kids.ge logo

ფშაველი ჯარისკაცის წერილი

ფავორიტებში დამატება
გულ-მკერდიმც აგიყოვდება,
დედაო, ია-ვარდითა!
თვალებს ნუ ითხრი ტირილით,
გულს ნუ ისერავ დარდითა!
ვინც დავიჭრენით, გამოვრჩით,
კიდევ ცოცხლები დავრჩითა.
ხვალ ისევ ომში გვიწვევენ
გაკვირვებულნი გარჯითა,
თამარ დედოფლის ბარტყების
გულოვანობით, მაჯითა.
ვცდილობთ, რომ საქართველოსა
ვუშველოთ ჩვენის ხარჯითა.
სამშობლოს ბედნირება
არ გვსურს ვიყიდოთ ვალითა,
ნაღდს ვაძლევთ ჯანს და სიცოცხლეს,
ნამუსი დავიცავითა.
რუსეთში მყოფი ვნატრულობ,
სამშობლო ვნახო თვალითა.
ერთი რამ უნდა გაწყო,
გავკვირვებულვართ ამითა:
როცა ომი გვაქვ ქართვლის ჯარს,
ნათელი გვიძღვის ღამითა;
კაცი რამ ლურჯცხენინი,
მოღებულის ხმალითა,
მაღლიდან თავზე დაგვბრუნავს
ტურფა ირით, ტანითა.
სახე აქვს შავად მოცული
მას დიდის კაშანითა.
ეს ჩვენი ჩუმი მფარველი
ლაშარის ჯვარად ვსცანითა.

როცა მისწყდება თოფის ხმა
და ზარბაზნების გრილი,
გრძნობები დამიყუჩდება,
არ მესმის ბრძოლის ზრილი,
ფიქრით შინა ვარ… საჩეჩლის
კბილების მესმის წკრილი.
გიცქერ, მატყლსა სჩეჩ, ფარტენას
ცრემლი გისველებს ტილი!
ეგ ხო ჩემ საჩოხედ გინდა!
ნაკურთხი დედის ცრემლითა
არ გაიჭრება მახვილით,
არ დაიწვება ცეცხლითა.

რა დიდი ღამე გასულა,
შენ კი სძილ-ფხიზლობ კერაზე!
ეგ შენი გლოვა უფალმა,
ვსთხოვ, შაგიცვალოს მღერაზე!
მშვიდობით! დაჰკრეს საყვირსა,
კვლავ მეძახიან ბრძოლაზე:
საჩხუბრად, სისხლის საღვრელად,
თოფის, ზარბაზნის სროლაზე.
ნეტავ, თუ არ გვატირებენ
ბოლოს ვაჟკაცურ შრომაზე?!
ნეტავ, თუ დაგვიფასდება
ქართველთა შვილებს ამაგი, -
არ იქცა საყოვ-ყორნედა
ჩვენი ლამაზი ალაგი.
მშვიდობით! დაჰკრეს საყვირსა,
კვლავ მეძახიან ბრძოლაზე:
საჩხუბრად, სისხლის საღვრელად
თოფის, ზარბაზნის სროლაზე.
მხნედ მივალ, ვერვინ დაგცინებს
ლაჩარის შვილის ყოლაზე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...არწივიარწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა, ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა, ცალს მხარს მიწაზ...კურდღლის სიმღერაჩქარა ამწვანდით, ველებო, ჩქარა ამწვანდი, ჭალაო! ამოღაღანდი, ჯეჯილო, სად არის შენი ძალაო? ნათესი პური რა ი...ომის წინ ჯარის სიმღერაგული გავლესოთ გრძნობითა, საცაა დაჰკრავს ნაღარა; ერთი დავსძახოთ ქართულად, ხვალ არ გვეცლება, აღარა; ხვალ გვ...ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდიხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი, წყალს მიმეც ადევებულსა. შორს დამრჩა სატრფო გულისა, იმისთვის დაფეთებულსა. ის ჰგოდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026