kids.ge logo

ჩემი ვედრება

ფავორიტებში დამატება
ღმერთო, მიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდან
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
რა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა, -
თვალებში მადლ-დაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიდე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლირი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი…
ნუ დამასვენებ ნურა დროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული;
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა, -
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთამ სრულიად სხვა სთქვამთამ ეგ არა სთქვა, ბაჩანავ, როგორაც შენა გგონია. მისი ნათქვამი, ნაგრძნობი მე სულ სხვა გამიგონია. გაცვრცილ...დაგვიანებული პასუხი აკაკის“ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო”. აკაკი ...რამ გაგაჩინა, ქალაორამ გაგაჩინა, ქალაო, ლერწმად აჭრილო წელშია? ნეტავი, ხელით შემახო, შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია! რომ დავიხო...მუდარამზეო, მისდიხარ-მოსდიხარ, ცით მიწის მანათობელი, რით არ მოგწყინდა სინათლე, სიბნელის დამამხობელი? ერთხელ მკვ...გულო, რას დაჰღონებულხარგულო, რას დაჰღონებულხარ, რას იბურები ნისლითა? განა სულ ესრე ვიქნებით დაკრუნჩხვილები ყინვითა! ჩქარა ზაფხულ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026