ნააღდგომევს, როდესაც სოფელში ისევ გახშირდა წველა, მაგდანამ გაამზადა თავისი ბედაური, თავისი მაწვნის ქოთნები და გაუდგა ქალაქის გზას. მხიარულად მიერეკებოდა თავის ლურჯას და თანაც ღიღინებდა. მაგდანას გული იმედით იყო სავსე: „სააღდგომოთ შვილები ვერაფრით გავახარე, თითო ჩითის პერანგიც ვერ ჩავაცვი და ახლა მაინც ვუყიდი რასმე: სოფოს, ჩემს იმედს, ჩემს ჭკვიან გოგონას, წითელ ფოსტლებს ამოვუტან, ენაცვალოს დედა, მე შენ გითხრა, ჩემს პატარებს უჩემობას შეამჩნევინებს: ისე დაჰგურგურებს, როგორც კარგი დამზნილი დედაკაცი... ჩემს ვაჭრობას უფრო მოვუმატებ, იქნება ორიოდე გროში მივაგდო სოფოს სამზითვიდ. დერეფნის შუა ბოძი ძლივს იმაგრებს გასაყარ ხესა, იმასაც გამოცვლა უნდა“...
ამ ფიქრებში გართული მაგდანა მიუახლოვდა ქალაქს, ის-ის იყო მზემ თავი ამოჰყო და მშვენივრად გააჩაღა ვერის ბაღები, პატარა ვერის მომჩქეფარე წყალი და უზარმაზარი სარკესავით აალაპლაპა მტკვრის მდორედ მოძრავი ზემოთა პირი. ახლად გამოღვიძებული ქალაქის ხმაურობა გუგუნით მოისმოდა, შეშის ურმები, აგურის პოვოსკები, ფურგუნები ერთიერთმანეთში ირეოდა; მებაღეები მწვანილით დატვირთული სახედრებით, მერძევე დედაკაცები კოკებით, კინტოები თაბახებით თავზე მიეშურებოდნენ, გარბოდნენ, რომ ბაზარში არ დაგვიანებოდათ. მაგდანამაც ორიოდე სახრე გადაჰკრა თავის ლურჯას და ფეხი ააჩქარებინა.
მაგდანა რომ ვერი აღმართს ავიდა, იმის პირდაპირ საშინელის სიჩქარით გამორბოდა მთელი ჯოგი სახედრებისა. იმათი პატრონი, მთლად შემურული მენახშირე, მშვენიერ იორღა ჯორზე იჯდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მიერეკებოდა. ერთმა ვირმა წამოკრა გვერდი მაგდანას მაწვნის გოდორს და მთლად შეარყია. მაგდანა გაანჩხლდა და მენახშირეს წყვევლა დაუწყო: „კისერი მოგტყდეს, კისერი, შე ღვთის მუხანათო! რაზე დამღუპე და დამაქციე! დოსავით გათქვეფილი მაწონი ვიღასთან უნდა მივიტანო?“
მენახშირემ მხოლოდ ახლა მოიბრუნა კისერი და უცბად შედგა, საჩქაროდ გადმოხტა ჯორიდან და მაგდანასთან მიიჭრა: „დედობილო, ნუ კი იწყევლები ემანდა და, აბა მიბრძანე, ეგ სახედარი შენ ვინ მოგცა“.
მაგდანას მუხლები მოეკვეთა, პირზე მკვდრისფერი გადაედო და ხმის კანკალით ძლივს წაიღლუღლუღა: - მინდორში დავარდნილი ვიპოვე, სული ამოსდიოდა და მოვაბრუნე.
- „დავარდნილი, სული ამოსდიოდა“, - გააჯავრა მენახშირემ მაგდანას. - ვინ გეხვეწებოდა, მოაბრუნეო? მინდროში მე იმისათვის კი არ მივანებენ თავი, რომ შენ მოგეპარა! სხვა სახედრებს ჩამორჩა, მე მეჩქარებოდა და თავი იმიტომ დავანებე; მეორე დღეს ტყიდან უნდა ჩამომევლო, წამეყვანა და რა გაგიშვია, რას ეძებ? თურმე რომ შენ მიგიჩქმალავს, შე არამზადავ, შენა, ახლავე მომე, თორემ ლუკმა-ლუკმად დატიმტვრევ! „სუდში“ წაგათრევ და ქუდობისთვის ციხეში დაგალპობინებ!..
მადგანამ დაინახა, რომ ობლების საზრდო, იმედი ხელიდან ეცლება, საშინლად გააფრთდა, გოდრებს ზედ გადაეფარა, წივილ-კივილს მოჰყვა და, რაც ჯანი და ღონე ჰქონდა, იგერიებდა გაცოფებულ მენახშირეს.
- ვერ წამართმევ, ვერა. ეს ჩემი ნაპოვნია, ჩემი გამოკვებილია ზამთარში, ჩემი შვილების ბუგეში ეს არის, ვერ წამართმევ! მომეცალე, მომეცალე, თორემ თვალებს გამოგაწიწკნი, თავს აქ მოვიკლავ და არ დაგანებებ კი!
- იქით, იქით! ხელი აიღე, თორემ ეს არის მოთმინება დავკარგე! შენისთანებმა უნდა მაჯობონ, შე მასხარავ? იქით-მეთქი, გეუბნები! ცოდვაში არ ჩამაგდო, წიწილასათვის არ წაგახრჩო! ნაპარავი ვიპოვე, შე არამზადავ, შენა, და კიდეც მიძალიანდები? რატო სირცხვილით თვალი არ გისკდება და დედამიწაზე არ დავარდები! იქით, იქით-მეთქი!
- არა, არა! ჩემი ცოცხალის თავით არ დაგანებებ. ჩემია, ჩემი, არ მომიპარავს. განა, ურჯულოვ, შენ თვითონ არ იცი, რომ არ მომიპარავს? მთელმა ქვეყანამ იცის, „ტარშინა“-მამასახლისთან გამოცხადებული მაქვს. ღმერთმა აჩუქა ჩემს ობლებს და შენ უნდა წაართვა? არა, ვერ წამართმევ, ვერა!
მაგდანას თავშალი გადაუვარდა, თმები ჩამოეშალა და გაეწეწა, პირზე მკვდრის ფერი დაედო, შუბლზე ცივი ოფლი ჩამოსდიოდა, იმის მუდამ წყნარ ხმას მრისხანება მიეცა, მკლავს - საშინელი ძალა, და ყმაწვილს, ლომივით მენახშირეს, კინაღამ აჯობა.
ამასობაში პოლიცია გაჩნდა, ჩხუბის მიზეზი გამოიკითხა და მენახშირე ამ სიტყვებით გაისტუმრა: წართმევა არ იქნება, წადი, სუდში იჩივლე, იქ გაარჩევენ საქმეს და, სახედარი ვისიც არის, იმას მისცემენო.
მაგდანამ სული მოიდგა, თავშალი მოიხვია, ტანისამოსი გაისწორა და თავჩაღუნული და შემკრთალი, რომ ამოდენა ხალხმა ამის განჩხლება დაინახა, იარმუკისაკენ წავიდა.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
იმოქმედეთ თქვენი გეგმის მიხედვით
ჩართეთ სხვა აღმზრდელები - მეუღლე, ბებია-ბაბუა, ბაღი, ძიძა - ბავშვის ცხოვრებაში, რათა მან შეძლოს იმ ღირებულებების და ქცევების ათვისება, რაც გსურთ რომ გამოიმუშავოს. ეს მოიცავს ყველაფერს მადლობის თქმით დაწყებული ტირილით დამთავრებული.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო