სანამ პუტიომკინს თავისი „შტაბ-კვარტირა“ კრემენჩუგში ჰქონდა, დავითმა ორჯერ იმოგზაურია ამ ქალაქში. მირგოროდის მიდამოებში დასახლებულ ქართველებში ხმა დაირხა, რომ პოტიომკინთან მყოფი იმერეთის მეფის დესპანი ბესარიონ გაბაშვილი მოკლე ხანში სამშობლოში გაბრუნდება, თან მიჰყავს თხუთმეტი ათასი რუსის ჯარი ერთი ღენერლის მეთაურობით და, ვინც კი რუსეთში ქართველობაა, ვისაც სურს, თან წაყვესო.
დავითი კარგად იცნობდა გაბაშვილს. პეტერბურგში მიმავალი იმერთა დესპანი ერთხელ სტუმრად ეწვია მოხუც მგოსანს, გაიცნო, თავისი თავი გააცნო და ბევრი კარგი ლექსი წაუკითხა. დავითი მაშინ „დავითიანს“ ერთ დიდ სქელ წიგნში უყრიდა თავს და მირიან ბატონიშვილს ეს წიგნი უსტართან* ერთად სწორედ გაბაშვილმა ჩაუტანა.
მიაღწია თუ არა გურამიშვილის ყურამდე იმ ამბავმა, რომ იმერთა დესპანი საქმეებს კარგად აგვირგვინებს, მთლად დასავლეთ საქართველოს, აფხაზეთიდან მოყოლებული ლაზიკამდე, თურქეთის ბატონობის უღლიდან ათავისუფლებს და ვინ იცის, მალე ამერი და იმერიც კი გააერთიანოსო, ოთხმოცდახუთი წლის დავითმა გადაწყვიტა თვითონ ენახა გაბაშვილი და კრემენჩუგს გაემგზავრა.
ბესიკმა დიდი პატივით მიიღო წელში ოდნავ მოხრილი, მთლად ჩამომჭკნარი და თითქმის დაპატარავებული ცალთვალა მოხუცი, მხრებზე ეამბორა და მოწიწებით მოიკითხა. დავითმა ცრემლმორეულ თვალზე ხელისგული მოისვა და ჩიფჩიფით უთხრა:
- შენი კარგი ამბები მესმის, ბიჭო, მართალია?
- უკვე აღარ ვიცი, ავი რა არის, ან კარგი რას ეწოდება, - ღიმილით მოახსენე ბესიკმა.
- როგორ იყო, ბიჭო, მირიანს რომ ლექსი მისწერე:
„კრემენჩუკს გრიგოლ უწოდა სახელად: „სახლო უკარო“.
მენიშნა, დავრთე ნებანი, თანხმობით თავი უკარო.
ყოვლის სოფლისა დესპანნი აქ ყრია განაფხუკარო -
დაბმულთა ღორთა გვამსგავსებთ, რომ გვნახოთ განატრუკარო!“
- ეეჰ, ეგ კარგად დაგხსომებიათ, დავით ბატონო, მართლაც რომ აგრე იყო, მაგრამ ახლა ღვთის მადლით...
- ჰო, ჰო, მითხარი შენ გენაცვალე, გული გამიხარე, - ფუსფუსით შეაწყვეტინა დავითმა და ყურზე ხელი წაიშველა.
- მგონი, ჩვენი საქმე კარგად დაგვირგვინდეს.
- მართლა?
- თავადი პოტიომკინი შეუდგა იმერეთში გასაგზავნი ჯარის შეკრებას...
- მაშ, მიდიხართ?
- ვაპირებთ, ღვთის მადლით.
- ბიჭო, მეც წამიყვანე, - შეევედრა დავითი და თვალთაგან ცრემლები წამოსცვივდა, - მე რად გამოვდგები, მაგრამ შემიბრალე მოხუცი. წამიყვანე, არაგვის პირას დამაგდე, ერთი მისი ლურჯი წყალი დამალევინე და იქვე დამმარხე... არაგვის წყალი მომწურდა, ბიჭო... მინდა, ჩემს მიწაში დავიმარხო, ერთი ჩემი ლურჯი ცა დამანახე, მამაშენ ზაქარიას გაფიცებ, სანამ ამ ცალი თვალით კიდევ ვხედავ, მაღირსე ჩემი ქვეყნის ხილვა, აგრემც ღმერთი გადღეგრძელებს. სამოც წელზე მეტი აქ გავატარე, შევეჩვიე, შევეზარდე ამ მიწას, მაგრამ სიკვდილი რომ მომიახლოვდა...
- ჯერ რა დროს თქვენი სიკვდილია, - გაამხნევა ბესიკმა.
- არა, ბიჭო, ტანმა მიაზრა, დიდი დღე აღარ მიწერია. ჰოდა, იმას ვამბობდი... სიკვდილი რომ მომიახლოვდა, ჩემი მიწა მომენატრა, ჩემი ქვეყანა... აგრე მომენატრა, რომ ღამეები აღარა მძინავს, სულ თვალწინ მიდგა საგურამოს ტყეები, ზედაზნის გადასახედი... აი, ისე მომენატრა, ისე, რომ არც სმა მინდა, არც ჭამა, ოღონდ იქ წამიყვანეთ როგორმე.
- რატომაც არ წაგიყვან, წაგიყვან, თავადო... - ბესიკს გული ამოუჯდა და კინაღამ თვითონაც ატირდა.
- იქ მე აღარაფერი გამაჩნია, არც სახლი, არც კარი, ნათესავთაგანიც, ვინც მახსოვდა, აღარც ერთია ცოცხალი, მაგრამ , აკი გეუბნები, ჩემს მიწაზე სამარის მეტი არაფერი მინდა. აქ რაც მაბადია, რაც რუსთ ხელმწიფეს ჩემთვის უბოძებია, გავყიდი ყველაფერს...
- ჯერ ნურაფერს გაყიდი, დავით ბატონო, მოასწრებ. როდესაც საჭირო იქნება, თვითონ გაცნობებ. ჩემს კაცს გაახლებ და ის ყოველივეს მოგახსენებს, მოგეხმარება და წამოგიძღვება. კნიაზმა პოტიომკინმა ბრძანა, რაც რუსეთში ქართველობა არიან, რომელნიც კი მოისურვებენ ამ ჯარში სამსახურს, დიდი და პატარა ყველანი წაიყვანეთო. მეც მინდა მოვუწოდო, თუ წამოვლენ...
- წამოვლენ, რად არ წამოვლენ. პირველი მე წამოვალ და ვინც ჩემისთანა ძაბუნს არ მიჰყვება, თავს ლაფს დავასხამ... მაშ, წამიყვან?
- წაგიყვან.
- ათადან ბაბადან, რაც ქვეყანაზე ქართველი კაცი გაჩენილა, წესად ჰქონდა დადებული, ომში ან შორ ქვეყანაში თუ მიდიოდა, დაწვებოდა და თავის ზღურბლთან ერთ მუჭა მიწას ჯიბეში ჩაიყრიდა, ან ჩვარში გამოკრავდა და ავგაროზივით გულზე დაიკიდებდა, თუ ვინიცობაა უცხო მიწაზე სიკვდილი მეწეროს, ეს ჩემი ნაკურთხი მიწა თან ჩამყვესო. ბედმა ეგეც არ მარგუნა, ტყვეობაში ისე გამიტაცეს, გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი...
ბესიკმა ახალუხის გულისპირი გაიხსნა, ავგაროზისმაგვარად ხავერდის ნაჭერში გამოკერილი მიწა უჩვენა და ჰკითხა:
- ასეთი?
დავითმა ხელით მოსინჯა, თვალით კარგად ვერ ხედავდა.
- ჰო, ასეთი, ასეთი. მაშ, წამიყვან?
- ზურგითაც რომ მომიხდეს თქვენი ტარება, მაინც წაგიყვან.
- მოდი, ბიჭო, ეგ გულ-მკერდი დაგიკოცნო, მაგ მიწასაც ვაკოცო, ეგ შენი მადლიანი ხელი მაჩვენე...
დავითი მოეხვია ბესიკს და სცადა მისთვის ხელზე ეკოცნა, მაგრამ მან არ დაანება და თვითონ ეამბორა ძვალ-ტყავა და დაძარღვულ მაჯაზე.
მას შემდეგ თითქმის წელიწადი გავიდა. შინ დაბრუნებული დავითი ყოველდღე მოელოდა სანატრელ ამბავს და, ინათებდა თუ არა, მთელი დღე დაეხეტებოდა თავის თანამემამულე ქართველებთან, იქნება რომელიმე მათგანმა რაიმე ახალი იცოდესო, დანარჩენ დროს ფოსტის სადგურში ატარებდა და კრემენჩუგიდან მომავალ ტროიკებს დარაჯობდა. სამშობლოს ნახვის წყურვილით აწრიალებულ მოხუცს მოთმინება არა ჰყოფნიდა, დღეებს დღეებზე ითვლიდა და მოელოდა სანატრელი ამბის გაგონებას. თავისი მამულის მყიდველი მუშტარიც კი მოძებნა, მაგრამ გარიგებას ვერ ბედავდა, სანამ არ გაიგებდა, რომ იმერთა მეფის დესპანი წასასვლელად უკვე მზად იყო.
ასე ელოდა დავითი, მაგრამ შემოდგომაზე გაიგო, რომ თავადი პოტიომკინი ქალაქ იასაში გადასულიყო მთელი თავისი შტაბით და, ვინც კი კრემენჩუგს უცხო ქვეყნის დესპანი ყოფილიყო, ყველანი თან გაჰყოლოდნენ.
დავითს თავზარი დაეცა, ე რა გავიგეო, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავდა. რაკი თავადი პოტიომკინი შეპირებული იყო გაბაშვილისათვის ჯარები მიეცა და ისე გაესტუმრებინა საქართველოში, იგი თავის პირობას შეასრულებდა. ასე ფიქრობდნენ ყველანი, მათ შორის დავითიც.
იასადან ცნობები ძალიან იშვიათად მოდიოდა, და ნელ-ნელა მიყრუვდა ყველაფერი. შემთხვევით ან მოსკოვიდან , ან კიევიდან, ან სხვა რომელიმე ქალაქიდან მოსულები თუ მოიტანდნენ კანტიკუნტ ამბებს რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებაზე, ჯარების მოძრაობაზე, ან კიდევ სხვა ისეთ მოვლენაზე, რაც საერთოდ რუსეთს შეეხებოდა, თორემ გაბაშვილის საელჩო საქმიანობაზე არავინ არაფერი იცოდა.
დავითმა მოსვენება დაკარგა. ახლა იგი ღამეებსაც თეთრად ატარებდა და იშვიათად ეძინა. ზამთრის სუსხიან ღამეებშიც კი არ იშლიდა მეზობლებთან და ფოსტის სადგურში სიარულს.
ყოველდღე, დილას თუ საღამოს, მუდამ ერთსა და იმავეს ეკითხებოდა ნაცნობსა თუ უცნობს, ხომ არ გაგიგიათ, იმერთა მეფის საელჩოს რა ბედი ეწია, ან უჩემოდ ხომ არ წასულან თავიანთ ქვეყანაშიო.
სიბერეც სულ უფრო აძაბუნებდა. ცალ თვალში შერჩენილი სინათლეც თანდათან აკლდებოდა და ძლივსღა უკიაფებდა.
ასე გავიდა მთელი წელიწადი, გავიდა გრძელი ზამთარი, მოვიდა გაზაფხული და მუხლებში მთლად მისუსტებული, წელში მოხრილი დავითი უკვე ძლივსძლივობით დალასალსებდა ეზოში. ძალა არ ჰყოფნიდა, ფოსტის სადგურში წასულიყო, მაგრამ გუნებაში მაინც იმედოვნებდა, რომ, თუ ბესიკი წაიყვანდა, ტროიკაში ჯდომას მაინც შეძლებდა, ხოლო საქართველოს მთაგორიან გზებზე საკაცით წავაღებინებ თავსო.
- ოღონდ ერთი მისი ხმა გამაგონა... მისი ამბავი მაცოდინა... - ბუტბუტებდა მოხუცი.
ერთ დღეს, როდესაც დავითი ეზოში გამოვიდა და თეთრად გაპენტილ ალუბლის ძირზე ნეტარებით ყნოსავდა აყვავებულ რტოს და მისი ნაზი სურნელებით თავის სამშობლოზე მოგონებას იღვიძებდა, მოულოდნელად ღობის გადაღმიდან ქართულად მოესმა:
- პაპა დავითს ვახლავარ.
დავითმა თავისი ნახევრად დაბრმავებული თვალი გაგონილი ხმის მიმართულებით მიმოავლო და ქართულადვე შეეკითხა:
- რომელი ხარ?
- პეტა ვარ...
- აბა, პეტა?
- ნორაკიძიაანთი, გიორგის ბიჭი.
- ჩემი გიორგისა? მოდი, შვილო, საიდან მოდიხარ?
- იასიდან. ჯარში ვიყავ. გამომიშვეს.
იასიდან... - აკანკალდა მოხუცი და ღობისკენ წაფრატუნდა, - იასიდან... სად დგახარ, ვეღარ გხედავ... იასიდან... მერე, მერე, მითხარი ჩქარა. ჩვენებისა რა იცი, იმერთა მეფის დესპანი...
- რომელი, გაბაშვილი? - რაღაც გაჭიანურებით იკითხა პეტამ, - გაბაშვილი ხომ მოკვდა!
- რა... რ... რა... რაო? მოკვდაო? - შებღავლა დავითმა. - რას ამბობ, ბიჭო? რას უნდა მოეკლა ის ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი.
- არ ვიცი, ეგრე ამბობდნენ, თურქების მოსყიდულებმა მოაწამვლინესო... არ ვიცი, მართალია თუ არა, ეს კი სწორია, რომ მოკვდა და გავასვენეთ კიდეც.
- ვაიმე, ჩემო იმედო... - შემოირტყა შუბლზე ხელი დავითმა და აქვითინდა... - ღმერთო, რად გასწირე ის უბედური... ან მე რად გამწირე ასე... რა დაგიშავე ისეთი, რომ უკანასკნელი იმედიც მომისპე. მიმეთრია ჩემი ბებერი ძვლები საგვარეულო სამარხამდე, ან ქართლს, შიო მღვიმის მონასტერს, ან კახეთს, ზედაზენს... ნეტავ ერთი მუჭა ამ ჩემი მიწისა მაინც მქონდეს, რომ გულზე დამაყარონ და თან ჩამაყოლონ... ესეც კი სანატრელი გამიხდა... გაბაშვილს ეს ერთი მუჭა მაინც ჩაჰყვა საფლავში. მე რაღა ვქნა, ვინ მოვა ჩემს საფლავთან, ვის გავახსენდები, ვის ვუნდივარ... - ლუღლუღებდა მოხუცი და თეთრი ყვავილებით გადაპენტილი ალუბლის რტოების ქვეშ მდუღარე ცრემლებს აფრქვევდა.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
გახსოვდეთ, რომ დისციპლინა არ არის დასჯა. შეზღუდვების დაწესებით ბავშვი ხვდება როგორ უნდა მოიქცეს. ამითი ისინი ხდებიან კომპეტენტურები, მზრუნველები და შეეძლებათ თვითკონტროლი.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო