2010-2011 წლებში, როდესაც ჩვენი ორგანიზაცია ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა, ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჟურნალის გამომცემლის როლს მოვირგებდი. ამ ხნის მანძილზე არაერთი სტატია დავწერე სხვადასხვა მიზნით, მაგრამ ახლა, ამ სვეტის წერისას უჩვეულო უხერხულობას ვგრძნობ...
ჩვენი საიტის ისტორია პატარების მიერ ნათქვამი „საყვარელი სიტყვებით“ იწყება. ამ საყვარელი სიტყვების და მათი შესატყვისი მნიშვნელობების ნახვა ახლაც შესაძლებელია საიტზე, სახალისო ლექსიკონის განყოფილებაში, რომელიც ჩვენი საიტის პირველი განყოფილება იყო. ვებგვერდს მალევე დაემატა ფსიქოლოგების, მეტყველების თერაპევტების, პედაგოგებისა თუ განათლების სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანების მიერ დაწერილი სტატიები მშობლებისთვის; განმავითარებელი თამაშების ბავშვებისთვის; პოეზიისა და ლიტერატურის გვერდები და სხვა არაერთი მიმართულება.
დროთა განმავლობაში გამოიკვეთა ის საჭიროებები, რაზეც ბავშვებთან და მშობლებთან უშუალოდ სპეციალისტების ჩართულობით მუშაობა იყო აუცილებელი; ცხადი იყო, რომ ამას აღარ ყოფნიდა საიტი და მასზე განთავსებული ინფორმაცია თუ განმავითარებელი აქტივობები. ამიტომ, აუცილებელი გახდა ფიზიკურად შეგვექმნა ადგილი, სადაც უშალო კონტაქტით შევძლებდით ბავშვებთან და მშობლებთან მუშაობას – ასეთი კი ჩვენი პირველი სასწავლო ცენტრი, kids.ge-ს „ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრი გახდა“.
2014-2015 წლიდან დღემდე არაერთ ბავშვის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან სასწავლო პროგრამას ჩავუყარეთ საფუძველი და სხვადასხვა ფორმით ასობით ბავშვთან და მათ მშობლებთან ვიმუშავეთ. წლევანდელი სასწავლო წელიც ძალიან საინტერესოდ დავიწყეთ – ორი ახალი პროგრამით: „ზღაპრული ლიტერატურა“ საბავშვო მწერლებთან, ლელა ცუცქირიძესთან და ვასო გულეურთან ერთად და „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მეცნიერების კომუნიკაცია“. წელს, თითქოს მეტი სიახლე აღარ უნდა მომხდარიყო, ყოველ შემთხვევაში, დაგეგმილი არაფერი გვქონდა, მაგრამ როგორც ჩანს kids.ge მუდამ სიურპრიზებით არის აღსავსე.
სანამ ჩემს უხერხულობაზე ცოტა მეტს გეტყვით, ჯერ სწორედ ჩვენი ახალი პროგრამის „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მეცნიერების კომუნიკაციის“ შესახებ უნდა გიამბოთ ორიოდე სიტყვით.
პროგრამას, რომელსაც შემოკლებით „მეცნიერება და კომუნიკაციასაც“ ვუწოდებთ, განკუთვნილია 10-დან 16 წლამდე ბავშვებისთვის და მოიცავს სამ საგანს:
ერთი შეხედვით ეს სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიმართულებაა და შეიძლება ვინმეს შემთხვევით შერჩეულიც კი ეგონოს ეს საგნები, მაგრამ სინამდვილეში, ამ პროგრამის შექმნას წინ საკმაოდ დიდი ხნის ისტორია უძღვის.
გარდა იმისა, რომ მე kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი ვარ, თითქმის 20 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელიც ვიყავი. ამ ინსტიტუციასთან 2003 წელს დმანისის ექსპედიციამ დამაკავშირა. მომდევნო წელს კი დიზაინისა და პროდუქციის სამსახურში დავიწყე მუშაობა. წლების მანძილზე ვიყავი საგამოფენო სივრცეების მომზადების ჯგუფის წევრი, ვმუშაობდი მუზეუმის მულტიმედია პროდუქციაზე, ვთანამშრომლობდი სხვა მუზეუმებთან და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვა, უამრავ გამოფენაზე მაქვს ნამუშევარი, მისი კონცეფციის შემოშავებიდან დაწყებული, ინსტალაციით დამთვრებული.
გამოფენის მომზადებისას, გუნდის თითოეული წევრის ძირითადი საზრუნავი ისაა, რომ დამთვალიერებლამდე სწორად, საინტერესოდ და გასაგებ ენზე მიიტანოს სათქმელი. საგამოფენო კონტექსტის შექმნა, ისე რომ დამთვალიერებელისთვის საინტერესო იყოს ძალიან ჰგავს სამეცნიერო პუბლიკაციის ფართო საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე „თარგმნის“ პროცესს.
გამოფენებსა თუ ბეჭდურ პროდუქციაზე, უშუალოდ ავტორების გარდა ტექსტებზე რედაქტორებისა თუ მთარგმნელების მთელი გუნდი მუშაობს. მეცნიერების მიერ შექმნილ ტექსტებს, საკმაოდ ბევრი მუშაობა სჭირდება, რომ ის არაპროფესიონალ მკითხველამდე სწორად მივიდეს და როგორც ზემოთ აღვნიშნე, საინტერესოც იყოს.
ეროვნულ მუზეუმში მუშაობის ერთ-ერთი ხიბლი, იმ საინტერესო და მსოფლიო მასშტაბის მეცნიერებთან თუ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობა იყო, რომლებიც აკადემიურ თუ სამეცნიერო წრეებში ქმნიდნენ კლიმატს. მაგალითად, საგამოფენო ტექსტებზე ყველასათვის საყვარელი და ალბათ არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, მსოფლიოში უმაღლესი თამასის მქონე ჟურნალის, „National Geographic Magazine – საქართველოს“ რედაქტორების გუნდი მუშაობდა. ამ გუნდის წევრი იყო, ხელოვნებათმცოდნე ჟურნალისტი ნათია ხულუზაურიც, რომელიც თითქმის რვა წელი გახლდათ ჟურნალის მთავარი რედაქტორი.
ნათიასთან მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმ პრობლემებზე, რაც საგამოფენო თუ საპუბლიკაციო ტექსტების შექმნას და საბოლოოდ მათი მკითხველისთვის „გასაგებ“ და “საინტერსო ენაზე“ გარდაქმნას ესაჭიროებოდა.
ზოგადად, რთულია მეცნიერს მოსთხოვო ისე წეროს, რომ ნებისმიერი მკითხველისთვის იყოს გასაგები მისი ნაშრომი. მათ ლექსიკაში უამრავი სპეციფიური ცნება თუ ტერმინი არის გამჯდარი. თანაც, ისინი კოლეგა მეცნიერებისთვის წერენ და არა ფართო საზოგადოებისთვის. აი, მეცნიერებისა და რედაქტორების ნამდვილი თავის ტკივილი მაშინ იწყება, როდესაც სამეცნიერო ნაშრომების პოპულარულ ენაზე თარგმნა ხდება საჭირო ამა თუ იმ მიზნით. თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ეს თავის ტკივილი ნამდვილად ღირს მიღწეულ შედეგად: თანამედროვე საზოგადოება ხომ სწორედ მეცნიერებაზე დგას.
დიახ, ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ჩვენ ახლა სწორედ მეცნიერების ეპოქაში ვცხოვრობთ. თუკი დავფიქრდებით, ადვილად შევნიშნავთ, რომ ყველაფერს რაც ჩვენს ირგვლივაა, ფიზიკური თუ თეორიული, კონკრეტული თუ აბსტრაქტული – აუცილებლად შეისწავლის მეცნიერების რომელიმე დარგი. იქნება ეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგია; სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები; სოფლის მეურნეობის მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები თუ ჰუმანიტარული მეცნიერებები. შეიძლება მეცნიერების რომელიმე მიმართულება გამომრჩა კიდეც, მაგრამ ახლა, ამ ჩამონათვალის წერისას კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი მეცნიერების დარგების მრავალფეროვნებითა და დიაპაზონით. ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ მეცნიერების თითოეულ დარგს აერთიანებს ერთი მთავარი ღირსება: მეცნიერება თავის თავში არა მხოლოდ ცოდნასა და ინფორმაციას აგროვებს, არამედ ის აერთიანებს იმ პრინციპებსა და მეთოდოლოგიას, რომლითაც ამ ცოდნის მიღება ხდება: მეთოდური დაკვირვება, ექსპერიმენტები, ტესტირება, ამ ტესტების უამრავჯერ გამეორება, ლოგიკური, ექსპერიმენტებზე დაფუძნებული პასუხების მიღება, ამ პასუხების ეჭვქვეშ დაყენება, ისევ მეთოდური დაკვირვება, ექსპერიმენტები და ასე, უსასრულოდ...
სწორედ ამიტომ არის მეცნიერება კითხვებზე პასუხების მიღების ძირითადი ფორმა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიმეოროს ესა თუ ცდა და თუკი ყველა პირობას ზუსტად დაიცავს, აუცილებლად მიიღებს იგივე პასუხებ. და თუ ეს ასე არ მოხდა, ამ ექსპერიმენტის ავტორს თამამად შეუძლია წინა მტკიცებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ახალი მოსაზრებებისა და თეორიების წამოყენება. ყოველივე ეს კი კრიტიკულ აზროვნებას საჭიროებს.
აზროვნების ეს მოდელი ცხადია სკოლიდანვე ისწავლება. თუმცა, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ყურადღება მეტწილად არა უშუალოდ კრიტიკულ აზროვნებასა და მსჯელობას, არამედ მეცნიერების მიერ უკვე მიღებულ ცოდნას, უშუალოდ ინფორმაციას ექცევა და ხდება მოსწავლეებისთვის ამ ინფორმაციის აქსიომებად მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი მოიცავს ყველა იმ აქტივობას რაც კვლევას, ანალიზს, დასკვნების გაკეთებასა და ამის პრეზენტაციას მოიცავს, სამწუხაროდ, მოსწავლეების მხრიდან ხშირად სკოლაში მიღებული ცოდნა ისეთ მოცემულობად აღქიმება, რომელიც არ უნდა გადაიხედოს, რომელზეც შეკითხვის დასმა აღარ შეიძლება და რომელიც ვეღარ შეიცვლება.
ამ საკითხებზე, ბევრი მისაუბრია ჩემს კიდევ ერთ, ძველ მეგობართან და კოლეგასთან ანა მგელაძესთან. ის არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორია. ანას არაერთხელ წუხილით აღუნიშნავს, რომ ზოგჯერ სტუდენტებისთვისაც კი, თითქოს უცხოა მეცნიერული აზროვნებისა და მსჯელობის მოდელი, რაც წესით სკოლიდან უნდა მოჰყვებოდეთ მათ.
სწორედ ამიტომ, მეცნიერთან და სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის მთავარ რედაქტორთან – ანასთან და ნათიასთან ერთად გადავწყვიტეთ შეგვექმნა პროგრამა, რომელიც ბავშვებს დაანახებდა თუ რა არის მეცნიერება და როგორ მუშაობს ის; რას ნიშნავს ზოგადად მეცნიერული აზროვნების მოდელი; როგორ მიიღება პასუხები იმ შეკითხვებზე, რაც ყველას აინტერესებს; როგორ შეიძლება ამ მოდელის სხვადასხვა მეცნიერებასა თუ ცხოვრებისეულ მოვლენებზე განზოგადება და როგორ უნდა გადმოსცეს ადამიანმა მისთვის სასურველი სათქმელი სხვებისთვის გასაგებ ენაზე, შექმნას სხვადასხვა ფორმატის ტექსტი და მოამზადოს ის გამოსაქვეყნებლად.
ბავშვებთან ნათია და ანა მუშაობენ, რაც ვფიქრობ ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ჩვენი მოსწავლეებისთვის.
ჩვენი პროგრამის მოსწავლები იღებენ სამეცნიერო ცოდნას ანასგან და შემდეგ ნათიასთან ერთად ქმნიას პროდუქტს, რომელიც მიღებული ცოდნის მათეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. მათ მიერ შექმნილი თითოეული სტატია იმავე გზას გადის, რასაც ნებისმიერი ავტორიტეტული, საერთაშორისო ჟურნალის სტატია გაივლიდა გამოქვეყნებამდე. ცხადია მუშაობის პროცესში ვითვალისწინებთ სტატიების ავტორთა ასაკს, მაგრამ რაც მთავარია, ისინი სწავლობენ მსჯელობას, კითხვების დასმას და საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას, თითოეული სტატიის ხანგრძლივი რედაქტირების პროცესში.
რაც შეეხება ხატვის გაკვეთილს – აქ, მოსწავლეები თავადვე ქმნიან საკუთარი სტატიებისთვის ილუსტრაციებს. მუშაობის პროცესში ითვალისწინებენ ანას შენიშვნებს, რათა ილუსტრაცია რაც შეიძლება სწორად ასახავდეს რეალობას და საბოლოო ჯამში, ფრიად საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან.
თავისთავად ცხადია, ჩვენი ბავშვების ნამუშევრები პირველ რიგში მოზარდებისთვის უნდა იყოს საინტერესო, თუმცა, უფროსებმაც თამამად შეგიძლიათ წაიკითხოთ, ისიამოვნოთ და ბევრი საინტერესო ამბავიც გაიგოთ.
და, ყველივე ამის ფონზე, როდესაც ვიცი რომ ჩემი ეს ნაწერი, სწორედ ამ ბავშვების, სკურპულოზურ ნამუშევრებს უნდა წაუძღვეს წინ, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. სწორედ ესაა ჩემი ერთგვარი უხერხულობის მიზეზიც – ის რასაც დღეს წარმოგიდგენთ ძალიან განსხვავდება პატარების სახალისო ლექსიკონისგან.
დიახ, kids.ge ამჯერად უკვე სამეცნიერო-პოპულარულ ონლაინ ჟურნალს წარმოგიდგენთ. ჩვენი ჟურნალის პირველი ნომერი რამდენიმე სტატიას აერთიანებს: მარიამ კარტოზია ჩერნობილზე მოგითხრობთ, ანა კარტოზია კი დუხობორებზე; სესილი ქართველიშვილის სტატია მშვილდოსნობას ეხება, ლიზი ლაგვილავა კი ინტერვიუს წარმოგიდგენთ ანა მგელაძესთან – ბავშვების სურვილია, რომ მკითხველს თავად გააცნონ თავიანთი უფროსი მეგობრები. ჟურნალის ყველაზე პატარა ავტორები მარიამ ლაგვილავა და ნატალი ცვარიანი საინტერესო ამბების რუბრიკას უძღვებიან და მოგვითხრობენ ჟირაფების ევოლუციისა და დარვინის სკვინჩების შესახებ. რაც შეეხება მოგზაურობას – მარიამ კარტოზია ავსტრიის დღიურებს გვიზიარებს.
ალბათ უკვე მიხვდით, რომ ჩვენი ჟურნალი ჯერჯერობით შედგება ვრცელი სტატიებსიგან, ინტერვიუსგან, საინტერესო ფაქტებისა და მოგზაურობის რუბრიკებისგან. სამომავლოდ ვგეგმავთ ცოდნის შესამოწმებელი ტესტების დამატებასაც... თუმცა, დანამდვილებით მე ვერაფერს გეტყვით, მთავარი ის არის, თუ რას გადაწყვეტენ ჩვენი მოსწავლეები, აქ ხომ ისინი არიან ავტორები და ისინი განსაზღვრავენ ჩვენი ახალი ონლაინ ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკასაც, სტრატეგიასაც და გეგმებსაც...
kids.ge-ს ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრის დამფუძნებელი, დირექოტრი.
მარიამ კარტოზია
ზონა, რომელიც უზარმაზარ ისტორიას ინახავს და გვიამბობს, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიანმა ატომმა ერთი შეცდომის შედეგად ადამიანების ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს.
სესილი ქართლელიშვილი
მშვილდოსნობა – საბრძოლო ხელოვნება, თუ თანამედროვე სპორტის სახეობა?
ხარ 10-დან 16 წლამდე მოზარდი?! გიყვარს კითხვა, მსჯელობა, ახლის გაგება და გიყვარს წერა? შემოგვიერთდი თუ შენც გსურს წერო ჩვენს ავტორებთან ერთად!
გაიგე მეტი...იმოქმედეთ თქვენი გეგმის მიხედვით
ჩართეთ სხვა აღმზრდელები - მეუღლე, ბებია-ბაბუა, ბაღი, ძიძა - ბავშვის ცხოვრებაში, რათა მან შეძლოს იმ ღირებულებების და ქცევების ათვისება, რაც გსურთ რომ გამოიმუშავოს. ეს მოიცავს ყველაფერს მადლობის თქმით დაწყებული ტირილით დამთავრებული.
იცოდეთ როდის უნდა მიაჩვიოთ ბავშვი ქოთანში მოსაქმებას
ბავშვი მზადაა ქოთნის გამოსაყენებლად თუკი: ის გრძნობს იმას, რომ დროა მოისაქმოს და ითხოვს პამპერსის გამოცვლას.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო