქ კი, ადგნენ ტოლ-კუკნები და საცა კი რამ სარკე ჰპოვეს, სულ ერთიანად დაულაგეს წინ თეკლა-გოგოს.

თეკლა გოგომ კიდევ;

– არა, არა, არაო, მე ჩემი სარკე მინდაო!

აქ რომ თეკლა გოგო ამ დღეს მართობს, აბა ერთი იქ ნახეთ:

ჩაუდგამს ბარტყს ბუდეში თეკლა გოგოს სარკე და ხან აქეთ გადაიყრის ბუმბულს, ხან – იქით, ხან ბლის კუნწულებს ჩამოიბამს ნისკარტზე, ხანაც ყვავილების ნაირფერი ფურცლებით რთავს სარკეს…

მერე დღემაც გადიდღისა,

დარჩა თეკლას დარდი ცისა…

მერმე დღისით მოეამბნათ ჩიტ-დობილებს დედა ჩიტისთვის თეკლა გოგოზე, აგრე სჭირს და აგრე მართობსო, ადექით და დაუბრუნეთ თქვენაც სარკეო!

– მოდი, დავუბრუნოთ სარკე თეკლა გოგოს, მასაც ხომ უნდა თავისი სარკეო, – უთქვამს დედა ჩიტს შვილისთვის.

გაბუსხვია ბარტყი დედას:

– არა,

– კი,

და

– არა, მეო! თეკლას კაბა, სარკე მეო!

– აბა, ახლავე მომეცი, რომ გეუბნებიო!..

– აჰა, წაუღე რა, გეგონა მართლა არ მივცემდი?! – თქვა ბარტყმა და სარკე გვირილიანში მოისროლა.

 მოისროლა და, ახლა გვირილები ნახეთ; გამართეს მათაც ერთი ბასტი-ბუბუ:

– ჩქარა აქეთ, აქეთ, ნახეთ როგორ მგავს ეს გვირილაო! – ამბობდა გვირილა მიამცისა და მეზობელ გვირილებს მოუხმობდა, – მოდით, ნახეთ, ეს ჩემი ტყუპისცალი არისო!

წაიგრძელეს გვირილებმაც კისრები და ერთიანად ჩამზირეს სარკეს:

– ნახეთ, მეც როგორ მგავს! – წამოიძახა გვირილა გუმბისთალმა.

– მეც!

– მეც!

– მეც!

– მეცო! – იძახდნენ გვირილები და სარკეში მონაცვლეობით ესალმებოდნენ თავიანთ ტყუპისცალებს.

– მოდით, დღეიდან ყველამ აქ ვითამაშოთ და სულ ერთად ვიყოთ! – უთხრა გვირილა მიამცისამ გვირილებს და სარკეს სახე მიამზირა.

– აგე, ვიპოვეთ, ვიპოვეთ! – იძახდნენ სარკის საძებრად გვირილიანში გასული ტოლ-კუკნები და თეკლა გოგოს სარკეს სიხარულით მიურბენინებდნენ…

– აბა ერთი თეკლა გოგოსთვის არ მიეტანა თავის დედას სარკე, იმასაც ნახავდით, რა დღესაც დაიწევდა ის თქვენი თეკლა გოგოო?! – უთხრა ჩიტმა ცაცომ ბუდეებზე გადმომსხდარ მეზობლებს და თავის ბუდისკენ გაფრინდა.

 

 

 

თეკლა გოგოსა და გვირილა მიამცისას ზღაპარი

მისცეს სარკე თეკლა გოგოს ტოლ-კუკნებმა. მისცეს და გაიხარა მანაც.

ვთქვათ ჩვენაც, ბავშვებო, თეკლა გოგოზე, რომ:

გავა მინდვრად, დაკრეფს ბევრ, ბევრ გვირილებს, მიმოპრანჭავს იმ თავის სარკეს ყვავილებით და ირბენს, ირბენს გვირილიანში!

აგე, აიღო მართლაც ის სარკე და გავიდა გვირილიანში რომ;

– ვინა?

– ვისა?

– რათა? 

– ვინ და,

 გაბუსხვია თეკლა გოგოს იქ გვირილა მიამცისა:

– სად წაიღე ჩემი სარკე, ახლავე მომეციო!

– დიახ, ახლავე მოგვეცი, რომ გეუბნებითო! – უთხრა თეკლა გოგოს გვირილა გუმბისთალმაც. 

– კი, აბა?!. ეს ჩემი სარკეა, ჩემმა დედამ მომცა და მითხრა, შენ გქონდესო! – უთხრა თეკლა გოგომ გვირილებს.

– მაშინ, ეს ყვავილები ჩვენია და იცოდე, ხელი აღარ გვახლო! – თქვეს გვირილებმა და თეკლა გოგოს მზერა მიამწყრალეს.

– თქვენია და გქონდეთ მერე, გგონიათ ყაყაჩოებთან ვერ წავალ?! – უთხრა თეკლა გოგომ გვირილებს და ყაყაჩოების მინდვრებს მიასტუმრა იმ თავისი სარკით.

ყაყაჩოებისთვისაც მოეამბნათ თეკლა გოგოზე, ვიღაც-ვიღაცებს:

დადის, დადისო ეგ მინდორ-მინდორ იმ თავისი სარკით, კრეფს და კრეფს ყვავილებს, სარკეში კი არავის ახედებსო.

მაშინ, თეკლა გოგოს ჩვენც აღარ ვეთამაშებითო! – თქვეს ყაყაჩოებმაც.

აქ კი, ინაწყენა თეკლა გოგომ;

– მასაც ვნახავ, რომ შემეხვეწებით, თეკლა, მოდი ნახე რა ლამაზი ყვავილები გვასხიაო, და ნახავთ მერე თქვენთან რომ აღარ მოვალო! – უთხრა თეკლა გოგომ ყაყაჩოებს და შინისაკენ გაბრუნდა…

იარა თეკლამ, იარა – მინდორი გადაიარა. წინ ბარტყი შემოხვდა, აი ის ბარტყი, დედას რომ სთხოვდა, ის სარკე მინდა თეკლას რომ აქვს, მეც ხომ ლამაზი ბუმბული მასხიაო, ხომ გახსოვთ? ჰოდა, მაშინ ისიც გემახსოვრებათ, თეკლა გოგოს სარკე გვირილიანში რომ მოისროლა და თან გაიძახოდა, მორთო თეკლა გოგომ ტირილი და სარკეს როგორ არ მივცემდიო! 

გადაუდგა ბარტყი თეკლა გოგოს წინ და ეუბნება;

თეკლა გოგოს სარკე,

გუშინ მე დავკარგე.

უპოვია მასო,

არ ახედებს სხვასო!

– არაფერიც, ეს სარკე ჩემმა დედამ მომცა და ჩემია! – უთხრა თეკლა გოგომ ბარტყს.

– შენია და იყოს შენი, რა იქნება, მეც რომ ჩავიხედო?.. მინდა ვნახო, როგორი ბუმბული მაქვს.

– იუფ, ჩაიხედო და ისევ ბუდეში წაიღო, არა?! 

– კარგი, იმასაც ნახავ, რომ წაგართმევ მაგ სარკესო! – უთხრა ბარტყმა.

... რად უნდა წამართვას? ეს სარკე ჩემმა დედამ მომცა და ჩემია!.. თუ ასე უნდა, ადგეს და თავის დედას გამოართვას, ეს ჩემი სარკეა! ბრაზობდა შინ მიმავალი თეკლა გოგო და ახლა იმ ბარტყთან ერთად შინის გზასაც ემწყრალვოდა ასე რომ გაიშორა თავისი ეზო-სახლი...

იარა თეკლამ, იარა – მინდორი გადაიარა, წინ ხოჭო ხოჭანდარი შემოხვდა.

– ახლავე დამიბრუნე ჩემი სარკეო! – უთხრა ხოჭო ხოჭანდარმა თეკლა გოგოს.

– კი აბა, შენი?! ეს სარკე ჩემმა დედამ მომცა და ჩემია.

– შენი კი არა, ჩემია!

