kids.ge logo

ციცია და ციცისკუდა

ფავორიტებში დამატება

ეძღვნება ცნობილი დასტაქრის
მგელიკა ლიქოკელის ხსოვნას

 

ციცია ჯერ ოთხი წლისაც არ იქნებოდა, სოფლის საფიხვნოში მართა ბებოს სიტყვა რომ ჩამოართვა და ჰკითხა, ეგ, როდის იყო, ბებო, მე რომ პატარა ვიყავიო?

სად იყო სიცილი.

ქალებმა სულ იქით-აქეთ აქნიეს თავები: დიდის თავგზის ქალაი გაიზრდებაო.

როშკა ისეთი სოფელი იყო, მხოლოდ ზღაპრებში რომ შეგხვდებათ: ბუმბერაზი მთებით გარშემორტყმული და ნაირფერი ყვავილებით მოჩითული. წინ სამი მდინარე ჩამოუდიოდა - ფონთანა, შუალა მდინარე და ტბის წყალი. ამ მდინარეს ტბის წყალი იმიტომ ერქვა, რომ სათავეს მყინვარის ძირში მდებარე აბუდელაურის ტბებიდან იღებდა. მთელი ეს ხეობა კლდეებით იყო მოფენილი. ამბობდნენ, კოპალამ და დევებმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ამ ტბებთან გამართეს და კლდეები , ის დევებია, რომლებსაც კოპალამ ლახტი დაჰკრა და ქვად აქციაო.

აი, ასეთ ამბებს გაიგონებდით ამ სოფელში.

როშკა ზღაპრულ სოფელს სხვა რამითაც ჰგავდა: თუკი ქალაქში ადრიანად ასადგომად მაღვიძარა და დიდი ამბავია საჭირო, აქ მამლაყინწას ერთი დაყივლება და მთელი სოფელი, დიდიან-პატარიანად , ფეხზე იყო.

ნეტავ გენახათ, როგორ დარბაისელი ქალებივით დადიოდნენ ამ სოფლის პატარა გოგონები: ზოგი საძოვარზე ხბოებს მიდენიდა, ზოგიც ძროხას მიუცუცქდებოდა და პაწია თითებით წველას სწავლობდა.

- ბებო, შენ ვინ გაღვიძებს ასე ადრიანად? - ჰკითხა ერთხელ ციციამ მართა ბებოს.

- ცისპირი რომ ტყდება, თვითონ მეღვიძება, ბებო.

- ცისპირი რომ ტყდება?

- ჰო.

- როგორ ტყდება ცისპირი, ცას პირი აქვს? - სულ გაუდიდდა ციციას დიდრონი, შავი თვალები.

- ცისპირი ლურჯად ტყდება, ჩემო თვალის სინათევ, ღამის სიბნელეს ცაზე ლურჯი ფერი რომ შეერევა, აი, იმას ჰქვია, - აუხსნა ბებომ.

ერთ დილას ბებომ ციცია ადრიანად გააღვიძა და უთხრა, დღეს ქვენუბნელი მგელიკა უნდა მოვინახულოთ.

ციცია სიხარულით ცას ეწია.

მას დიდი ხანია უნდოდა მგელიკა პაპას გაცნობა, რადგან ბავშვები მასზე ათასგვარ ამბებს ყვებოდნენ. მგელიკამ კარგად იცოდა ყველა ყვავილის, ხისა თუ ბუჩქის სახელი და მათი სასარგებლო თუ საზიანო თვისება. სოფელში თუ ვინმე ავად გახდებოდა, უმალ მას მიაკითხავდნენ.

მოხუცმა სტუმრები გრილ ჭერხოში შეიპატიჟა.  კუთხეში ძველი, დაჭრელებული კიდობანი იდგა. ციციას კიდობანი მართა ბებოსთანაც ენახა  და იმასაც ხშირად შესწრებია, წისქვილიდან მოტანილ საფქვავს შიგ რომ ყრიდა. კიდობნის გასწვრივ, კედელზე სპილენძის მოზრდილი ვარცლი ეკიდა, შუაგულ ჭერხოში კი - სადღვებელი.

ეს რაც იცნო და იცოდა ჩვენმა ციციამ.

მაგრამ რაც არ იცოდა?

ოჰ, ამის გარდა რამდენი საინტერესო რამე იყო მგელიკა პაპას გამურულ ჭერხოში და რამდენი სათამაშო გამოვიდოდა მათგან.

სანამ ციცია ოცნებობდა, მგელიკა პაპამ ტყავის აბგა მხარზე მოიგდო და ბებო წინგარდაზე გამოაცილა, თან ციციას თბილად უღიმოდა, თითქოს მის ფიქრებს კითხულობსო.

- მართავ, ბალახები მაქვს მოსარჩევი, წიფლიანისკენ მივალ და თუგინდ გამოუშვი ეს კუდრაჭა, - თქვა მან და უფრო თბილად გაიღიმა.

სანამ მართა ბებო ,,ჰო“ -ს ან ,,არა“ -ს იტყოდა , ციცა სიხარულისაგან უკვე ცეკვავდა. ცოტა ხანში კი მგელიკა პაპასთან ერთად წიფლიანის აღმართს მიუყვებოდა.

ამ დღიდან მოყოლებული ტყეში ხშირად დადიოდნენ და მგელიკა პაპა ყოველდღე ახალ-ახალ ამბებს უყვებოდა - ადამიანებზე , ცხოველებზე, მცენარეებზე.

ციციამ უკვე იცოდა, რომ მათ წინაპარს მცენარეების ენაც კი ესმოდა და ახლა იმაზე ოცნებობდა, რა იქნება, მეც მესმოდეს ყვავილების ენაო. კარგა ხანს მგელიკა პაპასაც ვერ უმხელდა თავის ოცნებას. ერთ დღეს კი ვეღარ მოითმინა და უთხრა:

- მგელიკა პაპა!

- ჰოო, პაპისავ! - გამოეხმიანა მოხუცი.

- ხომ შეიძლება, მეც გავიგონო ყვავილების ჩურჩული ? - ძლივს დაასრულა სათქმელი.

- რად არა! - თქვა მგელიკამ. ციცია ხელჯოხზე ჩამოყრდნობილ მოხუცს დაკვირვებით დააცქერდა, მეხუმრება თუ მართლა მეუბნებაო.

-    მაგრამ ჯერ კარგად უნდა გაიცნო და შეიყვარო ისინი, - ისე გააგრძელა მოხუცმა, ციციამ გაიფიქრა : ,,არ მეხუმრებაო“.

- მეც მინდიასავით დამელაპარაკებიან, მგელიკა პაპა?  - ვერ ისვენებდა გოგონა.

- შენც, მაშ! მინდიაც შენფერა ბალღი იყო პატარაი.

- მე მომწყვიტე, მე მომწყვიტეო?

- მაშ!

- არა მე, არა მეო, მგელიკა პაპა?

- არა მე, არა მეო, მააშ! - კვერს უკრავდა მოხუცი თვალებაციმციმებულ ბავშვს.

- მომავალ კვირას დეკიანისკენ წავიდეთ, პაპავ, შენი სეხნია ყვავილი უნდა გაგაცნო, - უთხრა ერთ საღამოს მოხუცმა.

- ჩემი სეხნია? - გაუკვირდა ციციას.

- ჰო! შენ ხომ ციცია ხარ, ის კიდევ ციცისკუდაა...

- ციცია და ციცისკუდა! უჰ, რა კარგია! - ტაში შემოჰკრა გოგონამ.

- ციცისკუდა რის წამალია, მგელიკა პაპა?

- ჭრილობას ახორცებს! - აუხსნა მოხუცმა.

ციცია მოუთმენლად ელოდა მომავალი კვირის დადგომას. ერთი სული ჰქონდა, დეკიანისკენ როდის წავიდოდნენ და ციცისკუდას როდის გაიცნობდა. დღეებს კი არა, საათებსაც ითვლიდა. კვირა დღე კარზე იყო მომდგარი, მართა ბებო შინ შეწუხებული რომ დაბრუნდა და ცუდი ამბავი მოიტანა: მგელიკას ნაწვიმარზე ფეხი დასხლტომია და მოუტეხავსო.

-რას ამბობ, ბებო! - წამოიძახა  ციციამ.

--ბეჩავი, როსღა შეუხორცდება, ან ლოგინში მწოლიარეს რა გააჩერებს , - ხელებს ასავსავებდა ბებო.

გოგონა ყურებს არ უჯერებდა და ყელში გაჩრილ ცრემლის ბურთს ძლივს იკავებდა. საღამოს ციციამ და მართა ბებომ კეცეულები დააცხვეს და ავადმყოფის მოსაკითხად ქვენუბნისკენ გაემართნენ.მთელი სოფელი მგელიკა პაპას წინგარდაზე მოქუჩებულიყო.  ციცია მოხუცს საწოლთან მიუჯდა და ცრემლიანი თვალები მიაპყრო:

- ხომ მალე მოგირჩება, მგელიკა პაპა?! - ისეთი ხმით იკითხა, თითქოს ვიღაცას ემუდარებაო.

- მორჩება, მაშ, რას იზამს, პაპავ, აი, შენი სეხნია ბალახის მოკრეფაც რომ მოგვესწრო, უფრო იოლად მოვარჩენდი, - დანანებით თქვა მან.

ციციას დიდხანს აღარ უფიქრია, ადგილიდან წამოხტა და საწოლის ფეხზე ჩამოკიდებულ ტყავის აბგას ეცა:

- მე მოვიტან ციცისკუდას , მგელიკა პაპა, ეხლავე მოვიტან! - წამოიძახა და თვალისდახამხამებაში გარეთ გავარდა.

აჟივჟივებული ბავშვები ანგარიშმიუცემლად გაედევნენ უკან.

- სად მიხვალ, ქალშავავ, შენ ხომ ციცისკუდას არ იცნობ? - გასძახა მოხუცმა, მაგრამ ბავშვები უკვე ხიდზე გადარბოდნენ.

,,დამელაპარაკება, აუცილებლად დამელაპარაკება“, - თავს აიმედებდა გზაში ციცია და დეკიანისკენ მიმავალ ბილიკს მიუყვებოდა. 

,,მე უკვე ისე შევიყვარე ყველა ხე და ბუჩქი, ისე შევიყვარე, რომ მეტი სიყვარული აღარც კი შეიძლება. თანაც მე ხომ მისი სეხნია ვარ?!..მგელიკა პაპამ ხომ თქვა: შენ ციცია ხარ, ის კიდევ ციცისკუდაო“ , - ესაუბრებოდა საკუთარ თავს.

ზოგჯერ კი ეჭვიც გაჰკრავდა, რომ არ დამელაპარაკოს ან ვერ ვიცნოო? და შიშჩამდგარი თვალებით გადახედავდა მის ფეხდაფეხ ჟრიამულით მიმავალ ბავშვებს.

ოჰ, როგორ არ უნდოდა თავის შერცხვენა.

ცოტა ხანში ბავშვების თვალწინ მთელი ფერდობი ხელისგულივით გადაიშალა. ციცია შეჩერდა და მზის სხივებზე აელვარებულ ბალახებს სულგანაბული მიაჩერდა.

-       --მართლა იცი? - ჰკითხა ერთმა გოგონამ

-         - ხომ არ გვატყუებ? - შეეჭვდნენ სხვებიც.

მაგრამ ციციას მათი ხმა არ გაუგონია, რადგან მთელი გულისყური დეკიანისკენ ჰქონდა მიპყრობილი.

-       ღმერთო, მაპოვნინე! - გაუელვა უცებ და ბუჩქებთან ჩაიმუხლა.

გული ლამის საგულედან ამოვარდნოდა.

უეცრად მოეჩვენა, რომ ერთი იისფერი ყვავილი მზეზე ცისარტყელასავით აელვარდა და მთელი ღეროთი მისკენ გადმოიხარა.

- მე ვარ ციცია! - ძლივს გასაგონად აღმოხდა გოგონას.

-მე კიდევ ციცისკუდა! - თითქოს მართლა დაიჩურჩულა იისფერმა ყვავილმა და ლამაზი ფოთლები ისევ ააელვარა.

ციციას ბევრი აღარ უფიქრია, ფეხზე წამოხტა და შესძახა:

- ბავშვებო, აქეთ!

აღტაცებულმა გოგო-ბიჭებმა მოირბინეს და იმ ბალახის შეგროვება დაიწყეს, რომელიც ციციამ აჩვენა.

 

***

 

მგელიკა პაპას სახლის წინგარდაზე მადლიერი თანასოფლელები ჯერ კიდევ ტრიალებდნენ - ვის პური გამოეცხო, ვის სარეცხი გაერეცხა, ვის შეშა დაეჩეხა.

ციციამ კიბეები სულმოუთქმელად აირბინა და ზღურბლთან შეჩერდა:

- ეს არის? მგელიკა პაპა, ხომ ეს არის ციცისკუდა?! - შესძახა მღელვარედ და მოეჩვენა , მთელი საუკუნე გავიდა, სანამ მგელიკა პაპა მობრუნდა და მის ხელისგულებზე დაფენილ ბალახებს შეხედა.

-        ეს არის, პაპას ქალო, სწორედ ეს არის! - თქვა გაკვირვებულმა მოხუცმა და უფროსებს გადახედა, თითქოს ეკითხებოდა, ეს როგორ მოხდაო.

 

***

 

დიდხანს, დიდხანს აღარ ჩამქრალა ციციას თვალებში ის მბრწყინავი მზე.

არც თქვენს თვალებში ჩაქრება, ჩემო პატარებო, თუ თქვენც წახვალთ ხევსურეთში და იმ ჯადოსნურ სოფელს მოინახულებთ, რომელსაც როშკა ჰქვია. თუ ისევე შეიყვარებთ ჩვენი სამშობლოს თითოეულ ხესა და ბუჩქს, როგორც ციციამ შეიყვარა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

არ გააფუჭოთ ბავშვი

დაიმახსოვრეთ: ყველა ბავშვი ძვირფასია, მაგრამ არა სამყაროს ცენტრი. გაზარდეთ იგი შესაბამისად.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024