kids.ge logo

მოგზაურობა ავსტრიაში

7 თებერვალი, სამშაბათი. 

ორშაბათის მაგივრად, აეროპორტში 7 თებერვალს, სამშაბათს წავედით. აღმოჩნდა, რომ თურქეთში საშინლად თოვდა და ცუდი მინდის გამო სტამბოლისკენ დაახლოებით 170 ფრენა გადაიდო. საერთო ჯგუფში გაცხარებული დისკუსია გამართულიყო, მოსწავლეები და მასწავლებლები საქმეში გარკვევას ცდილობდნენ. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ერთმანეთს ორშაბათს, საღამოს ხუთზე ვხვდებოდით. თუმცა, მომდევნო დღესვე გვაცნობეს, რომ იმდღევანდელი შეხვედრაც გადაიდო, და ამჯერად სამშაბათს, გამთენიისას, სადღაც სამ საათზე ვიკრიბებოდით. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, სამშაბათს, როგორც იქნა, თბილისის აეროპორტში შევიკრიბეთ. იქაური საქმეები — რეგისტრაციის გავლა, ბარგის ჩაბარება და სხვა — გავიარეთ, და უცებ: ფრენა ნახევარი საათით კიდევ გადაიდო. ნახევარი საათი რაღაა, ერთ დღეს მაინც სჯობს. ჰოდა, ბოლოს როგორც იქნა გავფრინდით. თვითმფრინავით მგზავრობა ძალიან მომეწონა, აფრენის შეგრძნება თითქოს ისეთი იყო, როგორიც ატრაქციონებზე ჯდომისას გიჩნდება. ჯერ ვჯაყჯაყებდით, მერე კი ნელ-ნელა მაღლა ავედით. ვიგრძენი, თუ როგორ დაიქაჩა მუცელში შიგნეულობა, შემდეგ აიშვა და ისევ დაიქაჩა. უცნაური იყო. თან, ამას გვერდზე გადახრებიც მოჰყვა. ეგ ცალკე მაგარი იყო. ფრენის დროს დიდად არაფერს ვაკეთებდი, ძირითადად, BBC-ის გადაცემას ვუყურებდი ველური ბუნების შესახებ. თურმე, ამაზონის მდინარესთან ბინადარი ველური წავების სიგრძე 2 მეტრს აღწევს, ხოლო ამაზონის მდინარის დელფინები ყველაზე დიდი დელფინებია. მალე ჩავედით სტამბოლში, და იქ კიდევ მოგვიწია ლოდინი; ფრენა ჯერ 15, მერე ისევ 15, 45, 30 და ისევ 15 წუთით გადაიდო. აეროპორტი უზარმაზარი იყო და აქეთ-იქით მაღაზიებში დავსეირნობდით. დილის ორ საათზე ამდგრები, საშინლად დავიღალეთ და სკამებზე ჩამოსხდომა გადავწყვიტეთ. ბიოლოგიის მასწავლებელმა ხუმრობით თქვა, – აბა, ვიძინებთო, და პირველ მას ჩაეძინა. მალევე, ჩვენი თვითმფრინავი ჩამოფრინდა და ვენაში გასაფრენად მზად იყო. ადგილზე რა გითხრათ, თურქსა და ინდუსთან მოვხვდი. მთელი გზა ხმას არ იღებდნენ და მეც ცოტა ხნით ჩამეძინა. ავსტრიაში ჩავფრინდით და გარეთ გამოვედით, რომ ავტობუსით წავსულიყავით, ფრაუ ცეჰნერთან. კამპუსამდე დიდი მანძილი იყო, ამიტომ მძიმე ჩემოდნებით სიარულმა კიდევ უფრო დაგვღალა. იქ მისულებმა ცოტა წავიხემსეთ (ფრაუ ცეჰნერმა ფორთოხლები დაგვირიგა საჩუქრად) და შემდეგ ჩვენ-ჩვენს ოთახებში დავიშალეთ.

ეს დღე ძალიან საინტერესო და აღმაფრთოვანებელი, ასევე, საკმაოდ დამღლელი იყო. უბრალოდ დამღლელი კი არა, სასიამოვნოდ დამღლელი. ვფიქრობ, ავსტრიაში კარგ დროს გავატარებ.

