kids.ge logo

დაკარგული წიგნი

ფავორიტებში დამატება

შაჰ-თამაზის შუბლზე ასპიტის თვალივით ელავდა კვერცხისოდენა ალმასი. ირანის მბრძანებელი ყოველთვის მზის პირდაპირ დგებოდა, რომ ალმასიდან შადრევანივით ანაფრქვევი სხივებით ქვეშევრდომთათვის თვალი მოეჭრა. ამიტომ მრისხანე ყაენს ვერავინ უმართავდა თვალს და ყველანი, მდაბიონი და დიდებულნი, ყოველთვის დამხობილნი იყვნენ მის წინაშე.

ახლაც, მუხლებზე დაშვებული, მისი ერთგული ქაიხოსრო ათაბაგი რიდითა და კრძალვით მოახსენებდა:

- აი იმ კლდეებში, რომელთაც ანათებს შუქნი თქვენი თვალისა, იმ კლდეებში, რომელთ ეწოდება ვარძია, არს საგანძური უამრავი. და არს იმ კლდეებში სენაკები რიცხვით ათასამდე და ტაძარი გამოკვეთილი იმავე კლდესა შიგან, შემკული მრავლის ხატითა, ოქრო-ვერცხლითა და თვლებით პატიოსანით. და აქვს ციხესა მას ორი ბჭე რკინისა და ერთიც მთლიანად ოქროსი ნაჭედი დიდის ხელოვნებითა და ოსტატობითა, რომელზე გამოკვეთილ არს სახე თამარისა და მამისა მისის გიორგისა. ხოლო ამჟამად ციხესა შინა იმყოფებიან მცირედისა ჯარითა პატრონნი ლორისა და ბამბაკისა. დაუძინებელნი მტერნი თქვენისა მზეებრ სხივოსნობისა - შერმაზან და ვახუშტ დიასამისძენი.

შაჰ-თამაზი უსმენდა და წარბებშეკრული გასცქეროდა ვარძიას. მას გვერდით უდგნენ სარდლები - ისმაილხან და სახეგაჩეხილი სელიმხან. მათ შემდეგ მორჩილად თავდახრილნი იდგნენ: ბეგლარბეგნი შაქ-შირვანისა, შამშადილისა, რანისა და პატრონ-მპყრობელი ჰერეთ-კახეთისა ლევან. უფრო მოშორებით კი მობიბინე ველზე გაშლილიყო ყიზილბაშთა ლაშქარი, საპალნიანი ცხენებით და ბარგი-ბარხანით დატვირთული უამრავი აქლემით. ლაშქარს დაღლა ეტყობოდა. შაქიდან ისინი პირდაპირ ხერთვისისაკენ დაიძრნენ და გზად მხოლოდ ღამის გასათევად ჩერდებოდნენ. და აი მზე უკვე დასავლეთისაკენ გადახრილიყო, როდესაც მათ წინაშე, მტკვარს გაღმა, წამოიმართა კლდეში გამოკვეთილი ქალაქი. ლაშქარი შედგა და ყაენი წავიდა წინ სარდლებთან ერთად.

კარგა ხანს თათბირობდა შაჰ-თამაზი დიდებულებთან და გასცქეროდა ვარძიას. ბოლოს სელიმხანმა რაღაც უბრძანა ეტიკს, რომელიც სწრაფად მიბრუნდა, ძუნძულით გაიქცა ლაშქრისაკენ და ხმამაღლა დაიძახა:

- კარვები გაშალეთ, ბანაკად ვდგებით!

მეომრები აიშალნენ, აქლემები დააჩოქეს, ცხენებს საპალნეები მოხსნეს და აბიბინებული მინდორი მალე მოიფინა ათასგვარი კარვით. ბანაკის შუაში აიმართა ყაენის დიდი კარავი დარბაზით, პატარა ოთახებით, დაფენილი თექის ხალიჩებით და გადატიხრული ყალამქრებით. კარვის თავზე აფრიალდა ყაენის ალამი.

ყაენი მობრუნდა, დიდებულებთან ერთად კარავში შევიდა. ტახტზე შესკუპებული მოშინაურებული მაიმუნი ხელის ქნევით ძირს ჩამოაგდო, დაჯდა და დიდებულებს მიმართა:

- ციხე ესე და ქვაბნიმიუვალად ჩანს. თუმცა არ არის რა ამა ქვეყნად მტკიცე ისეთი, რომელიც წინა აღუდგეს ჩემს ძლიერებას, მაგრამ გვიჯობს წარვუგზავნოთ მათ უსტარი, რათა ნებით მოვიდნენ კარავსა ჩემსა ხარაჯითა და მმორჩილებდნენ, ხოლო რისხვა ჩემი შევუცვალო მათ წყალობად.

უკანასკნელ სიტყვაზე შაჰს თვითონ გაეღიმა. დიდებულები მიხვდნენ და ერთმანეთს გადახედეს. შემდეგ ყაენმა მიმოიხედა და ვიღაცას თვალით ძებნა დაუწყო.

- ზიადოღლ-შავერდ-სულტან-ნადარხან-უსტაჯარლუ, წინ წამოდექ!

დიდებულთა წრე გაირღვა და შაჰის წინ წარსდგა დაბალი და ჯუჯა კაცი, საოცრად განიერი მხრებით და ო-სავით მოგრეხილი ფეხებით. ყბებზე წვერი არ ჰქონდა, ხოლო ულვაშები ტუჩის ბოლოებზე მიჰკროდა. ზიადოღლიმ დაიჩოქა და შუბლი ნოხზე დაადო.

- შენ გავალებ ამ ქვაბების აღებას, - მიმართა შაჰ-თამაზმა და ზევიდან ოდნავ დახედა, - მიუვალ კლდეებში გამოცდილი ხარ და უძლევი, ხოლო ჯილდოდ მიბოძებია შენთვის ულამაზენი ქალნი, ამ ქვეყნის პატრონთა ნათესავნი, რომელნი იმყოფებიან ქვაბსა ამას. ამჟამად ჯარი დააწყვეთ, საბრძოლად იყავით მზად და დილისათვის ელოდეთ ჩემსა ბრძანებას.

ზიადოღლი ფეხის წვერებზე ემთხვია შაჰს და მაშინვე გავიდა.

- მდივანბეგო, დასწერე უსტარი! - უბრძანა ყაენმა მაღალსა და უცნაურად სახეგაყვითლებულ კაცს, რომელმაც მაშინვე მოიკეცა, გულზე ჩამოკიდებული სამელნე შეისწორა, ქაღალდი გაშალა და ფრთა მოიმარჯვა.

„მე, შაჰ-თამაზი, ყოვლისა ცასა ქვეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ანგელოზთასა, თანამდგომი ღვთისა, მოვლინებული დიდისა ალაჰისაგან, მოგიმცნობთ თქვენ, უსჯულოთ ლორისა და ბამბაკის პატრონთ შერმაზან და ვახუშტ დიასამიძესთ, აწ მე მოვალ, რათა განგწვართოთ თქვენ და ყმანი თქვენნი, არა ოდეს აღებად ხრმლისა, რომელი ღმერთსა ჩვენთვის უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმა უწინარეს ამა უსტარის მიღებისა, თაყვანი მცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰმადმოციქულისა და უარყოს სჯული თვისი, და ხელითა თვისითა იწყოს წინაშე ჩემისა ლეწად ჯვარისა, რომლისა მიმართ დაგიცსთ ცუდი სასოება“.

ყაენმა ცერზე წამოცმული დიდი ბეჭედი დაასვა უსტარს, თვალი გადაავლო, დაახვია და გადასცა შიკრიკს.

შიკრიკი გაიქცა ქვაბებისაკენ.

შაჰი ადგა, დიდებულებთან ერთად კარვიდან გამოვიდა და თავისი შუბლის დიდი ალმასის შუქი ვარძიის კლდეებს შეანათა.

ვარძიის თავზე მზე ჩადიოდა.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 10–18
ოპტიმალური ასაკი: 13–16

სხვა მოთხრობები

დაკარგული წიგნი

შაჰ-თამაზის შუბლზე ასპიტის თვალივით ელავდა კვერცხისოდენა ალმასი. ირანის მბრძანებელი ყოველთვის მზის პირდაპირ დგებოდა, რომ ალმასიდან შადრევანივით ანაფრქვევი სხივე...

უკანასკნელი ნატვრა

სანამ პუტიომკინს თავისი „შტაბ-კვარტირა“ კრემენჩუგში ჰქონდა, დავითმა ორჯერ იმოგზაურია ამ ქალაქში. მირგოროდის მიდამოებში დასახლებულ ქართველებში ხმა დაირხა, რომ პო...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: აფციაური:


Kids.ge-ს რჩევები

მიეცით ერთმანეთს დრო

ზოგჯერ კონფლიქტის მოსაგვარებლად საჭიროა დრო. მიეცით ერთმანეთს დრო, რომ დამშვიდდეთ და დაფიქრდეთ.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026