პეპელაზე გითხრობთ, პეპლათარზე, კიდევ მის დობილზე, გვირილა გვიმარისზე.
წუთისოფლობდნენ დობილები იმედნეულად ერთი-ერთმანეთისთვის. მზეც ერთი ჰქონდათ და მთვარის ბაკმსაც ერთფრად მოიფრთახატულებდნენ.
პეპლათარი მეტწილს ცაში ატარებდა. თვითნებურად როდი, გვიმარისი ეტყოდა, წადიო, ცისა გამოწვლილვე ამბავიო, მეო – მიწისას გეტყვიო.
წავიდოდა ისიც,
მოიღლიდა ფრთებს ფრენით და მაშინვე გვიმარისთან ბრუნდებოდა.
მისხდებოდნენ ერთი-ერთმანეთის გვერდით, იტყოდნენ აქეთ-იქეთურისას, პეპლათარი ცოტას გაიდაღლისებდა და კვლავ ცად წავიდოდა.
ნიავქარობას პეპლათარმა შეგვიანება იცოდა. ქარი თუ წაიღებდა შორი მინდვრით. მაშინ გვიმარისი მზერას ააცისზევითებდა და თვალდანატრული გაჰყურებდა ცას.
ერთხელ, ლოდინით მოღლილმა, ლექსიც კი შეუთხზა დობილს.
– ლექსის წერისა მე რა ვიციო, ლექსმწერთ არა ნახონ, დამცინებენო, დაიმორცხვა გვიმარისმა.
პეპლათარმაც, რათა სხვამო და გვიმარისს ლექსი გამოართვა.
მთლად კარგი საქმე რომ არ არის სხვათა ნათხზავთა კითხვა, ეს თქვენც იცით, მაგრამ გვიმარისიც ხომ თქვენი კბილაა და თქვენი თითოეული სიტყვის ამოპირთბაგებას რარიგ დანატრიან თქვენი მშობლები, ესეც კარგად მოგეხსენებათ, აი ეს ლექსიც:
სიმართლე გითხრათ, ბოლო ორი ხაზი მეც ვერ ამოვიკითხე, თუმცა, მეგობრის გულის ნაამბობად ეს ოთხი სტრიქონიც
იკმარებს...
ახლა სამწუხარი რამ ამბავი უნდა ვთქვა მათზე:
შუადღისპირს, როცა პეპლათარი ცაში იყო, გვირილა გვიმარისს ერთი ვინმე ფუტკარი – ფუნთო, შეეჩვია. ჯერ იყო და, ფრენდა ფუნთო გვიმარისის შორით, თითქოს რაღაც საამო ხმაზედაც კი. მერე და მერე ისე ახლოს ჩაუბზუბზარაკა, გვიმარისს გვირგვინიდან სამი ფურცელი წააცალა.
ეგ საკარგოდ აქ არ მოვიდოდაო, თქვა გვიმარისმა და პეპლათარს უხმო:
– პეპლათარო, ჩქარა აქეთ, აქეთ, მომეშველე-ო.
ის იყო პეპლათარი მასთან გაჩნდა, რომ ფუნთოს გვიმარისის ნექტარი ფიჭის უჯრედებში მშვიდად გადაჰქონდა.
დაიმწუხრეს დობილებმა.
მისხდნენ უხმოდ ერთი-ერთმანეთის გვერდით, იქვე, მიწისპირად.
გვიმარისი იტყოდა მხოლოდ, ეგ აქ კიდევ მოვაო და გააბამდნენ დროდადრო ცრემლების ყრას.
და კიდევ,
თუმცა არა, არ ღირს მათ გულთამწუხრზე მეტად თქმა, დარდმა საბუდარში ჩაიხედა, კრუხს კვერცხები გაულაყდაო, ჰოდა, ჩვენაც აქეთისა ვთქვათ:
საღამო ხანს დობილთ მოლაღურისა მოესმათ ჭივი,
– კრიიპ-წიპ-წიაპ, კრიიპ-წიპ-წიაპ, – წიაპებდა მოლაღური და ბუდიდან პირველჯერად ამომსხდარ ბარტყებს, გვიმარისისა და პეპლათარის ცრემლთა მძივებს ჰფენდა ფრთებზე...
დღეც მიილია.
მინდვრად ჭია-ბუჭყების გაისმა ჭრიჭინი.
გამოვიდა სკიდან ფუნთო. მიმოუფრინა გვიმარისს – არცთუ ისე შორით,
მაგრამ რა, მიუდევთ თავი დობილებს ერთი-ერთმანეთზე და წასულან ძილად.
ახლა არც რამ რიდი მართებს ფუნთოს მათი და არცა რამ საშიშარი სჭირს...
უყურა ფუნთომ დობილებს კარგახნობა, უყურა და, არაო – თქვა ბოლოს, მთლად ეგრე ხარბად არ ივარგებს, მძინართ გულები რომ დაუსკდეთო... ჰო, ცოდონი კი არიანო, მაგრამ... ნექტარიც რომ მინდაო?!.
შედგა ფრთად, აიწია ცად, მოიმარჯვა ხორთუმი, სადაცაა ჩასცემს კიდეც მძინარს – გვიმარისს, ამოსწოვს, გაანექტარებს ყვავილს და გაბრუნდება კვლავ თავის სკაში...
მაგრამ ეს ხომ წამდაუწუმ არ მოხდება, ერთჯერ, ორჯერ, ჰა-ჰა შვიდჯერ. მერვედ გვიმარისი იქ აღარ დახვდება. ჩახრის ისიც წყრომით თავს და იტირებს. იტირებს ფუნთოს ავსაქმობას, უნექტრობას, თავის უმწეობას, იტირებს, იტირებს და მერე თავისსავე ცრემლებს ჩაჰყვება მიწაში.
ჩაფიქრდა ფუნთო...
მინდვრად კი ისმოდა ჭრიჭინობელათა ჭრიჭინი, ჯეჯილიანიდან მწყერ-გნოლთა ფაცფაცი, სათიბებისა ნიავთრხევა... მერე გვიმარისის ფოთლებსაც დასწვიმა, დასწვიმა – თითქოს ღია ციდანო, დასწვიმა პეპლათარს, დასწვიმა მინდორთ, ბალახთ, მიწას:
წკუპა და წკაპი, წკაპი და წკუპი,
წკუპა და წკაპი, წკაპი და წკუპი, –
დაჰფანტვიათ მოლაღურებს, მინდვრად
დობილთ ცრემლთა წკლუპი...
დილით, როცა ფუნთომ სკის ჭუჭრუტანიდან გვიმარისს გახედა, ძალზედ კი გაჰკვირდა: გვიმარისისა და პეპლათარის ცრემლნაწვეთ მიწას თეთრი, თეთრი გვირილები წაჰფენოდა!..
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
იცოდეთ როდის უნდა მიაჩვიოთ ბავშვი ქოთანში მოსაქმებას
ბავშვი მზადაა ქოთნის გამოსაყენებლად თუკი: ის გრძნობს იმას, რომ დროა მოისაქმოს და ითხოვს პამპერსის გამოცვლას.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო