სალამურის ლიკლიკა ხმა ნახირს უხმობდა. კუნტრუშა ხბოები მხიარულად მიხტოდნენ ნამით დაფარულ ბალახიან ფერდობზე. მათ წინ უსწრებდნენ ბეკეკები და წვერებცანცარა ვაცები. ქვიდან ქვაზე გადადიოდნენ და ციცაბო კლდეებზე უშიშრად ხტოდნენ. ხბოებს თან მოჰყვნენ ჭკვიანთვალებიანი დინჯი ხარები და ჯუგჯუგით მოსიარულე ბანჯვალა ცხვრები. შემდეგ გამოჩნდა ყრმა მწყემსი გრძელი კომბალითა და სალამურით.
ნახირი გაიშალა აბიბინებულ ზეგანზე. ყრმა მწყემსი კი ჩამოჯდა ციცაბოს ნაპირას, კომბალი მხარზე მიიყუდა და არწივისებური ბასრი თვალით ხეობას ჩახედა. ქვემოთ შხუოდა წვრილად ჩაკლაკნილი მტკვარი, კლდეებზე კი ლივლივებდნენ თეთრად გადაპენტილი გულყვითელა გვირილები.
მოულოდნელად მწყემსმა თვალი მოჰკრა რაღაც უცნაურ ოთხკუთხა საგანს.
გადაშლილ წიგნს ჰგავდა.
წამოიწია და დააკვირდა.
ყრმას უყვარდა წერა და დანის წვერით მუდამ გამოჰყავდა ფიქალზე ასოები და სიტყვები. ქაღალდი და წიგნი, სადაც ბევრი ამბები და არაკები ეწერა, მას ოცნებად ჰქონდა გადაქცეული.
და ახლა თვალი მოჰკრა...
კომბალი განზე გადაისროლა, გუდა მოიხსნა, ძირს დააგდო, მოსხლტა ადგილიდან და ციცაბო კლდეზე თავგამეტებით დაიწყო ჩასვლა. ბანდულიან ფეხს თამამად ადგამდა სიპებზე. ხელებით მარჯვედ ებღაუჭებოდა ქიმებს და როდესაც ცოტათი დაივაკა, წიგნისაკენ სირბილით გაექანა. ელვასავით გადაევლო ლოდებს და ღორღებში ბალახით ჩაკერებულ ჩონჩხებს. მივარდა და დახედა.
წიგნი იყო.
ეტრატის ფურცლები გაყვითლებულიყვნენ და ალაგ-ალაგ მხატვრობას ხავსიც მოჰკიდებოდათ.
ყრმამ წიგნი ფრთხილად და მოწიწებით აიღო და სიხარულით გულში რომ იხუტებდა, წიგნმა ფურცლებზე დაგროვილი ნამის ცრემლებით ყრმას უბე აუვსო.
წკრიალა სიმღერით შეუყვა აღმართს პატარა მწყემსი. აღტაცებული მიაბიჯებდა სიპებზე და ბროლივით გამჭვირვალე ხმით უმღეროდა ნაპოვნ წიგნს და ამომავალ მზეს.
ზეგანზე რომ ავიდა და მზემ თავის სხივთა შუბები მწვერვალებზე გადმოალაგა, ყრმამ წიგნის თავფურცელი გადაშალა და ახალგაზრდული ოდნავი ბორძიკით ამოიკითხა:
- ვეფხისტყაოსანი.
ფართო მკერდზე წვერგადაფენილი, ჭაღარაშერთული, დარბაისელი მთები ჩაჩქანებიანი რაინდებივით წამოშლილიყვნენ, ჯიხვის რქის წარბები მაღლა აეკრათ და უბეებიდან ვაშასავით აფრენდნენ არწივებს.
დილის მზე ციმციმებდა და იცინოდა.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
გამოიყენეთ ელექტრონული დოკუმენტები და მოერიდეთ ქაღალდის გამოყენებას, როდესაც ეს შესაძლებელია.
გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო