kids.ge logo

ჩიკო და ქობულოელი ბავშვები

ფავორიტებში დამატება

ქობულოში  გაზაფხულის მზიანი ამინდი იდგა.

მდინარისპირები მწვანე ბალახისა და ნედლი მიწის სასიამოვნო ოხშივარით იყო გაიჟღენთილი. აყვავებული ცაცხვების , ვაშლების და ტყემლების სურნელი ტკბილი ბანგივით ტრიალებდა ჰაერში....ქობულოში ფუტკრის სკები ბევრ ოჯახს ჰქონდა და ამ სიმწვანეს და სილამაზეს საშოვარზე გამოსული ფუტკრების ზუზუნი და ჩიტების ჭიკჭიკიც ერთვოდა...გეგონებოდათ მთელმა ქვეყნიერებამ ეს წუთია, პირველად ჩაიდგა სული და  პირველად გაცოცხლდაო!  

ჩიკოს ესიამოვნა გაზაფხულის სითბო.

მწყემსების ნაბინავართან ძველმანებზე ჩამოჯდა და მზეს მიეფიცხა.

არავინ იცის, რამდენ ხანს იყო ასე.

მოულოდნელად ქვემოდან ძაღლების გაავებული ყეფა, მწყემსების ძახილი და ცხვრის ბღავილი ერთდროულად მისწვდა მის ყურს.

ჩიკო წამოდგა და ნელი ძუნძულით მდინარის ნაპირს გაუყვა.

ყოველ გაზაფხულზე ბარიდან მთაში მეცხვარეები ამოდიოდნენ. ამორეკავდნენ ცხვრის ფარებს და შეეფინებოდნენ მწვანედ აბიბინებულ მთის კალთებს.

ქუდნისლას ფერდობები ძალიან კარგი სასაძოვრე იყო და ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე აქ სულ ცხვარი იდგა.

ჩიკო პირველად ხედავდა ცხვრის ფარას და მეცხვარეებს.  ფუფმფულა ბატკნები  წინ და უკან კიკინით დარბოდნენ და დაკარგულ დედებს ეძებდნენ,  ცხვარ-ბატკნის ბღავილი სასიამოვნო ჰანგებად ეფინებოდა მიდამოს. ფარას შორიახლო რამდენიმე ბარგაკიდებული ცხენი და ორი ყურებდაჭილი ქოფაკი ღავღავით მისდევდა.

ცხვრის ფარას სოფლისკენ მიმავალი გზა მთლიანად დაეკავებინა..

ამიტომ ჩიკომ ფარაში შერევას  მოკლე გზით წასვლა ამჯობინა. ასკილის ბუჩქებისკენ  გადაუხვია და ქობულოს ბილიკს აუყვა.

ძაღლმა ღორღიანი აათავა და  ნამეხარ კლდეს რომ მიუახლოვდა, ცხვრის  ბღავილი გაიგონა.

გაჩერდა, ყურები დაცქვიტა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა.

ბღავილი სულ ახლოდან ისმოდა.

ჩიკო ძუნძულით წავიდა ხმის მიმართულებით და  ასკილის ბარდების ქვეშ თხრილში ჩავარდნილი ცხვარი დაინახა.

საბრალო ისე იყო დაფეთებული და  დაღლილი, რომ  ადგილიდან ვეღარ იძვროდა. ჩიკოს დანახვაზე ჯერ უმწეოდ აფართხალდა, მერე ისევ მიყუჩდა.

,,ეტყობა ფარას ჩამორჩა“, -გაიფიქრა ჩიკომ.

უნდოდა დახმარებოდა, მაგრამ როგორ?

უეცრად დაღმართზე ორ  ნაგაზს მოჰკრა თვალი, რომლებიც მისკენ გამხეცებული ყეფით მოქროდნენ. ჩიკომ იცნო მეცხვარეების ძაღლები და  არ ესიამოვნა მათი დორბლებმომდგარი ლაშებისა და დაკვესებული თვალების დანახვა.

არაფერი შეიმჩნია , ერთ ადგილზე გაშეშდა. 

უსიამოვნების მოლოდინში მთელი ტანი დაეძაგრა და ბალანი აებურძგლა.

ჩიკომ თვალისდახამხამებაც ვერ მოასწრო, რომ მწითურმა ნაგაზმა  უკანა ფეხებში ბასრი კბილები  ჩაასო, მეორე ნაგაზი კი პირდაპირ ნესტოებსა და ყბაში ეცა.

მეცხვარეების ძაღლები გულისწამღებად ღავღავებდნენ და ჩიკოს სხეულზე ჩაბღაუჭებულ კბილებს, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, იქით-აქეთ აქნევდნენ. 

ყოველ ასეთ მოძრაობაზე ჩიკო ენითაუწერელ ტკივილს გრძნობდა.

ყბებიდან სისხლი თქრიალით წასკდა  და  ღორღი წითლად შეღება.

ჩიკო მთელი ტანით მოიკრუნჩხა და გაბრძოლება სცადა, მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობდა ნაგაზებისგან თავის დაღწევას, მათი კბილები უფრო მეტად უჯიჯგნიდა  ხორცს.

მოულოდნელად ნამეხარ კლდესთან კიდევ ორი ძაღლი გამოჩნდა. ჩიკომ  თვალებს არ დაუჯერა: მათკენ გაშმაგებული ლეგა და ბროლია მორბოდნენ. ისინი  გაავებულები  ეცნენ დაუპატიჟებელ სტუმრებს და ჩიკო კბილებიდან გააგდებინეს.

მეცხვარეების ნაგაზები ქობულოს აღმართზე ღავღავით გაუჩინარდნენ. 

ჩიკო ისე იყო არაქათგამოცლილი, ფეხზე ძლივს იდგა. 

პირში ენა გამოისვა და იგრძნო რომ მარჯვენა ყბაზე ყველა კბილი ჩამტვრეული ჰქონდა, მენჯებიც საშინლად ეწვოდა.

მის წინ ლეგა და ბროლია იდგნენ და ბალანზე თბილ დრუნჩს უსვამდნენ.

უკვე კარგად იყო დაღამებული, შინ რომ მივიდა.

მისავათებული სადგომში შელასლასდა და ჩალაზე მიწვა .

მთვარის შუქით განათებულ ქოხში კარგად ჩანდა პედიგრით სავსე ჯამი. ალუმინის მომცრო ქვაბში  ვიღაცას  ტალახიანი წყალი გადაეღვარა და ახალი ჩაესხა. 

ჩიკოს არც ჭამის თავი ჰქონდა და არც სმის.

ავტოფარეხისკენ გაიხედა, მაგრამ გიორგის მანქანას თვალი ვერსად მოჰკრა.

აივანი და სახლიც ჩაბნელებული იყო.

მისი პატრონები თბილისში წასულიყვნენ.

კარ-მიდამოს  მოვლა კი, როგორც ჩანს,  მეზობლებს  მიანდვეს.

,, რა ცუდად ვარ, როდის გათენდება ,- გაიფიქრა ჩიკომ და ბარძაყებზე დაფლეთილი ხორცის ლოკვა დაიწყო..

როგორც კი ირიჟრაჟა, მათ ჭიშკარს მეზობლის ქალი მოადგა.

ჯერ სახლში შევიდა და ქეთლით წყალი გამოიტანა. მერე ქათმები და იხვები გამოუშვა და საკვებურებში ქერი ჩაუყარა.  ამას რომ მორჩა,ღობის კუთხეში კურდღლის ბაჭიების  ვოლიერთან მივიდა  და კომბოსტოს ფურცლები კარის გაუხსნელად , ზემოდან გადაუყარა. 

ქალმა ყველაფერი მიაბინავა და წყლით სავსე ქვაბით ჩიკოს ქოხში შევიდა.

- ეს რა მოგსვლია, შე საცოდავო!- წამოიძახა შეშფოთებულმა, როცა 

ჩალაზე ორადმოკაკვულ ძაღლს შეხედა .

ჩიკომ დაიწკმუტუნა და ჭრილობის ლოკვა გააგრძელა.

ალბათ გსმენიათ,ბავშვებო, რომ ძაღლები ჭრილობებს ლოკვით ირჩენენ.

ეს მართლაც ასეა! რადგან ძაღლების ნერწყვი  სამკურნალო ნივთიერებას შეიცავს.  ჩიკო იმ ჭრილობას, რომელსაც ენით სწვდებოდა,  მთელი ღამე  ილოკავდა და  ისე ძალიან აღარ აწუხებდა.

მაგრამ  ზედა ყბაზე  მოზრდილი ნაკბილარები , რომელსაც ენას ვერ აწვდენდა  ,ისევ  სტკიოდა.

რამდენიმე დღე ჩიკომ ისე გაატარა, რომ ეზოს არ გასცილებია.

ნაიარევი ყბა  თითქოს დაუამდა, მაგრამ ცოტას რომ გაირბენდა და  ცივ ჰაერს ჩაისუნთქავდა , ცხვირ-პირი წებოვანი სითხით ევსებოდა და სუნთქვა ეკვროდა.

დაფლეთილი ღრძილებიდან  ნერწყვთან ერთად ზოგჯერ სისხლსაც აყოლებდა...შიმშილმა რომ შეაწუხა, საჭმლის ჭამა სცადა, მაგრამ ჩაიდო თუ არა პირში პედიგრის მშრალი და მაგარი ბურთულები, ისეთი ტკივილი იგრძნო, მიხვდა თავის საყვარელ კერძს კარგა ხანი ვეღარ გასინჯავდა.

ქვაბიდან რამდენიმე ყლუპი წყალი აცქლიფა და ეზოში გადმოხრილი ცაცხვის ტოტებქვეშ უხალისოდ მიწვა.

მთელი ყურადღება წყაროსკენ ჰქონდა გადატანილი, რადგან ქალაქიდან მომავალი მანქანა პირველად  წყაროსთან  უნდა გამოჩენილიყო.

შუადღე რომ გადავიდა , სკოლიდან ზარის ხმა გასმა. უფრო სწორედ ლითონის ბოძზე ქვის დარტყმის ხმა.

როცა ქობულოში დენი ითიშებოდა,  მოსწავლეები სკოლაში  ზარს ასე რეკავდნენ.

,, გაკვეთილები დამთავრდა, ახლა სტადიონზე ჩამოვლენ“,- გაიფიქრა ჩიკომ... ყველანი როგორ მოენატრნენ: ლენგინა, სამუელი, მაგდა, ლილე, გაგა...როგორ უნდა მათთან ერთად  მხიარულება და ყირაზე დგომა, მაგრამ არა!!

სანამ ჭრილობები არ შეუხორცდება, ბავშვებს არ დაენახვება!

ასეთი დასახიჩრებული რომ დაინახონ, გული გაუსკდებათ!

თანაც, შეიძლება მგლის დაკბენილი ეგონოთ და  ტყეში წასვლა შეეშინდეთ!“

ჩიკო თავს დღითიდღე ცუდად გრძნობდა. 

ვერც ჭამდა და ვერც თვლემდა. 

როგორც კი ფეხზე ადგომას დააპირებდა წონასწორობა ეკარგებოდა და ბარბაცს იწყებდა.  თავი გაბრუებული და დამძიმებული ჰქონდა.

ერთი- ორჯერ, ცაცხვებიდან გზის დანახვა რომ სცადა,  უცნაური რამ დაემართა: მოეჩვენა, რომ გზა იქით-აქეთ ორად გაიყო და  ამოძრავდა. 

,,ნეტავ, როდის მოვა ლელია!“

პატრონების  მოლოდინში ორი კვირა მიიწურა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ რუტინა, როგორც სწავლის საშუალება

გამოიყენეთ რუტინა, რათა ასწავლოთ ბავშვს ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა დროის მართვა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025