kids.ge logo

ბიჭი, სახელად ალუდა...

ფავორიტებში დამატება

იმავე სოფელში კიდევ ერთი თმაქოჩორა ბიჭი ჩამოდიოდა. ალუდა ერქვა. ალუდას ერთი უცნაურობა სჭირდა, სხვა მხრივ კი არ იყო ცუდი ბიჭი.

მაგალითად, თუ რომელიმე ბავშვი იტყოდა, მოდით,ბავშვებო, შალშვობად* წავიდეთო, ალუდა აუცილებლად იტყოდა, რა სისულელეაო. ახლა სხვა იტყოდა: მოდით ფაფარენას წავიდეთ, ვეძაზეო. ზოგი ,,ჰო“-ს, ზოგი ,,არა“ -ს ,ალუდა კი იგივეს ამბობდა, რა სისულელეაო. ახლა მესამე ბავშვი წამოიძახებდა, -ჯურხა პაპას საბძელში კარგი სამალავებია და დამალ-დახუჭაობა ვითამაშოთო. რა სისულელეაო, - ისევ იტყოდა  ალუდა.

ბოლოს სათქმელი ყველას გამოელეოდა და, ცოტა არ იყოს, სათამაშო ნირიც წაუხდებოდათ.

მაშ, შენ თქვი, რა ვქნათო, განაწყენებულნი მიუბრუნდებოდნენ ალუდას.

ალუდა ( როგორც ქალაქიდან სოფელში დასასვენებლად ჩასულ ბავშვებს სჩვევიათ) ყურადღებას შეიფერებდა და ბოლოს, ძალიან დინჯად, ერთერთი ბავშვის აზრს დაეთანხმებოდა.

ასე რომ ,ცოტა გაჭირვებით, მაგრამ თამაში მაინც იწყებოდა.

განსაკუთრებული მხიარულება ამ სოფელში ,,მარიამწმიდობას“ ანუ მარიამობის დღესასწაულზე იმართებოდა.

ამ დღეს ბავშვებისათვის ერთი სახალისო თამაში იყო დაწესებული.

ხევისბერის ნიშანზე ყველა ბავშვი ნახნავებში უნდა გაქცეულიყო და თითო ნაბდის ქუდი ხიფხოლა მოეგროვებინა. ხიფხოლა იგივე მიწის ვაშლი იყო, ოღონდ უფრო პატარა ზომის და ტკბილი.

რაკი მთაში ბევრი ხილი არ არის, ხიფხოლა ძალიან დაფასებული იყო და ბავშვებსაც უყვარდათ.

ვინც პირველი მოიტანდა ხიფხოლათი სავსე ქუდს, გამარჯვებულიც ის იქნებოდა.

ხევისბერი მას ჯერ სადღესასწაულო ლუდს მიაწვდიდა და იქ შეკრებილ ხალხს დიდივით დაალოცვინებდა, მერე კი ტკბილეულით ასაჩუქრებდა.

ამ თამაშში თავის გამოჩენას განსაკუთრებით ბიჭები ცდილობდნენ.

იმ დღესაც ასე მოხდა.

ხევისბერი სალოცავიდან გამოვიდა და დღესასწაულის მონაწილეებს მიმართა:

- გაუმარჯოს დედა მარიამს! დედა მარიამი სწყალობდეს ჩვენს სოფელს,მადლი და ბარაქა დაუტანოს ხარის ნახნავსა და ფურის ნაწველს!

მერე კი, ფერდობზე შეკრებილ, ყურებდაცქვეტილ ბავშვებს მიუბრუნდა, აბა, ბალღებო, ეხლა თქვენ იცითო!

ამ სიტყვებზე ბავშვები დაღმართზე დაეშვნენ და ნახნავებს შეესივნენ. 

ალუდა იდგა და ორ ცეცხლშუა იწვოდა: თან ეტყობოდა, ეს უცნაური თამაში მოეწონა და სურვილი ჰქონდა, ყველა ბიჭისთვის ეჯობნა, თან კი - ჩვეულებას ვერ ღალატობდა და , რა სისულელეაო, ფიქრობდა.

სანამ ალუდა ჭოჭმანობდა, დანარჩენი ბავშვები გამალებით თხრიდნენ ხიფხოლას და სულ მალე ღეჩოთ მიხას შუათანა ვაჟმა - გაგამ პირველი სავსე ქუდიც მოარბენინა. პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ცოტა ხანში ყველა ბავშვი ხიფხოლათი სავსე ნაბდის ქუდით დაბრუნდა.

ხევისბერმა გამარჯვებული ბიჭი ხალხს საზეიმოდ წარუდგინა და საქებარი სიტყვებიც არ დააკლო. შემდეგ ლუდით სავსე თასი მიაწოდა და ხალხს ანიშნა: სიჩუმე იყოს, ჩემპიონი ილოცებაო.

აი, მაშინ კი ალუდამ საბოლოოდ ინანა ამ არაჩვეულებრივი თამაშის გამოტოვება. დამნაშავესავით იდგა და თვალს ვერავის უსწორებდა.

- ალუდა, შენ რატომ არ წახვედი! - დაინტერესდა ვიღაც .

- შენ არ მოიტანე? - იკითხა ახლა სხვამ.

- - ჩემ პაპას ნაბდის ქუდ არ ჰქონდ და რა ჩემ ბრალი! - თავი იმართლა ალუდამ.

ბავშვებმა გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს.

უფროსებმა კი სიცილი დააყარეს.

- ვის არ აქვს ნაბდის ქუდ, შენ პაპა ჯურხასა? ჰი, ჰი !

ხომ გაგიგონიათ , ტყუილს მოკლე ფეხი აქვსო და ალუდამ ვერც კი შეამჩნია ზურგიდან როგორ მიუახლოვდა ჯურხა პაპა, რომელსაც იქ შეკრებილებს შორის ყველაზე ლამაზი ქუდი ეხურა  და ყველაზე ლამაზი ჩოხა ეცვა.

- ნაბდის ქუდიც მაქვს და ხიფხოლაიან ყანებიც! - დამცინავი ღიმილით თქვა ჯურხა პაპამ, მარტო შვილიშვილ  არ მყავს ჩემპიონ...

ალუდას ერჩივნა მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა.

ეს რა სისულელე ჩავიდინეო,  გაიფიქრა.

იმ დღის მერე ეგ სიტყვა მისი პირიდან აღარავის გაუგონია.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ჩიკო და ქობულოელი ბავშვები

ზამთარია.  დეკემბრის სუსხიანი დილა.  სულ მაღლა თუ აიხედავთ (მზის სხივებზე ოდნავ დაბლა), დათოვლილი მთის კალთა გამოჩნდება, რომელსაც უსწორმასწორო ბილიკი რუხი ბაწ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩავლეიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ საკმარისი ძილი

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს საკმარისი ძილი, რომელიც აუცილებელია სტრესის მართვისთვის.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026