დღეს შაბათია, წინადღე აღდგომისა. ბუნებაც მომზადებულა აღდგომის მისაგებებლად. ავსილა მისი გულ-მკერდი ყვავილებით. თავზედ ადგა გვირგვინი გამარჯვებისა და ეს დედა, დედამიწა, სულგრძელი, უსაზღვრო სიყვარულით ავსილის გულით, აწვდის ყველას და ყველაფერს ხელს და, როგორც დედა შვილებს, პირჯვარსა სწერს, სიცოცხლეს დიდის ხნისას, სიყვარულისას სთხოვს მათთვის ზეცას. ყველგან სიხარულია, ყველას გულში სიამოვნებაა დღესასწაულის გამო. ერთი მხოლოდ ბობოლა სტირის და სტირის იმიტომ, რომ შვიდის ფრთისა ერთიღა შერჩა და ისიც, როგორც თითონ, შემჭვარტლული; იგი, თავპირჩამომტირალი, ბუხრის თავზე ჰკიდია მოსაწყლებული, გაბეჩავებული, სასოებამიხდილი. საბრალო! ხვალ იმ ერთადერთს ფრთასაც დაჰკარგავს და თითონაც თან გაჰყვება. მოეღება ბოლო მის ფარფაშს, მის საზარელს მაღლიდამ გადმოცქერას, დიდისა და პატარის დამაწიოკებელს. გაითრევენ, გასწეწენ ბალღები და გადაუძახებენ სადმე ხევში ან კლდეზედ, ქარსა და წყალს მისცემენ.
რამდენი ცრემლი ჩამოაგდებინა ამ შეჩვენებულმა ბობოლამ ბალღებს, მაგრამ ხვალ კი ჯავრს ამოიყრიან; როგორც შეეფერება, სწორედ ისე მოექცევიან, ამოაშხამებენ სასტიკობა-მტარვალობას. ჯერ გუშინწინვე გაიგონებდით ბალღების სიმხიარულეს ბობოლას ჩამობრძანებაზე და ყელის ჩაპოხაზე.
„დღეს წითელი პარასკევი,
ხვალ შაბათი შავდებაო;
ხვალზევით რომ კვირა მოვა,
ყელი ჩაიპოხებაო“.
ყველგან მოძრაობა და დიდი მოლოდინია ქრისტეს აღდგომისა. სად ქათამი ჩამოსვეს ქანდარიდამ და მოაგდებინეს კისერი, სად ნასუქს ინდაურს მოაშორეს სწორედ ინდაურული, გამოჩერჩეტებული გოგრა, სად ნასუქის ქოსმანის ჭყივილი ისმის, ჭყივილი ვაისა და ვაგლახისა. ამოაშხამეს იმასაც იმდენის სანოვაგის შეყლაპვა და გაოხრება. დიასახლისებს ჯერაც არ გადასვლიათ ხელებიდან კვერცხების ღებით ახალი ფერი. მოისვენებს ამას იქით ლობიოს სადუღარიც. პატარძლებმა და გასათხოვარმა ქალებმა სწორედ ათჯერ დაიბანეს პირი და, ვისაც კი რამ ზიზილ-პიპილა მოეპოვებოდა, ტანზე მიიკოსეს, „ბუზიკები“ და „პოლსაპოჩკები“ გაიწმინდეს. მხოლოდ მოხუცებულნი არა ზრუნავენ ტანის აჭრელებაზე, მისხდომიან ცეცხლს კერის პირას, სანთელს ადნობენ და აკეთებენ. მღვდელი და დიაკვანიც, უნდა მოგახსენოთ, დიდს ფაცა-ფუცში არიან. ხურჯინები დააკერეს, ტიჭკორები დარეცხეს და, სადაც დაზიანებული იყო, პოლორჭიკი მიაკერეს. მარილი და შაბიც მოამზადეს ბატკნის ტყავების დასამარილებლად. მომზადდა ძღვენიც ნათლიისათვის, მის განუშორებელის მეგობრითურთ - ინდაურით, ამასთან, ნამცხვარ-ნაზუქით და საქმის დამაგვირგვინებელ ყელმოღერებულ გოზაურით.
საყდრის შორიახლო ცეცხლის ალი ავარდა. გაჩაღებულს ცეცხლს გარს შემოსხდომოდა ხალხი. დიდი და პატარა გაფიცულიყვნენ ეფხიზლათ ამ ღამეს. ყველანი ყაყანებდნენ. იმათში მხოლოდ ერთი გაჭაღარავებული კაცი ერია. დაფიქრებული თვალები, ჩამომხმარი და ჩამომტირალი სახე ცხადად ამტკიცებდნენ, რომ ამ კაცს ბევრი ტანჯვა და ვაება უნდა გამოევლო. უცნობს სოფელში ნაბერალს საბას ეძახდნენ. მართლაც, საბამ ბერობაში ათიოდე წელი გაატარა, მაგრამ რა მიზეზის გამო დაანება თავი ბერობას, არავინ იცოდა; იგი სოფელში მაინც კიდევ ბერივით სცხოვრობდა, საყდრის ყარაულად იყო. სოფლელთაგან ბევრი დაცინვა ესმოდა საბას: ერთი „ძალად წმინდანს“ ეძახდა, სხვა „გამოპარულს ბერს“ და სხვა და სხვა. საბა ამას ყურადღებას არ აქცევდა.
- აბა, ერთი, შენ ჩვენზე ბევრით მეტი იცი, - სთხოვა საბას ერთმა იქ მყოფმა შუახნის გლეხმა: - ერთი გვიამბე რამა, გეთაყვა, საბავ!
- დიდება შენს სახელს, ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა! - სთქვა საბამ, - ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის, თვით იესო ქრისტემ ბრძანა. იგი ღმერთი იყო, შვილო, - არ იწამეს, მოჰკლეს, ჰგვემეს, სტანჯეს, ჯვარს აცვეს და მე ერთი საწყალი კაცი რომ მასხრად დამიჭიროთ, რა საკვირველია. იგი ჯვარს აცვეს, მაგრამ ჯვარზედაც თავის მტრებისთვის ლოცულობდა, ევედრებოდა მამა ღმერთსა, რომ მიეტევებინა ცოდვა უგუნურთათვის: „რამეთუ არა იციან, რას იქმანო“. მაინც და მაინც იესომ ქვეყანა არ მოიძულა, მას არ გადაემტერა.
- რად მოჰკლეს ქრისტე ურიებმა, საბავ? - იკითხა მეორემ.
- იმიტომ, - უპასუხა საბამ, - რომ კუტს არჩენდა, მკვდარს აცოცხლებდა და ბრმას მხედველობას აძლევდა. ფარისეველთ სწყინდათ, ჰშურდათ, ქრისტე ხალხს რად უყვარსო და მოაკვდინეს კიდეც, მაგრამ მან სიკვდილი დათრგუნა და ამაღლდა ზეცას და კვალად მომავალ არს... ვაი მაშინ იმას, ვინც ცოდვილია. მეორედ მოსვლა რომ იქნება, მაშინ იესო ქრისტე გაარჩევს ყველას, როგორც მწყემსმა ცხვრები თხებისაგან გაარჩიოს, და ყველას თავის შესაფერისს ადგილს მისცემს. მაშინ ბევრი ინანებს, ბევრი იტირებს, მაგრამ გვაინღა იქნება...
ეს საუბარი დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ ძვლების კნაწაკნუწის ხმას არ მიექცია ხალხის ყურადღება. თურმე კატას, ვინ იცის, რომელ დიასახლისისათვის, ქათამი მოეტაცა, შორეულ ღამისმთეველებს შორიახლო მიეთრია და შეექცეოდა. ნახევარი ხალხი იმას გამოეკიდა.
- ვერ უყურებ მაგ ვერანას, წინადღითვე გაუხსნილებია, ე! - ამბობდა ხალხი ხარხარით.
ამ მდგომარეობაში იყო ხალხი, რომ ზარი აჩქამდა. ყველამ ქუდები მოიხადეს და დაიწყეს პირჯვრის წერა. „ტარასტა“, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, რეკდა ზარებს, მაგრამ ახალგაზრდებმა მალე ჩამოართვეს ეს ხელობა და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ზარის რეკვაში; ერთი მეორეს სტაცებდა ხელიდან ზარის თოკს. შორიდამ მღვდლისა და დიაკვნის ხმაც მოისმა, იმათ თან მოსდევდა ხალხის გროვა. მღვდელი მოვიდა მრევლითურთ. ყველამ სანთლები დაანთეს, მხოლოდ „ტარასტა“ აღარსად ჩანდა, იგი საყდრის კარებს ეფარა. მღვდელმა წინადვე დაარიგა, რა პასუხიც უნდა მიეცა. „ტარასტა“ მიკუნჭული იდგა კარებში და დასწავლილს სიტყვებს ბუტბუტებდა. მღვდელი შეიმოსა, აიღო კელაპტარი და გაუძღვა წინ ხალხს „ქრისტე აღსდგა“-ს გალობით. ხალხიც თან მისდევდა ხელსანთლიანები. შემოუარეს ლიტანია ორჯერ და, მესამედ რომ მიუახლოვდა კარებს, მღვდელმა ყველანი შეაჩერა და სთქვა:
- აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღახვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისა! - „ტარასტას“ დაჰვიწყებოდა მღვდლის ნასწავლი სიტყვები და, იმის მაგივრად, რომ ეთქვა: „ვინა არს მეუფე დიდებისაო“, - ვინ არის და ვინ გინდაო, - შემოგვჩხავლა საყდრიდამ. ხალხს სიცილი წასკდა. მღვდელმა ყური არ უგდო „ტარასტას“ უგვანს პასუხს.
- უფალი ძალთა თავად არს მეუფე დიდებისაო, - სთქვა მან, დაჰკრა ფეხი და შეაღო კარები. ხალხიც მიჰყვა გრიალით. მღვდელმა და დიაკვანმა გამარჯვებულად ჩამოილოცეს ეს გამარჯვება სიმართლისა, ქრისტეს აღდგომა.
- აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, - სთქვა მღვდელმა და „ქრისტე აღსდგა!“ მოაძახა ხალხს გამეორებით.
ბოლოს მღვდელმა სიტყვა სთქვა, რომელიც შემდეგის სიტყვებით დაამთავრა: „ფარისეველთ, უგუნურთ აცვეს ქრისტე ჯვარსა, ვითარცა ავაზაკი, და გაგმირეს ლახვრითა, მაგრამ აღსდგა, სძლია სიკვდილსა და მით მოგვცა ჩვენ, კაცთ, მაგალითი აღდგომისა, სიკვდილის ძლევისა, და დაემკვიდრა ჩვენს შორის; მოგვანიჭა ნათელი, ნაცვლად ბნელისა. ამიერიდგან ეშმაკი ვეღარ გაიმარჯვებს კაცთა ნათესავზე, სამეფო მისი შემუსვრილ იქმნა. ლოდი, რომელიც დაკეტა ფარისევლობამ, ბოროტებამ, შურმა სამარე ქრისტესი, რათა მოესპო ჩვენთვის კავშირი ქრისტესთან, ჰფარვიან ანგელოზნი და ეტყვიან იესოს მაძიებელთ: „ვისაც ეძიებთ, იგი აღსდგა!“
ხალხი თავჩაკიდებით, მორჩილად ისმენდა ამ სიტყვებს, საბა კი დაჩოქილი იდგა ქრისტეს აღდგომის ხატთან, ცრემლი სიხარულისა ჩამოსდიოდა და ხელაღპყრობით ევედრებოდა მეუფეს.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ნუ ეცდებით ყველაფრის გამოსწორებას
მიეცით ბავშვებს საშუალება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. როდესაც შეამჩნევთ ბავშვის გაღიზიანებას რაიმე საკითხისადმი, ნუ ეცდებით მაშინვე დახმარებას. ნება მიეცით თავად გადაჭრას პრობლემა.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო