ერთხელ ძლიერ დაცხა. დედაჩემი საწოლიდამ ადგა და მითხრა, წყალზე წავიდეთო. წავედით, დავყევით წვრილიანს სერს, ჩავიარეთ შამბზე და ჩავედით ხევში. ხევი ღრმა იყო, მზის სხივები ვერ ჩასწვდომოდა, აქეთ-იქით ნაპირებზე ხეები ერთმანეთზე გადაკვანძულიყო წვერებით. ხის ძირებზე, იქვე ხევის პირად, ჟოლის ფეხები იყო ამოსული, წითლად თავი დაეხარათ და გადმოჰყურებდენ წყლის დენას. ცივი, ანკარა ხევი მოჩუხჩუხებდა გალიპულს ქვებზე, ერთის კლდიდამ მეორეზე გადადიოდა და გუბდებოდა. დედაჩემი მივიდა და ჩადგა შიგ გუბეში. მე ძლივს დავდიოდი ქვებზე, ჩლიქები მტკიოდა.
– მოდი, შვილო, ჩადექ წყალში, საამურია სიცხეში წყალში დგომა.
მე მივედი და კრძალვით ჩავსდგი ჯერ ერთი ფეხი; წყალი საშინლად ცივი იყო და გადმოვხტი ისევ უკან.
– ცივია, არ შემიძლიან დგომა.
– არაფერი გიშავს, უნდა ეხლავე შეეჩვიო, შვილო!
ცოტა ხანი დავდექი წყალში და მერე გამოვბრუნდით უკან. ჩვენს ზევით ნაკაფიანებში ხმაურობა ისმოდა.
– ეგ საშიში ხალხი არ არის, – მითხრა დედამ: – ერთი დედაკაცი და პატარა ბალღია. ჩვენი მტერი ეგრე არა ყვირის. ჩვენ მაინც სიფრთხილე გვმართებს: ესე წვრილიანზე ავიაროთ, ველის პირად ნუ გამოვჩნდებით, ნუ დავენახვებით.
დედაჩემი წინ წავიდა. მე გულმა არ მომითმინა და გავხედე; ტანი დავმალე, მხოლოდ თავი გამოვაჩინე. ამ დროს ქვეიდამ ხმა მომესმა: „ვაი, ვაი, დედილო, მგელი, დედილოჯან, მგელი!“
– ნუ გეშინიან, შვილო, გენაცვალე. აბა სად არის, დამანახვეო? – ჰკითხავდა დედა.
– აგე, ყურები არ გადმოუცქვეტია, ადამიანო, ტყიდამ! – თვალცრემლიანი უჩვენებდა ბავშვი თითით ჩემზე.
– უი, შენ კი გენაცვალოს დედა, მგელი კი არ არის, შვლის ნუკრია, შვილო! ქა, რა ლამაზია!
– დავიჭიროთ, შენი ჭირიმეო, – ეუბნებოდა პატარა დედას და თან მოუთმენლად ემზადებოდა ჩემკენ გამოსაქცევად.
– არა, გენაცვალოს დედა, ცოდოა, შვილო, როგორ იქნება, განა მაგას არა ჰყავს დედა! ხომ უნდა იტიროს იმან თავის შვილზედ!
მე სულგანაბული ყურს ვუგდებდი და მიამა, რომ გავიგონე ერთადერთი სიტყვა ჩვენის შებრალებისა. მე კიდევ მინდოდა ყური მეგდო, მაგრამ დედაჩემი დაბრუნებულიყო, მოირბინა და მითხრა:
– ჰაი, შე ბრიყვო, გჯერა, რასაც ეგენი ამბობენ?! რას უყურებ იქა? წავიდეთ ჩქარა, მომყე! ეგენი წავლენ, ასწავლიან მონადირეს ჩვენს ბინას და გამოგვასალმებენ სიცოცხლეს.
საბრალო დედაჩემი წინადვე ჰგრძნობდა, რომ ისე იქნებოდა.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
ჩართეთ ბავშვი კვების მომზადებაში
მიეცით ბავშვს საშუალება, დაგეხმაროთ კერძების მომზადებაში.
გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო