kids.ge logo

აღმართ-აღმართ

ფავორიტებში დამატება
აღმართ-აღმართ მივდიდი მე ნელა,
სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;

მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.

შემიდუღდა მაშინ სული და გული;
იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.

გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,
ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.

ხმა სიმართლის შეპოვრად გაისმა,
(აწ იგი ხმა ვერ ისმინოს გაისმა).

ცის მახლობლად ფეხ-ქვეშ ვიგრძენ მიწა მე,
ვსთქვი: “ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!”

და ვიფიქრე “ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?”

გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
გამიკვირდა! ვსთქვი: “მტერს როგორ მონებდა?

მოხიბლულა, შემცდარია, ის არი…
ლერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!”

მივაძახე: “ჭინჭარში ნუ ვარდები!..
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!

შეიბრალე თავი შენი, იცოდე!
მაგ შარბათში საწამლავს სვამ, იცოდე!”

არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,
და დამასო საკუნოდ დანა გულს!

აღმართ-აღმართ მივდიდი ნეტა რად,
თუ ამ სერზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?

ჩემო თავო! ვეღარ გკურნვენ წამალით!
დაღმართ-დაღმართ დაყევი, წა მალით!

იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,
ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!

დავიწყე, ვინც გახსოვდა, მარად ის!
ხელ-დაკრებით განისვენე მარადის!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ამირანიკავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანი...ავადმყოფი მგოსანიბედო შავპირო, უპირო, ამრევო გზა და კვალისა! სულს ნუ ამომხდი, მაცალე დახამხამება თვალისა!... აჩრდილიღა ვარ...ძმობა, ერთობა და სიყვარულიმთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის იყოს წყეული... ის იყოს კრული, ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს: “ძმობა, ერთობ...დედის სიმღერაცხრა თვეს მუცლით გატარებდი, “ვაით” გშობე, “უით” გზარდე, და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ უფრო დედას რომ უყვა...გაზაფხულიგაზაფხულდა, ბუჩქის ძირას, თავს იწონებს ნაზი ია; ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია. ხავერდივი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026