kids.ge logo

ოჰ, ეს გარეული ცხოველები

ფავორიტებში დამატება

მე ხტუნვისა და სირბილისათვის დავიბადე! სიარული არ შემიძლია. არა, რა კენგურუ, კურდღელი ვარ. ახლაც სტაფილოს მოსაპარად მივხტუნავ. ქურდობა რომ არ შეიძლება, ვიცი, მაგრამ რა ვქნა. ჩემი კბილები მუდმივად იზრდება და მაგარი საჭმელი თუ არ დავღეჭე, შეიძლება მთელი ყბა კბილებით გამომევსოს და გავიგუდო. სულ ხის ქერქი და ტოტი ჩემმა მტერმა ღეჭა. დიდი რამე თუ ზოგჯერ ყელის ჩატკბარუნება მომინდა. სტაფილო კი ისეთი უგემრიელესი და ულამაზესი ბოსტნეულია, რომ მის მოსაპოვებლად რას არ ჩაიდენს ჩემნაირი მარტოსული კურდღელი. ჰო, კარგი ცოტას ვაზვიადებ, ყველა კურდღელი ისედაც მარტო ცხოვრობს, არც სახლი აქვს და არც ოჯახი ჰყავს. ეგ ბოცვერია, ბატონო, მშობიარობისთანავე რომ იწყებს სოროს გაფართოებას და სამოთახიანზე ნაკლებს არ კადრულობს, აბა, ჩვენ, კურდღლები, გარეთ ვზრდით ნაშიერებს და თუ ვინმე მოგვიახლოვდა, ფეხის სწრაფი ბაკუნით ვატყობინებთ, რომ ეს ტერიტორია უკვე დაკავებულია. ისე, ძალიან მაგარი ფეხები გვაქვს, თუ რამე საუკეთესოდ გამოგვდის, ყველაფერი უკანა ფეხის ტერფების დამსახურებაა: უსწრაფესად სირბილი, უმაგრესად ხტუნვა და უსაყვარლესად ფეხის ბაკუნი. ჰო, მართლა ძალიან საყვარელია ყველა კურდღელი, რომელიც ფეხს აბაკუნებს. მაგრამ ახლა, ამ წამს, მე ბაკუნი არაფერში მჭირდება, ფეხის წვერებზე უნდა შევიპარო ბოსტანში და სტაფილო ამოვთხარო რამენაირად. მნია, მნია, უფ, სულ კბილები მიკაწკაწებს.

პატარა კურდღელმა ყნოსვით მიაგნო ყველაზე მწიფე სტაფილოს, წინა თათებით ამოთხარა. ისე შიოდა, წაღებაზე არც უფიქრია, პირში გაიქანა და სწრაფ-სწრაფად დაიწყო ღრღნა. გემრიელი იყო, ძალიან გემრიელი და მერე რა, რომ მკაფიოდ ესმოდა ნაბიჯების ხმა, ახლომახლო არავინ იყო, მაგრამ განა ტყილად ჰქონდა ამ სიგრძე ყურები, რომ ვერ გაეგო ვიღაც როგორ უახლოვდებოდა ბოსტანს, ესმოდა, მაგრამ სტაფილოს უგემრიელესი წვენი ძალას ართმევდა და წასვლის ნებას არ აძლევდა. - აი, კიდევ ცოტაც და გავიქცევი, ორ ლუკმასაც ჩავყლაპავ და მოვკურცხლავ! - ფიქრობდა კურდღელი, რომელსაც ვერა და ვერ მოეხერხებინა სტაფილოდან დრუნჩის ამოწევა! - ამას შეხედეთ ერთი, რა საყვარელია! - ვიღაცამ ქეჩოში ხელი წაავლო და მაღლა ასწია. - ფუნფულა და ღუნღულა, სტაფილო მოუპარავს და გემრიელად გეახლებათ! გამარჯობა ყურცქვიტავ! - მიესალმა ვიღაც ქალბატონი და ისე გულიანად გაუღიმა, რომ ყველა კბილი გამოუჩნდა. ეს კიდევ ცახცახებდა და თან თათებში ჩაბღუჯულ სტაფილოს ვერ თმობდა. ეჰ, მშიშარა რომ არ იყოს, კურდღელს ისეთი შესაძლებლობები აქვს, ალბათ ძლევამოსილი ცხოველი იქნებოდა, მაგრამ განა ასეთი ადვილია შიშს მოერიო, თუ ღმერთმა სიმამაცის ნატამალი არ მოგცა? ცახცახებდა ჩვენი ყურცქვიტა და მხოლოდ შიში ედგა მთელ სხეულში, რომელსაც სულ გაექრო სტაფილოს მშვენიერი გემო. არადა საშიში არაფერი იყო. ქალს აშკარად მოსწონდა ცხოველი და არც მოპარულ სტაფილოზე ბრაზობდა. სახლში შიყვანა, ფუნფულა ბალიშზე დასვა, გვერდით წყალი და ბოსტნეული დაუდო, თავზე ხელი გადაუსვა და “ვიმეგობროთო!”- შესთავაზა.

- ვერაო! - კურდღელმა. მაგისთვის ბოცვერი არსებობს, მაგას უყვარს სახლი და ოჯახი და თუ გინდა ის მოიყვანეო! - იმ ღამესვე გაიპარა. წვიმდა, თავსხმა იყო და მაინც გიჟივით გარბოდა ტყეში. გზაში გრძნობდა, როგორ ეზრდებოდა კბილები, რომლებსაც არ ეყოთ ნახევარი სტაფილო, მაგრამ იქ რაღა დააბრუნებდა, კიდევ რომ დაენახათ და გამოეკეტათ დახურულ სივრცეში?! იმ ქალის მორთმეულ ვახშამშიც ერია სტაფილო მწვანილებთან ერთად, მაგრამ სად შენი მოპოვებული და ამოჩიჩქნილი, ყნოსვა-ყნოსვით მიგნებული, სუფთა ჰაერზე სიფრთხილით ჩაკბეჩილი პირველი ლუკმა მოციმციმე ვარსკვლავების ქვეშ და სად ვიღაცის გამზადებული, თავისი გემოვნებით და არა შენი ინიციატივით… “ისევ ხის ქერქის ღრღნა მირჩევნიაო! “- გაიფიქრა კურდღელმა და მარტო განაგრძო უღრან ტყეში ცხოვრება. არც არავინ ჰყავდა, რომ ერჩია: „მზრუნველი მეგობრის გამო, ზოგჯერ შეიძლება დათმობაზე წასვლაო! - სოფლიდან გამოქცეულს ეზოს ძაღლი კი გამოეკიდა რაღაცის სათქმელად, მაგრამ აბა რას დაეწეოდა…

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩავლეიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ემოციების მართვა

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს ემოციების მართვა ჯანსაღი გზებით, მაგალითად, ღრმა სუნთქვა.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026