kids.ge logo

წინაპართა აჩრდილნი

ფავორიტებში დამატება

ჰაჯი ჩალაბმაც კარგად დაინახა ერეკლე, მოერიდა მასთან პირისპირ შეტაკებას: თითონ უკან დადგა და თავის ჯარს წინამძღვრად დაუყენა ვაჟკაცობით განთქმული თავისი შუათანა შვილი.

იგი აღტაცებით მიეგება ამ დანიშნულებას. იმედი ჰქონდა, ერთი შეტევით გაანადგურებდა ქართველების პატარა გუნდსა და მთელს დაღესტანში დიდებულ სახელს მოიხვეჭდა უძლეველი მეფის დამარცხებითა. მაგრამ ესეთი საოცნებო ფიქრები ახალგაზრდა, დიდების მოყვარე კაცისა კვამლივით გაიფანტა პირველსავე შეტაკებაზე, ერეკლემ ახლო მიუშვა გათამამებული მტერი, მერე უცებ ხელში მოიგდო თოფი და ესროლა მის წინამძღოლს. იმავე წამს ამ უკანასკნელს ამოღებული ხმალი ხელიდან გავარდა და თავის რაზმის წინაშე უსულოდ გადმოვარდა ცხენიდან. უბელადო ჯარი შედრკა, ერთ წამს შეჩერდა. მტრის შერყევით საუცხოოდ ისარგებლა ერეკლემ. როგორვ ვეფხვი, ისე ეძგერა ლეკებს თვისის პატარა გუნდით. თავზარი დასცა მას, არივ-დარია და გაირეკა წინ. არეული მოწინავე ჯარი გვერდზე მიაყენა ჰაჯი ჩალაბმა და რიგზე დაყენებული ჯარი მოაგება წინ ერეკლესა. ქართველების ბედზე ბრძოლის ველი ვიწრო იყო და ამის გამო ლეკების ბრბო ვერ იშლებოდა თავისუფლადა. ძალა-უნებურად ბრძოლის დროს იმდენივე ლეკი უნდა მდგარიყო წინ, რამდენიც ქართველი. ამის გამო სიმრავლე მტრისა ჯერ-ჯერობით ვერაფერს აკლებდა მათ. მეფე ერეკლე კარგათ იცნობდა თავის ქართველებს, იცოდა, რომ მათთვის სრულიად საჭირო არ იყო წამდაუწუმ განკარგულების ძლევა და ამიტომ ბრძოლის ველიდან არც კი გამოდიოდა გარეთ. სადაც კი შენიშნავდა მტრის ძლიერებას, მაშინვე იქ ჩნდებოდა საკვირველი მეფე და იმავე წამს ფრთხებშესხმული ქართველები, მოგერების ნაცვლად, თვით ესხმოდნენ მტერსა, ჰფანტავდნენ და მიერეკებოდნენ წინ. სიმრავლით გათამამებული ლეკები ერთმანეთს ეცილებოდნენ წინ დგომას, ქართველებთან ხელჩართულ ბრძოლას, მაგრამ ესეთი თავგამოდება ძვირად უჯდებოდათ. სიმამაცე და სიკვდილის მოურიდებლობა ლეკებისა ამაოდ იმსხვრეოდა ქართველების სულის და მკლავის ძლიერებაზე. ბრძოლის ველზე ეყარნენ ასამდე დაჭრილ-დახოცილი ლეკები, ხოლო ერეკლეს რაზმს ათიოდე კაცის მეტი ჯერ არავინ დაჰკლებოდა.

ესეთი მდგომარეობა, რასაკვირველია, ქართველებისათვის არ იყო ცუდი, მაგრამ მათი წინამძღოლნი და მომეტებულად მეფე ერეკლე მაინც არ იყვნენ კარგ გუნებაზე, თეიმურაზ მეფის დაგვიანება მეტისმეტად აწუხებდა მათ. იგი თავისის ჯარით აქამომდე უსათუოდ უნდა გაჩენილიყო ბრძოლის ველზე. ესოდენ ჟრიამულს, თოფის სროლას და მთელი ხეობის დამაყრუებელ გრიალს უნდა უეჭველად მიეღწია მის ყურამდე. მაშ რათ იგვიანებს?.. სად არის? რატომ, ჩვეულებრივ, არ მოისწრაფვის საშველად?.. რათ სტოვებს ამდენს ხანს ამ საშინელ ხიფათში, როგორც თავის სახელოვან პირმშოს, ისე ორას წარჩინებულ მამულიშვილს?.. ესეთი და სხვა ამგვარი ფიქრები ბურუსივით შემოსწოლოდა ქართველი რაზმის წინამძღვრებს და არ იცოდნენ კი, რა პასუხი გამოეძებნათ მათთვის.

ერეკლე ძველებურადვე ტრიალებდა ბრძოლის ველზე, იბრძოდა ლომივით, სადაც საჭირო იყო, ახდენდა განკარგულებას, მაგრამ ამასთანავე ცხადათ სჩანდა, რომ მის ძლიერ სულს მშვიდობა და მოსვენება დაჰკარგვოდა.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 11–19
ოპტიმალური ასაკი: 15–18

სხვა მოთხრობები

წინაპართა აჩრდილნი

უძველეს დროიდან მოკიდებული ლეკები და ქართველები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, საქართველოსა და დაღესტნის ბუნებას შორის დიდი განსხვავება სუფევდა. ე...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბერაძე:


Kids.ge-ს რჩევები

მიიღეთ დახმარება

თუ კონფლიქტები მუდმივად მეორდება და ოჯახურ ურთიერთობებს აზიანებს, მიმართეთ პროფესიონალს.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026