ზამთარია.
დეკემბრის სუსხიანი დილა.
სულ მაღლა თუ აიხედავთ (მზის სხივებზე ოდნავ დაბლა), დათოვლილი მთის კალთა გამოჩნდება, რომელსაც უსწორმასწორო ბილიკი რუხი ბაწარივით მიუყვება.
აი, ეგ არის ლელიას სოფლის გზა.
სოფელიც იქვეა- ქობულო!
დაბლა, მდინარის პირას, ლამაზი ჭალაა.
ზაფხულობით ეს ჭალა ბავშვებით ივსება: ზოგი ამ სოფლიდან ჩაირბენს, ზოგი მეზობელი სოფლებიდან, ზოგიც- ქალაქიდან მოდის.
აქ ყველას ერთად ნახავთ: მდინარეში მოჭყუმპალავე ბავშვებს, ჭრელდრუნჩა ხბოებს, ბუნებით აღტაცებულ სტუმრებს, სამწყემსურში საქსოვით გამოსულ ბებოებს.
ბავშვები კი თამაშობენ და თამაშობენ, სანამ არ დაღამდება.
და რომ დაღამდება, ერთი სული აქვთ, როდის გათენდება, რომ აქ მოვიდნენ და ისევ ითამაშონ!
თამაში ხომ ბედნიერებისთვის არის მოგონილი!
აქაურ ბავშვებს კარგი ჩვევა აქვთ: მეგობრულად ეპყრობიან ერთმანეთს.
სათამაშოებზე ,,ჩემია, ჩემია”-ს კი არ გაიძახიან! ბურთი იქნება, ველოსიპედი თუ სახტუნელა , ერთმანეთს უთმობენ!
უფრო დიდები პატარებს ეხმარებიან ვიწრო ბილიკებზე სიარულში, ხიდზე გადასვლაში, სახიფათო ადგილებში შეძრომასა და უკან გამოძრომაში...
ბევრსაც იცინიან და არიან ბედნიერად.
მაგრამ ახლა ზამთარია.
სოფელი დაცლილია და მხოლოდ სტუმრების მოსვლის დროს გამოცოცხლდება.
ლელია ობოლი გოგოა .
დედა მის დაბადებას გადაჰყვა.
უფროსი ძმები - საბა და გიგია მამამ სასწავლებლად ქალაქში წაიყვანა და ის ქობულოში მარტო დარჩა.
როცა არდადეგები იწყება ,პანსიონიდან სახლში ბრუნდება და მამას საოჯახო საქმეებში შველის!
ლელიას მამას გიორგი ჰქვია! ზოგი ბატონ გიორგის ეძახის, ზოგიც , უბრალოდ - გოგიას!
როცა მამა სამსახურში მიდის, ლელია შინ მარტო რჩება. ამას უკვე შეეჩვია და აღარ ეშინია..თუმცა, იშვიათად, თუ მამას შეღამებამდე აგვიანდება, იცის, რომ ბილიკზე უნდა ჩაირბინოს და მის დაბრუნებას იმედა ბიძასთან დაელოდოს.
გიორგის მუდამ სამხედრო ფარაჯა აცვია და იარაღით დადის .
იგი ყველაზე უშიშარი მესაზღვრე და საუკეთესო მონადირეა!
ჯერ ქალაქში ცხოვრობდა, შემდეგ, - როცა მეუღლე გარდაეცვალა და ომი დაიწყო, ბავშვებთან ერთად ამ მთიან სოფელში დაბრუნდა და წინაპრების მსგავსად სამხედრო საქმეს მოჰკიდა ხელი.
მათი სახლის კედლები მედლებითა და სიგელებითაა სავსე და ყველა მათგანზე ლელიას მამის სახელი და გვარი წერია!
ლელიას რაც თავი ახსოვს, მამის სასთუმალთან მუდამ ბევრი თოფი დევს.
როცა მათ ოჯახში სტუმრები მოდიან, ყველა გიორგის ვაჟკაცობის ამბავს ჰყვება!
- გახსოვს, გოგი? –დაიწყებს რომელიღაც სტუმარი და მოჰყვება , თუ როგორ აუშენა ლელიას მამამ ხიდი და სახლი გაჭირვებულ კაცს, შემდეგ მეორე მოჰყვება, თუ როგორ გადაარჩინა ქალები და ბავშვები ომის დროს და როგორ ინადირა მიუვალ ჭიუხებში, სადაც მანამდე ფეხი არავის დაუდგამს...ამ ამბებს სტუმრები ისე ჰყვებიან, თითქოს საკუთარი თვალით რომ არ ენახათ, ვერც დაიჯერებდნენ.
სადაც არ უნდა წაიყვანოს ლელია მამამ, დაბადების დღეზე თუ გასართობ ცენტრში - უფროსები აღფრთოვანებას ვერ მალავენ:
- გოგი, შენი გოგოა?!
- რა ლამაზია!
- ოთახის დაგვაც სცოდნია და ჭურჭლის გარეცხვაც!
ამ დროს ლელია იშმუშნება და ფიქრობს : ,,ნეტავ ის თუ იციან, რომ ლენგინასთან ,,დროშობანას“ თამაში ყველაფერს ურჩევნია?! ან ის- ერთხელ მამამ მაღაზიაში პურზე რომ გაგზავნა, მას კი ხელებზე შესცივდა, ნაყიდი პური თოვლში მოისროლა და შინ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დაბრუნდა?!
კიდევ კარგი, ის და მამა ნამდვილი მეგობრები არიან და ერთმანეთის საიდუმლოს შენახვა იციან!!
ლელიამ იცის, რომ თვალებში მამას ჰგავს, ხოლო თმებში -დედას!
დედის სურათი , მისაღებ ოთახში, იესოს ხატის გვერდით ჰკიდია.
როცა მამა სამსახურში მიდის, ლელია კედელთან სკამს იდგამს, დედის სურათს ფრთხილად ხსნის და ტახტზე ბალიშებს შორის მალავს...მერე თვითონაც მიუჯდება და დიდხანს უყურებს.
ლელიას სხვა ბავშვებისგან ყოველდღე ესმის სიტყვა ,,დედა!“, მას კი ეს სიტყვა არასოდეს წარმოუთქვამს და ძალიან უნდა მასაც შეეძლოს ამ სიტყვის ვინმესთვის დაძახება!
მაგრამ აბა, ვის დაუძახებს?!
ჰოდა, როცა ეს ძალიან ენატრება, ამ ოთახში შედის, კარებს კეტავს და თავისთვის, ხმამაღლა ამბობს ჯადოსნურ სიტყვას ,,დედა!“
ბევრი თოფების, ბევრი მედლების და ბევრი სტუმრების გარდა, ლელიას სახლში ყოველთვის არიან ბევრი ძაღლები.
ხან ორი, ხან სამი.... ხანაც მეტი!
და რამდენი ძაღლიც არ უნდა იყოს, ყველას ჩიკო ჰქვია.
-მამიკო, ამ სამყაროში ადამიანებსაც და ცხოველებსაც თავთავისი სახელები აქვთ და ჩვენ ყველა ძაღლს ჩიკოს რატომ ვეძახით?!- ეუცნაურა ლელიას.
- ასე მათი მოვლა ადვილია! როცა საჭმელს ვუმზადებ, ერთს ვეძახი და ყველა მორბის! - ღიმილით აუხსნა მამამ.
-აბა, უყურე!
გიორგიმ ბოსტნის კარი გააღო, შემაღლებულ ბორცვზე შედგა და ხმამაღლა დაიძახა:
-ჩიკო! ჩი-კოო!!
ორი წუთიც არ გასულა, სამივე ძაღლი აქოშინებული მოვარდა და გიორგის გარშემო სირბილი დაიწყეს.
,,მართლა ადვილი ყოფილა,“ - გაეცინა ლელიას.
მე ვიცი, ბავშვებო, რომ ცხოველები თქვენც ძალიან გიყვართ.
ისიც ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს სახლშიც გყავთ ძაღლი და ოჯახის წევრივით უვლით.
მაგრამ არ ვიცი, თუ გსმენიათ რაიმე ნადირობის და მდევარი ძაღლების შესახებ?
თუ ჯერ არაფერი- ეს წიგნი თქვენზეა ზედგამოჭრილი .
მდევარ ძაღლებს, სხვებთან შედარებით, გრძელი ცხვირი და შეუდარებელი ყნოსვა აქვთ, გარეული ცხოველის კვალს ადვილად აგნებენ და ამიტომაც ნადირობა მათ გარეშე წარმოუდგენელია!
ზოგი მდევარი ფრინველებზე ნადირობისას გამოიყენება, ზოგი- კურდღელზე , ზოგიც- გარეულ ღორზე ან დათვზე.
ასე რომ, სახელის გარდა , ჩვენს ჩიკოებს, საერთო ისიც ჰქონდათ, რომ ყველა მათგანი მდევარი იყო და ლელიას მამას ტყეში სანადიროდ დაჰყავდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ დღესაც სოფელ ქობულოში მონადირე გიორგისა და ობოლი ლელიას ოჯახში თბილისიდან მეგობრები ჩამოვიდნენ და სწორედ ის ჩიკო ჩამოიყვანეს, რომელზედაც ეს წიგნი დაიწერა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მათ სახლში მხოლოდ ერთი ჩიკო ცხოვრობდა.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ბავშვისთვის რაიმე საქმის მინდობა სკოლამდელი აღზრდის პერიოდში, უვითარებს მას თვითდაჯერებულობას და კომპეტენციის გრძნობას, ამბობს ბასი. ბავშვი, რომელსაც ევალება ყვავილების მორწყვა ან საშრობიდან ტანსაცმელის გამოღება, დიდი ალბათობით თავად შეძლებს ჩაცმას ან სიმინდის ბურბუშელის მომზადებას. უბრალოდ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ მიერ მინიჭებული დავალება მარტივად განხორციელებადი იყოს. ასევე, იყოს ნამდვილი საქმე, რომელიც ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვს, რადგან სკოლამდელ ბავშვებსაც შეუძლია სამუშაოს შეფასება. მიზანია, შვილმა ოჯახის ქმედითუნარიან წევრად იგრძნოს თავი.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო