kids.ge logo

ჩიკო და ქობულოელი ბავშვები

ფავორიტებში დამატება

ორკვირიანი შვებულების შემდეგ გიორგის სამსახურში ცუდი ამბები დახვდა.

მეკავშირე იტყობინებოდა, რომ  ადიდებულ მდინარეს   მიღმახევის სამი სოფელი დაეტბორა, მეწყერის ქვეშ მოყოლილიყო ერთი ოჯახი, დახოცილი იყო პირუტყვი  და უგზოუკვლოდ დაკარგულ ადამიანებს  სამხედრო ვერტმფრენებით ეძებდნენ.

როდესაც მთაში  სტიქიური უბედურება ხდებოდა , მესაზღვრე ჯარისკაცები საგანგებო რეჟიმში იწყებდნენ მუშაობას,  რადგან ხალხის დახმარება მათზე სწრაფად და უკეთ არავის შეეძლო.~

გიორგიმ ლელია გააფრთხილა, შეიძლება შატილში დარჩენა კარგა ხანს მომიწიოს  და შენ იმედა ბიძასთან დაგტოვებო.

-მამიკო, ჩიკოს რა ეშველება?- ამოიკვნესა გოგონამ.

-არ ვიცი, ლელი, ჯერ ჩიკოსთვის არ მცალია, რომ დავბრუნდები, რამეს მოვიფიქრებ,-ნაჩქარევად უპასუხა მამამ და ტელეფონი გათიშა.

ლელიას ცრემლები ახრჩობდა.

უხალისოდ მიუჯდა საწერ მაგიდას და ჩანთის ამოლაგება დაიწყო.

მეცადინეობას გული  ვერ დაუდო.

მისი ფიქრები ჩიკოს დასტრიალებდა.

ლელიამ კარგა ხანს იწრიალა, მერე სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი მოამზადა და იმედა ბიძას მოსვლამდე ბავშვების სანახვად წავიდა.

საღამოვდებოდა.

სტადიონზე ბავშვები წრეში ბურთს თამაშობდნენ.

წყაროსთან კი  ქალები ჩამომსხდარიყვნენ და წყალდიდობის და მეწყერის ამბებზე ვიშვიშებდნენ.

გოგონამ  ,,მურიან აშექალასაც“ მოჰკრა თვალი, რომელმაც ლელიას დანახვისთანავე საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა: 

-არ გაღონებსთა  ამაგათ ძაღლი?- წაუსისინა აშექალამ ფეხონში მსხდარ ქალებს.

- არას გვაღონებს, შენ რაით დაგაღონ?- კითხვა შეუბრუნა მარუსამ.

-ქვე რას ამბობ, ჯერ ქათმების ძირგან დამილივ, ეხლა ქვეთა თვალში კუს-ნაღბიან ბაკნებ ჩამილამწუკ, ბალღებ კარში ვერ გამადიან მაგის შიშით...-ჩამოთვალა  ცრუ ბრალდებების გრძელი სია მურიანმა აშექალამ და წყაროსთან გაჩერებულ ლელიას  ამრეზით გახედა.

,,რა მატყუარაა, ეტყობა არ იცის რომ ავადაა“,- გაიფიქრა ლელიამ და გული მოუვიდა, - რა ხანია ჩიკო სახლიდან არ გასულა...ის კი უსინდისოდ აბრალებს, ბაკნები ჩამილამწუკაო“.

სტადიონზე ლელიამ  თავის ბიძაშვილებს- ანას და სამუელს მოჰკრა თვალი და ხელი დაუქნია.

ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გიორგი მივლინებაში  მიდიოდა და ლელიას მათთან ტოვებდა.

ყველანი ერთად კარგად ერთობოდნენ და მხიარულობდნენ.

ჩიკოს  ამბავს ისინიც  შეეწუხებინა.

- როგორ არის?- ჰკითხეს  ლელიას და ერთმანეთს რაღაც ანიშნეს.

- დამბალ პურს  ჭამს, მაგრამ ძალიან დასუსტდა...თუ ოპერაცია არ გავუკეთეთ, არაფერი ეშველება! - ამოიოხრა ლელიამ და თვალები მოუცრემლიანდა.

სამუელმა დას გადახედა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მერე შეიშმუშნა და გაჩუმდა.

- ჩიკოს  უნდა ვუშველოთ ...თორემ...-წამოიწყო საუბარი ანამ.

- რაღაც საიდუმლოს გაგიმხელთ!  შეგვპირდი, რომ არც იტირებ და არც მამას  ეტყვი!

ლელიამ და-ძმას ცნობისმოყვარედ შეხედა.

-გიორგი ბიძა ჩვენთან იყო  და  იცი, მამას რა უთხრა?!

სამუელს და ანას ეტყობოდათ,  ცუდი ამბავი ჰქონდათ გასამხელი.

