kids.ge logo

გულთეთრა და გულყვითელა – მელიასთან მებრძოლი წიწილები

ფავორიტებში დამატება

გულთეთრა და გულყვითელა პატარა, ღაბუა წიწილები არიან. ისინი ნანა ბებოს  საქათმეში გამოიჩეკნენ. იმ ეზოს ბინადარი ყველა შინაური ცხოველი და ფრინველი მოუთმენლად მოელოდა მათ დაბადებას.

და როგორც იქნა საბუდარში ოქროსფერი წიწილები აფუთფუთდნენ. მათ შორის გულთეთრამ და გულყვითელამ სულ ბოლოს, ერთდროულად დაჰკრეს ნისკარტი  და  ერთდროულად  გამოტეხეს კვერცხები. დედა კრუხმა სიყვარულით დააფარა ფრთა ჯერ კიდევ ბუმბულშეუმშრალ ნაბოლარა ძმებს, სიამაყით გადაათვალიერა ჩვიდმეტი კვერცხიდან გამოჩეკილი ჩვიდმეტი წიწილა და შვებამოგვრილს თვლემა მოერია.

რამდენიმე დღის შემდეგ, ერთ მზიან დილას, ეზოს მწვანე ბალახი ოქროსფრად ააბრდღვიალეს დედასთან ერთად სასეირნოდ გამოსულმა ყვითელმა წიწილებმა. იქვე ახლოს ტრიალებდა წითელბიბილოიანი, მედიდური მამალიც და თვალების ბრიალით აკვირდებოდა შვილების ნავარდს. განსაკუთრებით ცელქობდნენ ცნობისმოყვარე გულთეთრა და გულყვითელა. ისინი უშიშრად დაშორდნენ დედას და უნახავი არ დატოვეს ეზოს კუთხე-კუნჭული.

პატარები ჯერ მზეს მიფიცხებულ ფისო ზანტას მიადგნენ, თამამად გაეთამაშნენ მას და ულვაშიც კი მოწიწკნეს. ფისომ ზანტად წამოსწია თავი, მოჭუტული თვალებით გამოხედა აბეზარებს, თათი გაუქნია და ძილი გააგრძელა.

– აქ ვერ გავერთობითო, – ერთმანეთს გადაულაპარაკეს ძმებმა და გზა განაგრძეს. იქვე ახლოს, გალიაში, სამი რუხი კურდღელი კომბოსტოს ფოთლებს შეექცეოდა. გულთეთრამ და გულყვითელამ შესაძვრომი ადვილად მოძებნეს და ბაჭიებს ცხვირწინ ააცალეს ერთი ფოთოლი. კურდღლებმა უკმაყოფილოდ შეიჭმუხნეს შუბლები და დაუპატიჟებელი სტუმრები თათების ბრახუნით  გალიიდან გააძევეს.

– რა უხეშები არიან! – გაბრაზებით გაეცალნენ ბაჭიებს ძმები და ახლა გოჭებისკენ გასწიეს. შავლაქებიანი თეთრი გოჭები დედას შემოხვეოდნენ და ღრუტუნ-კრუსუნით გამალებით წოვდნენ ძუძუს. ხან აქედან მოუარეს ძმებმა, ხან - იქიდან, მაგრამ გოჭების ყურადღება ვერ მიიქციეს, დაიღალნენ და უკმაყოფილოდ მოშორდნენ საღორეს.

მოუსვენარმა პატარებმა ახლა ფრთათეთრა ბატებისკენ აიღეს გეზი. ჯერ მიახლოებულებიც კი არ იყვნენ, რომ გუნდს ყველაზე დიდი ბატი გამოეყო და მათკენ წამოვიდა. წიწილებს, ცოტა არ იყოს, შეეშინდათ და გასაქცევად მოემზადნენ. ბატმა ფრთები შეაფართხუნა და ყიყინით უბრძანა:

 – აბა, აქედან მოუსვით! ფეხი რომ დაგაბიჯოთ, მეტიც არ გინდათ, სულს ეგრევე გაგაფრთხობინებთ!

სხვა რა გზა დარჩენოდათ შეშინებულ ძმებს, უკან დაიხიეს, თან დედის ძახილიც შემოესმათ და ციცქნა ფრთების გაშლით, უკანმოუხედავად გაქანდნენ მშობლებისკენ.

– არა უშავს, დარწმუნებული ვარ, ბროლია მაინც გვეთამაშება, წამო, აი, იქ არის, ჭიშკართან, – მაინც ვერ მოისვენა ცოტა ხნის შემდეგ  გულთეთრამ, ძმას არც დაელოდა და მაშინვე ბროლიასკენ გაქანდა. შავთვალა და შავყურება, თეთრბეწვიანი ძაღლი ეზოს შესასვლელთან იდგა და კუდის ქიცინით ქუჩას გასცქეროდა. ბროლიას მახვილ თვალს არ გამოჰპარვია მისკენ მომავალი პატარები, შემობრუნდა და ძმებს დრუნჩის მსუბუქი გაკვრით დედაკრუხისკენ უბიძგა.

– გასწით ახლავე დედასთან, აქ საშიშია!.. ჯერ, ალბათ, მელია არ გაგიგიათ, ვინ არის!

– ვინ არის? – დიდგულად ჰკითხა გულთეთრამ.

– აი, პირს რომ წაგავლებს და თავისი სოროსკენ წაგაცუნცულებს, მაშინ მიხვდები, ვინც არის!..

– წამო, რა, წავიდეთ დედასთან! – შეშინდა გულყვითელა.

გულთეთრამ კი შიში არ შეიმჩნია და ძმა გაამხნევა:

– ბროლია ხომ აქ არის, რისი გეშინია?!

– ჰმ, ბროლია, არა?! – დამცინავად ჩაიცინა ძაღლმა, – თქვენ რა იცით, რა ეშმაკია მელია!.. შეიძლება ცხვირწინ ისე ამაცალოს თქვენი თავი, დაყეფაც კი ვერ მოვასწრო, ამიტომ ახლავე მოუსვით დედისკენ და სანამ არ გაიზრდებით, ერთი ნაბიჯითაც არ დაშორდეთ!

– დედას სხვა  შვილებიც ჰყავს მისახედი, ჩვენ კი თვითონაც შეგვიძლია ჩვენს თავს მივხედოთ!.. ისევ შენთან გვირჩევნია, თან სულაც არ გვეშინია იმ ვიღაც მელიასი! – გაჯიუტდა გულთეთრა და გასაქცევად მომზადებული გულყვითელა ფრთის გაკვრით შემოაბრუნა, თან თვალების ბრიალით ჩაეკითხა: – ასე არ არის?

გულყვითელამ თანხმობის ნიშნად თავი კი დაუქნია, მაგრამ თვალები მაინც მშობლებისკენ გაექცა.

– უყურეთ ერთი ამას! – მართლა გაბრაზდა ბროლია, – რამხელა გული ჰქონია ასე პატარას!.. – და ისე შეუღრინა, შიშისგან გულთეთრასაც დაეკარგა ფერი.

– ჰო, კარგი, ნუ იღრინები, წავალთ!.. – უკან დაიხია გულთეთრამაც, თუმცა იხტიბარი მაინც არ გაიტეხა:  – მაგრამ ხვალ ისევ მოვალთ. სულ არ მეშინია მაგ შენი მელიასი!

ციცქნა წიწილას დიდგულობამ ბროლიას ღიმილი მოჰგვარა. „ეს ძლიერი მამალი გაიზრდებაო!“ – გაიფიქრა და ახლა უკვე სითბონარევი ღრენით, მშობლებისკენ თათით შეაბრუნა ყინჩა გულთეთრა.

იმ ღამით დედაკრუხის ფრთებქვეშ დიდხანს იწრიალა გულთეთრამ, იშფოთა, ვერ დაიძინა იმის ფიქრით, თუ როგორ დაეცვა საკუთარი თავიცა და და-ძმაც მელიასგან. დილისკენ, როგორც იქნა, ერთ კარგ გადაწყვეტილებას მიაგნო და დამშვიდდა. მზე ჯერ ამოსული არც იქნებოდა, გულყვითელასკენ რომ მიჩოჩდა, ფრთა გაჰკრა, გააღვიძა და უჩურჩულა:

– ისეთი რამ მოვიფიქრე, მელია ვერაფერს დაგვაკლებს! – და სანამ ძილბურანში მყოფმა გულყვითელამ ძმის ნათქვამი გაიაზრა, დაამატა: – დღეს ბევრი საქმე გვექნება!..

იმ დილით ძმებმა ყველა მეზობელი შემოირბინეს და მელიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვეს. დახმარებაზე ყველა დათანხმდა, თუმცა უიმედო ღიმილი მაინც გამოესახათ სახეზე: – აბა, ამ პაწიებმა რა უნდა ქნან, ჯერ ბუმბულიც კი არ შეშრობიათ ტანზეო!..

ბოლოს ძმები ბროლიას მიადგნენ და მასაც იგივე სთხოვეს. ბროლიას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა და თავისებურად შეუღრინა:

– დედის ფრთებქვეშ კარგად უნდა დაიმალოთ-მეთქი, გუშინ არ გითხარით?!.. ჯერ გაიზარდეთ და მერე ვნახოთ, რა ბიჭებიც იქნებით!

– ჩვენ ერთად უფრო დავამარცხებთ მელიას, ყველას ცალ-ცალკე კი ადვილად მოგვერევა! – იქით შეუტია გულთეთრამ.

– ვაჰ, ეს ვინ ყოფილა, კაცო! რანაირი დაუჯერებელი გაჩნდი! მეცოდება დედაშენი, ბევრ თავსატეხს გაუჩენ!

– არაფერსაც არ გავუჩენ! – პატარა მკერდი შემართა გულთეთრამ, – აი, ნახავ, თუ არ ვაჯობებთ მელიას!.. შენ ის მითხარი, ხომ დაგვეხმარები?

– დაგეხმარებით, აბა, რას ვიზამ, ახლაც მაგას არ ვაკეთებ? თქვენს დასაცავად ვდგავარ აქ, ვუვლი ეზოს გარშემო, რომ საიდანმე არ შემომეპაროს ის გაიძვერა! – ვეღარ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა ბროლიამ და დანებდა.

უეცრად ქათმების ისეთი საშინელი კრიახ-წიოკი ატყდა, ბროლიასა და ძმებს თავზარი დაეცათ. გაფითრებული წიწილები დედისკენ გაიქცნენ. დედაკრუხი ფრთებს გამწარებით იცემდა თავში და მოთქმით ტიროდა. გაავებული მამალი ღობე-ყორეს ეხლებოდა, ყველგან დაკარგულ წიწილს ეძებდა, მაგრამ ვერსად პოულობდა. მელია კი თავის სოროში, ალბათ, უკვე გამარჯვებას ზეიმობდა.

სიბრაზით აცახცახებული ბროლია ყეფით დიდხანს უვლიდა ეზოს გარშემო და ხვრელს ეძებდა, საიდანაც მელია შეიძლებოდა შემოპარულიყო. ეზო ისე კარგად იყო შემოღობილი, ვერავინ ხვდებოდა, საიდან ახერხებდა ცბიერი მელა ეზოში შემოძვრომას.

კარგა ხნის უშედეგო ძებნის შემდეგ ბროლია ყურებჩამოყრილი დაუბრუნდა თავის ადგილს. სად იყო და სად არა, მასთან გულთეთრა და გულყვითელა გაჩნდნენ და გასაოცარი ამბავი აუწყეს:

– ჩვენ მივაგენით იმ ადგილს, საიდანაც მელია შემოძვრა...

ძმებმა ეზოს ბოლოსკენ წაიყვანეს ბროლია, ღობის ერთი ფიცარი აჩვენეს და უთხრეს: – აბა, გასწიე...

ბროლია თათით მიაწვა ღობეს და გაოცდა: ფიცარი გაიწია და იმხელა ადგილი დატოვა, მელია თავისუფლად შემოეტეოდა.

– უყურეთ ერთი ამათ! – წამოიძახა წიწილების გამჭრიახობით გაკვირვებულმა ბროლიამ, – ყოჩაღ თქვენ! როგორ მიაგენით?

– გულთეთრა მიხვდა! – უთხრა ქებით გათამამებულმა გულყვითელამ, – მე კი ის გამოვიცანი, რომ სწორედ ამ ადგილებში შეიძლებოდა ყოფილიყო შემოსაძვრომი.

– და რატომ სწორედ აქ? – დაინტერესდა ბროლია.

– აქ ყველაზე მიყრუებული ადგილია, ყველა ეზოს წინა მხარეს ვართ შეკრებილი, სახლის უკან კი იშვიათად მიდის ვინმე... ჰოდა, ისარგებლა და მოაძრო ფიცარი...

– ჰო, ხომ ვთქვი, ძალიან ეშმაკია-მეთქი, ბოლომდე არ მოუძვრია, რომ არ შემენიშნა! – თავი უკმაყოფილოდ გააქნია ბროლიამ.

– ახლა მე ვიცი, რაც უნდა ვქნათ! – წამოიძახა გულთეთრამ.

დიდხანს ითათბირეს ძმებმა და ბროლიამ, შემდეგ კი ყველა მეზობელს ჩამოუარეს და თავიანთი გეგმა გააცნეს.

ყოველ დილით მიდიოდნენ ძმები დანიშნულ ადგილას, ელოდნენ იმდენ ხანს, რომ ჭამაც კი ავიწყდებოდათ, მაგრამ თითქოს რაღაც განსაცდელი იყნოსაო, მელა აღარსად ჩანდა.

გავიდა დრო, ცოტა სული მოითქვეს ეზოს ბინადრებმა, საფრთხეს აღარ გრძნობდნენ და უშიშრად დასეირნობდნენ. მხოლოდ ბროლია და უკვე წამოჩიტული გულთეთრა და გულყვითელა არ ადუნებდნენ ყურადღებას. დღე ერთი იყო და ძმები რამდენჯერმე აკითხავდნენ ღობის იმ ფიცარს, რომელიც შეგნებულად არ შეაკეთებინეს ბროლიას.

ერთ დღესაც დილიდან ისე გაწვიმდა, გარეთ ვერავინ გამოყო ცხვირი, მხოლოდ ბროლიამ შემოურბინა სახლს გარშემო და ისეთი სველი დაბრუნდა კიბეებთან, სამჯერ დაბზრიალებამაც ვერ ჩამოუწურა წყალი თეთრი ბეწვიდან. შუადღისკენ  ქარი ამოვარდა და ღრუბლები სულ ცემა-ტყეპით გადაყარა ლურჯი ციდან. მზემ კი სხივები ფართოდ გაშალა და სველ მიწას ისე დააფრქვია, რომ სულ ორთქლი ადინა.

გამოეფინენ ეზოში ნანა ბებოს ეზოს ბინადარნი. გულთეთრა და გულყვითელა მაშინვე სახლის უკან გაიქცნენ, გულთეთრა ღობის გამოწეულ ძელზე შემოსკუპდა სწორედ იქ, საიდანაც მელიას ელოდა. გულყვითელამ კი იქვე ახლოს დაუწყო ბალახს წიწკნა, თან ცალ თვალს ფიცარს არ აცილებდა.

მზე ჩასასვლელად მოემზადა. ძმებს ის იყო, ფრთა უნდა ჩაექნიათ, მელია დღესაც არ გამოჩნდებაო, რომ უეცრად ფიცარი ნელა შეირხა, გაიწია და მელიის ცხვირი გამოჩნდა. შემკრთალმა ძმებმა ერთმანეთს გადახედეს და ადგილზე გაშეშდნენ. აი, ახლა უნდა ემარჯვათ, რადგან ბროლია ჭიშკართან ეგულებოდათ და სანამ მათთან მოირბენდა, მტერი მოასწრებდა ორივეს მოტაცებას. როგორც კი დაუპატიჟებელმა სტუმარმა თავი შემოყო, გულთეთრამ რაღაც ანიშნა ძმას, ფრთები შემართა, ზევიდან დააფრინდა მტერს და თვალში ისე ჩაუნისკარტა, მელიამ სიმწრისაგან დაიკივლა. მისმა კივილმა და გულყვითელას ზარიანმა წივწივმა მთელი ეზო ფეხზე დააყენა...

სიხარბით გონებადაბნელებული მელა კი ნადავლის გარეშე უკან გაბრუნებას არ აპირებდა. მან ცალი თვალით გაავებით მიმოიხედა და გაქცეულ გულყვითელას გამოედევნა. მართალია, სველ ბალახზე ფეხი აუცურდა, რამდენჯერმე წატორტმანდა კიდეც, მაგრამ მაინც მისწვდა წიწილს გაშლილ ფრთაში და დაითრია. აქ ისევ შეაფრინდა გულთეთრა მელას და ახლა მეორე თვალს დაუმიზნა პატარა ნისკარტი,  მაგრამ ააცილა და ცხვირში ჩაჰკრა. ამ სიმწარემ უფრო მეტად გააბოროტა მტერი, პირი უშვა გულყვითელას ფრთას, ბალახზე გადავარდნილსა და ამოყირავებულ გულთეთრას მისწვდა და მისი ფეხი კბილებში მოიქცია. ამ დროს გულისხეთქვით მოვარდნილმა დედაკრუხმა ნისკარტი ისე უთავაზა თავში, რომ მელიას ისევ სიმწრის კივილი აღმოხდა და გულთეთრაც გათავისუფლდა მისი კბილების მარწუხისგან. იმ წამშივე ბრაზით აფოფრილმა მამალმაც მთელი ძალით ჩაუნისკარტა ფერდში. ტკივილით თვალებდაბნელებული მელია გასაძვრომისკენ შებრუნდა... შებრუნდა და ბროლიას სიბრაზით აცახცახებული დრუნჩისა და თეთრად მოელვარე კბილების პირისპირ აღმოჩნდა. ცბიერი ცხოველი მიხვდა, ახლა კი დროზე უნდა გასცლოდა აქაურობას, მაგრამ ვინ აცალა გაქცევა!.. შიშისგან უკან დახეული და მეორე მხარეს საოცარი სისწრაფით შემობრუნებული მელა თეთრი ბატების გარემოცვაში აღმოჩნდა. ბატებმა სისინ-ყიყინით დაითრიეს მტერი და ისეთი კბენა-წეწვა დაუწყეს, მისი ბეწვი ჰაერში აფრიალდა. ტკივილით აწკმუვლებულმა ცხოველმა ახლა სხვა მხარეს იპოვა გასაქცევი, მაგრამ იქ დრუნჩებმომარჯვებული დედაღორი და მისი გოჭები დახვდნენ და ღობესთან მიიმწყვდიეს, ღორებთან ერთად ყურებდაცქვეტილი ბაჭიებიც ცდილობდნენ ერთი მაგრად ეთავაზებინათ შემოჩვეული მტრისთვის...

გაიძვერა მელას რომ ეგონა, აი, აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრებაო, სწორედ მაშინ გაეხსნა გონება და გაახსენდა, რომ მას  თვალით შეუმჩნეველი  სხვა გასაძვრომიც ჰქონდა მომზადებული გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის. ამიტომ იმ მხარეს დაიწია უკან, საითაც ხსნის გზა ეგულებოდა და ის იყო, მოახერხა კიდეც ღობეში გაძვრომა, რომ ბროლიამ მოასწრო და კუდში წაავლო კბილები. მელამ უკანასკნელად ძლიერად გაიბრძოლა, გაიწია და ღობის იქითაც აღმოჩნდა, მაგრამ თავისდა საუბედუროდ, უკუდოდ დარჩა. გააფთრებული ბროლია ღრენა-ღრენით იქნევდა ძირში მოგლეჯილ კუდს, კუდმოგლეჯილი და თითქმის გონებამიხდილი მელა კი ლასლასით მიიკვლევდა გზას თავისი სოროსკენ.

– ყოჩაღ, გულთეთრა! ყოჩაღ, გულყვითელა! – დაჰკრეს ტაში ეზოს ბინადრებმა,– თქვენმა მშობლებმა უნდა იამაყონ მელიასთან მებრძოლი წიწილებით!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ეცადეთ არ იყოთ ძალიან მკაცრი

დისციპლინა არ უნდა აგვერიოს სიმკაცრეში. სიმკაცრის გამოვლენით ბავშვები უფრო ჯიუტები ხდებიან. ასე რომ თქვენ უნდა ესაუბროთ თქვენს შვილს მეგობრულად და მოიპოვოთ მისი ნდობა, რათა მან შეძლოს თქვენთან ურთიერთობა შიშის გარეშე. ეს ასევე დაგეხმარებათ შვილთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024