– თქვი აბა, საიდან არის შენი?

– საიდან და, – თქვა ხოჭო-ხოჭანდარმაც, ასე:

თეკლა გოგოს სარკე,

გუშინ მე დავკარგე.

უპოვია მასო,

არ ახედებს სხვასო!

– არაფერიც, ეს სარკე ჩემმა დედამ მომცა და ჩემია!

– შენია და იყოს შენი, რა იქნება, მეც რომ ჩავიხედო, მინდა ვნახო როგორი ულვაშები მაქვსო, – თქვა ხოჭო ხოჭანდარმა.

– ჰო, გინდა წაიღო და მიწაში ჩაძვრე, არა?! – უთხრა თეკლა გოგომ და შინისაკენ მოკურცხლა.

– ნახავ ღამით რომ აგწაპნავ მაგ შენს სარკესო! – მიაძახა ხოჭო ხოჭანდარმა.

– ვნახოთ, ისე დავმალო, რო! – უთხრა თეკლა გოგომ და კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯებით გაედევნა შინის გზას…

იარა თეკლამ, იარა – მინდორი გადაიარა. უცებ, წინ ფუტკარმა თაფლათელმა ჩაუბზუბზარაკა. აუფრენს და ჩაუფრენს თაფლათელი თეკლა გოგოს, აუფრენს და ჩაუფრენს, თან კი, მწყრალობსო თითქოს, რაღაც ხმაზე.

– ახლავე გაჩუმდი რომ გეუბნები და თქვი, რატომ ბზუბზარაკობო? – უთხრა თეკლა გოგომ ფუტკარ თაფლათელს.

თქვა ფუტკარმა თაფლათელმაც ასე:

თეკლა გოგოს სარკე,

გუშინ მე დავკარგე.

უპოვია მასო,

არ ახედებს სხვასო!

– კაი, ერთი?!. ეს სარკე ჩემმა დედამ მომცა და ჩემია!

– გგონია გართმევ? მათხოვე, ერთს ჩავიხედავ და…

– ჰო, გათხოვო და სულ წაიღო, არა?!.

– კარგი, არ მინდა შენი სარკე, ნახავ ხვალ ჩემ სკებთან რომ მოხვალ და მეტყვი, თაფლი მინდაო, ჰოდა, ნახავ თუ…

– კი აბა, შენს სკებთან?! ვეტყვი ჩემ დედას და იმდენ თაფლს მომიტანს, როო?! – თქვა თეკლა გოგომ და მინდორი სულ ფლასტა-ფლუსტით გაირბინა.

იარა თეკლამ, იარა – მინდორი გადაიარა, უცებ, სად იყო, თავზე ღამე წამოადგა.

მოდი და ნუ შეგეშინდება; იმოდენა დიდრონი თვალები აქვს ღამეს, იმოდენა, ჩახმახშემართული მონადირეებიც რომ უფრთხიან ნადირობას.

აქ კი, თეკლა გოგოს დედის მონათხრობი `შუაღამისას“ ზღაპარი გაახსენდა: 

„ერთ დედა ღორს ორი ძუძუთა გოჭი ჰყავდა. გოჭებს სახელებიც კი რქმევიათ: ციფციფა და წიფციფა. 

გოჭები მეტად ანცები კი ყოფილან, გაიღვიძებდნენ თუ არა, მაშინვე დედასთან მიცვივდებოდნენ, მუცლებს რძით გაიტისნავდნენ და, ჰაიდა! მთელი დღე გუბეში ეყარნენ…

მერე და მერე გოჭებიც წამოიზარდნენ და კარგს რომ არაფერს დამართებდნენ ირგვლივ ჩარგულ სიმინდის ყანებს, თქვენაც კარგად მოგეხსენებათ. 

მართლაც:

…მიუტანია ვიღაცეებს ყანის პატრონისთვის ამბავი, სულ წაახდინეს და დააქციეს გოჭებმა შენი ნაჯაფარ-ნაოფლარიო.

გამონთებულა კაცი წალდით, – მოვდივარ და დამიდექითო!..

მერე, დღეც მიილია, წალდიანი კაცის შიშით ციფციფას და წიფციფას სახლის გზაც დაჰკარგვიათ და კვალიც. ჩამსხდარან მდინარის პირას ერთ ლოდს უკან და კუდების გარეთ გამოყოფაც კი შინებიათ.

ესენი აქ რომ გალურსულ-გაყურსულები სხედან, იქ, მათი დედა, თურმე პირ-სახეს იხოკავს მათზე დარდით…

– არ მინდა სარკე, მე ჩემ დედასთან მინდა! – წამოიძახა თეკლა გოგომ და სარკე ბალახებში მოისროლა.

– რად ისროლე, გინდა ხოჭო ხოჭანდარმა ნახოს? – უთხრა ციცინათელა ციცისელმა, – იცი, თეკლა, რა უცნაური ვინმეა ის ხოჭო ხოჭანდარი? რასაც კი იპოვის, სულ თავის მიწა-ხვრელში ჩურთავს, ერთი გაჩვენა რამდენ რამეს ინახავს შიგ. ნეტავი ვიცოდე, სარკე რად უნდა?..

– უნდა და ჰქონდეს მერე! მე არ მინდა, მე ჩემ დედასთან მინდა! – თქვა თეკლა გოგომ და შინის გზას გაედევნა.

– ჰმ, ნეტავ ვიცოდე სად მიდის?! – გაემწყრალა ციცინათელა ციცისელი თეკლა გოგოს და მინდვრებიდან მეგობარ ციცინათელებს გამოუხმო:

– აქეთ, აქეთ! მოდით, პამპაშუქებს ავუწიოთ, ამ სიბნელეში თეკლა გოგომ რამე არ მოიხიფათოსო!..

მართლაც,

ციცინათელებს იმდენაზე აეწიათ იმ თავიანთი პამპაშუქებისთვის და ისეთი ღრმა ძილით სძინავთ თეკლა გოგოს სარკის ზედაპირზე, ახლა რომ ხოჭო ხოჭანდარმა ჩამოიაროს, ისემც კარგი დაგემართოთ – მათ ვერა გაიგონ, რა, სულ თავის ციცინათელებიანად ჩაჩურთავს მიწა-ხვრელში თეკლა-გოგოს სარკეს.

 

კიდევ კარგი, წუხელის ხოჭო ხოჭანდარსაც ძილი მორევია…

თეკლა გოგო _ მტირალა!

რა იყო მართლა და მართლა, ბარტყი იყო და, თეკლა გოგოს გაებუტა – გინდა თუ არა, ეგ სარკე ჩემია და მომეციო!

თეკლა გოგომ, არაფერიცო, ეს სარკე ჩემმა დედამ მომცა და ჩემიაო!

მაშინ, ადგა ბარტყი, ნახე თუ გეთამაშოო, უთხრა და მას შემდეგ თეკლას აღარ გაჰკარებია.

მერე ხოჭო-ხოჭანდარმაც;

 – სარკეს რომ არ მაძლევ, შენთან თამაში იმიტომაც არ მინდაო! – ჩაყო თავი მიწაში და ფა-ფუ – არც დღე ამოსჩვენებია იმ თავის მიწა-ხვრელიდან თეკლა გოგოს და აღარც ღამე.

ჰო, აეგრეა და რა ქნას თეკლა გოგომ?

აგერ აქეთ – თეკლა გოგო და ის თავისი სარკე, იქეთ კიდევ – არავინ, წასულა ყველა: ბარტყი, ხოჭო ხოჭანდარი, გვირილები, ტოლ-კუკნებიც.

დიახ, აეგრეა და რა ქნას თეკლა გოგომ, პატარაა ხომ ისიც. მოეწონა ის სარკე, თან ხომ დედის ნაჩუქარია, რა – არ ჰქონდეს?!

– პატარა თუა, რატომ არ ტირის?

– იტირებს, კიდეც.

– ტყუილად იტირებს?

– ტყუილად რატომ?

– აბა?

– პატარებსაც ხომ აქვთ ტირილის თავიანთი მიზეზი?!

– მიზეზი, ბიზეზი არ ვიცით ჩვენ. თუ იტირებს, მტირალას დავუძახებთ: თეკლა გოგო მტირალა, თეკლა გოგო მტირალა! – თქვეს თეკლას ბაფთებზე მიმოქარგულმა პეპლებმა.

– დე, ნახე, როგორ დამცინიან?! – უთხრა თეკლამ დედას და, ვეე და, ვეეე-ო, – მოაღო პირი.

– თეკლა გოგო მტირალა, თეკლა-გოგო მტირალა! – ახლა კიდევ უფრო მეტად გამოაჯავრეს თეკლა გოგოს პეპლებმა.

– რომ მაჯავრებთ, იცოდეთ, სულ აღარ გავჩუმდებიო, – თქვა თეკლამ და, – ვეეეე და ვეეეეე! ვეეეეეე და ვეეეეეეე! – ამოიგდო გული ტირილით…

 

ჩვენაც რა, მართლა და მართლა, ბავშვებო, გვეყოფა ზღაპრების კითხვა, წამო, წავიდეთ და თეკლა გოგოს ვეთამაშოთ. მერე კი ნახონ იმ ბარტყმა და ვიღაცა ხოჭო ხოჭანდარმა, თეკლასთან რომ მოვლენ და შეეხვეწებიან:

– თეკლა, ჩვენც გვათამაშე, რაა!

 

ტაბლა-ტუბლი, ტუბლა-ტაბლი

თქვენ კი არა, თეკლას ჩვენ უნდა ვეთამაშოთო, თქვეს თეკლა გოგოს ბაფთაზე მიმოქარგულმა პეპლებმა და მიწაზე ერთი ჰოპიჰოპი ჰქნეს.

– თეკლა, ჩვენთან თამაში ხომ გინდა? – ჰკითხა პეპელა პეპლაჭრულამ.

– დიახ, მინდა. აი, მე თოჯინა მაქვს, – უთხრა თეკლამ პეპლებს.

– გვაჩვენე.

პეპლები გაკვირვებული შესცქეროდნენ თოჯინას, რომელიც გაუნძრევლად იჯდა თეკლა გოგოს კალთაში.

– შენი თოჯინა რატომ არ ლაპარაკობს, სძინავს? – ჰკითხა პეპელა პეპლაჭრულამ.

– შტერო! კი არ სძინავს, თოჯინებმა ლაპარაკი არ იციან!

– არც სიცილი იციან?

– არა.

– ტანთ რომ არ აცვია, არ სცივა?.. მოდი, გვირილიანში წავიყვანოთ, იქ ბევრი გვირილებია, დავკრიფოთ და ყვავილების ფურცლებისგან კაბა მოვუქარგოთ, კარგი? – უთხრა თეკლას პეპელა პეპლისელმა.

– კი, აბა?! გვირილებს ჩემთან თამაში რომ არ უნდათ, არც მე წამოვალ მათთან, – თეკლამ ბაფთა მოიხსნა, ორად გაკეცა და თოჯინა შიგ გაახვია.

– მაშინ წყაროზე წავიდეთ, ყვავილები იქაც არის, – თქვა პეპელა პეპლისელმა და პეპლები ასაფრენად მოემზადნენ.

– ნახეთ, მე რა მაქვს, – თეკლამ კაბის ჯიბიდან სარკე ამოიღო.

– ეგ რა არის? – ჰკითხეს პეპლებმა ერთხმად.

– რა არის და, სარკე.

– სარკე რა არის?

– აჰა, ჩაიხედეთ და ნახავთ, რაც არის, – თეკლამ პეპლებს სარკე მიამზირა.

– ვაი, რამდენი პეპლებია?!.

– ნახეთ, რა ლამაზი ფრთები აქვთ!..

– ჩვენც ეგეთი ლამაზი ფრთები გვაქვს?..

– ესენი სულ შიგ ცხოვრობენ და არსად მიდიან? – ეს ის ბოლო კითხვა იყო, გაოცებისგან დაღლილ პეპლებს სარკეში ცქერის შემდეგ რომ შემორჩათ.

…როცა პეპლებმა სარკეში ცქერით გული იჯერეს, პეპელა პეპლაჭრულამ პეპლები თავისთან იხმო, 

– მოდით, დახუჭობანა ვითამაშოთ, – თქვა და თეკლა გოგოს მიუბრუნდა, – თეკლა, გინდა ჩვენთან ერთად დახუჭობანას თამაში?

– კი, მინდა.

– მაშინ გავითვალოთ და ვინც ბოლო დარჩება, მან დაიხუჭოს, – თქვა პეპელა პეპლაჭრულამ.

– კარგი, გავითვალოთ! – წამოიძახა ყველამ ერთხმად. 

და გაითვალა პეპლაჭრულამაც:

– ელი, მელი, მოსწი, ხელი, ნახე, ტყიდან, მოდის, მგელი, მე, გავედი, თქვენ კი, რჩებით.

– მე გავედი, ახლა თქვენ, – ელი, მელი…

– არაფერიც! ეგ სწორი გათვლა არ არის! თუ კარგია მე გავითვლი, – უთხრა თეკლამ პეპლაჭრულას;

– კი აბა, შენ გახვიდე და ჩვენ დავრჩეთ?!

– მე რატომ? გათვლის დროს ყველა სიტყვა ცალ-ცალკე არ უნდა თქვა, მაშინ კი, ვინც გავა – გავა, აი ასე:

– ელი, მელი, მოსწი ხელი, ნახე, ტყიდან მოდის მგელი, მე გავედი, შენ კი რჩები.

– აი, ხომ ხედავ, შენ კი არა, პეპლისელი გავიდა, ახლა ვნახოთ ვინ გავა, – უთხრა თეკლამ პეპლაჭრულას და გათვლა განაგრძო:

– ტაბლი, ტუბლი, ტუბლა, ტუბლი, მართალია, თუ სულ ტყუილი, მგელი გახდა ავადო, რა მოარჩენს? – ჩიჩია, გასვლის ჯერი ვისია?

– ჩემია, მე გავედი, რა კარგია, აღარ დავიხუჭები! – წამოიძახა გახარებულმა პეპელამ (რომლის სახელი, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რადგან მთელი ზღაპარია, ხმა არ გაუღია).

– სულ შენ რატომ უნდა გაითვალო, თუ კარგია, ახლა ისევ მე გავითვლი, – უთხრა თეკლას პეპელა პეპლაჭრულამ და გაითვალა მანაც:

– ტაბლი, ტუბლი, ტუბლა, ტაბლი, მართალია, თუ სულ ტყუილი, მგელი გახდა ავადო, რა მოარჩენს? – ჩიჩია, გასვლის ჯერი ვისია?

– აგე, შენ იხუჭები! – წამოიძახა გახარებულმა პეპლაჭრულამ და პეპლებს გასძახა:

 – თეკლა იხუჭება, ჩვენ კი დავიმალოთ, დავიმალოთ!..

*

ვინ თქვა, თოჯინები ჯიუტები არიან და თამაში არ იციანო? ნეტავი ყველა იქ ყოფილიყავით და სარკის ზედაპირზე `დასასტუკებლად~ მოფრენილი პეპლების გაოცებული სახეებისთვის შეგეხედათ, თეკლას თოჯინა პეპლების დასაჭერი ბადით თეკლას სარკეს რომ დარაჯობდა…

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ სტიკერები და ჯილდოები გონივრულად

„თუ თქვენი შვილი ყველა ქმედებაზე ჯილდოს მოლოდინში იქნება, იგი ვერ გაიაზრებს მოქმედებების მიზეზებს - იმას, რომ მან უნდა მიალაგოს სათამაშოები, რადგან ოჯახის წევრებს ისინი ხელს შეუშლის“ - ამბობს ბუსი. საუკეთესო გამოსავალია ჯილდოს დაწესება ცალკეული ქმედებებისთვის, მაგალითად, ძალისხმევისთვის ქოთანში მოსასაქმებლად. თუმცა, ჯილდო არ უნდა ეხებოდეს ხშირ აქტივობებს - ჩაცმას ან კბილების გამოხეხვას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024