დილით ადრე ადგა, საკინძე შეიკრა ნაცრისფერშეპარულ, ოდესღაც თეთრ პერანგზე, დარცხვენით გადახედა მძინარე მეუღლეს, რომელსაც ჯერ კიდევ ანგელოზის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
უნებურად გაეფიქრა, სიზმარში მაინც არისო ღიმილიანი, იქ მაინც ეღირსოს სიმშვიდე და ნაკლები დარდიო.
სარკმელს გახედა..
ავისმომასწავლებლად შეყრილიყვნენ ფენა ღრუბლები და ჰორიზონტს იქით, ძლივს ამოწვერილი მზის სხივები, წითელ ალებად ეთამაშებოდნენ მოქუფრულ სივრცეს.
თავი სინანულით გააქნია კაცმა და ცეცხლსფერმა ცამ ის წითელი კაბა გაახსენა, დიდი ხნის წინ რომ დაპირდა მეუღლეს და პირობა დღემდე ვერ შეუსრულა.
გვერდით ოთახში ბავშვებს ეძინათ, მშვიდი იყო მათი სუნთქვა, შორიდან მოეფერა მათ ბუთხუზა ლოყებს და ფრთხილად გამოიხურა აჭრიალებული კარი.
ხმაურზე მეუღლემ შუბლი შეიჭმუხნა, მაგრამ არ გატყდა, ისევ განაგრძო ოცნებასთან თამაში.
გარეთ გამოსულს, სიცივე ბრაზით დაეტაკა სახეზე.
მისი სინდისივით სუფთა და შეურყვნელი წვიმის წვეთები, ბარბაცით ეშვებოდნენ ატალახებულ მიწაზე, ისვრებოდნენ, შავდებოდნენ და ბოლოს, ერთ მთლიანობად ქცეულნი და დედამიწელივით გასვრილნი განაგრძობდნენ ცხოვრებას, შემდეგ კი კვდომას.
აქ ვინც მოხვდა განა ყველა არ შეიბილწა? გინდა თუ არა ცხოვრებაა ასეთი, ყველაფერს ლამაზს, რუტინული ყოფით შეგიფუთავს, დაგაშორებს ღვთიურ საწყისებს, გაქცევს ქანცგამძვრალ მტარვალად და მიგატოვებს დარდის უდაბნოში.. ვერც შენს ტკივილს გაანდობ და შეადარებ სხვის განცდებს, რადგან სულის ტკივილები, როგორც თითის ანაბეჭდები ყველას თავისი აქვს.
მძიმე ნაბიჯებით გაუყვა ნაწვიმარ ბილიკს და კვლავ მეუღლის სიტყვები გაახსენდა, კამათისას ყველა დარდი რომ ამოაფრქვია და კიდევ უფრო დაპატარავდა.
ისიც განა ასეთია? განა თქმა უნდოდა რამის? ყელში წაჭერილმა გაჭირვებამ ამოაბღავლა დაკლული ხბოსავით და წამის მერე ტუჩიც მოიკვნიტა, მაგრამ ნათქვამს რაღას მოუხერხებდა. ინანა... ჰო, ძალიან ინანა! მის ჩამქრალ თვალებში დაინახა ეს სინანული, მაგრამ გულში ისევ მატლებივით ფუყფუყებდნენ ამოთქმული სიტყვები,- რაც შენი ცოლი გავხდი დამავიწყდა რა არის ბედნიერება, სიცოცხლის სხივი ჩაქრა თვალშიო!
არც ტყუოდა!
სიცოცხლესა და სიყვარულზე შეყვარებული ანცი გოგონა, წლებმა ჭაღარამორთულ სევდიან ქალად აქცია. ხშირად დაუნახავს როგორ ისწორებდა თვალებთან ნაოჭებს ცახცახა თითებით... ნაოჭები კი არადა არ სწორდებოდნენ.
ჰოდა, საკუთარს სადღა ჩიოდა ან ნაოჭსა და ან კიდევ მუჭში მოქცეულ ოცნებებს, ცარიელი ჯიბით რომ დაატარებდა აქეთ-იქით.
ოცნება კი რამდენი ჰქონდა, თითო წელმა ეს ოცნებებიც სათითაოდ წაიღო და ახლა ხელისცეცებით ეძედა ღირსეულ სურვილებს საკუთარ გულში, რომლის ძირითადი საზრუნავი თავის გადარჩენა და გატანაღა გამხდარიყო.
იმედიანი წარსული გაახსენდა, პროფესიონალებს გზა ფართოდ აქვთ ხსნილიო, სწამდა და სჯეროდა ამ სიტყვების, ჯერ კიდევ გულგაუტეხელ სულს.
მისმა მშობლებმაც ქვას გაადინეს წყალი, ყველაფერი მოიძიეს და მოაგროვეს რაც კი ებადათ, ოღონდაც შვილი მომავალში მყარად ფეხზე მდგარი ენახათ.
თბილისში კი სტუდენტის შენახვა არ იყო ადვილი საქმე.
ისწავლა, დაამთავრა, ის დღეც ახსოვს იმედით სავსე, რომ გაუდგა გზას სამსახურისკენ.
განა რა? უფროსის წერილებს ასწორებდა და აგზავნიდა მისამართებზე, სულ ეს შეხვდა ისტორიკოს კაცს ამდენწლიანი სწავლის საპირწონედ, მაგრამ დიდხანს ვერც იქ გასტანა, რადგან ტკბილად მოუბარ და ნაცნობებში გარეულ თანამშრომელს ანაცვლეს მისი სიალალე.
იმ დღესაც, მგზაზე გამოსულს, სიცივისგან ტკივილმა გადაუარა შუბლზე და შუბლის ძარღვი გაახსენდა, ზოგს რომ გამწყდარი ჰქონდა, ზოგს კი გაყინული, თუმცა განსხვავება მაინც არ იყო.
სახლში მისული ცოლმა დაამშვიდა, -გამოჩნდება რამე უკეთესიო!
გული ძალიან ეტკინა მაშინ, მაგრამ უკეთესიც აღარ გამოჩნდა.
ბოლოს გზამ მშენებლობაზე მიიყვანა.
იზრდებოდა და ბეტონდებოდა ქალაქი, იჩეხებოდა ხეები, ფილაქნდებოდა მინდვრები.. არაფერი ცოცხალი და ხელშესახები აღარ რჩებოდა ირგვლივ, სუნთქვაშეკრულს უთენდებოდა ყოველი დილა თბილისს.
მისი წილი საქმეც მოიძებნა დაუყვედრებლად.
დილითაც ამ გზას დაადგა, ეს იშოვა, ალბათ ეს იყო მისთვის უკეთესი.
ბედგაძაღლებულ ადამიანებთან ყოფნა უფრო უმარტივებდა ყოფას, იქ თითქოს იოლი იყო დარდის გაძლება, რადგან ყველას ერთნაირად სტკიოდა და ერთნაირად ეშინოდა ხვალინდელი დღის.
მერე კი დაღამებამდე დაათრევდა სიმძიმეაკიდებული ხან სხვის და ხანაც საკუთარ ცოდვებს სართულიდან სართულზე, მაგრამ აშენებდა და ალამაზებდა სხვის ოცნებას.
ახლაც, ჯგუფის უფროსი შეხვდა ობიექტზე შესვლისას, წაიბურდღუნა რაღაც.
ეს ერთ-ერთი მათგანი იყო შუბლის ძარღვი რომ გაყინვოდა და ყოველ წუთს გამეტებით იზელდა.
,,ვერა ძმაო, მაგ ძარღვს სითბოს ვეღარ დაუბრუნებ,’’- გაიფიქრა გულში კაცმა და მძიმე ნაბიჯებით გაუყვა გზას მუშებისკენ.
მზე ისევ დამალობანას ეთამაშებოდა დილით დატირებულ ქუჩებს, უკვე ატალახებულს და სიწმინდე შერყვნილს.
მაღალი სართულიდან კარგად ჩანდა ქალაქის ქაოსი, მანქანების უშველებელი ჯაჭვი, თავჩახრილი ადამიანები, ყველას სახლისკენ რომ მიეჩქარებოდა ზოგს სავსე ჯიბით და ზოგს ისევ მუჭში მოქცეული ოცნებებით.
საღამოს კი ტელევიზიით გადმოსცეს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო მუშა დაიღუპა.
იქოთქოთა და შეიცხადა საზოგადოებამ, კანონები ზომეს და წონეს, პასუხისმგებელი კი მის სიცოცხლეზე ვერავინ ნახეს, ვერავის აჰკიდეს ტვირთად მისი ადრიანად შეწყვეტლი სიცოცხლე..
ან ვის ნახავდნენ?
უფალმაც კი არ აიღო თავისი წილი მისი გაჩენისას.
ის კი არავინ იცოდა, უკანასკნელ წამს, მუშამ როგორ გააყოლა თვალი, საკუთარი სხეულიდან გადმოსულ წითელი სისხლის წვრილ კვალს და ისევ ის წითელი კაბა გაახსენდა, რომ ვერა და ვერ აღირსა უბედურ ქალს.
სიმსუბუქე იგრძნო აწიოკებულმა სულმა და აქამდე მძიმედ სათრევი დარდი, პეპლებად გადაიქცა ნიავში შერეული.
იმის მერე წითელ კაბაზე აღარც კი უოცნებია მის საბრალო ცოლს, უბედურების ნიმუშად, როგორც მძიმე ხვედრის დასტური, შავი კაბა მოირგო სიცოცხლე ჩამომდნარ სხეულზე და საკუთარი არსებობა კიდევ ერთხელ დაწყევლა."
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
დაგეგმეთ აქტივობები, რომლებიც არ საჭიროებს გაჯეტების გამოყენებას, მაგალითად, თამაშები, გასეირნება ან კითხვა.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო