kids.ge logo

ამბავი წიგნებზე

ფავორიტებში დამატება

II. სოფოს წიგნი

ფერადყდიანი ულამაზესი ილუსტრაციებით დამშვენებული სოფოს წიგნიც იგავ-არაკების კრებული აღმოჩნდა, მისი ავტორი ივან კრილოვი გახლდათ. წიგნის ყუაზე ასევე ეწერა, რომ აქ მოთხრობილი ყოველი ამბის მთარგმნელი დიდი პოეტი აკაკი წერეთელია.

მოწიწებით გადავფურცლეთ კრებული. მერე-პირველი, მეორე, მესამე და მეხუთე გვერდები, რომლებზეც საინტერესო რამეები ეხატა, თუმცა ჩვენი ყურადღება მეექვსე გვერდმა მიიპყრო. რატომ? ახლავე გიამბობთ!

აქ ტექსტი გაცილებით მოკრძალებული იყო, ილუსრტაცია კი უზარმაზარი. წარმოიდგინეთ, თქვენს თვალწინ როგორ იშლება დიდი ქალაქის ხედი-ქუჩებით, შესახვევებით, დიდი და პატარა სახლებით, მაღაზიებით, ქარხნებით, თონეებითა და საფუნთუშეებით, ამ ყველაფრის თავზე კი უშველებელი ბუზი მოფრინავს, რომელსაც საცეცებით საფულე უჭირავს.

- ნეტავ, აქ რა ხდება? -გავიფიქრე მე.

- ბუზი და საფულე?! -გაიკვირვა სოფომ.

- მერე რა მოხდა, ეს ხომ იგავ-არაკია? ასეთ მოთხრობაში ყველაფერი შეიძლება ამიკითხო! -შეძლებისდაგვარად გავუმარტივე ჩემს პატარა დას ჟანრის თავისებურება.

- აბა, წაიკითხე, რა წერია! -დამავალა სოფომ.

საჩვენებელი თითი ისევ დავადე იმ ერთადერთი სტროფის (რომელიც წიგნის ამ გვერდზე ეწერა) პირველ ტაეპს და წავიკითხე:

„ბუზმა, ბუზმა, ბუზანკალამ,

ფრთაკანკალამ, გულკანკალამ,

ჩაუარა საპურეს და იპოვე საფულე.“

- უპოვნია, ალბათ ქუჩაში ვიღაცამ დაკარგა-საშინლად შეწუხდა სოფო.

- თუ ვიღაცამ არ დაკარგა, შენ როგორ უნდა იპოვო? -ჭკუაშიჩავარდნილის ინტონაციით განვმარტე დაკარგულის პოვნის არსი და ფილოსოფია, მერე სოფო გავკიცხე-ნუ მაწყვეტინებ, ხომ უნდა გავიგოთ, მერე როგორ მოიქცა ეს ბუზანკალა!

- წაიკითხე! -დამრთო ნება სოფომ.

„საფულეში ფულია, ბუზი მხიარულია“.

აქ უკვე თავად გადავწყვიტე მცირე პაუზის გაკეთება და წაკითხულის გაანალიზება.

სოფო დუმდა.

- როგორ ფიქრობ, რას იზამს ბუზანკალა? -ვკითხე მას.

- საფულის პატრონს მოძებნის. ქალაქს გადაუფრენს და დაინახავს, ვინ ეძებს დაკარგულ ნივთს-შემომთავაზა თავისი ვერსია სოფომ.

- არ იზამს მაგას, ზუსტად ვიცი, არ იზამს! ნახე რა წერია, „ბუზი მხიარულიაო“-გამოვთქვი ჩემი ვარაუდი.

წიგნის მეორე გვერდზე გადასლის დრო მოვიდა. პრიალა და ატლასივით მოელვარე ფურცელი მეშვიდე გვერდზე გადავშალე და პირველად მივხვდი, თუ რას ნიშნავს, ლოგიკური დასკვნა, რომელზეც უფროსები ხშირად საუბრობენ.

ამ გვერდზე მდიდრული სუფრაა გაშლილი და მის გარშემო სხედან: ხარაბუზა, ხოჭო, კალია, ჭრიჭინა, კიდევ ორი ბუზი, ალბათ ბუზანკალას უახლოესი მეგობრები...

ნიშნისმოგებით გავხედე ჩემს დას, რომელსაც სასაცილო გამომეტყველება ჰქონდა. გულგატეხილს წააგავდა.

- მე რა გითხარი? -ვკითხე სიცილით.

- არ დააბრუნა, რას ვიფიქრებდი! -ჩაილაპარაკა სოფომ.

- არ იდარდო, შეიძლება არ დააბრუნა, მაგრამ, ნახე, კეთილ საქმეს მოახმარა, მეგობრები მოიწვია! -დავამშვიდე სოფო.

ამის შემდეგ, კიდევ დიდხანს ვიკითხეთ ბუზანკალების, ვირების, კალიებისა და ჭრიჭინების ამბები, მაგრამ ამ საოცარი წიგნიდან კიდევ ერთი ბიჭის ისტორია მაგონდება, რომელსაც ბანაობა ეჯავრებოდა, რის გამოც თმა ისე გაებურძგლა, უშველებელი მაკრატლით ძალისძალად გაკრიჭეს, მაგრამ ამ იგავის წაკითხვაზე სოფომ უარი განაცხადა, ამიტომ, სჯობს, აქვე დავივიწყოთ.

ახლა, ალბათ მკითხვათ, ისევ მაქვს თუ არა ეს ორი ჯადოსნური წიგნი. არა, აღარ მაქვს, რადგან ორივე სიყვარულის წყალობით ჯერ გაიცრიცა, მერე კი გაქრა...

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 7–12
ოპტიმალური ასაკი: 9–11

სხვა მოთხრობები

ბებია

მთელი ღამე თოვდა. დილით ადრე ადგა ბებია და ღუმელში ცეცხლი დაანთო. ნახევარ საათში ჩვენი პატარა ოთახი, მწვანედ შეღებილი და დიდფანჯრიანი ისე გაამხიარულა სითბომ საწ...

ვინ შეაგროვა პაპიროსის ნამწვები?

ყველამ იცის, რომ ბავშვებს შეგროვება უყვართ. ზოგი რას აგროვებს და ზოგი-რას. პატარაობისას თათოსაც იტაცებდა ეს საქმიანობა, მაგრამ უცნაური თვისება ჰქონდა, პაპიროსის...

ამბავი წიგნებზე

ერთხელ დასურათებული წიგნები გვაჩუქეს. მაგიდაზე დალაგებულ წიგნებს შორის არჩევანი პირველად სოფომ გააკეთა და ის წიგნი აიღო, რომელსაც მხიარული და ფერადი გარეკანი ჰქ...

ჩურჩხელების უცნაური თავგადასავალი

შემოდგომის მიწურულს დიდ სასტუმრო ოთხაში ბუხარი ინთებოდა და ჩურჩხელების ამოვლების დრო დგებოდა. თხილის დამტვრევისა და დათეთრების ხანგრძლივ პროცესში სოფო და თათო მ...

მასწავლებლობანა

მე და მაკომ გუშინ, 7 ივნისს, მოვილაპარაკეთ, რომ ხვალ დილით მასწავლებლობანა ვითამაშოთ. 8 ივნისს, დილის 8 საათზე გავიღვიძე, უზარმზარ ბადურაში ჩავალაგე წუხელ მომზა...

არადა, სამყარო ჩქარა ბრუნავს!

ბავშვობა სავსეა მძაფრი შეგრძნებებით. მახსოვს პირველი შეხება საწიგნესთან, რომელიც ყავისფერი იყო და ლომი ეხატა. მახსოვს ფანქრების სათლელი „რაკეტა“, რომელიც ახლაც ...

ხარახურა

სოფოს და თათოს ბევრი სათამაშო აქვთ, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ პატარებს გასართობად სათამაშოებზე მეტად შთაგონება სჭირდებათ.  ასეთ დროს სოფლად მცხოვრე...

დაბრუნება

ამ ბოლო დროს ხშირად მესიზმრება მშობლიური სოფელი. ცხრათვალა მზით გაბრწყინებული ხეივანი, რომელიც ჩემს ეზოსა და ერთი საუკუნის წინათ გარდაცვლილი, ჩემთვის უცნობი, პო...

ბაბუა

- ბაბუა, წყალი მომიტანე ერთი, შენს გაზრდა-გახარებას მომასწრებს ღმერთი! -მთხოვა ბოსტნიდან ახალგადმოსულმა, ჟამთა სიმრავლისაგან დაუძლურებულმა და თოვლის კაცივით თმა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დიასამიძე:


Kids.ge-ს რჩევები

მიეცით ბავშვს საშუალება, თავად გადაწყვიტოს, რა ენები ისწავლოს

ასწავლეთ ბავშვს, როგორ აირჩიოს ენები, რომლებიც მას აინტერესებს და როგორ მიაღწიოს წარმატებას მათ შესწავლაში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026