kids.ge logo

მეკვლე

ფავორიტებში დამატება

დიდ ოთახში მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხე დგას. რა სათამაშო გინდა, რომ ზედ არ ეკიდოს. ნამდვილი ლოყაწითელი ვაშლებით, ჩურჩხელებით, კანფეტებით დახუნძლულა ტოტები. ბრჭყვიალებენ პატარა ნათურები. მაგრამ სანამ საათი თორმეტჯერ არ ჩამოკრავს, არ აანთებენ. ოთახი ჩაბნელებულია. იციან, ვინ უნდა ააციმციმოს პატარა ელნათურები - ჯაბას აქვს მინდობილი. უფროსები კი საახალწლო სუფრის ირგვლივ ფუსფუსებენ.

თეთრწვერა პაპა თორნიკე ნელა დაბაჩუნობს, ათვალიერებს სუფრას. ნამდვილი თოვლის პაპაა, უკეთესს ვერ ინატრებ!

დადგა სანატრელი წუთი.

საათმა თორმეტჯერ ჩამოკრა.

- აბა, ჯაბა! - დაიძახა პაპა თორნიკემ.

პასუხი არ იყო.

- ჯაბა! - ეძახის ბებიაც.

ჩამიჩუმი არ ისმის.

ყველა კუთხე-კუნჭული მიათვალ-მოათვალიერეს, მაგრამ ბავშვი არ ჩანდა.

- ეს რა მოგვიწყო ამ საახალწლოდ?! - გაუკვირდა დედას.

- ხომ არ გაგიჯავრებიათ? - იკითხა ბებიამ.

ის იყო მეზობლებში აპირებდნენ გასვლას, რომ კარის კაკუნი კი არა, ბრახუნი გაისმა. ხმაც შემოესმათ:

- შემოვდგი ფეხი!

დედამ ბიჭუნა იცნო, მაგრამ მაინც შეეკითხა:

- ვინ ხარ?

- ახალი წელი! - უპასუხა ჯაბამ.

- რა მოგაქვს? - შესძახა პაპამ.

- მშვიდობა!

- კიდევ რა მოგაქვს? - შეეკითხა დედა.

- ბედნიერება!

- კიდევ, კიდევ? - ახლა მამა ჩაერია.

- სიუხვე!

- კიდევ რა? - ბებიამაც გაიმეორა.

- სიკეთე!

უფროსებს პატარა თამრიკომაც მიბაძა:

- კიდევ? - და ისიც უფროსებთან ერთად გადაეხვია ძმას.

- ხუთიანები!

პატარა მეკვლემ ააციმციმა ათასფერი ნათურები ნაძვის ხეზე. მთელი ოთახი გაამხიარულა!

პატარა მეკვლე წინ გაიმძღვარეს.

გაჩირაღდნებულ ნაძვის ხეს შემოუარეს.

ჯერ პაპა თორნიკემ თქვა:

- ძველი მივდივარ ქებით, დიდებით!

მერე პატარა ჯაბამ სჭექა:

- ახალი მოვდივარ ახალი იმედით!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

თოვლის ბაბუა გაიპარა

ვასიკო ნიკაზე ბევრად უფროსია, ამიტომ სხვადასხვანაირი გასართობი მოაქვთ ხოლმე მათთვის. მაგრამ ახალი წელი რომ მოახლოვდა, მამამ ერთი ნაძვის ხე მოუტანა ორივეს. იმ ნ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: პავლიაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

თანამშრომლობის წახალისება

ქვეყნის ნებისმიერ სკოლამდელი აღზრდის საკლასო ოთახში ნახავთ, რომ ბავშვები წყნარად ზიან წრის გარშემო, ხელს იწევენ სანამ რამეს იტყვიან, ერთმანეთს გადასცემენ ხელსახოცებს და საჭმელს. ისმის კითხვა: როგორ აღწევენ ამას მასწავლებლები? როგორ შეუძლიათ მათ ნებაყოფლობით მართონ 4 წლამდე ასაკის რამდენიმე ბავშვი ერთად? არ არსებობს საიდუმლო ფორმულა, თუმცა, არსებობს რამდენიმე რჩევა

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026