-ჩვენ საძინებელში ვიყავით...კარი ღია იყო და ყველაფერი გავიგონეთ...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდნენ ბავშვები და თითოეულ სიტყვას ზომავდნენ.

-გიორგი ბიძამ მამას უთხრა: ეგ ძაღლი სანადიროდ აღარ გამოდგება, ისეთი ავადმყოფობა აქვს, ყნოსვა დაეკარგება...  და ამიტომ...- ბიჭუნა გაჩუმდა და დას გახედა.

-და, ამიტომ რაო?!- ლელიას ხმაში ეჭვი, უნდობლობა და სასოწარკვეთა გამოკრთა.

-ასე უთხრა, არ მინდა ლელიამ ინერვიულოს და თუ  არ გამოკეთდა, მანქანით სადმე შორს წაიყვანე და გაუშვიო...-დაასრულა თხრობა სამუელმა და ლელიას შიშნარევი მზერა მიაპყრო.

გოგონამ ყურებს არ დაუჯერა.

მოულოდნლობისგან ერთ ადგილას გაქვავდა და კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა...

- ჩვენ რაღაც მოვიფიქრეთ და შევძლებთ ჩიკოს გადარჩენას,-საუბარი გააგრძელეს  ანამ და სამუელმა.

- ეგ მამიკომ თქვა?! - ხელახლა ჩაეკითხა ლელია ბავშვებს.

- კი, ასე თქვა!  არ გეწყინოს ...ხომ იცი, გიორგი ბიძა როგორი კეთილია, მაგრამ ....სამსახურში  სულ ცუდი ამბები აქვს და ალბათ ამიტომ დაემართა!!

ბავშვები გიორგის გამართლებას და ლელიას დამშვიდებას ცდილობდნენ.

გოგონა ბალახზე ჩამოჯდა, სახე იდაყვებში ჩარგო და გულამოსკვნით ატირდა.

სამუელი და ანა  შეწუხდნენ და  საიდუმლოს გამხელა ძალიან ინანეს.

ჯერ დამნაშავეებივით იდგნენ, მერე  ერთმანეთში წაკინკლავდნენ.

-ხომ გეუბნებოდი, არ ვუთხრათო...- უსაყვედურა ბიჭმა დას.

-შენ კი არა, მე გეუბნებოდი!- გაცხარდა გოგონა.

ისინი  კიდევ რაღაცის თქმას აპირებდნენ, მაგრამ ლელიას მათი საუბარი აღარ ესმოდა. ადგილიდან მოწყდა და  შინისკენ გაიქცა.

ჩიკო ქოხის შესასვლელთან იწვა.

ნემსების გაკეთების მერე ისე ძალიან აღარ იყო გაბრუებული, აღარც ღამღამობით კანკალებდა ...გობიდან საჭმელიც ნახევრამდე შეეჭამა.

მხოლოდ იმას ვერ ხვდებოდა, დღითიდღე თავი რატომ უმძიმდებოდა  და ცალი თვალიდან მხედველობა რატომ ეკარგებოდა.

რამდენჯერმე ცხვირით გობის კიდეს გაეხახუნა და საშინელი ტკივილი იგრძნო...მას მერე ცდილობდა თავი თათებზე ისე დაედო, რომ მარჯვენა მხარე ზემოთ ჰქონოდა.

სიმსივნე უკვე თვალებამდე ასვლოდა და ამის გამო ერთი თვალი დაპატარავებული და ჩასისხლიანებული ჰქონდა.

ატირებული ლელია ჩიკოსთან მიიჭრა,  ქოხის წინ დაყრილ ჩალაზე მუხლებით დაემხო და ძაღლს ორივე ხელი  მოხვია:

-ჩიკო...ჩემო ძაღლო! ხედავ, ადამიანები როგორი უგულოები ვართ?!  შენ როგორ გიყვარვართ, ჩვენ კი?!...თუ რამე აგტკივდა და თუ ნადირობას ვეღარ შეძლებ,  სახლიდან  უნდა გაგაგდოთ  და მიგატოვოთ...ადამიანს არ შეუძლია ნამდვილი მეგობრობა! -

ლელია გულამომჯდარი ტიროდა  და ჩიკოს ეფერებოდა.

-ლელი, ადექი შვილო, წავიდეთ სახლში,- გოგონამ  ვერც კი შეამჩნია, იმედა ბიძა როდის მოვიდა.

უკვე  დაბნელებულიყო.

მას არავის დანახვა არ უნდოდა.

აღარავის დანახვა ამქვეყნად! 

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გონივრული შეზღუდვები - კონტროლი

ბავშვებისთვის აუცილებელია შეზღუდვები, რითაც ისინი შეძლებენ გაიგონ როგორ იმოქმედონ ხშირად კომპლექსურ სამყაროში. გამოავლინეთ სიყვარული თქვენი ბავშვებისდამი შეზღუდვების დაწესებით, რათა მათ შეძლონ უსაფრთხოდ აღმოაჩინონ თავიანთი მისწრაფებები.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025