kids.ge logo

ჩიკო და ქობულოელი ბავშვები

ფავორიტებში დამატება

ლელია არ შემცდარა.

ჭიშკართან  ზენაახოელი აშექალა იდგა და გაბრაზებული  ხელებს  იქნევდა.

ამ ქალს სოფელში ყველა ,,მურიან აშექალას’’ ეძახდა, რადგან იგი პირდაბანილი  არავის უნახავს. ყველაფერი -  ხალათი, ჟაკეტი,  თავშალი, ნაჭრის დაძონძილი ჩანთა, ჯოხიც კი,  რომელსაც თავდაღმართზე  საყრდენად ხმარობდა, ზამთარ-ზაფხულ   მურიანი დაჰქონდა.

აშექალა  სოფლის თავში,  მიწურ სახლში ცხოვრობდა. ექვსი ხბო ჰყავდა, რამდენიმე ქათამი და ერთი - გოჭი.  სულ ეს იყო მისი  ავლადიდება.

ამბობდნენ ,ორი ძმაც ჰყავს სოფელ თვალივშიო, მაგრამ აქ მოსული არავის უნახავს (შეიძლება კიდეც ჰყავდა!).

თხელი პირისახე ჰქონდა, ზედა ტუჩის გაყოლებაზე-  წვრილ-წვრილი, ღრმა ნაოჭები... როცა იცინოდა,  უფრო უსიამოვნო შესახედავი ხდებოდა, რადგან ნაოჭები  გარმონივით ეწელებოდა და ნაოჭებსშუა ადგილები ,სადაც მურს ვერ ჩაეღწია თეთრ ზოლებად მოუჩანდა.

როცა რაიმეს კარგად დანახვას ცდილობდა, ქუთუთოებს ისე ჭმუხნიდა  თვალები  აღარ უჩანდა.

გარდა იმისა , რომ მურიანი იყო,  ამბობდნენ, შურიანიც არისო.  ამიტომ მასთან ურთიერთობას ყველა გაურბოდა.

ასე რომ აშექალა სულ მარტო ცხოვრობდა და სულ ხბოებს დასდევდა.

სად გყავ მამაი?! - დაიღრიალა ღობეზე გადმოყუდებულმა აშექალამ.

- სამსახურშია, დღეს ვერტმფრენი უნდა მოფრინდეს, ჯარისკაცებს საჭმელი უნდა მიუტანონ!-  ჩქარჩქარა და  მღელვარედ ჩამოარაკრაკა ლელიამ.

- სამსახურ არ ვიც მე! ე ჭრელ ძაღლ რო რაიმ დარბის თქვენია?!

- დიახ !-  ლელიას გულმა რეჩხი უყო...მიხვდა, რაღაც ცუდი ამბავი ხდებოდა.

- მემრა? არ იცითა, რო ძაღლს დაბმა უნდ? რაად არ გყავთ დაბმული?- მრისხანება მოემატა ხმაში აშექალას

- მამამ თქვა, კარგი იქნება, მუხლი რომ გაშალოსო,- ძლივს ამოღერღა ლელიამ. 

- რაიო?!

ლელიამ  აშექალას სახეს რომ შეხედა,  მიხვდა, რომ  სათქმელი ჯობდა სხვაგვარად  ეთქვა:

- იცით. ..ეგ ხომ მდევარი ჯიშისაა, აშექალ ბებო...ჰოდა, სულ დაბმული რომ იყოს , ტყეში ვეღარ ირბენს , ამიტომ ცოტა ხნით ავუშვით, გვინდა აქაურობა გაიცნოს...-ამოილუღლუღა ლელიამ და  თვალებით ჩიკოს დაუწყო ძებნა.

- ცოტაი ხნით, განა?  რა გენაუღლებისთ, ამამიწყვიტ  ქათმებ, აბა, შახენეთა ეემას!- კიდევ უფრო ხმამაღლა დაიყვირა აშექალამ და ეზოში მკვდარი ფრინველი ისეთი ძალით  გადმოისროლა , ლელიას კინაღამ თავში მოხვდა.

გოგონა ახლოს მივიდა, ალაგ-ალაგ ბუმბულგაცლილი და დალურჯებული  ჩიკოს მსხვერპლი ფეხით გადაატრიალ-გადმოატრიალა. დარწმუნდა, რომ ქათამი კი არა, პატარა წიწილა იყო, მაგრამ    ახლა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა.

- უიმე, - შეწუხდა ლელია  ,- ნამდვილად იცით, რომ  ჩიკომ ჩაიდინა?!

- რაი?-  შენ გონთ ხარა ,ქალავ? !-მოთმინება დაეკარგა აშექალას.

- მამას ვეტყვი და საფასურს გადაგიხდით, აშექალ ბებო,- გამოსავალი რომ მოიფიქრა, სახე გაუბრწყინდა გოგონას.

- არ მჭირდების მე თქვენ საფასურ....ეგ ძაღლ დაზეზებულ აღარ ვნახ, თორე ვხკრავ თოფსა და მავხკლავ, -გადაჭრით თქვა აშექალამ და სახლისკენ გამეხებული წავიდა.

- თოოფს? -გაოცება ვერ დამალა ლელიამ და კინაღამ წამოსცდა - აშექალ ბებო, თქვენ თოფის სროლაც იცითო? 

კიდევ კარგი, მალევე მიხვდა, რომ ამის თქმა არ ივარაგებდა და ენას კბილი დააჭირა, თორემ აშექალა უსათუოდ იფიქრებდა, დამცინის ეს თითისტოლა ბავშვიო. 

,,ახლა   ყველა ძაღლის დანაშაულზე პასუხს  ჩიკოს მოსთხოვენ... -ლელიას თავში ათასი  კითხვა უტრიალებდა , როცა ჭიშკარი გააღო და ჩიკოს საძებნელად გავიდა.

დანაღვლიანებული ჩანდა.

არ ელოდა, რომ ჩიკოს თავისუფლების პირველივე დღეს ასეთი ალიაქოთი ატყდებოდა. ,,საბავშვო ბაღში სიარული მართლაც არ აწყენდა “, -დაასკვნა ლელიამ, მაგრამ სად უნდა მოეძებნა ჩიკოს აღმზრდელი? ქობულოში ძაღლების კი არა, ბავშვების აღმზრდელებიც  არ ჰყავდათ და იმათი სკოლის დირექტორი ხან დუშეთში დადიოდა, პედაგოგები გამოგვიგზავნეთო, ხან მცხეთაში...

ლელია  სოფლის შუაგულში, წყაროსთან  გაჩერდა და იქაურობა  მოათვალიერა.

საწვიმარი და განიერი ბოტები ეცვა, ვინიცობაა ხევზე გადასვლა  დამჭირდესო.

მერე გორაკზე შედგა და ძაღლს ხმამაღლა დაუძახა:

- ჩიი-კოოო! 

ჩამიჩუმი არ ისმოდა.

ის იყო ხევისკენ წასვლა დააპირა, რომ მოპირდაპირე მხარეს სახლის კარი გაიღო და მისი თანაკლასელი -ლენგინა გამოჩნდა...ლელიას ძალიან გაუხარდა მეგობრის დანახვა, სწორედ შენ მჭირდებოდიო, -გაიფიქრა.

ლენგინა ძალიან კეთილი, ქერაკულულებიანი და ცისფერთვალება  გოგო იყო, რომელთანაც ლელია პირველი კლასიდან მეგობრობდა და ყველა თავის საიდუმლოს ანდობდა.

-ჩიკოს ეძებ?- ჰკითხა ლენგინამ.

-ჰო, ხომ არ დაგინახავს?

- კი, დამინახავს! - მრავალმნიშვნელოვნად თქვა ლენგინამ და  იქით-აქეთ მიმოიხედა, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ  მათი საუბარი არავის ესმოდა.

მერე დოინჯი შემოიყარა და ლელიას ანიშნა: ,, მომყევიო!!“.

ლენგინამ სოფლის მაღაზიას გვერდიდან  შემოუარა, სახლის უკან მორღვეული ღობე  გადასწია  და საკარტოფილეში გადაძვრა.

სუნთქვაშეკრული ლელიაც უკან მიჰყვა.

- შეხედე, აქ რა ხდება?!!- უთხრა ლელიას და  სიცილი წასკდა. 

ლელია ახლოს მივიდა და ასეთ სურათს წააწყდა:

ბოსტნის შუაგულში ჩიკო იჯდა, წინ ერთმანეთის მიყოლებით ელაგა ერთი ცალი (სულ ახალი!)  ბათინკი, ვარდისფერი სვიტრი, ჭრელი ტყავის ბურთი და  რეზინის სათამაშო ბულდოზერი..

ჩიკო კი ცქმუტავდა და ისეთი სახით დაჰყურებდა თავის მოგროვილ კოლექციას,  თითქოს ფიქრობდა: ,,კიდევ რაღა მაკლიაო?“

-ეს რა უქნია! ეტყობა პანსიონში შეძვრა და იქიდან მოიპარა!- სასოწარკვეთილებისგან პირდაპირ ბოსტანში ჩაჯდა ლელია და მეგობარს უმწეო თვალებით შეხედა.

ჩიკომ ლელიას დანახვაზე ყველაფერი მიატოვა და  პატრონისკენ გახარებული გამოქანდა- თათებაწეული მთელი ტანით ზედ შეახტა და დაუწყო ალერსი, წკმუტუნი და ხელ-ფეხის  ლოკვა...ლელიამ და ლენგინამ ჩიკოს ალერსითვე უპასუხეს:   გულში ჩაიკრეს, გრძელ დრუნჩზე მოეფერნენ,  საყელური ჩამოაცვეს და მხოლოდ ამის მერე გადავიდნენ ჩხუბზე:

,,  რა არის ეს, ჩიკო? არ გრცხვენია? გინდა, რომ სულ დაბმული იყო?! 

-ამას აქ რა უნდა?

-ან ამას აქ რა უნდა?

ყვიროდა ლელია და რიგრიგობით ხან ბათინკს აიღებდა, ხან სვიტრს, ხან სათამაშოს, მერე კი, სათითაოდ ისევ  მიწაზე ყრიდა.

- შეხედე, ლელი, როგორ გვიყურებს,  ნამდვილად ბოდიშს იხდის!- განმარტა ლენგინამ.

ჩიკო წკუტუნით და ყეფით პასუხობდა ლელიას თითოეულ სიტყვას და გოგონებმა ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაასკვნეს:  ჩიკოს  ყველა სიტყვა ესმის და  გველაპარაკებაო.

ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.

- -ეტყობა, სირბილი და თამაში ისე მოეწონა, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა! განა მე არ მომსვლია ეგრე?!-  მაგრამ ...მურიანი აშექალა გაიგებს მაგის ბოდიშს?- თქვა ლელიამ და აშექალას ხსენებაზე ტანში გააჟრჟოლა...ან აქაურ მშობლებს ჩიკოს ბოდიში უშველით?   სულ ახალი ბათინკია! შეიძლება,  მაგის პატრონს მეტი ფეხსაცმელი არც ჰქონდა.

- სასწრაფოდ ყველა ნივთი პატრონს უნდა დავუბრუნოთ, მაგრამ როგორ?- ამოიოხრა ბოლოს.

სოფელში რომ გაეკითხათ, დაკარგული ნივთების პატრონებს ადვილად  იპოვნიდნენ,  მაგრამ ჩიკოს კიდევ ერთი დანაშაულის გამჟღავნება არ უნდოდათ, ,,მურიანი აშექალა“ ისედაც  მთელ ქვეყანას მოსდებდა, ქათმები შემიჭამაო.

ლელიამ და ლენგინამ  მოპარული ნივთები  პარკში ჩააწყვეს და სანამ მოიფიქრებდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, იქვე ბოსტანში დამალეს.

შემდეგ  ღობიდან გადმოძვრნენ, ჩიკოც წამოიყვანეს და შინისკენ წავიდნენ..

-იცი, რა მოვიფიქრე?- უთხრა მეგობარს ლელიამ , როცა საქმეებს მორჩა და  მეგობართან ერთად დივანზე მოკალათდა, - მოდი, რაც მოხდა ლამარა დეიდას მოვუყვეთ! კარგი ქალია , თან მაღაზიაში მუშაობს და იქნებ იქ დაგვადებინოს მოპარული ნივთები! მაღაზიაში ყველა შედის და ვისიც რა იქნება წაიღებენ.

ეს აზრი ლენგინასაც მოეწონა.

ლამარა  დეიდა ქვრივი ქალი იყო, ქმარი ომში დაეღუპა და სამი შვილი გაზარდა. მთელ სოფელს უყვარდა, განსაკუთებით ბავშვებს, რადგან ძალიან თბილი და მეგობრული იყო. მისი პირიდან ვერასოდეს გაიგებდით  ვინმეზე აუგს. 

სოფელ ქობულოს ღვთისმშობლის სახელობის ლამაზი ეკლესია ჰქონდა, სადაც თვეში ერთხელ მამა გაბრიელი მოდიოდა და წირვას ატარებდა.

დანარჩენ დროს ეკლესიას ლამარა დეიდა და აქაური ბავშვები ერთად უვლიდნენ:  რგავდნენ ყვავილებს,  ასუფთავებდნენ ხალიჩებს და შანდლებს, მტვერს წმენდდნენ ხატებს . რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ,ბავშვები ლამარა დეიდას დახმარებით  სწავლობდნენ საეკლესიო გალობას და მედავითნეობას.

შეიძლება ითქვას, ის და მამა გაბრიელი ბავშვების ნამდვილი მეგობრები იყვნენ.

ლელია და ლენგინა მაღაზიაში  მივიდნენ და როგორც კი ლამარა დეიდა მარტო დაიგულეს, ყველაფერი უამბეს.

- არ ინერვიულოთ, დაკარგული ნივთების პატრონებს მე გაპოვნინებთ, მაგრამ ერთი პირობით,- უთხრა გოგონებს ლამარა დეიდამ -თუ ჩიკო სხვა დროსაც  გააგრძელებს ქათმებზე ნადირობას და ქურდობას,  აუცილებლად უთხარით მამას, კარგი, ლელი?

- დარწმუნებული ვარ, ასე აღარ მოიქცევა, -თქვა ლელიამ, - მაგრამ თუ კიდევ გააკეთებს ,  აუცილებლად ვეტყვი!

- ახლა წადით და ბოსტნიდან  პარკი მომიტანეთ! აი,   ამ  თაროზე მოგიწყობთ ,,დაკარგული ნივთების სექციას“, -გაამხიარულა გოგონები ლამარა დეიდამ.

ბავშვები გაიქცნენ და ჩიკოს ,,ნადავლით“ სავსე პარკი მაღაზიაში მიიტანეს...

მერე კი ლამარა დეიდას დაემშვიდობნენ და სახლებში გახარებულები დაბრუნდნენ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ყოველთვის თქვით სიმართლე

თქვენც ხომ ელით იგივეს შვილისგან, არა?

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024