-ზაფხულის ადადეგები სად გავატაროთ? იქნებ წელს მთაში დაგვესვენა?-ჰკითხა დედამ თავის პატარა გოგონას,-იცი რა, მთაში...
-მე მინდა ვნახო ზღვა და არაფერი სხვა,-გოგონამ დედას სიტყვა შეაწყვეტინა,-ერთი შევავლო ზღვას თვალი, დავალევინო თვალს წყალი...
-ჰო, მაგრამ ზღვაში მთისოდენა ტალღა,-ქადილიკო ცხოვრობს... მისი თოლია ერიკასაც კი ეშინია.
-ერიკა რა სახელია?-გადაიკისკისა გოგონამ.
-სინამდვილეში მას ერიჰა ჰქვია, რადგან ზღვის სილამაზითა და ქცევით სულ გაკვირვებულია, სულ ერიჰა! ერიჰა!-ს გაიძახის.
-ჰოდა, რქმეოდა ერიჰა...
-უცხოელების ამბავი ხომ იცი? ერთმა სიტყვა ერიჰაზე კინაღამ ენა მოიმტვრია, ამიტომ ადგა და ერიკა დაარქვა. რაზე ვლაპარაკობდით? მზე აუარებელ წყალს აორთქლებს, ამიტომ ზღვის თავზე ხშირად ტირია ღრუბელი დასეირნობს, იმას თუ ღრუბელი -კაპასაც შეუერთდაა...
-რა მოხდება?
-ქარიშხალი- შმაგო მოვარდება, ტალღა-ქადილიკოც ბრაზით აღელდება...
-გაუვლის ტალღას ეგ სიბრაზე, არ შემეშინდება ჯინაზე,-გოგონამ თავი გადააქნია,-დამშვიდებული როგორია?
-მოლივლივე... მოციმციმე...ოღონდ მის ზედაპირს თეთრი ქოლგები მოეფინება.
-თეთრი ქოლგები? ეგ რაღაა?
-მედუზები, ზღვის ქოლგები. კარგი, კარგი, წავალთ ზღვაზე, ოღონდ ნუღარ მებუტები,-დედამ გოგონა გულში ჩაიკრა.
-ვაშაა! ჩემს საყვარელ დელფინიკოს ვნახავ! ორ გემსაც,-დიდსა და პატარას!-გაუხარდა გოგონას.
-ახლახან იმ ორი გემზე ისეთი ამბავი გავიგეე!
-რა ამბავი? პატარა გემი-ხალისა ჩემი მეგობარია! დიდი კი თავს არვის უყადრებს...
-უკადრისას ამიტომაც ეძახიან. მეტისმეტად ამაყია. ხუმრობაა? დედამიწა დაუვლია, აუვლია-ჩაუვლია. მოგზაურობს იგი მარად...
-და თავი ვერ შეგვაყვარა?-გოგონამ კულულები წყენით შეარხია,-თავმდაბლობა მაინც მართებს.
-მოდი, იმ ორ გემზე მოგიყვები: ჩვენი პატარა ხალისა თურმე ნავსადგურში იდგა და დიდ გემს თვალს არ აცილებდა, შორეულ ზღვებში ცურვაზე ოცნებობდა.
-შენთან წამიყვანე!-შეევედრა დიდ გემს,-გამოგყვები კვალდაკვალ, კი არ ვივლი განდაგან...
დიდმა გემმა ისე დამცინავად გადმოხედა...
-ნეტავ, უჩინარი ვიყო! ან შავმა ზღვამ პირი მიყოს!-ინატრა საბრალო ხალისამ.
-ერიჰაა!-თოლია-ერიკამ ზემოდან მაშინვე წყენით გადმოსძახა. თურმე გემების თავზე დაფრენდა.
-შენისთანა პატარამ როგორ შეძლოს ატანა,-დიდმა გემმა პასუხი ინება,-გინახავს ნამდვილი ტალღა? გიგრძვნია ცურვისგან დაღლა? ხომ გაგიტაცებენ ზვირთები! საწყალო, ზღვაში ვის სჭირდები!
-ერიჰაა!-ისევ დაიძახა ერიკამ,-ისეთი მწარე გაქვს ენა, ლამის შემაძულო ფრენა. ამას ნუ უსმენ, ხალისა, ჯინაზე ცრემლი არ დაიდინო! იცოდე, გუნება არა წაიხდინო!
მაგრამ ხალისა უკვე იცრემლებოდა.
სწორედ იმ დღეს მზემ ზღვიდან ზომაზე ბევრად მეტი წყალი შეხვრიპა. ხომ იცი, ამ დროს რა ხდება? ცაზე მაშინვე გამოვარდნენ ტირია და ქვითინა ღრუბლები, იმათ კაპასაც შეუერთდა. ქარიშხალი-შმაგო განა დააყოვნებდა, მაშინვე ცოფიანივით მოიჭრა, დატრიალდა და მთისოდენა ტალღასაც მოუხმო:
-ჰეი, ქადილიკო! ახლავე გამოაჭენე შენი ქაფისფაფრიანი მერანი!
აჰა! ქადილიკოს დროც დადგა! გამოვარდა და ნავმისადგომს ზათქით დაეცა...
-ერიჰაა!-დაიძახა ერიკამ,-რა უცებ გაავდრდა! ვაიმე, გამახსენდა! მეთევზეების ნავები ჯერ ზღვიდან არ დაბრუნებულან?!
მართლა ასე ყოფილიყო, მეთევზეებს ჯერაც ვერ მოესწროთ ნავსადგურში დაბრუნება, ტალღები იმათ ნავებს, აი, ასე აბურთავებდნენ:
-შენ მიდი!
-შენ დაიჭირე!
-ახლა მე გადმომიგდე!
-მეც მინდა თამაში!
-გოოლ!
აი, ასე ცუდად იქცეოდნენ ტალღები! საბრალო მეთევზეები!-ძალა სულ გამოცლოდათ.
საბრალო ნავები! -ბურთის როლში ყოფნა ენდომებოდათ?
-ცუდადა საქმე! აბა, გემებო! მიეშველეთ მეთევზეებს!-დაიძახა ერიკამ.
-მზად ხართ, გემებო?-იკითხეს კაპიტნებმა.
-რა თქმა უნდა, ახლავე მივეშველოთ!-დაიძახა ხალისამ.
დიდი გემი არც კი განძრეულა.
-ყოჩაღ, ხალისა!-შეაქო კაპიტანმა პატარა გემი,-მაგრამ...ქარიშხალს გაუმკლავდები? ნუთუ, მთისოდენა ტალღას არ შეუშინდები!
-გავუძლებ! რა თქმა უნდა, გავუძლებ!
-ერიჰაა! -დაიძახა ერიკამ,-ყოჩაღ, ხალისა! ვაიმე, დედა! ვვარდები!
მოწონება ასე იმიტომ დაამთავრა, რომ სწორედ ამ დროს ქარიშხალმა შმაგომ ძლიერად დაუბერა და თოლია ხალისას გემბანზე ჩამოაგდო,-რა სულ ერიჰას გაიძახი, რა გააჭირვეო საქმე. აქ კი შეცდა, რადგან როცა შმაგო-ქარიშხალი უბერავს, ფრენას გემბანზე ყოფნა ჯობია.
ხალისა მეთევზეებისკენ გაცურდა. ქადილიკო არ მოეშვა, მართლა ნაფოტივით აიტაცა, უნდოდა, მორევში ჩაეხვია და ჩაეძირა. ზვირთები ღრიალებდნენ, გემსართავები ჭრიალებდნენ! ეშინოდა პატარა გემს, მაგრამ წინ მაინც ჯიუტად მიიწევდა. სულზე მიუსწრო, ქარიშხალთან ბრძოლით დაქანცული მეთევზეები ძლივს ამოცოცდნენ გემბანზე.
-ჩემო მამაცო გემო! მეთევზეები უკვე გემზე არიან! ახლა ნავსადგურში დავბრუნდეთ!-ბრძანა კაპიტანმა.
-არის, კაპიტანო!-უპასუხა ხალისამ.
- მაშ, მე ქუდი...ფუი, ქაფი არ მხურებია! ეს არის ჩემი კაცობა? პატარა გემმა მაჯობა?!-ქადილიკოს ისე შერცხვა, რომ სირცხვილისაგან დაპატარავდა კიდეც.
-გულს ბოღმით რატომ ვისიებ? მოდი, შურს მაინც ვიძიებ!-ტალღამ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, პატარა გემს დააცხრა და ანძა ძირში გადაუტეხა.
-ვაიმე! მეტკინა!-ამოიკვნესა ხალისამ.
-ვუიმე! დავიღუპე!-დალეწილი ქარიშხალი სირცხვილისგან დამცხრალ ქადილიკოს ზურგზე დაეცა.
ჩადგა ბრაზიანი ქარიშხალი, მზემ გაახილა ცხრავე თვალი! მაგრამ პატარა გემი... ისე საშინლად გამოიყურებოდა! ქარიშხალს გვერდი შეელეწა, ბაგირები სულ დაეწყვიტა, ანძა გადაეტეხა...
-ერიჰაა! ეს რა მოგსვლია, ჩემო ყოჩაღო გემო!-დაიძახა ერიკამ.
გადარჩენილი მეთევზეები მადლობის სათქმელად ნავსადგურში მოვიდნენ.
-შევაკეთოთ ჩვენი გემი!-ყველამ ერთად გადაწყვიტა.
მალე პატარა გემი ისე გალამაზდა, იმის ნახვას არაფერი სჯობდა. ნავსადგურში უამრავი ადამიანი შეიკრიბა,-პატარა გემის ნახვა გვინდაო. მეთევზეებმა მას თურმე ახალი გემსართავები და ლამაზი ანძა დაუყენეს, გემბანი თეთრად გადაღებეს, ყველაფერი გააპრიალეს...
-ყურადღება! ყურადღება!-ბრძანა კაპიტანმა,-გამოჩენილი მამაცობისთვის პატარა გემი ლამაზი ალმით უნდა დაჯილდოვდეს!
კაპიტანმა პატარა გემის ანძაზე საქართველოს ლამაზი ალამი დაამაგრა.
-ერიჰაა!-მაშინვე დაიძახა ერიკამ,-ლამაზი იყავი, მაგრამ ახლა უფრო გალამაზდი! რა დიდი პატივია! შენ ეს დსაიმსახურე , პატარა გემო! ერიჰა!
პატარა გემმა სანაპიროს გასწვრივ გაისეირნა.
-შემომხედეთ! შემომხედეთ! საქართველოს ალამი ვარ, ამიტომაც ამაყი ვარ!-ვერ ისვენებდა ალამი-ფრიალა.
ყველა პატარა გემს და იმის ფრიალა ალამს ესალმებოდა.
შორეული ნაოსნობის გემი, ამაყი უკადრისა ხმას არ იღებდა, მეტისმეტად გაკვირვებული და დარცხვენილი ჩანდა. ერთი სული ჰქონდა, ნავსადგურიდან მალე გასულიყო, იქაურობას თუნდაც კუდამოძუებული გასცლოდა...
დედამ თხრობა დაასრულა. პატარა გოგონას ახლა უფრო მოუნდა ზღვის ნახვა.
-იქნებ წელს მთაში დაგვესვენა?- დედამ ყასიდად შესთავაზა.
-მე მინდა ვნახო ზღვა და არაფერი სხვა!- გოგონამ სხაპასხუპით უპასუხა,-პატარა გემი ხომ უნდა ვინახულო? მეგობარს ხომ უნდა მივესალმო! გამარჯვება ხომ უნდა მივულოცო!
ნეტავი, ერიკა იქ ყოფილიყო!
-ერიჰაა!-მაშინვე დასძახებდა ჩვენი კეთილი თოლია.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
გიყვარდეთ შვილები ერთნაირად, მაგრამ მოექეცით განსაკუთრებულად. ბავშვები ინდივიდუალურები არიან.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო