kids.ge logo

ჩიკო და ქობულოელი ბავშვები

ფავორიტებში დამატება

ერთ დილას ლელია  ხმაურმა გამოაღვიძა.

მისაღები ოთახიდან სტუმრების ხმამაღალი საუბარი ისმოდა.

ასე იყო ყოველთვის , როცა თბილისიდან მამას მეგობრები მოდიოდნენ და ტყეში წასასვლელად ემზადებოდნენ.

ეს ადრიანად ხდებოდა, ხშირად ჯერ ისევ ბნელოდა სოფელში.

ამ დროს ლელიას ყოველთვის ეძინა და უმეტესად სტუმრებს მაშინ ხვდებოდა, როცა ისინი ტყიდან ბრუნდებოდნენ, ხან ნანადირევით, ხან კი -ხელმოცარულნი...

თუმცა ყოველთვის მხიარულად.

ლელია სახლს მიალაგებდა, როგორც შეეძლო ,სუფრას გაშლიდა, შემდეგ კი გაკვეთილების მომზადებას იწყებდა. 

ამ დილას  ჩვეულებრივისგან განსახვავებული  კიდევ რაღაც ხდებოდა.

ამას ლელია სტუმრების საუბრიდან მიხვდა. 

საწოლიდან წამოხტა, ტანსაცმელი ჩაიცვა და თვალების ფშვნეტით მისაღებ ოთახში გავიდა.

-გაიღვიძე, ჩემო პრინცესა?! -მიეგება მამა და ხელში აიყვანა! ნახე , დათო ძიამ ვინ მოგიყვანა?!

ოთახში სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული კაცები ირეოდნენ. მაგიდაზე უწესრიგოდ ელაგა  ტკბილეული, ძეხვის ნაჭრები, ჩაის და ყავის ფინჯნები, ზურგჩანთები და ,რა თქმა უნდა ,თოფები!

დათო ძიამ ლელიას ტკბილეული მიართვა, მერე კი აივანზე გავიდა.

კარი როგორც კი გაიღო, ლელიამ აივანზე პატარა ლეკვი დაინახა, რომელიც მოაჯირზე იყო მიბმული.

ჩიკო!!- წამოიძახა ლელიამ და ძაღლის დრუნჩს  პატარა ხელები მიაგება!

უფროსებს გაეცინათ.

- თბილისში როცა ცხოვრობდა ,სხვა სახელი ერქვა,  მაგრამ დღეიდან, რა თქმა უნდა, ჩიკო გახდება,- ღიმილით თქვა დათო ძიამ.

ჩიკო  პატარა , ჭრელი ლეკვი იყო. მთელ ტანზე თეთრი და ყავისფერი ლაქებით.

- შესცივდება, ცეცხლთან შემოვიყვანოთ! -თქვა ლელიამ.

ღუმელთან  ძველი ,შალის პალტო გაშალა და ლეკვი ზედ დასვა.

მაგრამ ჩიკოს ერთ ადგილზე რა გააჩერებდა ?! 

როგორც კი ლელიამ ხელი გაუშვა, ხან მაგიდის ქვეშ შეძვრა, ხან- კარადის. მთელი ოთახი კუთხე-კუნჭულ შემოირბინა და ერთ-ორ ადგილას ცუდი რამეც გააკეთა.

ყველა მხიარულობდა.

მეტი გზა არ იყო, გიორგი საკუჭნაოში ჩავიდა,  ხის ყუთი ამოიტანა, პალტო  ჩააფინა და ლეკვი შიგ  ჩასვა.

ჩიკო აწკუტუნდა და პატარა თათებით ყუთზე ფხაჭუნი დაიწყო.

-ჩვენს მოსვლამდე აქ იყოს,  წყალი დაალევინე...რომ დავბრუნდები, რძეს მოვუტან !- უთხრა მამამ  ლელიას და მეგობრებთან ერთად ტყეში წავიდა.

იმ ზამთარს ლელიას საზრუნავი მოემატა.

მამა ყოველ დილით ჩიკოსთვის ბოთლით რძეს უტოვებდა.

ლელია სკოლაში წასვლამდე ბოთლს საწოვარას წამოაცვამდა და ლეკვს რძეს ასმევდა, მერე სახლს მიალაგებდა და ღუმელს შეშას ბლომად შეუკეთებდა, რომ  გაკვეთილების დამთავრებამდე  არ შესცივებოდა.

ჩიკო თვალს და ხელს შუა იზრდებოდა. 

ლეკვს თავისი პატარა და ლამაზი მეგობარი ქვეყნიერებას ერჩია.

ლელიას დანახვაზე და  ხმის გაგონებაზე  ისეთ ამბავს ტეხდა ,ყურთასმენა არ იყო.

როგორც კი  ყუთს მიუახლოვდებოდა ან  სამზარეულოდან გამოელაპარაკებოდა,   ჩიკო ბედნიერებისგან  გადაირეოდა-  დაიწყებდა წკავწკავს, ხტუნვას, წინა თათებს ყუთის სახურავზე გადმოაწყობდა და ლელიას ხელებს ულოკავდა. 

მალე ისე გაიზარდა, რომ ყუთში აღარ ეტეოდა და მამამ ეზოში ხის ფარდულში გადაიყვანა... შიგ ჩალა ჩაუყარა, რომ თბილად ყოფილიყო, ზემოდან კი თუნუქის ფილებით გადახურა.

ერთ დღესაც მამამ თქვა, მალე  ჩიკო ტყეში უნდა  წავიყვანოთ და სულ დაბმული რომ გვყავს, კარგი არ არის.  ზოგჯერ უნდა ავუშვათ, რომ სოფლის შემოგარენში ირბინოს, აქაურობას შეეჩვიოს და მუხლი გაიმაგროსო.

ლელიას ეს ამბავი ძალიან გაუხარდა.

რამდენიმე დღეში გიორგიმ და ლელიამ ჩიკოს საყელური მოხსნეს და გაუშვეს. 

ბედნიერი ძაღლი ჯერ ეზოში დარბოდა და ყველაფერს ყნოსავდა, მერე კი გარეთ გავარდა.

-ლელი, ყურადღებით იყავი, არაფერი გააფუჭოს, საღამოს პედიგრი დაუყარე და ისევ ქოხში დააბი, მე გვიან დავბრუნდები, დღეს ფრენაა, საზღვარზე ჯარისკაცებს საკვები უნდა გადავუტანოთ,  -გააფრთხილა მამამ.

-მშვიდობიანი ფრენა, მამიკო!

-ბედნიერად, ლელი !- გიორგიმ მანქანის ფანჯრიდან  შვილს ხელი დაუქნია და დაღმრთზე  გაუჩინარდა.

ლელია კარგა ხანს თვალყურს ადევნებდა ჩიკოს წინ და უკან სირბილს. მერე  თავის ოთახში შევიდა და კომპიუტერი  ჩართო, რომ საბას და გიგიას  მესიჯები ენახა...გოგონას უფროსი ძმები ძალიან ენატრებოდა, მაგრამ უგზოობის  გამო, ის და მამა  თვეში ერთხელ ძლივს ახერხებდნენ თბილისში წასვლას. ამიტომ ინტერნეტი ლელიასთვის ერთადერთი საშუალება იყო, რომ მონატრებული ძმები მოეკითხა და მათთვის ყოველდღიური ამბები მოეყოლა.

,,ლელი, დამიჯერე, ეგრე არ ივარგებს, ჩიკოს აუცილებლად უნდა დავუქირავოთ აღმზრდელი,- ასეთი იყო ბოლო შეტყობინება საბასგან.

-აქ ხაარ? - გააგრძელა  ლელიამ.

-კი, როგორ ხარ?!

- კარგად, სპექტაკლი მოგეწონათ?

-მაგარი იყო, ნეტავ შენც ყოფილიყავი!

- რაპუნცელი ნახეთ?

-არა, ურჩხული და მზეთუნახავი! 

- ვიცი  ეგ,  წაკითხული მაქვს! მოჯადოებულ სასახლეზეა, ხო?

-კი...

- ,,ხო“-ს ნუ წერ,  არ  არის სწორი, ,,ხომ“ დაწერე! 

- რავი, მეჩქარება და ...

- ,,რავი“ რა სიტყვაა? ნუ ყლაპავ ასოებს!

-აუ, შემეშვი, ნუ მასწავლი!! მამამ კისტის თოფი გამიკეთა?

-არ ვიცი, არ მიკითხავს,  დღეს ვკითხავ.

-ჩიკო როგორ არის?

-კარგად, დღეს მე და მამამ ავუშვით, მალე ტყეში წავიყვანთ.

-მაგარია!  ჩიკოს აღმზრდელზე რა ვქნათ? თბილისში ყველა ლეკვი საბავშვო ბაღში დადის!

- რაა?

-ჰო... ვაკეში რომ დავრჩი ზურია ბიძიასთან, დილას ბენჯამენს აღმზრდელმა მოაკითხა და ძაღლების საბავშვო ბაღში წაიყვანა.

-ბენჯამენი ვინღაა?!

- მიშოს ძაღლი!

-ააა!

-ძაღლების საბავშვო ბაღი აღარ გამიგია!

- ქობულოში არ არის და იმიტომ !! თბილისში არის...

-  რას ასწავლიან ძაღლებს საბავშვო ბაღში?

-კარგად მოქცევას, ბენჯამენს როცა ტუალეტში უნდა, მიშოს ეუბნება, აივანზე გამიყვანეო, ოთახში არასოდეს  აკეთებს!  ყველაფერი ესმის...ადექიო- და დგება!!დაჯექიო და ჯდება!

-  სისულელეა!

-რატომ?

-იმიტომ , რომ  ჩიკოს საბავშვო ბაღში არ უვლია, მაგრამ ყველაფერი იცის!!

-აბა,  რომ თქვი ,ოთახში გააკეთაო?...

- ეგ ერთხელ დაემართა, შენ რა, არ მოგსვლია?

და-ძმას  გაეცინა.

ბავშვები ისე გაერთნენ ინტერნეტში მიწერ-მოწერით, რომ ყველაფერი დაავიწყდათ, სად იყვნენ და რა ხდებოდა მათ გარშემო.

ლელია ვიღაცის   ყვირილმა გამოარკვია, ეზოდან ქალის ხმა ისმოდა:

-გო-გიიი! 

გოგონამ კარებში გაიჭყიტა და ისევ კომპიუტერთან მიირბინა: 

- აშექალაა, ზენაახოელი, რაღაცას ყვირის, წავედი, საღამოს მოგწერ!

- ,,მურიანი აშექალა“?

ჰო... მაგას  ხო ჩხუბის გარეშე  არ შეუძლია!!

-თუ ძალიან იჩხუბა, ჯადოქრობის სიტყვები უთხარი და დაწყნარდება, ნახე, რა მაგარია!

,,აკლა დუკლუ -დუკლუზანი,

ჩარამ ჩურუმ ჩურუმ ზანი,

აშექალა მურიანო,

ბოროტო და შურიანო!

ახტა კოჭი, დაბლა კოჭი,

ჭიანური, ჭუ...

რა გაყვირებს, აშექალა,

გაჩე, გაჩე, ჩუ“...ხო მაგარია?

-ისე რა, შენ მოიგონე?

-ჰო!

-ეგ ჯადოქრობის სიტყვები კი არა , გათვლაა!

-გოგიიიი! - ისევ გაისმა ეზოდან მჭექარე ხმა.

ლელიამ მონატრებულ ძმას  ბევრი სმაილიკები ჩაუყარა , კომპიუტერი გამორთო და აივანზე გავარდა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

არ გააფუჭოთ ბავშვი

დაიმახსოვრეთ: ყველა ბავშვი ძვირფასია, მაგრამ არა სამყაროს ცენტრი. გაზარდეთ იგი შესაბამისად.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024