kids.ge logo

რატომ დააქვს ლოკოკინას სახლი-ნიჟარა ზურგით

ფავორიტებში დამატება

რატომ დააქვს ლოკოკინას სახლი-ნიჟარა ზურგით უძველეს დროში ლოკოკინას სახლი-ნიჟარა ბუჩქის ძირას იყო მოთავსებული. თვით ლოკოკინა კი ტოტებზე, ბალახებზე დასეირნობდა და დასაძინებლადღა მიდიოდა თავის სახლში, მაგრამ ნიჟარა ხშირად ადგილზე არ ხვდებოდა. რატომ? ეს ლამაზი სახლი-ნიჟარა ძალიან მოსწონდა კაჭკაჭს, ყვავს, ჩხიკვსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ვირთხასაც კი. ჩიტები დაავლებდნენ ნისკარტს და ბუდეში მიჰქონდათ ხოლმე. თუ ნიჟარა მჭიდროდ იყო მიკრული ბუჩქის ძირზე, მაშინ იმტვრეოდა და ბინად აღარ ვარგოდა. ვირთხაც ასე იქცეოდა, სოროში მიათრევდა. თუ ნიჟარას კენჭი მოხვდებოდა, იმსხვრეოდა, თუ არადა თავის პატარებს მიუგორებდა და ისინიც ხან ფეხბურთს, ხან ფრენბურთს თამაშობდნენ, სანამ არ დაამტვრევდნენ. ეს კიდევ არაფერი, თვით ლოკოკინასაც ბევრი მტერი ჰყავდა _ ჩიტები, თაგვები, ხვლიკები, გომბეშოები, ბაყაყები _ ყველას მოსწონდა ლოკოკინათი პირის ჩატკბარუნება. ზაფხულის ერთ თბილ საღამოს ლოკოკინა თავისი სახლისკენ მიცოცავდა, გარემოს ყურადღებით ზვერავდა. საკმაოდ შორს ხედავდა ყველაფერს. მას ხომ თვალები ზემოთ აცქვეტილ ულვაშებზე აქვს განლაგებული. ეშინოდა, რომელიმე მტერს არ დაენახა იგი, თან იმაზეც დარდობდა, სახლი უვნებელი დახვდებოდა თუ არა. ნელ-ნელა მიცოცავდა და ბალახებს, კენჭებს ეფარებოდა. ამასობაში დაბინდდა. როგორც იქნა, მიაღწია იმ ბუჩქამდე, სადაც ნიჟარა ჰქონდა დატოვებული და შვებით ამოისუნთქა. იგი უვნებელი დახვდა. შეძვრა თავის სახლში, თავი გამოყო და ვარსკვლავებიან ცას თვალიერება დაუწყო. საოცრად ლამაზი იყო იმ ღამით ცა, ვარსკვლავებით მოჭიქული. მნათობები ციმციმებდნენ, ბრჭყვიალებდნენ, თითქოს ერთმანეთს უცინოდნენ, ეჩურჩულებოდნენ. ცის თაღზე ირმის ნახტომი ერთი ბოლოდან მეორემდე გადაჭიმულიყო. „რა ბედნიერები არიან... არც სახლის დაკარგვის შიში აქვთ და არც შეჭმის... ღმერთო, ნეტავ მეც მქონდეს ასეთი უსაფრთხო ბინა“, _ გაიფიქრა ლოკოკინამ და ამ დროს ცას ვარსკვლავი მოსწყდა. ხომ გაგიგიათ, ვარსკვლავის ვარდნისას თუ ნატვრას მოასწრებ, აუცილებლად აგიხდებაო და ლოკოკინასაც აუხდა ნატვრა. როგორ? დილით, როცა ლოკოკინა საჭმლის მოსაძებნად დაიძრა, დახეთ საოცრებას! ნიჟარა ზურგზე მიკვროდა და თან გაიყოლა. დანაღვლიანდა ლოკოკინა: ` ნიჟარიანად როგორ ვიმოძრაო, ისედაც ძლივს მივცოცავდი“, _ გაიფიქრა, მაგრამ მისდა გასაოცრად შენიშნა, რომ პაწაწინა ნასვრეტებიდან ბლანტმა სითხემ იწყო დენა და ლოკოკინა მიწაზე გასრიალდა. ცოტა ხნის შემდეგ უკან მოიხედა, მის მიერ გავლილი გზა ვერცხლისფრად ბრწყინავდა, მოეწონა, კიდევ გაცოც-გასრიალდა, უკან ისევ მბზინავი კვალი დარჩა. ზემოდან ჩრდილი დაეცა, მიხვდა, მტერი უახლოვდებოდა და უცებვე ნიჟარაში შეიმალა. გაწბილებული ფრინველი ახლოს დაეშვა. ნისკარტის შეყოფა სცადა, ვერ შეძლო, წაღება სცადა _ ნიჟარა ლოკოკინითურთ მძიმე გამოდგა, უკმაყოფილოდ შეიბერტყა ფრთები და გაფრინდა. ლოკოკინამ ფრთხილად გამოყო თავი, მიიხედ-მოიხედა, მთლიანად გამოძვრა და თავის ნიჟარიანად არხეინად განაგრძო გზა. ამის მერე ყველა ლოკოკინას თავისი ლამაზი სახლინიჟარა ყოველთვის ზურგზე მოკიდებული დააქვს. გვიან შემოდგომამდე უსაფრთხოდ დასრიალებს და ლამაზ, მბზინვარე კვალს ტოვებს. შემოდგომის მიწურულს აცივდება თუ არა, იპოვის უსაფრთხო ორმოს და გაზაფხულამდე ტკბილად სძინავს თავის სახლში.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა ზღაპრები

ასოთა სამეფო

ჩემო პატარებო, თქვენ ხომ იცით, რომ ძველად ბევრი სამეფო არსებობდა, მათ შორის ზოგიერთი, საკმაოდ უცნაური. მაგალითად: რიცხვთა სამეფო, გეომეტრიულ ფიგურათა სამეფო, კე...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მელაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

დააწესეთ რეგულარული ძილის რეჟიმი

დაეხმარეთ თქვენს შვილს, რომ დაიძინოს და გაიღვიძოს ერთსა და იმავე დროს, შაბათ-კვირასაც კი. ეს დაარეგულირებს მის შინაგან საათს.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026