kids.ge logo

სიყვარულის უბნის ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

ერთ ტყეში, ერთ მაღალსა და ლამაზ ხეზე კუდფუმფულა, დიდწამწამებიანი ციყვი ცხოვრობდა, რომელსაც ცვიკის ეძახდნენ. ციყვი ცვიკი ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო, დღე არ დაღამდებოდა ისე, მეზობლებისთვის არ ჩამოევლო და არ ეთქვა ჯადოსნური სიტყვა - მიყვარხარ! დიახ, ჯადოსნური, რადგან ეს სიტყვა ყველას სითბოს საოცარ ჟრუანტელში ხვევდა. ღრუბლიან ამინდშიც კი ისეთ კარგ ხასიათზე დგებოდნენ და ერთმანეთს ისეთი სითბოთი უღიმოდნენ, თითქოს ოქროსფერი მზე ბრწყინავდა კამკამა ლურჯ ცაზე. სწორედ ამიტომ ტყის ამ უბანში, რომელსაც სიყვარულის უბანს ეძახდნენ, ყოველთვის კარგი ამინდი და კარგი განწყობა სუფევდა.

დაუზარელი იყო ცვიკი. გათენდებოდა თუ არა, პირს დაიბანდა, ფუმფულა კუდს ნაძვის ტოტზე  კარგად ჩამოივარცხნიდა და ფუღუროდან მეზობლებისკენ დაეშვებოდა. ყველას სოროში შეიჭყიტებოდა, თვალების მოჭუტვით „მიყვარხართო“, ეტყოდა და თათის ქნევით ემშვიდობებოდა _ თხილისა და წაბლის მოსაძებნად მიიჩქაროდა. მთელი დღე ფუსფუსებდა, ტოტიდან ტოტზე მხიარული სიმღერით გადახტოდა, მოჰქონდა და ფუღუროში საგულდაგულოდ ინახავდა ზამთრის მარაგს.

ასე გადიოდა დრო და ტყის ამ უბნის ბინადარნი ყოველ დილას მზის მაგივრად ფუღუროს შესცქეროდნენ და ცვიკის ელოდნენ. ნამდვილი მზე ყველასთვის ამ ფუღუროდან ამოდიოდა და ამ ფუღუროში ჩადიოდა. ცაზე ამოსულ მზეს სინათლე მოჰქონდა მათთვის, ცვიკის კი _ სითბო _ სიყვარულის სითბო!..

_ ცვიკი იყო უკვე თქვენთან? _ დილაადრიანად გადასძახებდნენ მეზობლები ერთმანეთს.

_ იყო, იყო! _ პასუხობდნენ გაბრწყინებული თვალებით და საქმეს სიყვარულის საოცარი ენერგიით იწყებდნენ. 

ასე ბედნიერად მიდიოდა სიყვარულის უბნის ბინადართა ცხოვრება მანამ, სანამ ერთ დღეს ცვიკისა და მის მეზობლებს უბედურება არ დაატყდათ თავს. ტყეში მოვიდნენ ხის მჭრელები და სხვა ხეებთან ერთად ცვიკის მაღალი და ლამაზი ხეც მოჭრეს...

იმის მაგივრად, რომ გაქცევით თავი გადაერჩინა, ელექტროხერხის გუგუნით გულგახეთქილი ცვიკი დაიბნა და ფუღუროში ღრმად შეძვრა. რამდენიმე წუთში ხე ჭრიალ-გრიალით წაიქცა, იგორა, იტრიალა, ბუჩქები და ნორჩი ხეები მოგლიჯა და მდინარეში გადაეშვა _ ცვიკიც თავისი ზამთრის მარაგით თან გაიყოლა...

როცა ყველაფერი მიწყნარდა და ხის მჭრელებიც თვალს მიეფარნენ, შეშინებულმა ცხოველებმა ფრთხილად გამოყვეს ცხვირები სოროებიდან და მაშინვე ცვიკის ფუღუროსკენ აიხედეს... ყველამ ქულაღრუბლებიანი ლურჯი ცა და ამ სილურჯეში აბრჭყვიალებული მზე დაინახა, ცვიკის ლამაზი ხისა და, რაც მთავარია, მისი ფუღუროსგან კი უზარმაზარი გადაჭრილი კუნძიღა დარჩენილიყო...

