kids.ge logo

ჩიკო და ქობულოელი ბავშვები

ფავორიტებში დამატება

ჩიკოს  ,იმ ამბის მერე, არც  ვინმეს ტანსაცმელი მოუპარავს და არც ქათმებისთვის უხლია ხელი.  

გიორგი მას მხოლოდ ღამღამობით აბამდა, რომ ტყეში შორს არ წასულიყო და მგლებს არ გადაჰყროდა,  ან კიდევ მაშინ, თუ ლელიასთან ერთად ბარისკენ წასვლას გადაწყვეტდა.

ჩიკო  დაღამებამდე სოფელს გარს  უვლიდა  და ყველაფერს გულდასმით  ათვალიერებდა - ეზოებს, გომურებს, ხევებს, ტყისპირას დარჩენილ მწყემსების ნაბინავარს.  ხან კი გრძელ ცხვირს წინ გაიწვდიდა და ჭალიდან მონაბერ ნიავს ღრმად  სუნთქავდა. 

უხაროდა სიცოცხლე,  უყვარდა ადამიანები.

ყველაზე მეტად კი- ხმალას გორზე ჩამოჯდომა და მზის ბრდღვიალა დისკოს ყურება.

როცა   ქუდნისლას მწვერვალზე მზის პირველ სხივებს მოჰკრავდა თვალს, გული უჩქროლდებოდა, თათებში სასიამოვნო  ჟრუანტელი უვლიდა. წამოხტებოდა, ყეფას ატეხდა და სკოლის ეზოსკენ გარბოდა, რომ ბავშვებისთვის მზის ამოსვლა ეხარებინა.

ყველა სიხარულს და წყენას მათ უზიარებდა, რადგან ბავშვები უსიტყვოდ უგებდნენ.

ერთხელ ვერ მოზომა და სკოლის აღმართზე მიმავალ მესამეკლასელ ბერდიას  მთელი ტანით დაეჯახა.

ბერდია და მისი ზურგჩანთა  ყირამალა დაეშვნენ მდელოზე, მაგრამ არც სწყენია და არც უტირია ბერდოს:

-მომშორდი, ჩიკო!-  ყვიროდა და  წიხლებს სასაცილოდ იქნევდა.

დედასაც კი არ უთხრა , რატომ ჰქონდა ტანსაცმელი დასვრილი, როცა გაკვეთილების შემდეგ ჭიდაობაზე წასაყვანად მოაკითხა.

კარგი ბიჭი იყო ბერდო.

კიდევ კვირა დღე უყვარდა ჩიკოს.

რადგან კვირაობით მამა გაბრიელი მოდიოდა და  მაღაროსკარელი და კაწალხეველი ბავშვებიც მოჰყავდა წირვაზე დასასწრებად.

ძალიან მოსწონდა ,როცა ყველანი ერთად ეკლესიისკენ მიმავალ ბილიკს დაადგებოდნენ.

ხშირად, მათთან ერთად,  ჭალისოფლელი ძაღლები -ლეგა  და ბროლიაც მოდიოდნენ.

ლეგა და ბროლია რამდენიმე წლის წინ  პირიქითა ხევსურეთისკენ მიმავალ  ფარას ჩამორჩნენ და ჭალისოფელში დაიდეს ბინა.

თავიდან ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ და გულჩათხრობილები იბღვირებოდნენ, მერე კი ცოტა დაწყნარდნენ.

ჩიკო მათთან დიდად არ მეგობრობდა , თუმცა არც მტრობა ჰქონდა.

ისე, შორიდან იცნობდნენ ერთმანეთს.

ჩიკო ფიქრობდა, რომ მეცხვარეების ძაღლებს ცოტა უცნაური ხასიათი ჰქონდათ: სანადიროდ სიარული  მათ არ აინტერესებდათ და ზედმეტად ჩხუბისთავები იყვნენ.

ზოგჯერ ვერც გაიგებდა, რაზე ატეხდნენ  ალიაქოთს, დაესეოდნენ ერთმანეთს და თავ-პირს უსისხლიანებდნენ.

ჩიკო ამ აურზაურში არასოდეს ერეოდა, თუმცა სოფელში ვერცრთი ძაღლი მასზე ვერ იტყოდა ,,მხდალიაო“.

ძაღლური გუმანით  გრძნობდნენ, რომ ჩიკო მშვიდი, კეთილი და სამართლიანი იყო, მაგრამ არა მშიშარა .

მიუხედავად იმისა, რომ ასაკით სხვა ძაღლებზე   პატარა იყო,  პატივსაც სცემდნენ.

კვირაობით ეკლესიისკენ მიმავალ მრევლს ჩიკოც  მიჰყვებოდა...ძალიან უყვარდა მამა გაბრიელის მოსმენა.

ტაძარში შესვლაზეც ბევრჯერ უოცნებია, მაგრამ ვერ ბედავდა და წირვიდან გამოსულ ლელიას კარებთან ელოდებოდა. 

ეკლესიას ხის კარები ჰქონდა,  რომელიც მჭიდროდ არ იხურებოდა. მის ორ ფრთას შორის მოზრდილი ღრიჭო  რჩებოდა, საიდანაც ჩიკო ყველაფერს ხედავდა: ციცინათელებივით მოციმციმე სანთლებს, ამბიონზე მდგარ მამა გაბრიელს.

ტაძრიდან გამოსულ საკმევლის სუნს ხომ ამ ქვეყნად არცერთი სუნი არ შეედრებოდა.

ერთხელ ერთი მოხუცის უცნაური აღსარება მოისმინა ჩიკომ.

იმ მოხუცს ნათულა ბებო ერქვა,  ყურებში ცუდად ესმოდა, ამიტომ ყვირილით ლაპარაკობდა.  სიცოცხლეში პირველად აბარებდა აღსარებას და  ძალიან ნერვიულობდა.

- არცრა ცოდო არ მამგონდების, მამაო, ვინ იცის კი ,რამდენ რაიმ მაქვ შანაცოდვარ, -ძალიან ხმამაღლა საუბრობდა ნათულა ბებო და მისი ხმა მთელ ტაძარში ისმოდა,- ...მაგრამ ერთ ცოდვა სრუ მახსონს...მაღრან რო ვცხოვრობდით, ღობე იყვ გამათხრილი და აიმაშიით  სოფლელთა ვისაიმ ღორის გოჭ ძვრებოდ , ქოოდ ამააბრუნ ბოსტანი, ვერ მავიშორ, რამდენ ვეშუღლ იმის პატრონსა, ვერა მივადინ, ავიღი  ერთ ვედრო ადუღებულ წყალ დავასხი აიმ გოჭს...აოო, როგორ ეტკივნ, ბეჩავს...იმის ჭყივილი სრუ ყურებში მიდგას ,მამაო...აი ეგ ცოდვა მაქვ ნაქნარი და  ეგ მაღონებს , -უთხრა ნათულა ბებომ მამა გაბრიელს.

ჩიკოს  უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა.

წარმოიდგინა, რა მწარე იქნებოდა,  ზურგზე მდუღარე წყლის გადასხმა. მერე  ტანი შეარხია და ბალანზე დაყრილი მტვერი გაიბერტყა.

ნათულა ბებოს ხმამაღალმა აღსარებამ ტაძარში სიცილი გამოიწვია.

მამა გაბრიელს  არ გასცინებია.

მოხუცს ოლარი გადააფარა და შენდობის ლოცვა წაუკითხა.

მერე კი ფსალმუნები გადაშალა და  მრევლს  საინტერესო რამ უამბო.

,,ერთხელ წმინდა მეფე დავითი ფსალმუნს წერდა. ღამე იყო და საწერ მაგიდას სანთლის შუქი ანათებდა...ამ დროს საიდანღაც  ფსალმუნის წიგნზე  ბაყაყი შემოხტა  და ყიყინი მორთო...წმინდანმა ბაყაყი დაბლა ჩამოსვა , ხოლო ფსალმუნის წერა ამ სიტყვებით გააგრძელა : ,,ყოველი სული აქებდით უფალსა...“

წმინდა მეფემ ჩათვალა, რომ რაკი სამყაროში ყველა სულდგმული ღმერთის გაჩენილია, მისი დიდება  თავისებურად ყველას შეუძლია - ბაყაყს, ჩიტს, ძაღლს.

ჩიკო  ტაძრის კარებთან ყურებდაცქვეტილი იდგა .

იქნებ მასაც შეუძლია ეკლესიაში შესვლა? ნამდვილად ასე იქნება, თუკი ბაყაყს შეუძლია, მე რატომ არა?! 

ამის გაფიქრება და ჩიკომ ტაძრის კარები ფხაჭუნით გააღო, კიბეები ელვის სისწრაფით ჩაირბინა და  ღვთისმშობლის ხატთან დაყუნცდა.

ტაძარში  ჩოჩქოლი და ალიაქოთი ატყდა.

ერთმა ქალმა ღუმელის გვერდით დაწყობილ შეშას წამოავლო ხელი.

გაკვირვებული  ჩიკო ჯერ იქით-აქეთ დარბოდა, მერე კი კარებს ეცა და გარეთ გავარდა.

,,დღეს ცუდი დღეა“,- დაასკვნა ბოლოს.  ხმალას ხევი გატოპა და გულის გადასაყოლებლად ჭალისკენ დაეშვა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

იქონიეთ მზისგან დამცავი საშუალება თქვენი ბავშვის კბილის პასტის გვერდით

წაუსვით ბავშვს ყოველდღიურად, გახადეთ იგი დილის რუტინის ნაწილი, როგორც ეს კბილების გამოხეხვაა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024