 

8 თებერვალი, ოთხშაბათი

6 საათსა და 30 წუთზე მაღვიძარამ დარეკა. დღეს კრემსში უნდა წავსულიყავით. რვა საათზე ყველანი წასასვლელად მზად უნდა ვყოფილიყავით. საუზმე გემრიელი იყო — იოგურტი ვაშლის ნაჭრებით. გავიქეცით სადგურში და იმ მატარებეს გავყევით, რომეიც ფრაუ ცეჰნერმა გვირჩია. გაშლილ სადგურში ამოვყავით თავში, სადაც საბოლოო მატარებელს დაველოდეთ, რომელიც კრემსში მიგვიყვანდა. მეტი დრო რომ აღარ წაგართვათ, მოკლედ ვიტყვი: ამ მატარებელს ერთი საათი სჭირდებოდა, რომ კრემსის ინსტიტუტამდე მისულიყო. დიდი ფანჯრებიდან მოჩანდა დიდი მინდვრები, და იქ ცელქი კურდღლები გაირბენდნენ ხოლმე. ასევე, ჩანდნენ ყვავები და წეროები. კრემსში მისულებმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩავატარეთ. ჯერ ევროს მონეტებს მოვაშორეთ სპილენძის ზედაპირული ფენა. შემდეგ, ოთხი ნივთიერების შერევით ვერცხლი შევქმენით. ეს ყველაფერი კი სამახსოვროდ სახლში გამოგვატანეს. მესამე ცდაზე, ყოველდღიური ნივთების (ძმარი, სოდა) pH ინდიკატორები გავზომეთ. მეოთხეზე კი უბრალოდ glowstick-ების მსგავსი ნივთიერებები მივიღეთ და შევამოწმეთ, სიბნელეში თუ ანათებდა. ინსტიტუტი აღფრთოვანებულმა და ნასიამოვნებმა დავტოვე; ისიც მომეწონა, რომ კომუნიკაციისთვის ქართულს კი არა, ინგლისურს ვიყენებდით. ენას გაავარჯიშებდი და სმენასაც, მაგარი იყო. ინსტიტუტში ვიზიტის შედეგ, შტაინსა და კრემსში (ქალაქები) ჩაგვიტარეს ექსკურსია. საინტერესო ამბები, ფაქტები. ძალიან მომეწონა, თან ბევრი ვიარეთ. ყოველთვის მიზიდავდა ქალაქის ისტორიები, როგორ იყო ძველად და სხვა ასეთი რამეები. უარსაც არ ვამბობ სიარულზე – ჯანმრთელობაა. ბოლოს კამპუსში დავბრუნდით.

ეს დღეც ძალიან საინტერესო იყო, თან სახალისო ცდებიც ჩავატარეთ და სიახლეებიც გავიგეთ.

 

9 თებერვალი, ხუთშაბათი

დღეს ძალიან დატვირთული დღე იყო, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. წინასწარი შეთანხმებით, ავსტრიაში ჩვენი მომავლის მოსამზადებლად წაგვიყვანეს, რათა განვითარებულ ტექნოლოგიებს და ხელსაწყოებს გავცნობოდით. სანამ უცხოეთში გავემგზავრებოდით, სკოლაში დნმ-ზე დამატებით გაკვეთილებს ვესწრებოდით, რომ წინასწარ გვცოდნოდა ყველაფერი. ბიოლოგია მიყვარს, ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო.  ასევე, ამ ყველაფერს არჩეულ პროფესიას ვუკავშირებ (ვეტერინარობას, და ვიფიქრე, რომ დნ და მსგავსი თემები გამომაგდებოდა) და წარმატეული მომავლისთვის ვსწავლობ. დღეს ლაბორატორიაში ვიყავით, და გამოვიკვლიეთ, თუ როგორ შეიძლება გავიგოთ, ადამიანი short-sleeper-ია თუ long-sleeper-ი CLOCK გენების საშუალებით. Long-sleeper-ებს short-sleeper-ებზე ნახევარი საათით მეტი სძინავთ, თუმცა ეს არაფერს ცვლის: ორივე ტიპის ადამიანი მაინც ერთნაირია. ასევე არის მათი მიქსი, ჰეტეროზიგოსი. ჰოდა, რა მოხდა ახლა ექსპერიმენტში: ჩვენი ნერწყვის ნიმუშებით ცდის ჩატარება დავიწყეთ, რის შედეგადაც PCR-ში (Polymerase Chain Reaction) გამოჩნდებოდა ჩვენი პასუხები, long-sleeper-ები ვიყავით თუ short-sleeper-ები, თუ ჰეტეროზიგოსები. აღმოჩნდა, რომ მეც და ჩემი თანატოლების უმეტესობაც, ჰეტეროზიგოსები ვართ, ბიოლოგიის მასწავლებელი კი — short-sleeper-ი. ლაურამ (ავსტრიელმა გენეტიკოსმა) გვითხრა, რომ long-sleeper გენების მარტარებელი ადამიანები იშვიათად გვხვდებიან.  

ვფიქრობ, ეს დღე არასდროს დამავიწყდება. უამრავი რამ გავიგე გენებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ. უცხოელ ადამიანებთან კომუნიკაცია მიხარია. მიხარია, რომ ავსტრიაში ვარ.

 

10 თებერვალი, პარასკევი

დილით ადრე ადგომა არ იყო საჭირო, 10 საათზე უნდა გავსულიყავით კამპუსიდან. მე მაინც 6 საათზე გავიღვიძე, რადგან წინა საღამოს საერთო ჯგუფში მოწერილი მესიჯებისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. დღეს ერთი შეხვედრა გვქონდა, რომელიც ავსტრიაში სწავლისა და მუშაობის გაგრძელებას ეხებოდა, ხოლო საღამოს ოპერაში უნდა წავსულიყავით. შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, აგვიხსნეს, თუ როგორ და რა მხრი შეიძლებოდა მომავალი "გაგეფორმებინა". ასევე, გვირჩიეს, რომ თვალი გვედევნებინა ვებ-გვერდისთვის whatchado, რომელიც ყველაფერს გეუბნება ამა თუ იმ პროფესიაზე: რას უნდა მიაქციო ყურადღება, რისი ცოდნა გჭირდება და ა.შ.

საღამოს, როდესაც უკვე მზად ვიყავით ოპერაში წასასვლელად (კაბებში და ჟაკეტებში გამოწყობილები), გვითხრეს, რომ ოპერაში დღეს კი არა, 12-ში, ანუ კვირას წავიდოდით.

დღევანდელ დღეს დამღლელად არ ჩავთვლიდი, ძირითადად, არაფერი ისეთი გაგვიკეთებია, მაგრამ საინტერესო იყო; თავისუფალ დროს ქალაქში ვისეირნეთ და ფოტოები გადავიღეთ. სუვენირები და საჩუქრები ვიყიდე ოჯახის წევრებისთვის და მუზეუმიც დავათვალიერეთ. ერთ-ერთ მაღაზიაში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკა ჰქონდათ ჩართული.

ამ დღეს შევაფასებდი როგორც პროდუქტიულს, მეტი რამ გავიგე, ვისწავლე და ვიყიდე კიდეც.

 

11 თებერვალი, შაბათი

დღეს ესპანურ საცხენოსნო სკოლაში ვიყავით. კლასიკურ მუსიკაზე "საცეკვაოდ" გაწვრთნილი ცხენები აქეთ-იქით დარბოდბენ და კუნტრუშებდნენ. მომეწონაო, ვერ ვიტყვი, რადგან პირუტყვებს ეტყობოდათ, რომ საერთოდ არ ეხალისებოდათ იქ ყოფნა, უფრო – შემეცოდნენ). შემდეგ ტექნოლოგიურ მუზეუმს ვეწვიეთ. იქ უამრავი საინტერესო რამ იყო, წისქვილების, საბადოების და კიდევ ბევრი სხვა რამის მაკეტებით დაწყებული, უზარმაზარი თვითმფრინავებითა და ინტერაქციული მოწყობილობებით დამთავრებული. საღამოსკენ შონბრუნის სასახლესთან წავედით, რაც ძალიან ლამაზი სანახავი იყო, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა უზარმაზარმა ქანდაკებებმა სახურავებზე, რომლებიც სამყაროს გადმოჰყურებდნენ. შევიარეთ მუზეუმში, სადაც აუდიო-გიდებით ვუსმენდით ისტორიებს. მუზეუმის მონახულების შემდეგ კიდევ ერთ ტაძარს ვეწვიეთ, რომელიც შონბრუნის სასახლის პირდაპირ იდგა. ფეხით სიარული ბევრი მოგვიწია, მაგრამ ძალიან, ძალიან სახალისო იყო.  როგორც ზემოთ ვახსენე, სიარული მიყვარს და ტაძრებზეც ვგიჟდები.

საბოლოოდ, ამ დღით კმაყოფილი დავრჩი. ბევრი რამ მოვინახულეთ, და რა თქმა უნდა, გავიგეთ კიდეც.

 

12 თებერვალი, კვირა

დილა პარკით დაიწყო. უამრავი ატრაქციონი დავათვალიერეთ, ერთი-ორზე ვიჯექი კიდეც. 95 მეტრ სიმაღლეზე "ავიზიდეთ" და კარუსელმა ამ სიმაღლეზე დაიწყო ტრიალი. საოცრება იყო, მთელ ქალაქს გადავყურებდით. დროის რაღაც მონაკვეთებში სიჩქარეს უმატებდა, და რადგანაც ასე მაღლა ვიყავით, სუნთქვა მეკვროდა. შემდეგი ატრაქციონი ისევ სიმაღლეზე იყო, ოღონდ ამჯერად – საძაგელი სიჩქარით გვატრიალებდა ჰაერში; როდესაც ამობრუნებულები ვიყავით, მეგონა, ისეთი გამხდარი ვარ, ახლა გადმოვცურდები და სადღაც შორს გადავფრინდები-მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ, არაფერი მომხდარა. არ მიყვირია, კბილები ერთმანეთზე მქონდა დაჭერილი და დაშვების დროს ცრემლები მდიოდა, მაგრამ ძალიან ვერთობოდი. ნიადაგს რომ დავადგი ფეხი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, თუ როგორ მიკანკალებდა ის.

ატრაქციონების პარკის შემდეგ წავედით ოპერაში, სადაც მიუზიკლს დავესწარით: Der Glöckner von Notre Dame (პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი). ამაღელვებელი სიუჟეტი იყო, თვალებს სულ აქეთ-იქით ვაცეცებდი და პერსონაჟებს გიჟივით ვაკვირდებოდი. საღამოს ისევ ატრაქციონებით შევიქციეთ თავი და ასე გავიდა დრო. ძალიან კმაყოფილი და შთაბეჭდილებით აღსავსე დავბრუნდი კამპუსში.

კიდევ ერთი საოცარი დღე ავსტრიაში.

 

13 თებერვალი, ორშაბათი

დღეს გაეროში წავედით. იქ ჩაგვიტარეს ტური, რომლის განმავლობაში უამრავი რამ გვაცნობეს როგორც ავსტრიის მწვანე ეკონომიაზე, ასევე, ზოგადად მსოფლიოს ისტორიაზე (მარსმავლები, პირველი კოსმონავტი მთვარეზე და ა.შ.). ტური ინგლისურენოვანი იყო, ამიტომ სმენა გავავარჯიშეთ. გავოცდი, თუ როგორ ზრუნავენ ავსტრიის მოქალაქეები დედამიწაზე: ცდილობენ, რაც შეიძლება, ნაკლები ქვანახშირი, ნავთობი და სხვა ამოწურვადი ბუნებრივი რესურსები სულ უფრო და უფრო ნაკლები მოიხმარონ, ამიტომ მანქანებით კი არა, ტრამვაითა და მატარებლებით სარგებლობდნენ. რაც შეეხება მატარებელს ავსტრიაში: ის ელექტროენერგიას გამოიმუშავებ. მოსახლეობა კი ამ ენერგიას თავის სასარგებლოდ იყენებ. მეტი აღარაფერი მომხდარა, მოვემზადეთ თბილისში გასამგზავრებლად.

საბოლოოდ, ავსტრიის ტური ამაღელვებელი, საოცარი, და რა თქმა უნდა, სიახლეებით აღსავსე იყო. გაოცებული ვარ, რადგან ასეთი რამ ჯერ არასოდეს გამომიცდია.

ძალიან კმაყოფილი ვარ, და მიხარია, რომ ავტრიაში მოგზაურობა შევძელი.

 

ავტორი მარიამ კარტოზია (14 წლის)

მარიამ კარტოზია

kids.ge-ს ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრის მოსწავლე სასწავლო პროგრამაზე: „მეცნიერების პრინციპები და შემოქმედებითი წერა“.

ფავორიტებში დამატება

სხვა სტატიები ამავე ნომრიდან

ანა კარტოზია
დუხობორები – სულისთვის მებრძოლნი?

ანა კარტოზია

რუსეთში წარმოშობილი სხვა შეხედულების მქონე ხალხი, რომელსაც საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწის – ივანე მაჩაბლის გაუჩინარებას აბრალებენ

ნატალი ცვარიანი
დარვინის სკვინჩები (მთიულები)

ნატალი ცვარიანი

სახეობების წარმოშობის დარვინისეული თეორია

სესილი ქართლელიშვილი
მშვილდოსნობა

სესილი ქართლელიშვილი

მშვილდოსნობა – საბრძოლო ხელოვნება, თუ თანამედროვე სპორტის სახეობა?

როგორ იქმნება ეს ჟურნალი?

ხარ 10-დან 16 წლამდე მოზარდი?! გიყვარს კითხვა, მსჯელობა, ახლის გაგება და გიყვარს წერა? შემოგვიერთდი თუ შენც გსურს წერო ჩვენს ავტორებთან ერთად!

გაიგე მეტი...
Kids.ge-ს რჩევები

გახდით მაგალითი მათთვის

თქვენი შვილები დროის უმეტეს ნაწილს თქვენთან ერთად გაატარებენ. თქვენი ყველა ქცევა თუ მოქმედება დიდ გავლენას მოახდენს ბავშვის განვითარებაზე. გახდით მაგალითი მათთვის, რათა მოგბაძონ და მიჰყვნენ თქვენს კვალს.

Kids.ge-ს რჩევები

აღიარე შეცდომები

ამით თქვენს შვილს ასწავლით როგორ და როდის უნდა მოიხადოს ბოდიში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024