kids.ge logo

ზღაპარი ერთ თავნება ვარსკვლავზე

ფავორიტებში დამატება

დაიმახსოვრე: ტყის ბინადარი ტყეშია, მთის მოყვარული მთაშია, დრო-ჟამი მუდამ გზაშია, თევზი კი თავის ზღვაშია... ვარსკვლავის საქმე რაშია?-მისი ადგილი ცაშია!

-ეტიალი-ბეტიალი, მეც რომ მინდა ხეტიალი!-გადმოსძახა ბებიასა და მის პატარა შვილიშვილს ერთმა  ვარსკვლავმა და უცებ თვალხუჭობანას თამაში წამოიწყო,-ვითომ რა მოხდება, მიწაზე მეც რომ გავიარ-გამოვიარო?

-რაო, რაო, ციცქნა დაო, ცაში ყოფნა მოგბეზრდაო?-დაუძახა გოგონამ პაწია მნათობს.

-შენ ხარ ღამის ცის არშია, შენი ადგილი ცაშია!-ვარსკვლავი ბებიამაც დაარიგა.

ვარსკვლავი მათ გაუნაწყენდა, გაიბუსხა და ბუტია ღრუბელს ამოეფარა.

-მივხვდი, მივხვდი, ეს ალბათ ის ვარსკვლავია...-თქვა ბებიამ.

-ის რომელი? ის რომელი?-მაშინვე აჰყვა შვილიშვილი.

-მთვარე რომ საქმეს მოაცდინა, სასწაული რომ მოახდინა.

-რა მოახდინა? რით მოაცდინა?

-ჩემო პატარავ, ერთხელ მართლა სასწაული მოხდა, ცაზე გამოფენილი ვარსკვლავებიდან ერთ-ერთმა, ყველაზე ჭირვეულმა დედიკო მთვარეს არ დაუჯერა, ისკუპა და პირდაპირ მიწაზე მოადინა ზღართანი, შუაგულ ტყეში ჩავარდა.

მიწაზე ყოფნა პირველი წუთებიდანვე გაუჭირდა. ახლა კი მართლა მიხვდა, რომ ვარსკვლავის ადგილი მართლა ცაშია...

შუაგულ ტყეში ჩავარდნილი პაწაწინა მნათობი ძლივს ბჟუტავდა, თუმცა ესეც საკმარისი იყო, რომ ტყე გაენათებინა, ასედაც ძალიან ლამაზი იყო.

ტყის ბინადრები მაშინვე საკვირველი სტუმრის ირგვლივ შეგროვდნენ:

-ნუ გეშინია, მიწაზე ყოფნაც ძალიან კარგია! ჩვენ სულ ასე არა ვართ?

ვარსკვლავი კი მწარედ ატირდა:

-თქვენ გგონიათ, დამარწმუნებთ? ისევ ცაში დამაბრუნეთ!

ცხოველებს ძალიან შეეცოდათ:

--რა მოვიფიქროთ? რა უნდა ვქნათ ამისთანა? აი, მართლა გამოცანა!

-ძლიერმა ლომმა ცაში აისროლოს!

-გრძელხორთუმა სპილომ ცას მიწვდინოს!

ერთიც სცადეს, მეორეც, ვარსკვლავი ცას მაინც ვერ მიაწვდინეს. გულგახეთქილი პაწია მნათობი კვლავ აქვითინდა:

-განა ტყეშია, განა ცაშია... ჩემი ადგილი მხოლოდ ცაშია!

-გარიგებდით-არ იგებდი! გარიგებდით-არ იგებდი!-მაშინვე ჩამოუჟივჟივეს დობილმა ვარსკვლავებმა.

-ვაი, დარდო გულისმკვლელო, შვილო, ახლა რით გიშველო!-ატირდა დედიკო მთვარე.

-მე ვუშველი!-გაისმა ხმა.

მოიხედეს და საოცარი, ლამაზად ტანმოხატული ცხოველი დაინახეს. მას პატარა თავი ჰქონდა, მოკლე ყურები, პაწია რქები, მაგრამ კისერი? -გრძელი, გრძელი... აი, მართლა საკვირველი!

ჟირაფმა ჭირვეული ვარსკვლავი პაწია რქებზე დაიმაგრა და მაღლა ასწია. ისე ძალიან უნდოდა განსაცდელში ჩავარდნილ პაწია მნათობს დახმარებოდა, რომ კისერი უფრო და უფრო უგრძელდებოდა, ვარსკვლავის შველა სულაც არ უძნელდებოდა. მთვარეც მიეშველა, ჩამოშალა თავისი ჯადოსნური სხივები და ვარსკვლავი ცაში აიყვანა. პაწია მნათობს ძალ-ღონე დაუბრუნდა, მთელი ძალით აჩახჩახდა.

-მადლობელი ვარ, მადლობელი!-მშველელს გადმოსძახა, ცა რა ისევ ნახა.

-ახლა მაინც ხომ გაიგე, რაც ათასჯერ დაგარიგე?-დატუქსა დედიკო მთვარემ.

-ჰო. მაგრამ ხომ ვისეირე, მიწაზე ხომ ვისეირნე?-გაიცინა თავისნათქვამამ.

-შენ ვერაფერი გამოგასწორებს,-გაიცინა მთვარემ. ვარსკვლავებმაც გაიცინეს, ჩიტებივით აჟივჟივდნენ. ბებიამ თხრობა დაასრულა.

ბუტია ღრუბელს ამოფარებულმა ვარსკვლავმა გამოიხედა, ეტყობოდა, ბებია-შვილიშვილის საუბარს გულისყურით უსმენდა:

-ჰო, ჰო, ჰო, ჰო! დიდი რამე! თქვენ გგონიათ, დავთმობ ღამეს?-ჩაუბუტბუტა.

-ჰოდა, საქმეც ამაშია, ვარსკვლავობა თამაშია?-დაუძახა პატარა გოგონამ.

-ვიცი, მაგრამ...ეტიალი-ბეტიალი, მეც ხომ მინდა ხეტიალი?-ხმაში საყვედური მაინც გაურია.

-შენა ხარ ზეცის არშია, შენი ადგილი ცაშია!-დაარიგა პატარა გოგონამ.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

გვირილები

მწვანედ მოხასხასე მინდორზე გვირილებმა გაახილეს თვალი, პირველად მზე დაინახეს და მაშინვე შეუყვარდათ: - რა ლამაზია! როგორ გვინდა, ჩვენც მზეს ვგავდეთ! როცა ერთმან...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

ვინ რას აკეთებს

ტასო დიდ ოჯახში ცხოვრობს. ამ ოჯახის ყველა წევრი თავისი საქმიანობით  ამაყობს.   -ჩვენ ყველანი სხვებზე ვზრუნავთ,-ამბობენ ისინი. -როგორ ზრუნავთ? რას აკეთებთ?-უკ...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: გუჯაბიძე:


Kids.ge-ს რჩევები

სამოგზაურო ტრადიციები

დაგეგმეთ ყოველწლიური ოჯახური მოგზაურობა ან პიკნიკი.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026