kids.ge logo

კუ

ფავორიტებში დამატება

კუს გაგონებაზე თითქმის ყველას ნელა და ფორთხვით სიარული ახსენდება… არაფერიც, მე წყლის კუ გახლავართ და წყალში დავლივლივებ ლამაზად, საყვარლად. საყვარელი და ლამაზი რომ ვარ საიდან ვიცი?!  ჩემმა წითელთვალება მეგობარმა ბიჭმა მითხრა, ისიც ძალიან სიმპათიურია, რა სამწუხაროა, რომ წითელთვალა კუები გადაშენების პირას არიან… ეგ ამბავი მაწუხებს, სიმართლე რომ გითხრათ და მინდა ბევრი შვილი გავაჩინო. ამბობენ, როცა კუ კვერცხებს დებს, იმ წუთასვე ტოვებს მათ და არც იცის თავის ნაშიერის შესახებ არაფერიო. რა საშინელებაა, რომ ყველა კუ ობოლია. ბავშვობაში დედას ვეძებდი. ვინმე ჩემნაირი მინდოდა მეპოვა, ჩემნაირი, ოღონდ ზრდასრული, ცოტა მეტი ნაოჭითა და უფრო დიდი ჯავშნით ზურგზე… მაგრამ ამხელა ოკეანეში ეს არც ისე ადვილია და თავი დავანებე ძებნას.  მე ასეთი დედა არ ვიქნები. დაველოდები როდის გამოიჩეკებიან და თან წავიყვან ბავშვებს. თვითონ კი არ ისწავლიან ოსტატურად ცურვასა და საკვების მოპოვებას, მე დავეხმარები, მივუთითებ, შევაქებ, გავუღიმებ და ვაგრძნობინებ, თუ რა არის ზრუნვა! ვფიქრობ, მარტო ბავშვის კი არა, დედის ყველა ტკბილი მოგონებაც თავის შვილს უკავშირდება, მე კი არცერთი გამაჩნია… ეჰ, წავალ რამე გემრიელს მაინც გამოვკრავ კბილს, თუმცა არც ეგ გამომივა, რადგან ღმერთმა კუები უკბილოდ გაგვაჩინა, ეს მდგომარეობა არც ისე ადვილია და მნიშვნელოვნად ართულებს ღეჭვის პროცესს. რა მჭირს დღეს, არ ვიცი, რატომ ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, თუ რა გამოსდით ცუდად კუებს? ალბათ გუშინდელი შტორმის ბრალია. სულ ამირია გონება ამ ამღვრეულმა წყალმა… ერთი წლის შემდეგ, მუცელგაბერილი კუ, ძლივს-ძლიობით აბობღდა ქვიშიან სანაპიროზე კვერცხების დასადებად. წინა თათებით პატარა ორმო გათხარა და კვერცხი კვერცხს მიაყოლა… სულ 47 გამოვიდა. მზეს გაუღიმა და დაღლილმა ჩათვლიმა. როცა გაიღვიძა, მზისგან კანი სულ გამომშრალი ჰქონდა და ლივლივა, თბილი ოკეანე თავისკენ ეძახდა.

-          არა, არა, არა… ბავშვებს ვერ დავტოვებ, სულ რომ გავხმე და გავქვავდე, მათ დაბადებას უნდა დაველოდო! - გაიფიქრა და ინატრა, ნეტავ კუებს კვერცხების წყალში დადება შეგვძლებოდაო.  მზე უფრო და უფრო აცხუნებდა. ცხელი ქვიშა ჯავშანში ეყრებოდა კუს და კანს უწვავდა. პირი უშრებოდა და სხეულში დარჩენილი ერთი ბეწო წყალი ცრემლებად ჩამოსდიოდა სახეზე. ცოტაც და განძრევასაც ვერ შეძლებდა. ბავშები გამოიჩეკებოდნენ და გარდაცვლილი დედის დანახვაზე ალბათ გული გაუსკდებოდათ. ამის გაფიქრება იყო და კუმ სასწრაფოდ წყლისკენ გასწია. 

 - ადგილს დავიმახსოვრებ და დავბრუნდები, აუცილებლად დავბრუნდები, აბა რას ვიზამ! - გვერდზე მიიხედა. რამე ისეთს ეძებდა, რაც ამ ქვიშიანი სანაპიროს დამახსოვრებაში დაეხმარებოდა. იქვე დროშა ფრიალებდა. თეთრი დროშა, შიგნით წითელი ბურთით. 

- უნდა დავიმახსოვრო, რაც არ უნდა მოხდეს. თეთრი და შიგნით წითელი, წითელი როგორც მისი თვალები, როგორც ჩამავალი მზე, თეთრი როგორც მარგალიტი, როგორც მარჯნის რიფები და როგორც ისა რა ქვია… ოხ, ეს მოკლე მეხსიერება. ზღვის ცხოველები დიდად არც მეხსიერებით გამოვირჩევით… ისე, კუებს მხედველობა გვაქვს მაგარი, ჰოდა, შორიდანვე დავინახავ და მოვცურდები. აბა, კიდევ ერთხელ გავიმეორო: წითელი, როგორც მისი თვალები, როგორც ჩამავალი მზე და თეთრი როგორც მარგალიტი, როგორც მარჯნის რიფები… სულ ეს ორი ფერი მაქვს დასამახსოვრებელი და კიდევ ფრიალებს! ფრიალებს, როგორც გემის იალქანი… კუ ამ ბუტბუტში იყო გართული, როცა იგრძნო, რომ პირი წყლით გაევსო. ღვთაებრივი სითხე სხეულში ჩაეღვარა და თითქოს ყველა მისი ნაოჭი გაასწორა, სიხარულითა და ენერგიით აავსო. ოკეანის სიგრილეს უფრო ღრმად და ღრმად მიჰყავდა, ალივლივებდა და აფარფატებდა, რამაც სულ გადაავიწყდა, თუ როგორ დაღოღავდა ქვიშიან სანაპიროზე. მან არ იცოდა, რომ ღმერთმა კუების კიდევ ერთი რამ არ მისცა - სხვაზე ზრუნვის უნარი, ამიტომ მას არასდროს ეყოლებოდა ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ მისი 47 ნაშიერი მზად იყო კვერცხიდან გამოჩეკილიყო. თუმცა ეს ამბავი აქ სულაც არ დამთავრდა. ოკეანე დაინტერესდა, რას ნიშნავდა სიტყვები წითელი, თეთრი და ფრიალი? რას ნიშნავდა ის, რომ სიტყვაძუნწ კუებს შორის გამოერია ერთი ლაქლაქა, რომელიც მაინცდამაინც ამ სამ სიტყვას იმეორებდა?

- არ ვიცი, მახსოვს მხოლოდ, რომ იქ უნდა დავბრუნდე! - პასუხობდა ოკეანეს ტალღებზე მოლივლივე კუ და მის წყალში მოკლე კუდსა და კიდურებს მშვიდად ამოძრავებდა.

- სად? - ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა ოკეანეს.

 - იქ, სადაც თეთრზე წითელია და ფრიალებს! - პასუხობდა კუ და ცურვას განაგრძობდა.

- რაღა მაინცდამაინც ჩემ სივრცეში ცხოვრობს ამდენი გულმავიწყი არსება?!.- ბრაზობდა ოკეანე. - ჰკითხავ და ვერაფერს გიყვებიან წესიერად. მე ვიპოვი იმ რაღაცას, რომ ფრიალებს და თეთრია, ცოტა წითელიც  ურევია და ავაგდებ ამ მოლაქლაქ კუს, იქნებ გაახსენდეს სად უნდა დაბრუნებულიყო და თავი დაგვანებოს! - ოკეანე ასეც მოიქცა… გაიხედ-გამოიხედა და კუ ზუსტად იმ ქვიშიან სანაპიროზე ამოაგდო, რომელზეც დიდი თეთრი დროშა ფრიალებდა, შუაში წითელი დისკოთი და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კუს ყველაფერი გაახსენდა, აბა როგორ არ გაახსენდებოდა, როცა კვერცხი-კვერცხზე ტყდებოდა და იქიდან ამომძვრალი ერთი ბეწო კუები დედას ეძახდნენ, ტანზე ეტმასნებოდნენ და ოკეანისკენ უხმობდნენ. 47 ბავშვთან ერთად შესცურა იმ დღეს წყალში იმ პირველმა კუმ, რომელსაც ღმერთმა სხვაზე ზრუნვის უნარი და შესაძლებლობა მისცა. სხვათა შორის, მათში რამდენიმე წითელთვალებაც ერია. ეს არ გამოპარვია ზრდასრულ, მამრ წითელთვალება კუს და მანაც პატარებთან ერთად დაიწყო ცურვა, არც იმას ახსოვდა რამე, მაგრამ გრძნობდა, რომ აქ იყო მისი ადგილი. რაღცნაირად დიდი სიამოვნებით ეხმარებოდა დედა კუს 47 ბავშვის მოვლაში. ასე რომ, თუ მასწავლებელი გეტყვით, რომ წყლის კუები არ ზრუნავენ ნაშიერზე, შეგიძლიათ უპასუხოთ: - გამონაკლისებიც არსებობსო და ამ ამბის მოყოლა დაიწყოთ.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სანიკიძე:


Kids.ge-ს რჩევები

შეამცირეთ ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება

გამოიყენეთ მრავალჯერადი ჭურჭელი პიკნიკებზე და სხვა ღონისძიებებზე.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026