kids.ge logo

იმერული ნანინა

ვუძღვნი საბატონო ყმების ახალშობილ შვილებს

ფავორიტებში დამატება
გაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო!
აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო?
დედის მკერდში მიგიგნია შენ ტკბილი ბინაო...
დაძინე ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

დედა ეტყვის: “გენაცვალოს შენი მშობელიო,
ძუძუებში ჩაგივლია პაწაწა ხელიო!
შენს ვაჟკაცობას მომასწრებს მე ღვთისმშობელიო,
მამიშენის ბედის არ ხარ, შენ სხვა ბედს ელიო:

შენი ვარსკვლავი სხვა არის! - ბედმა გიცინაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

ღმერთს შენი ბედნირება წინეთ უსახავსო,
შენც მის ნაცვლად ემსახურე, ნურას იზამ ავსო,
დედას თმას ნუ მაწეწინებ, ნუ ჩამაცმევ შავსო!
სხვებ რა გიჭირს: ხომ შეტყვე, ბატონი არ გყავსო!

რისთვის შეკრთი? მართალია!... რამ შეგაშინაო?
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

გაიზრდები, გენაცვალე, თავისუფალიო;
ბატონი ვერ შეგაწუხებს, ვერც გაგტეხს ვალიო;
შენს მტერსა და მოშურნესა დაუდგეს თვალიო;
ჭირისა და ავ თვალისგან გიხსნის უფალიო!

ხომ გიმა, გენაცვალე! მან გაგაცინაო?
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

დიდი-კაცის შვილს სკოლაში გვერდთ მოუჯდებიო;
ბა შენ იცი, ბიჭოჯან, როგორ ეცდებიო;
ძველ ბატონის შვილს სწავლაში ნუ ჩამორჩებიო,
გლეხსა ნიჭი არა აქვსო, არ აფიქრებიო!..

შენი დაჩაგრული ძმები შენ უნდა იხსნაო,
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

ჩინოვნიკებიც არიან ჩვენი გამწვალეო:
ჩვენს საქმეზე როცა მივალთ, გვეტყვიან: “ხვალეო”,
და, ჩვენ როცა დაგვსაქმებენ, მაშინ კი - “მალეო!”
მას შენ ვეღარ გეტყვიან, შენ გენაცვალეო,

რომ ვეღარ დაგიბრიყვებენ, თუ რომ თავი სცნაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

პაწაწინა იდონო და ვარდის კონაო,
დღეს ხომ კარგად გაგონე ჩემი ნანინაო?
და, თუ კარგად გაგონე, ხომ მოგეწონაო?
მაშ ნუ გძინავს! გაიღვიძე! იცან ქვეყანაო!

შენც შეტყვე ამა სოფლის ცრუ გამოცანაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუშურიყანაო, მუშის სამოთხევ, გლეხის დიდებავ, ყანაო! ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო; დილის ნიავმა...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...გულის პასუხიმე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით, ვით პოეზია, როგორც ღვთაება და შენს თვალებში მეხატებოდა სასუფეველი და უკვ...რუსთველის სურათზესულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. შ...გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026