kids.ge logo

არაგვს

ფავორიტებში დამატება
დაწუხებულმა, არაგვო,
რო გნახე, გავიხარეო,
სრულიად გამოვიცვალე,
წელშიაც ავიხარეო.
რა ლამაზია, წყელო,
შენთ ზვირთთა ლაღნი ჩქერანი,
გააფთრებულსა ტალღასა
კლდეს რო წაუვლენ თქერანი!
შენ თვალს გარიდებ მაშინა,
მთებისკე მწადის ცქერანი,
უნდომლად მამინდებიან
ბედკრულს ბედკრულნი მღერანი.
გულიც იქ იწევს, თვალიცა,
იქ რო მაღალი მთებია,
ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა,
ვის ძუძუც პირში გდებია, _
მათ კალთაზემც მოვკვდები,
მათ ლოდი გულსამც მდებია!
ზაფხულში აყვავდებიან
მკერდნიც კი სალის კლდისანი,
ყვავილთ პირს ეკონებიან
ცივნი ნამცვრევნი ცისანი.
გაჰყუჩებია ნიავსა
ჯიხვი, ყელ-ყურით ლამაზი,
ღარ აჩხერებს ქვიშათა
კლდით კლდეზე მხტომი გავაზი.
ხან რომ ცა მაიღრუბლება,
ჩაბნელდებიან ხევები,
გაჩნდება მეხთა ტკრცილი,
ათრთოლდებიან ხები,
კლდეებზედ დაკეცება
სვავთა და არწივთ ფრთები.
თმებს უკუიყრის ნაკადი,
ცისაკ დაწყებს ცქერასა,
შაჰყურებს გაცებული
შავის ღრუბლების მღერასა.
რა ყურმა უნდა გაუძლოს
იმ მთების გულის ძგერასა?!
ხშირად მოხეთქილს წვიმასა
სიპისა აქვის ღარები,
აქა-იქ გაიმტვრევიან
პირგაშალი ღვარები.
ზიდებიან შენკენა
ის გრძნობისაგან მთვრალები,
მათ ვეღარა დაჭერს,
თუნდ რკინის დახვდეს კარები!
ახლა ავდარიც გადიყრის
და მზეც გადივლის გორასა,
ნაწყვეტ-ნაწყვეტი ნისლები
ხევებში სდგამენ გორასა.
ვეღარა ჰბედვენ ბეჩავნი
მთებისად მეხის სროლასა,
მაგრამ ფიქრობენ ვაჟანი
სახვალიდაც ბრძოლასა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფშაველი ჯარისკაცის წერილიგულ-მკერდიმც აგიყოვდება, დედაო, ია-ვარდითა! თვალებს ნუ ითხრი ტირილით, გულს ნუ ისერავ დარდითა! ვინც დავიჭრ...წილის ყრასკამს იჯდა ბაბურაული გუდანს გუდანის ჯვარშია, - გარეთ იყოფდენ ნადავლსა, ჩოჩქოლი ისმის ჯარშია. წილის ყრა არ...იმედი საზიკაულიჯავრი ჰკლავს საზიკაულსა, შადედებული შხამითა, ცრემლი არ მოსდის თვალებზე, გვაეჭვიანებს ამითა... რკინის გული...ჩიტი-ჩიორაამწვანდა მთები, ამწვანდა ჭალა, გამოიჩინა ბუნებამ ძალა. ჩიტი-ჩიორა გალობს და გალობს: არც დაეძინა, არც დაიღ...სიმღერაარცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა, დავდივარ დედიშობილა, მეც იმათ ჯოგიდამა ვარ, ვინც სიღარიბით ცნობილა. ამ წუთის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026