თამაში ბავშვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია . თამაში ბავშვისთვის არა მარტო გართობის საშუალებაა, არამედ მას სხვადასხვა უნარის განვითარებაშიც ეხმარება. გარკვეულ ასაკამდე თამაში, ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ბუნებრივი საქმიანობაა. მოცემულ სტატიაში გთავაზობთ სამ სახალისო აქტივობას რომლის დახმარებით ბავშვები მოემზადებიან წერისათვის, ისწავლიან ასოების, ციფრების, მარტივი გეომეტრიული ფორმების ფორმირებას, განუვითარდებათ ნატიფი მოტორიკა, ვიზუალური მეხსიერება, მეტყველება და კოორდინაცია. გაეცნობიან სხვადასხვა მასალას ( საღებავი, ფქვილი, პლასტელინი...), შეისწავლიან მათ თვისებებს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. რაც მთავარია სწავლების პროცესი იქნება სახალისო და თამაშზე დაფუძნებული.
თამაშის დაწყებამდე შეუქმენით ბავშვს მისთვის კომფონტული გარემო და გააცანით თამაშის წესები. თავდაპირველად თავად აჩვენეთ თუ როგორ უნდა შეასრულოს დავალება. გახსოვდეთ რომ არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბოთ და არ უსაყვედუროთ ბავშვს, თუ მისი პირველი მცდელობები ისეთი არ იქნება როგორიც თქვენ გვსურთ. ერთადერთი, რასაც ამით მიაღწევთ ბავშვის სწავლისადმი ინტერესის დაკარგვა იქნება. წაახალისეთ ბავშვის ყოველი მცდელობა, შეაქეთ. ნელ-ნელა ყველაფერი გამოუვა!
1. წერა პლასტელინის გამოყენებით
ამ აქტივობისთვის დაგვჭირდება პლასტელინი და ფურცელი. ფურცელზე დაწერეთ ციფრი, ასო ან დახაზეთ მარტივი გეომეტრიული ფიგურა ( იმის მიხედვით თუ რას სწავლობს ბავშვი ამ ეტაპზე) და სთხოვეთ პლასტელინის გამოყენებით მოცემული ფორმის გამეორება. თუ ეს ფორმა ბავშვისთვის ჯერ უცნობია, დაუსახელეთ რამოდენიმეჯერ და სთხოვეთ გაიმეოროს. პლასტელინით თამაში ყველა ბავშვისთვის ერთერთი საყვარელი აქტივობაა და სიხარულით შეუდგება დავალების შესრულებას. თუ პირველ ეტაპზე არ გამოუვა, დაეხმარეთ და აუცილებლად შეაქეთ მცდელობისთვის!
2. წერა თითების საღებავებით
ამ დავალებისთვის დაგვჭირდება ფურცელი და საღებავი. სასურველია რომ საღებავი იყოს სპეციალურად თითებით ხატვისთვის, თუმცა თუ ბავშვი არ არის ალერგიული შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი გუაშიც. ფურცელზე დიდად გამოწერეთ ციფრები ( ასოები, ფიგურები) და სთხოვეთ ბავშვს სხვადასხვა ფერის საღებავით, თითით გაყვეს მოცემულ ფორმას. დაუსახელეთ მოცემული ციფრები და სთხოვეთ გაიმეოროს. ბავშვებს ძალიან უყვართ საღებავებით თამაში და ამ დავალებას სიხარულით შეასრულებენ! არ დაგავიწყდეთ შეაქოთ თქვენი პატარა შესრულებული დავალებისთვის!
3. წერა ქვიშაზე
ამ დავალებისთვის კი , დაგვჭირდება ლანგარი და ქვიშა. ქვიშის გარდა შესაძლებელია მჭადის ფქვილის, მანანის ბურღულის, ან შაქრის გამოყენება. ლანგრის ფსკერი დაფარეთ მასალით. დაუდეთ ბავშვს წინ ბარათები ასოებით ( ციფრებით, გეომეტრიული ფიგურებით) სათითაოდ და სთხოვეთ თითით ქვიშაზე გაიმეოროს მათი მოხაზულობა. აუცილებლად გაუხმოვანეთ მოცემული ასო-ბგერა, თუ ციფრი. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ლანგარი არის თეთრი ფერის ან გამჭვირვალე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი ფურცელი, დააფინეთ ძირზე, რომ ნაწერი უფრო გამოჩნდეს. არ დაგავიწყდეთ ბავშვის შექება და წახალისება!
ეს აქტივობები შეგიძლიათ მოგვიანებით გამოიყენოთ უკვე მათემატიკური მოქმედებების შესასწავლად ( მიმატება, გამოკლება...), ასევე მთლიანი სიტყვების და წინადადებების დასაწერადაც.
გისურვებთ წარმატებებს!