ისეთი ლამაზი ცხენი იმ სოფელში არავის ჰყავდა. ხავერდივით ბეწვი ჰქონდა: ლურჯი, ნაცრისფერი და თეთრი. ისე, რომ ზუსტად ვერც იტყოდით, ლურჯა რა ფერის იყო. თანაც იორღა. ერთი შეძახილი ჰყოფნიდა: ,,მიდი, ლურჯა!“ და ისე მირბოდა, გეგონება, მიწას ფეხს არ აკარებსო.
პატრონი ლურჯას მძიმე ბარგისთვისაც კი ვერ იმეტებდა. თუმცა, ბავშვებს გულს არასოდეს სწყვეტდა და როცა სთხოვდნენ ყოველთვის ატანდა. ფრთხილად იარეთ, არცად გადაიყარნათო, ამას კი აუცილებლად დაამატებდა.
ლურჯაზე ზრუნვას ბავშვებიც ეჩვეოდნენ.
საამისოდ კარგი დრო მაშინ დგებოდა, როცა მგელიკა პაპა იტყოდა, ბალღებო, ლურჯას ნალები დაუცვდა, არ დავჭედოთო?
ატყდებოდა ჟივჟავი და ალიაქოთი:
დავჭედოთ, მგელიკა პაპა, დავჭედოთო!
და ყველანი დათქმულ დროს მგელიკა პაპას ქაზდარში მოგროვდებოდნენ.
ცხენის დაჭედვა არც ისე იოლი საქმე იყო.
ბავშვს ლურჯას მოხრილი წინა ფეხი იმდენ ხანს უნდა სჭეროდა, სანამ მოხუცი ნალს არ შეუცვლიდა. ეს კი საკმაოდ დამღლელი იყო.
დახმარების სურვილი ბევრს ჰქონდა,მაგრამ საამისოდ მგელიკა პაპა ყოველთვის თვითონ ირჩევდა უფრო მოზრდილ და გამოცდილ ბავშვს.სხვებს კი ისღა დარჩენოდათ, შორიახლო ეტრიალათ და რაიმე უფრო იოლი საქმე გამოენახათ.
ზოგი ჩაქუჩის, ლურსმნებისა და სხვა წვრილმანების მიტან-მოტანით დაკავდებოდა,ზოგი დუდრუყას მოიმარჯვებდა და ლურჯას ბზიკებს უგერიებდა ( ისე, კაცმა რომ თქვას, ლურჯა ამას თვითონაც კარგად ახერხებდა გრძელი, შოლტივით კუდის წყალობით), ზოგი გოგონა ცხენს წინ დაუდგებოდა ,ოხშივარიან პირსა და ნესტოებზე ხელს მიადებდა და ამხნევებდა, ცოტაც მოითმინე, ლურჯა, ცოტაცო! ( რა თქმა უნდა , ლურჯას სულიერად გამხნევებაც საქმე იყო) .
ნალების დაკვრას რომ მორჩებოდნენ, მგელიკა პაპა იტყოდა, ლურჯას მოშივდებოდა, ქერი არ ვაჭამოთო ?
ისევ ატყდებოდა ჟივჟავი , ვაჭამოთ, ვაჭამოთო!
და რომელიმე ბავშვი თოფრის მოსატანად გაიქცეოდა. თოფრა პატარა, გრძელყურიანი ჯვალოს ტოპრაკი იყო, რომელშიც ქერს ყრიდნენ და ცხენს პირზე წამოაცვამდნენ.
საკმარისი იყო, ლურჯას თოფრით ხელში კალოსკენ მიმავალი ადამიანი დაენახა, უმალ ხვდებოდა ქერი მოაქვთო და განაბული, თავაწეული და ყურდაცქვეტილი იდგა, სანამ მიმავალი კალოში არ გაუჩინარდებოდა. მერე კი მოჰყვებოდა ცქმუტვასა და ხვიხვინს. ბავშვებს ძალიან მოსწონდათ ლურჯას ასეთი გონიერება.
ერთხელ ციციამ ლურჯას დიდხანს უყურა და წამოიძახა:
-მგელიკა პაპა, შეხედე, ლურჯას სხვადასხვანაირი თვალები აქვს!
მოხუცს არ გაჰკვირვებია.
- ჰო, პაპავ, თავთავადი*თვალები აქვს, - მიუგო მან.
- მარჯვენა თვალში თეთრი ვარსკვლავი აქვს, არა, მგელიკა პაპა? - ხარობდა თავისი აღმოჩენით ბავშვი.
- ჰო, აქვს, პაპავ, ჩვენი ლურჯა შეიძლება ნაწილიანიც არის , - თქვა მოხუცმა.
- ნაწილიანი რას ნიშნავს, მგელიკა პაპა? - გარს შემოეხვივნენ გაფაციცებული ბავშვები.
- ნაწილიანი? - მგელიკა პაპა ცოტა ხანს გაჩუმდა, თითქოს ფიქრობს, როგორ აუხსნასო.
- კარგი როა, პაპავ, სხვათაზე ბევრად კარგი, მაშინ იტყვიან კაცზეც და საქონზეც, ნაწილიანიო. ღმერთის წილია მეტი ეგეთაში, -თქვა ბოლოს.
ბავშვებმა მთლად კარგად ვერ გაიგეს, რას ნიშნავდა ეს, თუმცა თითოეულმა თავისებურად სცადა აეხსნა:
- ყველაზე კარგი იორღა რომ არის, მგელიკა პაპა? - თქვა გიგამ.
- ჰო, პაპავ, მაგაად.
- ყველაზე ლამაზი ბეწვი რომ აქვს?- დააზუსტა დათამ.
- მოხუცმა თავი დაუქნია.
- მარჯვენა თვალში ვარსკვლავი რომ აქვს? - დაამატა ახლა ციციამ.
- ჰო, პაპისებო, მაგაად იტყვიან, ნაწილიანივ. სიფრთხილე უნდა ეგეთას, ხიფათს იოლად გადაეყრების.
ბავშვები ისედაც ხომ თავს ევლებოდნენ ლურჯას და ამის შემდეგ ერთი წუთითაც არ ტოვებდნენ უყურადღებოდ.
***
ზაფხულობით როშკაში საქონლის ფერმები ამოდიოდა.
სადგომი, სადაც რძეს ამუშავებდნენ და ყველს აკეთებდნენფაფარენას ჰქონდათ. მერე კი ყველი ბარისახოში მიჰქონდათ. რაკი სამანქანე გზა ხშირად გაფუჭებული იყო, როშკიდან ბარისახომდე ყველის ჩატანა ცხენებით უწევდათ. რასაც უმეტესად ბავშვები აკეთებდნენ.
ამაზე სასიამოვნო და სახალისო საქმე მათ ცხოვრებაში არ არსებობდა.
განსაკუთრებით მოსწონდათ, როცა ყველს ჩააბარებდნენ და უკან ცარიელი ცხენებით ბრუნდებოდნენ.
აი, მაშინ იწყებოდა ჯირითი და მხიარულება.
ერთ დღეს ცხენი მართა ბებოსაც დასჭირდა. ლურჯა ჭანჭახში ება. ციცია ბევრს ეხვეწა ბებოს, ლურჯას მე მოვიყვანო, მაგრამ ბებო არ თანხმდებოდა, გადმოვარდებიო.
საბალახოდ მყოფი ცხენის მოყვანა პატარებისთვის ცოტა ძნელი იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უნაგირი არ ედგა და უბელო ცხენზე ჯდომას მეტი გამოცდილება სჭირდებოდა. თანაც ცხენს გრძელი ჯაჭვით აბამდნენ,მისი ტარება და მართვა ერთდროულად ძნელი იყო.
- მიხათ ასმათი და მე წავალთ რა, ბებო, - ეხვეწებოდა ციცია.
ასმათი ციციაზე ცოტათი უფროსი იყო.
კარგა ხნის ჭოჭმანის მერე ბებო, როგორც იქნა, დათანხმდა.
გახარებულმა ბავშვებმა ბოტები ჩაიცვეს, ბამბაზიის ხალათებში ლურჯასათვის პურის ნატეხები ჩაიწყვეს და ჭანჭახისკენ გაიქცნენ. მართა კი ყველის ამოყვანის თადარიგს შეუდგა: რძიანი ბაკნებიდან ნაღები საზეურში
გადაასხა. მერე ქვაბი შუაცეცხლზე შემოდგა და შეუკეთა.
მართამ კარგა ხანს იფუსფუსა.
ბავშვები კი იგვიანებდნენ.
შეფიქრიანებულმა დურბინდი მოიმარჯვა, გავხედავ, სად არიანო და შუშაბანდში გასული მოულოდნელობისაგან გაშრა.
კარებთან თავიდან ბოლომდე ტალახში ამოსვრილი და გაწუწული გოგონები იდგნენ.
- ეს რა ამბავია ჩემს თავს, ცხენმა გადმოგაგდოთ? - წამოიძახა შეშინებულმა ქალმა და ბავშვებისკენ გაიქცა, რომ დარწმუნებულიყო , საღ-სალამათები არიანო.
- ჰო, გადმოგვაგდო...არა, ჩვენ გადმოვვარდით! - თქვა ასმათმა დამნაშავესავით.
- ლურჯას ბრალი არ იყო, ბებო! - დაამატა ციციამ.
მართა რაკი დარწმუნდა , რომ ბავშვებს არაფერი სჭირდათ , ცოტა დაწყნარდა .
- იცი, მართა ბებო, - დაიწყო მოყოლა ასმათმა, - ლურჯას წყალი სწყუროდა, ღელესთან რომ მივედით, წინა ფეხები წყალში ჩადგა და კისერი რომ დასწია...- გოგონას ეცინებოდა და თხრობა შეწყვიტა.
- ლურჯამ თავი რომ დახარა , ბებო, ჩვენ კისერზე ჩავსრიალდით და წყალში ჩავვარდით, - როგორც იქნა დააბოლოვა ამბის მოყოლა ციციამ.
- ვაი, ჩემს თავს, - ისევ ანერვიულდა ბებო, - მაშ, არაგვზე რომ დაელია წყალი, ხომ არაგვში ჩაიყრებოდით? ამის მემრ კი მე ვიცი, სადაც გაგიშვებთ, - გულს იოხებდა და ბავშვების დასაბანად ტაშტს ამზადებდა.
ციციას და ასმათს თავიდანვე ეტყობოდატ, რომ მომხდარს უფრო მხიარულად უყურებდნენ ვიდრე ბებო, მაგრამ იმის შიშით , უარესად არ გავაჯავროთო , სიცილს ვერ ბედავდნენ. ეხლა კი, ბებო რომ დაწყნარდა, ჩუმად ხითხითს მოჰყვნენ.
მომხდარი სხვა ბავშვებმაც გაიგეს და სათითაოდ მოიკრიბნენ. შემოაღებდნენ კარს და ლურჯას ხომ არაფერი შეემთხვაო, პირველად ამას კითხულობდნენ.
ლურჯას არაფერი, ჩვენ კი შეგვემთხვა კარგი ამბავიო, -იცინოდნენ გოგონები.
გარეთ კი ლურჯა იდგა და თავთავადი თვალებით ისიც იღიმებოდა. თითქოს ბავშვებს ეუბნებოდა, არ გეწყინოთ, ვიხუმრეო.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და მხიარულება
თამაშის საშუალებით ბავშვი სწავლობს თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობის წესებს, უვითარდება რიგის დაცვისა და სხვებისათვის გაზიარების უნარები.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო