kids.ge logo

აღმართ-აღმართ

ფავორიტებში დამატება
აღმართ-აღმართ მივდიდი მე ნელა,
სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;

მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.

შემიდუღდა მაშინ სული და გული;
იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.

გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,
ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.

ხმა სიმართლის შეპოვრად გაისმა,
(აწ იგი ხმა ვერ ისმინოს გაისმა).

ცის მახლობლად ფეხ-ქვეშ ვიგრძენ მიწა მე,
ვსთქვი: “ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!”

და ვიფიქრე “ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?”

გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
გამიკვირდა! ვსთქვი: “მტერს როგორ მონებდა?

მოხიბლულა, შემცდარია, ის არი…
ლერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!”

მივაძახე: “ჭინჭარში ნუ ვარდები!..
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!

შეიბრალე თავი შენი, იცოდე!
მაგ შარბათში საწამლავს სვამ, იცოდე!”

არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,
და დამასო საკუნოდ დანა გულს!

აღმართ-აღმართ მივდიდი ნეტა რად,
თუ ამ სერზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?

ჩემო თავო! ვეღარ გკურნვენ წამალით!
დაღმართ-დაღმართ დაყევი, წა მალით!

იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,
ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!

დავიწყე, ვინც გახსოვდა, მარად ის!
ხელ-დაკრებით განისვენე მარადის!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხატის წინმიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი. მყუდროდ, ...ქართველი ქალირაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო:...განთიადიმთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა....გოდებაგულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? რ...სატრფოსმშვენიერო, შენ გეტრფი, შენი მონა ერთგული, შენთვის სულდგმულს, შენგანვე, შენთვის მიძგერს ეს გული! მეგულები ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026