kids.ge logo

ღვია

ფავორიტებში დამატება

ღვია პატარა, მარადმწვანე ბუჩქს ჰქვია მთაში. უმეტესად კლდეზე იზრდება. დაკლაკნილი წვრილი ტოტები განზე აქვს გაფშეკილი. სიმაღლით კი კაცის სიმაღლეც ვერ იქნება.

ეს ახლა, თორემ უწინა ასეთი ტანისა არ ყოფილა ღვია. ვერც ისე მარტოდმარტო ნახავდა ვინმე. უღრანი ტყის შუაგულში იდგა ამაყად. გარს დიდრონი ხეები შემოსდგომოდნენ - დაკოჟრილი მუხები, ჭადრები და ტანსრული წიფლები. ღვია ყველაზე ლამაზი იყო მათში. გაზრდილობითაც სჯობდა სვხებს. წვერი კინაღამ ცისთვის ჰქონდა მიბჯენილი. მზის ოქროსფერი სხივი პირვალად მას ეფრქვეოდა თავზე. დილიდ ცელქი ნიავიც ყველაზე წინ გაჰკრავდა ფრთას, მიუალერსებდა და ნაზად შეურხევდა ქოჩორს.

რადგან სხვებზე მაღლა იყო, ირგვლივ ყველაფერს ხედავდა. საავდრო ღრუბლების გაჩენას ის შენიშნავდა პირველად და მოსალოდნელ ქარიშხალს წინასწარ ატყობინებდა მეზობლებს.

- აბა, ძმებო, მხარში ამომიდექით, ახლოს მოიწიეთ, დიდი მეხთატეხა მოგველის და არ შეშინდეთ! - ეტყოდა ხეებს.

ვინ მოსთვლის, რამდენი ნიაღვრობა, სეტყვა და ჭექა-ქუხილი გადაუტანიათ ხეებს, მაგრამ ერთმანეთის დახმარებით ყოველთვის უვნებლად გადარჩენილან. რამდენჯერ მუხას ციდან ნატყორცნი მუხის ნატეხი საკუთარი ტოტებით დაუჭერია და ღვიისთვის კი აუცდენია. დღესაც ატყვია მუხას მაშინდელი ნამეხარები.

ღვიას ყველაზე მეტი ხვდებოდა სეტყვა და მეხი, გრიგალიც მთელი ძალით ეჯახებოდა, მაგრამ ამაზე არასოდეს წუწუნებდა. ამიტომაც უყვარდათ ასე გულით ხეებს თავიანთი ძლიერი ამხანაგი. დღეებს მის ალერსში აღამებდნენ. საღამოობით კი ძმობისა და მეგობრის ზღაპარს უამბობდნენ ჯერ-ჯერით. განთიადისას ესალმებოდნენ, აქებდნენ და თავს უკრავდნენ მალობის ნიშნად.

ნადირთა და ფრინველთა მეგობარიც იყო ღვია. დასიცხული ირემი მუდამ მის ჩრდილში ისვენებდა. ტყის ჩიტები - ბოლოცეცხლები, პრანწიები და გულწითელები ღვიის ტოტებში იდგამდნენ ბუდეებ და დილიდან საღამომდე ტკბილად უგალობდნენ სხვადსხვა ხმაზე.

ყველას მოსწონდა ღვია.

- რა ლამაზია ეს დალოცვილი, როგორ ამშვენებს ირგვლივ ყველაფერს - ქებით იტყოდნენ ღვიის სილამაზით მოხიბლული მეცხვარეები და მთაში მიმავალნი ერთ ღამეს მაინც გაათევდნენ მის ტოტებქვეში.

ამ ქებას პირველად არაფრად აგდებდა ღვია. არც თავი მოჰქონდა ზომაზე მეტად, არც ყოყოჩობდა. პირიქით, ვინც ძლიერი და ღონიერია, თავდაბალი უნდა იყოსო, ამბობდა. მაგრამ ბოლო დროს თანდათან გამედიდურდა, ნელ-ნელა აიბუა მეგობრები და ბოლოს სულაც შეაქცია ზურგი.

- რა ჩემი საკადრისია ამ ტყეში ყოფნა, - თქვა და ზიზღით გადახედა ხეებს, - არა სჯობია, აგე, იმ მაღალი კლდის თავზე ვიდგე ჩემთვის. მარტოკა უფრო ლამაზი გამოვჩნდები და მნახველებსაც უფრო მოვეწონები.

ეს რომ თქვა, ბევრი აღარ უფიქრია, მაშინვე წასასვლელად მოემზადა.

შეწუხდნენ ხეები ძალიან.

- ნუ მიგვატოვებო, - ემუდარებოდნენ, - ჩვენთან დარჩი. ჩვენ ტოტებს ავიკეცავთ, განზე გავიწევით და ყველაზე ფართო ადგილას დაგითმობთო.

- რა მინდა თქვენთან? - აგდებულად მიუგო ღვიამ, - საფრთხობელებივით მეხვევით გარს და ამ ლამაზ შესახედაობას მიფარავთ. აქ თექიანი მეცვხარეების მეტი ვერავინ მხედავს, იქ კი მთელი ქვეყანა დამინახავს.

- დამიჯერე, ძმაო, - უთხრა მუხამ, - მარტოკა ვერც ქარიშხალს გაუმკლავდები, ვერც ყინვას ვერ გაუძლებ. მთაში მკაცრი ზამთარი იცის დაიჩაგრებიო.

- როგორ თუ დავიჩაგრები, - გაბრაზდა ღვია, - განა აქამდე სულ მარტოკა არ ვიტანდი ყველაფერს?! თქვენ ხომ არ გგონიათ, დიდად მეხმარებოდით! მე უთქვენოდაც ძლიერი ვარ, თქვენ კი თქვენი თავის მოვლაც კი არ შეგიძლიათ.

ეწყინა მუხას, ამიტომაც აღარაფერი უტხრა. თავი ჩაღუნა და ნამეხარ ტოტებს ჩააცქერდა ნაღვლიანად.

- გაუგონე მუხას, მართალს გეუბნება, - ურჩიეს ჭადრებმა და წიფლებმა, მაგრამ ღვიამ ყურიც აღარ უგდო. წავიდა წინათვე შერჩეულ კლდის თავზე დადგა. იქედან დაცინვით გადმოხედა ძირს თავის თანამოძმეებს და მნახველების მოლოდინში მედიდურად გაიჯგიმა. მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა. მის სანახავად არავინ მოსულა. მეცხვარეებმა თითქოს დაივიწყეს. მთის ფრინველები კი ახლოს არ გაეკარნენ უცხო სტუმარს, ისევ სალ კლდეებზე ჯდომა ამჯობინეს ძველებურად.

არ მოეწონა ეს ღვიას, მაგრამ გული მაინც არ გაიტეხა, - დღეს თუ არა, ხავლ მოვლენო, - ამბობდა, არაფერია, მალე გამიცნობე. მერე გამოფენაზედაც წამიყვანენ და მთელს მსოფლიოს შემომატარებენ. ოჰ, რა ბედნიერუ ვიქნებიო! - ფიქრობდა გულში და ბედნიერების მოლოდინში წინასწარვე სიამოვნებით იზმორებოდა.

ამ ოცნებით თავბრუდახვეულმა ღვიამ ვერ შენიშნა, როგორ წამოიშალნენ ხეობიდან ლეგა ღრუბლები. მხოლოდ მაშინღა გამოერკვა, როზა ზლაზვნით გადაუარეს თავზე. შეერთდნენ და აბლაბუდასავით შემოეხვივნენ ირგვლივ. მაგრამ სანამ გონს მოვიდოდა, ცამაც დაიქუხა და მაღლიდან გრიალით წამოვიდა მსხვილი სეტყვა. სეტყვას ქარიშხალი დაერთო.

ღვია, ჩვეულებრივ თამამად შეეგება განსაცდელს. არად აგდებდა ქარ-დელგმის შემოტევას. მაგრამ მარტოკა შებმა არც ისეთი ადვილი გამოდგა. ელვამ შუაზე გაუპო ტანი, სეტყვამ სულ გაგლიჯა მწვანე სამოსი. გაუჭირდა ღვიას, მშველელი კი არსად ჩანდა. აღარსად იყვნენე ძველი მეგობრები - მუხები და ჭადრები, რომ გვერდში ამოსდგომოდნენ ძველებურად. ბევრი ეძახა მაღლიდან - მიშველეთო! - მაგრამ ხმაც მიაწვდინა შორს დარჩენილ თანამოძმეებს.

ამინდი კი, თავისას შვრებოდა. ღმუოდა გამძვინვარებული ქარიშხალი და ღვიას ხან აქეთ ახეთქებდა, ხან იქით, ტოტები მიულეწ-მოულეწა და კინაღამ თვითონაც ძირიანად მოთხარა.

რაც ქარიშხალმა დააკლო, ზამთრის ყინვამ დაუმატა. ნაგვემ-ნაცემი ტოტები მთლიანად შეაყინა. პირველ გაზაფხულზევე დაეტყო ღვიას სიმარტოვე, ფოთოლი სრულად ვეღარ გამოიყარა. მალე ნამეხარი ტანი დაუფუტუროვდა, შუაზე გადაემტვრა და ღრმა უფსკრულში ჩაიჩეხა.

დარჩა ღვია კლდის თავზე დასახიჩრებული. აღარსად წასვლის თავი აღრ ჰქონდა. ქარ-დელგმა და ყინვა-სუსხი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ღვიას ყოველ წელიწადს თითო-ოროლა ტოტი აკლდებოდა და თანდათან პატარავდებოდა. ბოლოს ისე დაჩიავდა, რომ, ერთ დროს უზარმაზარი ხე პაწაწინა, უმწეო ბუჩქად გადაშენდა და შორიდა, კლდეზე აფოფხებული მწვანე ზღარბი გეგონებოდათ.

დგას ახლა ეს აბურძგნული ბუჩქი კლდის თავზე და ნაღვლიანად გადმოჰყურებს აქოჩრილ ტყეს. წუხილით იგონებს იმ ბედნიერ დროს, როცა თვითონაც ახოვანი და ლამაზი იმ ხეებს შორის ცხოვრობდა. იგონებს და გული ბოღმით ევსება, ნანობს თავის შეცდომას, მაგრამ წამხდარ სქმეს ვეღარაფერს შველის.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

პრიორიტეტი მიანიჭეთ თამაშს

სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლები განუწყვეტლივ იმეორებენ იმას, რომ დღეს ბავშვებს ნაკლებად აქვთ წარმოსახვის უნარი თამაშის დროს, ვიდრე ეს ერთი ან ორი ათეული წლის წინანდელ ბავშვებს ჰქონდათ. „უმეტესობა მათი ქმედებებისა ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება“, ამბობს ჰეინსი. გამოსავალი: თქვი: „წადი, ითამაშე“. ვალდებული არ ხართ უზრუნველყოთ თქვენი შვილის ბედნიერება 24/7-ზე. აცადეთ, ცოტა მოიწყინოს. თუმცა, დარწმუნდით, რომ გასართობად გარკვეული ნივთები აქვს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024