 ელდა ეცათ სიყვარულის უბნის ბინადრებს. ერთმანეთს სხივჩამქრალი თვალებით გადახედეს, ყურები ჩამოყარეს და უთქმელად გაიხურეს სოროების კარები.

იმ დღიდან მოიწყინა სიყვარულის უბანმა: მზე აღარ მზეობდა მათთვის, აღარ ისმოდა მხიარული  შეძახილები, აღარ იღებოდა სიმღერით სოროების კარები და აღარ იყურებოდნენ აღარც ცვიკის ფუღუროსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, აღარც ცისკენ! ყველასთვის ნისლიან-ღრუბლიანი დღეები დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მზის სხივები ყოველი ჭუჭრუტანიდან ძვრებოდნენ სოროებსა თუ ფუღუროებში, ცელქობდნენ და ათასფერი ციმციმით გადახტოდნენ ფოთლიდან ფოთოლზე, ნამიდან ყვავილზე...

ხანდახან სხვა უბნებიდან გამოივლიდნენ ცხოველები და დასადგურებული სიჩუმით გაკვირვებულები გაივლიდნენ ამ მუდამ მხიარულსა და სიცოცხლით სავსე უბანს. 

ერთ დილით სიყვარულის უბნის კუთხე-კუნჭულს ქაქანით შემოუფრინა გულთეთრა კაჭკაჭმა  და ყველას ამცნო:

_ მეზობლებო, ხომ არ დაგავიწყდათ? დღეს  ჩვენი ტყის დღეობაა! ყველა უბნიდან მოვლენ, მოიტანენ ხილსა და საკვებს, ყველა ერთად მოვილხენთ... თქვენ რატომ მოგიწყენიათ? სოროებიდან ცხვირსაც არ ყოფთ, რა მოგივიდათ?! გამოდით! აბა ჰე, გაიღვიძეთ და მოემზადეთ ნადიმისა და ცეკვა-თამაშისთვის! 

ერთი სოროდან მოხუცმა მელიამ გამოყო თავი, თვალებზე თათის მოჩრდილვით ახედა ლაქლაქა კაჭკაჭს და გაბრაზებით ასძახა:

_ გაჩუმდი, ერთი, ნუ წაიღე ყურები! არ ვართ მხიარულების ხასიათზე, წადით და გინდა იცეკვეთ და გინდა იმღერეთ, ჩვენ თავი დაგვანებეთ! 

_ რა ღრმად ჩამძვრალხართ სოროებში, არ გცივათ? _ არ დანებდა კაჭკაჭი, _ შეხედეთ, რა კარგი ამინდია, მზე როგორ ბრწყინავს და ათბობს! გამოდით, გათბით მაინც!

_ როდის აქეთ შეგტკივა გული ჩვენზე, შე ენატარტარა?! _ ახლა დედა კურდღელმაც გამოიხედა, _ მერე რა, რომ მზე ბრწყინავს? ის ანათებს, მაგრამ ჩვენთვის არ ათბობს...

_ როგორ არ ათბობს?! _ გაუკვირდა კაჭკაჭს, _ მე დამცხა კიდეც.

_ მზე ჩვენთვის უსიყვარულოდ არ ათბობს, მხოლოდ ანათებს!..

_ გამოდით, აუხსენით ერთმანეთს სიყვარული და გათბებით, მაგაზე ადვილი რა არის, თქვე სულელებო?! _ ჩაიხითხითა კაჭკაჭმა.

_ ვინ არის სულელი?! ვის დასცინი შენ?! აბა, მოუსვი აქედან, სანამ ცოცხალი ხარ! _ ბურდღუნით მიბაჯბაჯდა დათვი იმ ხესთან, რომლის ტოტზეც შემოსკუპებულიყო მაცნე ფრინველი.

_ ოჰ, თუ არ გინდათ, ნუ გინდათ, უთქვენოდაც ჩატარდება ტყის დღეობა! _ ჩაილაპარაკა ცოტა არ იყოს შემცბარმა კაჭკაჭმა, _ ჩემი ვალია, ყველას გავაგებინო... იყავით აბა, ასე სოროში შემძვრალ-შემალული და იკანკალეთ სიცივისგან, მე რა მენაღვლება!

_ ვიცით, რომ არ გენაღვლება და მაგიტომაც გეუბნები... სანამ ამოვსულვარ, მანამდე გაქრი მაქედან, შენთვის აჯობებს! _ დათვი უკვე ხის გაბარჯღულ ტანზე მიბობღავდა.

კაჭკაჭმა დამცინავად გადმოხედა სიყვარულის უბნის ბინადრებს და ფრთების ფართხუნით გაეცალა იქაურობას.

მეზობლებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს სევდიანად, შემდეგ ცვიკის ხისგან დარჩენილ კუნძს ალმაცერად შეავლეს თვალი და სოროებისკენ თავჩაღუნულები გაემართნენ.

_ დე, წავიდეთ რა ტყის დღეობაზე! _ სთხოვა დედა კურდღელს ბაჭია ბაჭიტომ.

_ ეჰ, რა გვედღეობება, შვილო, ვინ არის დღეობის ხასიათზე?! _ ხელი ჩაიქნია დედამ. 

_ მაშინ ცოტა ხნით წავალ და ვითამაშებ, რაა!

_ კარგი, მაგრამ მალე მოდი.

ბაჭიტო სკუპსკუპით გაეშურა თანატოლებისკენ. 

_ ბავშვებო, იცით, რა მოვიფიქრე?!.. _ დააინტერესა მეგობრები  ბაჭიამ, _ მოდით, ხვალ დილიდან ასე გავაკეთოთ...

დიდხანს იჩურჩულეს პატარებმა ციყვი ცვიკის ხის კუნძთან, ბოლოს კი სხივჩამდგარი თვალებით გაემართნენ სოროებისკენ.

მეორე დილით ბაჭიტომ და მისმა მეგობრებმა ერთდროულად შეაღეს ყველა სოროს კარები და ცვიკის მიბაძვით _ სიყვარულით სავსე ხმითა და თვალების მოჭუტვით მშობლებს უთხრეს  ჯადოსნური სიტყვა _ მიყვარხარ!

თითქოს ცა გაბრწყინდა, მზემ ძალუმად იწყო კაშკაში და სხივთა ფრქვევა, სიყვარულის უბნის ყველა ბინადარი გამოცოცხლდა და ნელ-ნელა გარეთ გამოეფინა. ერთმანეთს გაუღიმეს, მიესალმნენ, ცვიკის კუნძთან შეჯგუფდნენ და მეზობლებს ამბები გამოჰკითხეს. 

სიყვარულის უბნის გამოცოცხლებით გახარებული პატარებიც შეუერთდნენ მშობლებს. ბაჭიტო ცვიკის ხის კუნძზე აცოცდა და ხმამაღლა გამოაცხადა:

_ ჩვენ გვჯერა, ცვიკი დაბრუნდება! 

უეცრად საოცარმა სიჩუმემ დაისადგურა. მშობლებმა ერთმანეთს გადახედეს და მიხვდნენ, რომ ყველა ასე ფიქრობდა, ყველას ასე სწამდა. 

_ მეც მჯერა! _ რწმენით სავსე ხმით დაეთანხმა ბაჭიას დედა ლომი და ღიმილით გახედა მამა ლომს. მამა ლომმა თანხმობის ნიშნად თავი დახარა.

_ მეც მჯერა, მეც, მეც!.. _ გაისმა ყოველი მხრიდან.

_ მაშინ ცვიკის სახლი უნდა დავახვედროთ, _ გადახედა მეზობლებს მამა ლომმა, _ ავირჩიოთ ერთი ლამაზი ხე და ფუღურო მოვუმზადოთ... 

_ კარგი აზრია! _ მოიწონა დათვმა და დაუმატა, _ ვისაც ხეზე ასვლა და მუშაობა შეგვიძლია, ფუღურო გავაკეთოთ, ხოლო დანარჩენებმა ზამთრის მარაგი მოუგროვეთ.

სიყვარულის უბნის ბინადრები დიდი ხალისითა და მონდომებით შეუდგნენ საქმეს და სულ რამდენიმე დღეში დაამთავრეს ფუღურო, ხოლო შიგნით ზამთრის იმდენი მარაგი მოათავსეს, რომ მათ საყვარელ ცვიკის ალბათ სამი წელი მაინც არ გამოელეოდა...

რა იცოდნენ სიყვარულის უბნის ბინადრებმა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ცვიკის მრავალი განსაცდელი გადაეტანა, მაგრამ ჯიუტად, თავდაჯერებითა და დიდი მოთმინებით მოიწევდა მშობლიური კუთხისკენ. 

თუმცა ალბათ ჯობს თავიდან გიამბოთ, რა გადახდა ცვიკის წყალში ჩავარდნის შემდეგ:

მდინარის დინებამ ცვიკის ხე შორს გაიტაცა, დიდხანს ატრიალა, ხან აქეთ მიაგდო და ხან იქით. შეშინებული ცვიკიც ხან ზევიდან მოექცეოდა დატოტვილ ხეს, ხან წყლის შხეფებში გაეხვეოდა, მაგრამ თათებითა და კბილებით მაგრად ჩაფრენოდა ერთ ტოტს იმ იმედით, რომ დღეს თუ ხვალ ნაპირზე გააღწევდა. მართლაც, ერთ დღეს, როგორც იქნა, ხე ნაპირთან მირიყა დინებამ. ტრიალისგან თავბრუდახვეულმა, გვერდებჩათეთქვილმა და სულმთლად გალუმპულმა ცვიკიმ დრო იხელთა, სასწრაფოდ გადმოხტა მიწაზე და მახლობელ ხეზე აძვრა. სული რომ მოითქვა და ცოტა გონს მოვიდა, იქაურობა მოათვალიერა, თითქოს ყველაფერი: ხეც, ყვავილიც და ბუჩქიც ისეთივე იყო, როგორიც მშობლიურ უბანში, საკვებიც ბლომად მოიძია, მაგრამ რაღაც აკლდა, ამ დანაკლისს კი თან დიდი წუხილი ახლდა. დრო გადიოდა და ეს სევდა გულიდან არ შორდებოდა.

ერთ დილითაც გადაწყვიტა, ჩამოსულიყო ხიდან და აქაური მეზობლები მოენახულებინა. მართლაც ასე მოიქცა. პირველად კურდღლების ბუნაგს მიაშურა, ჩვეულებისამებრ, გაბადრული სახით დააკაკუნა, შეაღო კარი და თვალებმოჭუტვით - მიყვარხართო, - უთხრა...

თქვენს მტერს, რაც მას დაემართა! 

კურდღლების უხეშად მოჯახუნებული კარი ცვიკის ისე მწარედ მოხვდა ცხვირში, რომ თვალებიდან სულ ნაპერწკლები აყრევინა. გაოგნებული კარგა ხანს გონს ვერ მოვიდა, თუმცა ცვიკი რისი ცვიკი იყო, რომ წყენა გულში დიდხანს დაეტოვებინა?! მალე დამშვიდდა, ცრემლები თათებით ამოიწმინდა, მიიხედ-მოიხედა და მისკენ მომავალი მელია დაინახა. თავისი მეზობელი მოხუცი ბერიკა გაახსენდა, სულ რომ ეხვეწებოდა, პირველად ჩემთან შემოანათე შენი ლამაზი თვალებიო და ამ გახსენებით ცოტა გამხნევებულმა მოახლოებულ მელიას თბილად გაუღიმა, თან მიყვარხარო, ჩაულაპარაკა...

აქაც შეცდა! მელიამ შუბლი შეიკრა, ერთი ამრეზით ახედ-დახედა, შეუბღვირა და ჩაუბურდღუნა:

_ ვინა ხარ, საიდან მოთრეულხარ?!.. თავი დამანებე, შენთვის არა მცხელა! _ და გზა განაგრძო.

ახლა კი დაიბნა ცვიკი, რა გაეკეთებინა, არ იცოდა, თუმცა ფარ-ხმალის დაყრას სულაც არ აპირებდა. გარემო დაკვირვებით მოათვალიერა  და მოშორებით მზეს მიფიცხებული მგელი დაინახა. მაშინვე მისკენ გაეშურა და გაუღიმა.

_ გამარჯობა! მე ცვიკი მქვია, თქვენი ახალი მეზობელი ვარ...

_ კარგი ერთი, მართლა?! _ დაცინვა გაჟღერდა მგლის ხმაში, _ მერე?! რა გინდა?!..

_ გამიხარდა, რომ დაგინახე და... მინდოდა მეთქვა... რომ, რომ… _  მგლის დაცინვამ გული ატკინა ცვიკის, მაგრამ მაინც ამოთქვა: _ მიყვარხარ!

_ რაა?! _ მოწკურული თვალებით გამოხედა მგელმა, ნელა წამოიმართა და ისე დაიღრინა, ცვიკიმ მისი ყველა კბილი დაინახა, _ და რატომ გიყვარვარ? ჯერ ხომ არც კი მიცნობ?!

_ რა მნიშვნელობა აქვს?.. მე ყველა მიყვარს! _ უკან დაიხია შემცბარმა ცვიკიმ.

_ ყველა გიყვარს?! _ ჩაიცინა მგელმა და თან მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ცვიკიმ საფრთხე იგრძნო და უკან გადახტა.

_ დიახ, რა არის აქ გასაკვირი?

_ არაფერი, არაფერი... _ მგელს თვალები აუელვარდა, ცვიკი მსუნაგად აათვალიერ-ჩაათვალიერა და ნერწყვი ჩაყლაპა: _ მშვენივრად ხარ ჩაპუტკუნებული!

მიხვდა ცვიკი, რასაც გულისხმობდა მისი ახალი მეზობელი და თუ ახლავე არ უშველიდა თავს, კარგი დღე არ დაადგებოდა, ამიტომ ისკუპა, სხარტად გადაევლო თავზე უკვე პირდაღებულ და დუჟმორეულ ნადირს და ხის ტოტებში ელვის უსწრაფესად გაუჩინარდა...

საღამომდე იჯდა ხის კენწეროზე ცვიკი, ხის ძირში კი _ მგელი, საღამომდე ცრემლებს იწმენდდა გულჩათუთქული კუდფუმფულა და იმაზე ფიქრობდა, როგორ გაეკვლია გზა თავისი საყვარელი უბნისკენ. ბოლოს დაღლილს ჩამოეძინა და დილისკენ ძილ-ღვიძილში ერთმა კარგმა აზრმა გაუელვა თავში: თუ მდინარის დინებას აღმა აუყვებოდა, ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევდა სიყვარულის უბანს. ამ აღმოჩენამ ფრთები შეასხა, არც კი დალოდებია გათენებას, მაშინვე გადახტა ტოტიდან ტოტზე და სამუდამოდ უკან მოიტოვა ხის კენწეროსკენ პირდაღებით მიშტერებული მსუნაგი მგელი და უსულგულო ახალი მეზობლები. 

ხან წვიმდა, ხან ძლიერი ქარი ქროდა, ხან ღრუბლებჩამობურულ ღამეში მთვარის ერთი სხივიც კი არ უნათებდა გზას, მაგრამ ცვიკი შეუპოვრად მიიწევდა წინ. დაღლილს წუთითაც არ უნდოდა შესვენება, მხოლოდ ხანდახან წყლით გაიგრილებდა გულს, ცოტას წაიხემსებდა და თავდაუზოგავად მიხტოდა. „იქ დავისვენებ, სადაც სიყვარულით მელიანო,“ _ გაიფიქრებდა და ეს იმედი ძალას მატებდა. 

იცოდა ცვიკიმ, რომ უდიდესი სითბო-სიხარულით დახვდებოდნენ მშობლიური უბნის ბინადრები, მაგრამ იმას ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ ლამაზ ხეზე ახალი ფუღურო ელოდა, სიმყუდროვითა და საკვების ურიცხვი მარაგით.

ბოლოს, მთელი ღამის სიარულის შემდეგ, გამთენიისას, ნაცნობი ადგილებიც გამოჩნდა და გული უჩვეულოდ აუფართხალდა. აი, ახლა კი შეისვენა, ტოტზე ჩამოჯდა და მღელვარებისა და სიხარულისგან ცრემლები გადმოსცვივდა. 

თენდებოდა!..

დიდი ტყის ერთ პატარა უბანში სიყვარულის მზე ამოდიოდა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

აუხსენით თქვენს შვილებს, რატომ არის მნიშვნელოვანი ღირებულებები

მარტივი პასუხი: როდესაც ხარ კეთილი, გულუხვი, პატიოსანი და პატივმოყვარე, შენს გარშემო მყოფები, მათ შორის თქვენც, კარგად გრძნობენ თავს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024