kids.ge logo

თბილისი

ფავორიტებში დამატება

ქალაქ მცხეთაში დიდი მოძრაობა იყო დღეს დილიანა. ყველა მისი ნაწილებიდან, წიწამურიდან, ავჭალიდან და სხვა ახლომახლო დაბა-სოფლებიდან ხალხი მხიარული ხმაურით, შეუწყვეტელი ნაკადივით მიიმართებოდა არმაზ ქალაქისაკენ, სადაც უკვე ზღვა ხალხს მოეყარა თავი. ხალხი არმაზ ქალაქის საზეიმო სახლის წინ ირაზმებოდა, ყველა ცდილობდა ადგილი დაეჭირა ქალაქის გალავნის შეჯავშნულ ალაყაფის კარებისაკენ მიმავალ გზაზე.

ალაყაფის კარების ორივე მხარეს აღმართულ მაღალ კოშკებზე იდგნენ მშვილდ-ისრით შეიარაღებული მზირი-დარაჯები, ხელში გრძელი მოელვარე საყვირები ეჭირათ.

დღეს მოელოდნენ ირანელებთან ბრძოლაში გამარჯვებულ მეფე ვახტანგ გორგასლანს.

ხალხი ღელავდა,, გუგუნებდა. ყველგან ისმოდა სიცილი, სიმღერა, დაუწყნარებელი ლაპარაკი.

მიიწ-მოიწიეთ, გზა უტიეთ, - იძახდა მანდატურთ-უხუცესი და ჩამწკრივებულ ხალხის შუა დააგელვებდა შავ ცხენს, რომ წესრიგი არ დარღვეულიყო.

მზე ჯერ კიდევ კარგა მაღლა იყო, რომ დარაჯებმა კოშკებზე ასწიეს საყვირები და შორს გაისმა იმათი ძალუმი ხმა.

ხალხი შეტორტმანდა, ხმა გაკმინდა, ფეხის ცერებზე შედგა და მოუთმენელ მზერად გადაიქცა. შორიდან მოისმოდა ლაშქრული სიმღერა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა.

გაისმა გალავნის გარეთ მდგომი ხალხის მისალმების შეუწყვეტელი ძახილი:

- გაუმარჯოს ჩვენ ძლევამოსილ მეფეს და ლაშქარს!

ალაყაფის კარებში მედროშემ დროშის ფრიალით შეაჯირითა მაღალი წითელი ცხენი.

და გამოჩნდა ის, ვისაც ასეთი სიყვარულით ელოდა ხალხი.

აუჩქარებლად შემოვიდა მეფე ვახტანგი ალაყაფის კარებში თავისი თეთრი ბედაურით. მისი ფარ-ხმალი და ჯავშან-მუზარადი ბრწყინავდა მზეზე. მის ვაჟკაცურ, გაშუქებულ სახეს შვენოდა ღიმილი. სიხარული და ძლევამოსილება ენთო მის დიდრონ თვალებში. ნაღარ-საყვირისა და დაფის ხმამ მოიცვა მთელი ქალაქი და გრგვინვასავით იგრიალა ხალხის გულიდან ამოხეთქილმა მისალმებამ.

- გაუმარჯოს ჩვენ ლომგულ მეფეს!

- დღეგრძელი იყოს ჩვენი სამშობლოს დამცველი მეფე ვახტანგი!

- გაუმარჯოს უძლეველ მეომარს, ქართველი ერის დიდებას!

და ცას აბნელებდა ხალხის მიერ სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ჰაერში ატყორცნილი ქუდები და ყაბალახები.

მეფეც მხიარული და ბედნიერი უპასუხებდა:

- ღმერთმა გამარჯვება ნუ მოგვაკლოს ქართველ ერს! - და ორივე მხრივ სალამს აძლევდა ყველას.

მეფეს მოჰყვებოდნენ დიდებულები, შემდეგ - მძევლად წამოყვანილი ირანის შაჰის შვილი პატარა ხოსრო.

პატარა ხოსრო იჯდა ფარჩის საფენით გადაფარებულ აქლემზე და გვერდით მეორე აქლემით ლალა მოჰყვებოდა. ბავშვს ხელში ნაცარა, მოცისფრო ლამაზი ქოჩორა ფრინველი ეჭირა. შემდეგ ტყვეები, აუარებელი ალაფით დატვირთული ჯორ-აქლემები და ისევ ჯარი.

მიუახლოვდა თუ არა მეფე სასახლეს, გადმოხტა ცხენიდან და მხიარულად სწრაფი ნაბიჯით გასწია კარებისაკენ, დარბაზიდან მორბოდა სპარსულ ტანისამოსში, წითელ სანდლებში გამოწყობილი, ოქროს ფარფლებით თავმორთული პატარა გოგონა, მისი ხმა ზარივით წკრიალებდა:

- მამა, მამა მოვიდა!..

ბავშვს უკან მოსდევდა სეფექალი, შეშინებული.

- არ შეიძლება, მამისავარ, დაბრუნდი, ჯერ ბატონმა მეფემ დედოფლისა და დიდებულებისაგან უნდა მიიღოს სალამი, - ეუბნებოდა ის, უნდოდა დაწეოდა და დაეჭირა გოგონა.

მაგრამ მამამ უკვე აიტაცა ბავშვი ხელში და გულზე მიიკრა.

- ოჰ, როგორ გაზრდილხარ, მამისავარ, როგორ დამშვენებულხარ! იცი, როგორ უყვარხარ მამას... - და მიუბრუნდა ქალს: - არა უშავს, მიეცით ნება მამისავარს, მამა გაახაროს. ჩემი დიდებულები აპატიებენ მას მამის სიყვარულს! - და ბავშვიანად ხელში გასწია დედოფლისაკენ.

დედოფალი მაღალ, ოქროთი მოოქვრილ ტახტზე იჯდა, სეფე ქალებით გარშემოხვეული. მეფის მოახლოებისას სწრაფად ადგა და მოკრძალებით გასწია მისკენ. ვახტანგმა ჩამოსვა ბავშვი, დაიხარა და მდაბალი სალამი მისცა დედოფალს.

- ელენე, რა მიხარია, რომ ამდენი ხნის უნახავი, ისევ თქვენთანა ვარ და გხედავ ისევ მხიარულსა და მშვენიერს!..

- ჰოი, მეფევ ბატონო, ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არა აქვს თქვენი გამარჯვებული მზიური სახის ხილვით! - დაიხარა და თაყვანი სცა დედოფალმა თავის მეუღლეს - გმირ მეფეს.

- ჩემო საყვარელო დაო მირანდუხტ, - მიმართა დედოფლის გვერდით მდგომ დას ვახტანგმა.

მირანდუხტი გადაეხვია ძმას და მოწიწებით ეამბორა მარცხენა მხარზე.

მეფე მდაბლად მიესალმა სეფე ქალებს და დიდებულებს.

უცებ დარბაზში მამისავარის ტირილი გაისმა:

- მამავ ბატონო, არ მაძლევს!

- მიეცი, მიეცი, ჩემი ბატონის ასულს! - გაისმა აქეთ-იქიდან გაჯავრებული ხმები.

ვახტანგმა მოიხედა და დაინახა, პატარა მამისავარს ჩაუვლია ხელი ხოსროსათვის და ართმევს მოცისფრო ფრინველს, რომელიც მას მიხუტებული ჰყავდა გულზე და არ აძლევდა. შეწუხებული, შეშინებული ლალა ხმისამოუღებლივ შესცქეროდა ბავშვს, სეფექალები და ახლომახლო მყოფი დიდებულები მზად იყვნენ გამოეგლიჯათ ფრინველი ხოსროსათვის და მიეცათ მამისავარისათვის.

ვახტანგს ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

- მამისავარ! - დაუძახა მან შვილს, თავზე ხელი გადაუსვა, სახეში ჩახედა და ნელი ხმით უთხრა:

- შენ გსურს, ჩიტი წაართვა. ეს არ შეიძლება!

- ლამაზი ჩიტი მე მინდა! - წარმოთქვა ცრემლმორეულმა მამისავარმა, მაგრამ ხელი კი მაშინვე გაუშვა.

- ხოსრო, შენ ნუ გეშინიან, ფრინველს არავინ არ წაგართმევს! - უთხრა მეფემ პატარა ხოსროს და დედოფალს მიუბრუნდა:

- ელენე, ეს ბავშვი ირანის შაჰის შვილია, ჩვენი მძევალი. დღეიდან შენი მფარველობის ქვეშ იქნება. შენ კი, მამისავარ, შეგიძლია ეთამაშო ხოსროს, მხოლოდ ჩხუბი არ იყოს.

- ჩიტი მეც მინდა!

- ჩიტს მე გიშოვნი!

- მაშ მომეცი!

- ახლავე?! მე შენ ხვალ გიშოვნი.

- ამისთანა ჩიტს მიშოვნი, მამავ ბატონო?

- მე შენ ხოხობს გიშოვნი, ლამაზ ოქროსბოლოიან, ფირუზისყელიან ხოხობს.

- აჰ! მე მამა ოქროსბოლოიან ხოხობს მომიყვანს! - შემოჰკრა ტაში მამისავარმა და ხოსროს უთხრა: - ახლა მაინც მომეცი, ცოტა ხანს დავიჭირო ხელში შენი ჩიტი, მეც ჩემ ხოხობს დაგაჭერინებ.

ხოსრომ ცოტა ყოყმანის შემდეგ მიაწოდა მამისავარს ფრინველი და ორივენი ლაპარაკით მივიდნენ დედასთან.

ყველას გაეცინა.

დედოფალმა ბიჭუნას თავზე გადაუსვა ხელი.

- რა პატარაა, - თქვა მან, - და უდედოდ კი უნდა იყოს! - ის მიუბრუნდა ერთ სეფე ქალს: - დუხტი, ჩემ სასახლეში სამხრეთის კოშკში მოაწყვე ეს ბავშვი, ორი გამდელი მიუჩინე და ლალაც მოვიდეს ხოლმე ყოველდღე სანახავად.

მეფე მხიარულად ესაუბრებოდა დიდებულებს. გარედან ისმოდა ხალხის გუგუნი.

წინ წამოდგა მანდატურთუხუცესი და მოახსენა:

- აუარებელი ხალხი მოაწყდა სასახლეს, მეფევ ბატონო, ყველას უნდა ნახოს შენი გამარჯვებული, ნათელი სახე.

- ახლავე, - თქვა მან, - მხოლოდ... - მან იქით-აქეთ მიიხედ-მოიხედა, ვიღაცას ეძებდა. დიდებულებით სავსე დარბაზში დაინახა სახლთხუცესი და გაცინებულმა უთხრა:

- სახლთხუცესო, უთხარი ბაზიერთუხუცესს, რომ ხვალ გათენებისას სანადიროდ მივდივარ და ყველა და ყველაფერი მზად იყოს!

- გავბედავ და მოგახსენებ, რომ ხვალ დასვენებაა...

- დასვენება... არა, ნადირობა იქნება დასვენება და მეორეც, ჩემს ასულს დავპირდი ხოხბის მოყვანას. - ვახტანგი მოტრიალდა და დედოფალთან ერთად გავიდა ხალხის წინაშე ბრწყინვალე და ბედნიერი. უკან მიჰყვებოდნენ დიდებულები და სეფე ქალები.

სასახლის წინ დიდ მოედანზე ხალხი ზღვასავით ღელავდა. გამოჩნდა თუ არა მეფე-დედოფალი, იგრიალეს:

- გამარჯვება და დიდება ჩვენს გმირ მეფეს, სამშობლოს დამცველს, განმათავისუფლებელს! - და ამ ზღვა ხალხმა ერთხმად დააგუგუნა სიმღერა-ჰიმნი:

„ვახტანგ მეფე, ღმერთს უყვარხარ,
ციდამ ჩამოგესმა რეკა,
იალბუზს რომ ფეხი შედგი,
დიდმა მთებმა შექმნეს დრეკა“.

- ვაშა, ვაშა! - გაისმა ქუხილივით ხმა. წინ წამოდგნენ ერისთავთ-ერისთავი მცხეთელი, მგოსანი დეროკ და მთიული თადოშვილი.

ერისთავთ-ერისთავს ხელში ოქროს მუზარადი ეჭირა. მუზარადზე წინა მხარეს სახელგანთქმულ ოქრომჭედელს ხვანხვა ხვანხელს გამოესახა მგელი, უკან კი ლომი.

- დიდო მეფევ, შენმა მადლიერმა ერმა მოგართვა ეს მუზარადი, ნიშნად გმირობისა, ნიშნად იმისა, რომ შენი გული უშიშარია და შენი მუხლები მაგარი, როგორ მგლისა და ხარ უძლეველი, როგორც ლომი. ამიერიდან შენ უნდა ატარო ეს მტრის თავზარდამცემი მუზარადი. ნება მიბოძე დაგხურო, მეფევ, ეს მუზარადი თავზე, რომ მტერი ძრწოდეს შენ დანახვაზე.

მეფემ მოიხადა თავისი მუზარადი, დაიხარა და ერისთავთ-ერისთავმა მცხეთელმა დაახურა მგელ-ლომიანი მუზარადი.

მეფე ვახტანგი იდგა აღელვებული, თვალები კმაყოფილებით უელავდა.

- ქართველო ერო! - დაიგუგუნა მისმა ძალუმმა ხმამ: - მე კი არა, თქვენ მიერ არის ძლეული ხაზარეთი, პაჭანიგები, ჩერქეზეთი, საბერძნეთი და ახლაც გარეკილ იქნა საქართველოს დასაპყრობად მომდგარი ირანელთა უთვალავი ჯარი. შაჰის შვილი ხოსრო ჩვენ მოვიყვანეთ მძევლად და, იმედია, ირანი ჩქარა ვერ დაარღვევს ჩვენ შორის დადებულ ზავის პირობებს.

ვაშა და დიდება ჩვენს ძლევამოსილ ჯარს, რომელიც თავს არ ზოგავდა მტერთან ბრძოლაში სამშობლოსათვის, დიდება და მარადის ხსოვნა იმათ, ვინც თავი შესწირა სამშობლოს განთავისუფლების საქმეს!

ქართველო ერო! ჩვენ მოვიტანეთ აუარებელი ალაფი. მთელი ალაფის ნახევარი ჩვენს უძლეველ მხედრობას, ნახევარიც იმათ ოჯახებს, ვინც სამშობლოს ვეღარ დაუბრუნდა.

ალაფის განაწილება ევალება საქართველოს დედოფალს ელენეს, ერისთავთ-ერისთავს მცხეთელს და ჩვენი მთიულეთის მხედართმთავარს თადოშვილს.

აღტაცებულ ხალხში სიხარულის ყიჟინა ქუხდა:

- სიცოცხლე და დღეგრძელობა მეფესა და დედოფალს!..

- მძევალი, მძევალი გვაჩვენეთ, დიდო მეფევ! - გაისმა ხმები.

მეფემ მოიხედა და მაშინვე ერისთავთ-ერისთავმა ასწია პატარა ხოსრო. ბავშვი მოუსვენრად ტოკავდა ერისთავთ-ერისთავის ხელში, თვალებიდან ცრემლები გადმოსდიოდა და ხელები ფრინველისაკენ მიეპყრო, რომელიც აყვანის დროს ლალამ გამოართვა.

- მეც, მეც მინდა ჩვენი ერის დანახვა! - გაიწკრიალა მამისავარის ხმამ.

- დაგვანახეთ მეფის ასული! - იგრიალა ხალხმა. მეფე დაიხარა დედოფლისაკენ, რომელიც თავის ახოვანი, მხარბეჭიანი, ბრწყინვალე მეუღლის გვერდით იდგა ბედნიერი, ნაზი და სათუთი, ბიზანტიურ თვალმარგალიტით ამოქარგულ საზეიმო ტანისამოსით და ძოწეული ყარყუმით ამოსარჩულებულ წამოსასხამით მორთული.

დედოფალმა ელენემ აიყვანა მამისავარი და გადასცა ვახტანგს. ვახტანგმა მაღლა ასწია ბავშვი, გაცინებული და ხელებგაშლილი.

- აჰა, ქართველნო, ჩემი ასული მამისავარ!

- ღმერთმა გაუზარდოს დიდებულ მეფეს და დედოფალს მშვენიერი ასული მამისავარ! - ისმოდა გაუწყნარებელი შეძახილები.

- ქართველო ერო და მხედრობავ, საქართველოს დედოფალი ელენე გთხოვთ სამი დღის შემდეგ გვეწვიოთ სადილად ამ მოედანზე. - მიმართა ვახტანგმა ხალხს.

ù

ცხენები მოართვეს. მეფე-დედოფალი, ბავშვები და დიდებულები შესხდნენ ცხენებზე და პომპეუსის ხიდით გასწიეს მცხეთის სასახლისაკენ არაგვის პირას.

  მეორე დილით, ინათა თუ არა, გაისმა მწევარ-მეძებრების მოუთმენელი ყეფა-წკმუტუნი. ვახტანგი მსწრაფლ წამოხტა. მოკლედ შეკრეჭილი წაბლისფერი თმა უკან გადაიყარა და სასწრაფოდ ჩაიცვა გრძელი, ოქრომკერდით დაგრეხილი, ყვითელი აბრეშუმის ძაფით ამოქარგული კვართი.

- ბატონო, - უთხრა მას დედოფალმა, რომელიც ამ დროს გამოვიდა დარბაზში, - ბატონო, დღეს დაისვენე ოჯახში... ხოხბის დაჭერა მამისავარისათვის ბაზიერს უბრძანე.

- ოჰ, ელენე, მე ისე მენატრება ნადირობა... მინდა დავივიწყო ომი, ადამიანების სისხლის ღვრა, მე მინდა გავინავარდო ჩემი ულაყით მინდვრებში და დავტკბე ჩვენი ტყეების შრიალით. დაღლილი?... არა, არა ვარ!

- ნება შენი ასრულდეს, ბატონო ჩემო. საგზალი ყველაფერი მზად გახლავს, შენი და მირანდუხტიც მოდის სანადიროდ.

ვახტანგმა გაიღიმა.

- აი, ვინ არის ნამდვილი მონადირე, მაგრამ შენ კი არ გინდა წამოსვლა, ელენე?

- მე შენი სურვილი უნდა შევასრულო, ბატონო ჩემო: ალაფის დანაწილება, ერის წვეულება...

ვახტანგმა ორივე ხელი მხრებზე დაადო და უთხრა:

- ჭეშმარიტად ბედნიერი ვარ, ელენე, რომ ბედმა შენისთანა გონიერი მეუღლე მარგუნა. გაძლევ სიტყვას, რომ ახლა, როდესაც საქართველოს მტრები გარეკილია, შენს სურვილს ავასრულებ და შენთან ერთად მთელ ჩემ ძალ-ღონეს მოვახმარ ჩვენი ქვეყნის განათლებისა და აყვავების საქმეს.

როდესაც მეფე დარბაზიდან გამოვიდა, უკვე ყველანი მზად იყვნენ წასასვლელად.

მეფის და მირანდუხტ, გრძელსახელოებიანი შვინდისფერი კაბით, ბეჭებზე ნაწნავებგადაყრილი, მანდილით თავზე, თავის მწევარს ეალერსებოდა. სახლთუხუცესი, ბაზიერთუხუცესი და მახლობლები თავთავიანთ ცხენებთან იდგნენ და ელოდნენ მეფის გამოსვლას. ბაზიერები ძლივს იკავებდნენ ძაღლებს. მეჯინიბეს ეჭირა მეფის ოქროსფერი ულაყი, რომელიც მოუთმენლად სცემდა ფლოქვებს მიწას. მეფე ჩქარი ნაბიჯით მივიდა ცხენთან, ფაფარზე ხელი გადაუსვა, თავზე და თვალებზე მიუალერსა და მკვირცხლად მოახტა ოქროთი შეჭედილ რახტზე. მასთან ერთად ყველანი ცხენებზე გაჩნდნენ.

აღმოსავლეთიდან მზემ უხვად ამოაფრქვია სხივები, უხვად გადმოაბნია მთებსა და ბარს და ყველაფერი გააბრწყინა და აალაპლაპა, ყველას და ყველაფერს სიხარული მოჰფინა და აამეტყველა. მონადირეებიც დაიძრნენ. წინ ოქროსფერ ულაყზე, შვინდისფერი მოსასხამით, მიდიოდა ახოვანი მეფე, მის გვერდით კი - მისი და მირანდუხტ.

დღეს მეფეს მხოლოდ მშვილდ-ისარი ჰქონდა მხარზე გადაკიდებული და ხელში გრძელი მათრახი ეჭირა.

მცხეთის მიდამო მოიცვა ცხენების თქარათქურმა და ძაღლების მოუთმენელმა ყეფამ.

- საიდან გვიბრძანებთ წასვლას, ბატონო მეფევ? - ჰკითხა მეფეს სახლთუხუცესმა. - დიდუბით თუ...

- დიდუბით არა. იქით ბევრი დაბა-სოფლებია, მე კი მინდა დღეს... დავისვენო ხოტბისაგან, ვერის ხეობით მთა-მთა სჯობია. მაღლა პატარ-პატარა მინდვრებში ბევრი ფრინველია.

უცებ მას მოაგონდა მამისავარის თხოვნა და დაიძახა:

- ბაზიერთუხუცესო, ჩემი მწყაზარი ხომ წამოიყვანეთ?

- აქ გახლავს, ბატონო, თქვენი შავარდენი, ცალკე მოჰყავს ბაზიერს.

ფირუზისფერი მტკვარი მიიგრაგნებოდა თავის ღრმა კალაპოტში, მიაგორებდა აქაფებულ, ნათელ ტალღებს. მის გაღმა-გამოღმა მდებარე მიდამო მოფენილი იყო კალოებით და პურის ძნების ზვინებით. მხიარული ხმაურით, სიცილითა და სიმღერით მიიჩქაროდნენ მონადირეები მტკვრის ნაპირით ვერის ხეობისაკენ.

- აბა, ყმაწვილებო, დავძახოთ ირანელებთან ბრძოლაში გამოთქმული „მუმლი მუხასაო“.

- მუხა შენა ხარ, მეფევ, - გაისმა ხმები... - მუმლი კი შენი მტრები.

- არა, მუხა საქართველოა და მუმლი საქართველოს მტრები, - თქვა მეფემ და თვითონ წამოიწყო სიმღერა. ყველამ ბანი მისცა, და გაისმა მტკვრის პირას პურით მოფენილ მიდამოში იმედით აღსავსე ლაშქრული.

ვერის ხეობიდან იწყებოდა ტყე, ტყის პირას ყველანი ჩამოხტნენ ცხენებიდან და აღმართს ფეხით შეუდგნენ. ირგვლივ ცამდის ატყორცნილი უზარმაზარი ხეები არ უშვებდნენ მზის სხივებს დედამიწაზე, მონადირეები ყიჟინით და ძაღლები ყეფით გაიფანტნენ ტყეში ნადირის გამოსარეკად. მაგრამ უზარმაზარ ტყეში მაინც მყუდროება იყო.

რაც უფრო შორს მიდიოდა ვახტანგი, მით უფრო და უფრო უელავდა თვალები, მისი სანდლები ეფლობოდა სქელ მაღალ ხავსში და მეფე იცინოდა ბავშვივით. შეუჩერებლივ მიდიოდა და მიდიოდა წინ. მას თითქოს დაავიწყდა, რომ სანადიროდ იყო წამოსული.

- რა კარგია ტყე, როგორ მიყვარს! - ეუბნებოდა ის სახლთუხუცესს, რომელიც მხარდამხარ მიჰყვებოდა. - მინდა ყოველ ხეს მოვეხვიო, მივუალერსო, ვეამბორო. მომბეზრდა, სახლთუხუცესო, ხალხის ჟლეტა. მომბეზრდა, მაგრამ განა შეიძლება ავაოხრებინო ვინმეს ეს ჩვენი ტყე, ჩვენი მინდვრები, ჩვენი ქალაქები... ჩვენი სამშობლო, მთლიანად... პირიქით, ჩვენთვის საჭიროა ახალი სიმაგრეების აშენება და...

მეფე ერთბაშად დადუმდა, სახლთუხუცესს შეხედა და გაეღიმა.

- სახლთუხუცესო, იცი, დიდი ხანია ერთი აზრი, ახალი აზრი მიტრიალებს თავში და მინდა გაგიზიარო, მაგრამ ხომ იცი, რომ ყოველ ახალ აზრს ყურადღებით უნდა მოსმენა და დღეს იქნება...

- მიბრძანე, ბატონო მეფევ.

მეფე მიეყრდნო უზარმაზარ მუხას, ოცნებით ახედა მის კენწეროს და შორს გადაშლილ ტოტებს. მის წინ გაშლილიყო კარგა მოზრდილი ყვავილოვანი მინდორი.

- ჰაუ, ჰაუ, - გაისმა სადღაც ახლოს მონადირეების შეძახილები და ძაღლების ყეფა.

- მეფის დამ მოკლა შველი და პატარა ნუკრი ცოცხლად დაიჭირა! - გაისმა სადღაც შორს.

მაგრამ მეფე ისევ ისე დაფიქრებული იდგა მუხასთან და ხმაამოუღებლივ გასცქეროდა, როგორ ეშვებოდა ტყე თავდაღმარტზე, როგორ თავდებოდა ის შორს დიდ ველზე, სადაც მიიგრაგნებოდა მზით გაშუქებული, ოქროსფრად მოელვარე მჩქეფარე მტკვრის დიდი და ფართო ზოლი...

უცებ გაისმა ტოტების მტვრევა, შრიალი და ტყიდან გამოხტა უზარმაზარრქებიანი ირემი. ირემი შეშინებული მორბოდა ბილიკით სწორედ მუხისაკენ, დაინახა მეფე, შეკრთა და ერთ წუთს შეჩერდა.

- ღმერთო, რა ლამაზია! - შესძახა ვახტანგმა.

ირემმა უცებ დაღუნა ძალუმი ლამაზი თავი, მიტრიალდა, ჯღები ისევ გადიწყო უკან და გაჰქანდა მინდვრის მეორე ნაპირისაკენ.

ვახტანგის თვალებში ცეცხლმა იფეთქა და, სანამ სახლთუხუცესი მშვილდ-ისარს მოიმარჯვებდა, მოსწყდა ადგილს და გამოუდგა. სახლთუხუცესი გაჩერდა გაშტერებული. ირემი მირბოდა მინდორზე და მდევარიც ფეხდაფეხ მისდევდა მას.

ყოველის მხრიდან ისმოდა შეძახილები მონადირეებისა, რომლებიც გამორბოდნენ მინდორზე და აღელვებული შესცქეროდნენ ამ ვეება, მშვენიერი ნადირისა და ახოვანი ვაჟკაცის შეჯიბრებას.

- დაეწევა!..

- ვერ დაეწევა!..

- რომც დაეწიოს, მერე რა!..

- რას უზამს ხელცარიელი!..

- მივეშველოთ!..

- ისარი ვესროლოთ!..

- არ გაბედოთ სროლა, მეფეს ეწყინება! - ისმოდა ხმები:

- გაუტოლდა!..

- რქებში ეცა!..

- დაიჭირა!..

- აჰ, როგორ დაანარცხა დედამიწაზე! - გაისმა გახარებული ხმები და ხალხი გაიქცა მათკენ.

მიწაზე დანარცხებული ნადირი გამწარებით ქშინავდა და ფეხებს სცემდა დედამიწას, მეფეს მაგრად ეჭირა რქებში, მუხლი კისერზე დაედგა და გასაქანს არ აძლევდა.

- ფეხები შეუკარით, ცოცხლად დავიყვანოთ! - თქვა მან.

როდესაც ფეხები შეუკრეს, მეფე ადგა, ღრმად ამოისუნთქ და გაიცინა. მოტრიალდა და უცებ გაჩერდა.

- აჰ, რა საუცხოო ადგილია! - შესძახა მან.

ქვემოდან მოისმოდა მტკვრის ძალუმი შხუილი. გაღმა გადაშლილიყო თვალუწვდენელი ჰორიზონტი, ხალხით სავსე სოფლებით და სოფლების ზემოთ, მწვანე სერებზე, მარგალიტის მძივებივით შეფენილი ცხვრის ფარები.

- განა საუცხოო არ იქნება სწორედ ამ ადგილას აშენდეს, სადაც ვდგავართ, დიდი ციხე-სიმაგრე? იქიდან მტკვრის კლდოვანი ნაპირებია და აქ... - მან გაიშვირა ხელი დაბლობში. - ქალაქი... - წარმოთქვა ოცნებით, თითქოს თავისთვის, მაგრამ აზრი აღარ დაამთავრა...

- შავარდენი? - შესძახა მან.

- აქ გახლავს, ბატონო!

წინ წამოდგა ბაზიერი და მოართვა ფრინველი.

- მზე გადიხარა და საცაა ხოხბებიც გადმოფრინდებიან, - თქვა მან, და გადიკრა მკლავზე მეში, დაისვა ზედ ეჟვნებიანი შავარდენი, შეათამაშა ჰაერში და დაუსტვინა. შავარდენმა ლამაზად მოიღერა ყელი და ფრთები  მოსწურა.

- ხოხბები ბევრი დავხოცეთ, ბატონო, - მოახსენა მას ბაზიერმა.

- არა, მე ცოცხალი ხოხობი მინდა დამიჭიროს ჩემმა მწყაზარმა.

ამ დროს მართლაც გადმოფრინდა ხოხბების ჯგუფი და დაეშვა ტყის პირას მინდორში.

- აბა, ჩემო მწყაზარო, იცოდე, ცოცხალი მომიყვანე, აი ის, ყველაზე დიდი და ლამაზი რომ არის, - წასჩურჩულა მეფემ შავარდენს... და შავარდენმაც თითქოს გაიგო მისი სიტყვები, გაიმართა წელში, მოსწყდა აქნეულ ხელს და შურდულივით გაქანდა ხოხობისაკენ.

თავზარდაცემული ხოხობი თვალის დახამხამების უმალ წამოიჭრა. ერთ წუთს გაიელვა მზეზე იმისმა ოქროსფერმა ბოლომ, ჭრელმა, ლამაზმა ფრთებმა, მოლივლივე კისერმა და ორივენი მიიმალნენ ტყით დაბურულ ხევისაკენ.

- აბა, სწრაფიავ, ცოცხლად მომიყვანე! - მისძახოდა მეფე მეძებარს, რომელიც უკვე ყეფით მისდევდა შავარდენს.

ბაზიერებიც გამოუდგნენ ყიჟინით, ვახტანგ მეფე კი ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდა იმას სახლთუხუცესთან ერთად.

- სწორედ შესაფერი ადგილია. ამ მაღლობზე ციხე-სიმაგრე მაგარი გალავნით... ქალაქი მიუდგომელი იქნება...

- რა ქალაქი, ბატონო მეფევ... ჩვენი დიდებული მცხეთა ხომ აქედან შორს არ არის და გალავანი და სიმაგრეც ხომ იქ არის...

- ოჰ, სახლთუხუცესო, მეგონა... რასაც გულში ვატარებ კარგახანია... - მან გაიღიმა. - მაგრამ ამაზე შემდეგ... აჰ, რა უსიერი ტყეა! - შესძახა მან. - აქ არასოდეს არ ვყოფილვარ... რა დიდი ხევი ყოფილა აქ!

მინდორი გაიარეს და ახლა ხევის დაღმართზე ტყეში იყვნენ.

- აქ დავიცადოთ, - განაგრძო მან. - მიკვირს, რად დაიგვიანა ჩემმა შავარდენმა და მეძებარმა.

ბაზიერები უკვე მორბოდნენ აღმართზე, მაგრამ აქოშინებულმა ძაღლმა მოასწრო და მოუსვენარი წკმუტუნით დარბოდა მეფის წინ.

- რა ამბავია, სწაფიავ, სად არის შავარდენი? - მიუალერსა ძაღლს ვახტანგმა.

- ხევში ჩასვლა შეუძლებელია, - ყვიროდნენ შორიდანვე ბაზიერები. - იქ ავი სულები დაბუდებულან. წყალი დუღს!... ყველაფერს ოხშივარი ასდის!... ქვები გახურებულია. ახლოს მიკარება შეუძლებელია!

- რაო, რას ამბობთ! - შეჰყვირა განრისხებულმა მეფემ. - ნუთუ აქაც გაჩნდნენ ცეცხლთაყვანისმცემლები?.. როგორ გაბედეს! წადით, ნამდვილი ამბავი მომიტანეთ.

შეშინებული ხალხი არ იძვროდა.

- მომყევით, - თქვა მეფემ და სწრაფად დაეშვა ტყით დაბურულ თავდაღმართზე. წინ წკმუტუნით მირბოდა მეძებარი.

ძაღლი გაჩერდა ხევში ვეება ლოდების გროვასთან. ლოდებს შუა მართლა დუღდა და ჩუხჩუხებდა მოყვითალო წყალი - ტბა. წყალი ქვებზე გადადიოდა და ნაკადულივით მირაკრაკებდა ხევის ძირას ქვებიან კალაპოტში, ყველაფერს ორთქლი ასდიოდა და იდგა გოგირდის სუნი. მეფე ერთხანს იდგა და გაშტერებით დასცქეროდა ადუღებულ მორევს. უცებ სახე გაუნათდა და მხიარულად შესძახა შიშიაგან დედამიწაზე გართხმულ აკანკალებულ მხლებლებს:

- ადექით, ნუ გეშინიათ! ეს ცხელი წყალია, მე მინახავს ასეთი წყლები, ოსეთი რომ გადავიარეთ, ადიღეს ქვეყანაში... სამკურნალოა, ქარებს და დახუთულებს არჩენს. ფრიად სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის და არავითარი ავი სულები აქ არ არიან. - ოოჰ, - აღმოხდა მას. - აი, ჩემი შავარდენი და ხოხობი ამოტივტივდნენ მორევიდან. აბა, ამოიღეთ!..

მეფის სიტყვებით გამხნევებულმა მხლებლებმა ძალ-ღონე მოიკრიბეს, მიუახლოვდნენ მორევს, კავით ამოიღეს შავარდენი და ხოხობი და მეფის წინ დააწყეს.

- მოხარშულან... საწყალი ჩემი მწყაზარი... მაგრამ ეს წყალი ღირს ამისთანა მსხვერპლად, - თქვა მეფემ და გაიცინა. - აბა, სახლთუხუცესო, სწორედ აქ უნდა აშენდეს დიდი ქალაქი. მაღლა მინდორზე ციხე-სიმაგრე გალავნით. ციხის პირდაპირ მტკვრის კლდოვანი მიუდგომელი ნაპირები და შუაში ქალაქი აბანოებით... მერე როგორი აბანოებით. ხვალვე უბრძანე, სახლთუხუცესო, დაიწყონ ხევში ტყის გაჩეხვა და დაასუფთაონ აქაურობა.

როდესაც მეფე ამოვიდა ხევიდან მაღლა, მონადირეებს უკვე მოეყარათ თავი მინდორზე. აუარებელი ნანადირევი დაეგროვებინათ შეკრული ცოცხალი ირმის გვერდით. მირანდუხტი იქვე იჯდა ხის ქვეშ და შვლის ნუკრს ეალერსებოდა.

გახარებულმა მაფემ შორიდანვე შესძახა დას:

- ოჰ, მირანდუხტ, საყვარელო დაო, ცხელი წყალი აღმოვაჩინეთ! პირდაპირ მიწიდან ამოქუხს მდუღარე. შავარდენი და ხოხობი მოიხარშნენ შიგ... - უცებ სახეზე დაღონება გამოეხატა. - რა უნდა მივუტანო ახლა მამისავარს? უკვე გვიანია და მეორე ხოხობს დღეს ვეღარ დავიჭერ... - თქვა მან.

- ხოხბები ბევრი გვაქვს, ბატონო.

- არა, ბაზიერთუხუცესო, მე ცოცხალი ხოხბის მიყვანას დავპირდი ჩემს ასულს.

- მამისავარს ხოხბის მაგიერ ეს მშვენიერი შვლის ნუკრი მივართვათ, ძმაო ბატონო. - თქვა მირანდუხტმა.

- ჩინებულია! - შესძახა მეფემ.

- სამაგიეროდ წყალი, ცხელი სამკურნალო წყალი აღმოვაჩინეთ, მირანდუხტ.

- ეს ხომ დიდი ბედნიერებაა, ასეთი წყლების აღმოჩენა, ძმაო ბატონო. ადიღეს ქვეყანა დიდად აფასებს ცხელ წყაროებს და უვლის მათ.

- ჩვენც აქ ავაშენებთ დიდ ქალაქს, მირანდუხტ. და დავარქმევთ მას... ცხელ წყაროს... არა, ცხელი წყალი არ ვარგა. დავარქმევთ თბილ წყაროს... არა, არც ეს...

- ამ დიდებულ ქალაქს, ძმაო ბატონო, დავარქვათ ვახტანგ-ქალაქი.

ვახტანგი შეიჭმუხნა, ქუდი მოიხადა და თავზე ხელი გადისვა.

- არა, - თქვა მან. - სახელი უნდა გამოსახავდეს შინაარსს, ცხელი წყარო კი გამოსახავს... მაგრამ... გოგირდოვანი?.. მდუღარისი... არა, არა, - მეფე ისევ ჩაფიქრდა, ისევ გადაისვა თავზე ხელი და მხიარულად შესძახა: - ვიპოვნე სახელი: თბილისი!.. თბილისი ნამდვილი შესაფერი სახელია... პირდაპირ დიდებულია! თბილისი... მშვენიერი თბილისი!..

- განა მცხეთაზე უფრო მშვენიერი და დიდებული ქალაქი შეიძლება აშენდეს, ბატონო მეფევ?! - წარმოთქვეს ერთხმად სახლთუხუცესმა და ბაზიერთუხუცესმა.

- დიაღ, თბილისი იქნება მცხეთაზე უფრო მშვენიერი და დიდებული. ორი ურყევი საფუძველი ამართლებს ამას: მდებარეობა... აბა, გაჰხედეთ, ამ მშვენიერ სანახაობას. - მან გაიშვირა ხელი მტკვრისა და მტკვრის ნაპირას გადაშლილი მინდვრებისაკენ, სადაც ჩამავალი მზე საარაკო მდევებივით ხატავდა ხეების უზარმაზარ ჩრდილებს. - მეორე და უმთავრესი ისაა, რომ აქ არის საქართველოს შუაგული და აგებული ციხე-სიმაგრე მრისხანე საფრთხე იქნება სამტროდ მომდგარი ხალხებისათვის. ამასთან თბილი სამკურნალო წყლების აბანოები ხომ ბედნიერებაა ხალხისათვის. - ცოტა სიჩუმის შემდეგ გაიღიმა და მხიარულად დაუმატა:

- და ამას დაუმატეთ ისიც, რომ ამ ქალაქის - თბილისის აშენება სურს საქართველოს მეფეს ვახტანგ გორგასლანს!

- დიახ, ამ ქალაქს თბილისი უნდა დავარქვათ!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

იცოდეთ როდის უნდა მიაჩვიოთ ბავშვი ქოთანში მოსაქმებას

ბავშვი მზადაა ქოთნის გამოსაყენებლად თუკი: ის გრძნობს იმას, რომ დროა მოისაქმოს და ითხოვს პამპერსის გამოცვლას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024